SK COLLECTION - სამოსისა და უნიფორმების მწარმოებელი ქართული ბრენდი
You're reading Entrepreneur Georgia, an international franchise of Entrepreneur Media.
SK COLLECTION-ს დღესდღეობით წარმოადგენს ატელიე და ორი შოურუმი. კომპანიის ძირითადი საქმიანობა გახლავთ ქალისა და მამაკაცის ტანისამოსის წარმოება. ატელიე მუშაობს როგორც ინდივიდუალურ, ასევე კორპორაციულ შეკვეთებზე.
ბრენდი ამ ეტაპზე თანამშრომლობს ბაზარზე არსებულ მსხვილ კომპანიებთან. ქალისა და მამაკაცის ტანისამოსის ინდივიდუალური ხაზის გარდა ვახდენთ უნიფორმების წარმოებასაც ადგილობრივი ბიზნესებისთვის.
მათთვის მნიშვნელოვანია ხარისხი და ნდობა, რასაც მოწმობს იმ კომპანიების ჩამონათვალი, რომელთანაც გვაკავშირებს არაერთი დასრულებული და მიმდინარე პროექტები, ესენია: Rooms Hotels, Casino Maximus, Casino Bellagio, Elt Building, Orbi Group, Le Méridien Batumi, Metro City Batumi და სხვები.
"ბიზნესის წარმოება ბათუმში დავიწყე, გამომდინარე იქიდან, რომ ჩემი ქალაქი არის სწრაფად განვითარებადი ტურისტული ქალაქი, სადაც ძალიან ბევრ ახალ სასტუმროს, რესტორანსა და სხვა ტურისტული დანიშნულების ობიექტებს ვხვდებით. მაშინ, როდესაც ეს საქმე დავიწყე, ვფიქრობ, რომ იმ პერიოდისთვის ადგილობრივ ბიზნესებს ბაზარზე ხარისხიანი უნიფორმების მიღების მცირე შანსი ჰქონდათ, სწორედ ამან განაპირობა, რომ ჩემი ბრენდი დღეს აწარმოებს უნიფორმებსაც", - სოფო კახაძე, SK COLLECTION-ის დამფუძნებელი.
სოფო გვიყვება, რომ ბიზნესი პატარა ნაბიჯებით დაიწყო. უამრავი სირთულე და გამოწვევა გადალახა. მაგრამ საკუთარი საქმის სიყვარულით დღემდე მოვიდა.
"ეს საქმე მარტომ დავიწყე, შემდგომ ეტაპზე შევძელი და დავასაქმე კიდევ 2 ადამიანი და ვაგრძელებდი ბიზნესის გაფართოებას. რა თქმა უნდა, იყო რისკები, რომლებიც ჩემი მხრიდან გამბედაობასა და მეტ სიმამაცეს მოითხოვდა. დღეს კი ჩემი გუნდი 25 ადამიანისგან შედგება და კვლავ ვაგრძელებთ ზრდას".
მისი თქმით, დასაწყისი ხშირ შემთხვევაში რთულია, მითუმეტეს ამ ტიპის საქმიანობაში. მარტო გიწევს ძალიან რთულ პრობლემებთან გამკლავება, როგორიცაა მცირე სასტარტო კაპიტალი, ცოტა ადამიანისგან შემდგარი გუნდი, მცირე რაოდენობის შეკვეთები.
თავიდან კომპანიიის გუნდი 2 ადამიანისგან შედგებოდა, იყო შეკვეთების მცირე რაოდენობა. თუმცა სოფომ საკუთარი პასუხისმგებლობა კარგად გააცნობიერა და უფრო დიდი მიზნისკენ სწრაფვა დაიწყო.
"მთავარია, საკუთარი თავის გჯეროდეს, მიზანი გქონდეს და ამ მიზნის თავადვე გწამდეს. უარი არაერთხელ მიმიღია, ბევჯერ დავცემულვარ, მაგრამ წამოდგომა ასე ვისწავლე. წარუმატებლობას წარმატება თან სდევს. თუ გინდათ რამეს მიაღწიოთ, იმაზე იფიქრეთ, რაც მთელი გულით გსურთ. მნიშვნელობა არ აქვს სხვების დამოკიდებულებას, მთავარია თქვენ რა გინდათ".
სოფო ფიქრობს, რომ მთავარი საკუთარი საქმის სიყვარულია. კომპანიამ წარმატებას პროფესიონალი გუნდის წყალობით მიაღწია. მკერავები, კონსტრუქტორები, გამომჭრელები თუ მენეჯერები – ყველას გამოცდილება და საქმისადმი სიყვარული ამ წარმატების მიზეზი გახდა.
"ჩემი კომპანიის ამჟამინდელი მიზანი ბიზნესის კიდევ უფრო გაფართოებაა. დღეს ჩემთან 25 ადამიანი არის დასაქმებული და მსურს ეს რიცხვი კიდევ უფრო გავზარდო. კომპანია, რა თქმა უნდა, აგრძელებს განვითარებას, ვმუშაობთ ბევრი სიახლის დანერგვაზე, რის შესახებაც ჩვენი მომხმარებლები ეტაპობრივად შეიტყობენ".