Get All Access for $5/mo

USAID YES-Georgia - ქალები, რომლებიც ქმნიან ბიზნესს რეგიონებში

By ელენე ლომსაძე

Opinions expressed by Entrepreneur contributors are their own.

You're reading Entrepreneur Georgia, an international franchise of Entrepreneur Media.

`

Entrepreneur-ი უკვე დიდი ხანია მუდმივად გაცნობთ იმ გამბედავ ქალბატონებს, რომლებიც ქვეყნის სამეწარმეო ეკოსისტემის განვითარებაში აქტიურად არიან ჩართული და პარალელურად, სიახლეების სწავლა-გაცნობასაც აგრძელებენ.

ამ პროცესში მათ მხარს USAID YES-Georgia-ს პროგრამა "ახალგაზრდების და ქალთა მხარდაჭერა საქართველოში" უჭერს, რომელსაც ფონდი "კრისტალი" ახორციელებს. პროექტი ამერიკელი ხალხისგან მიღებული ფინანსური დახმარებით, ამერიკის შეერთებული შტატების განვითარების სააგენტოსა (USAID) და ქალთა გლობალური განვითარებისა და კეთილდღეობის ინიციატივის (W-GDP) ფარგლებში მიმდინარეობს, რომელსაც დამატებით ფინანსურ დახმარებას მიკროსაფინანსო ორგანიზაცია "კრისტალი" უწევს.

"Buzz საქართველო" USAID YES-Georgia-ს პროგრამის ერთ-ერთი მნიშვნელოვანი ნაწილია. ინიციატივა საგანგებოდ შერჩეულ ტრენინგებსა და სასწავლო პროგრამებს გულისხმობს, რომელიც მონაწილეებს იმ საჭირო ცოდნის მიღებაში ეხმარება, რაც მათ საკუთარი საქმიანობის განვითარებაში უწყობს ხელს.

2023 წლის 26-28 მარტს USAID YES-Georgia-ს გუნდმა, MFO Crystal-ის თანამშრომლებთან და Buzz ელჩებთან ერთად, ქვემო და შიდა ქართლის რეგიონებში ბრენდირებული ავტობუსით გამართა ცნობადობის ამაღლების 3-დღიანი კამპანია. კამპანიის ფარგლებში USAID YES-Georgia-ის გუნდი ეწვია მარნეულის, ხაშურისა და გორის მუნიციპალიტეტებს, გამართა სამოტივაციო და ცნობიერების ამაღლების შეხვედრები ადგილობრივ ქალებთან, მიაწოდა მათ ინფორმაცია პროგრამის მიზნებისა და ამოცანების შესახებ, თუ რა სარგებელს სთავაზობს პროგრამა ქალებს და ზოგადად, ქალთა მეწარმეობის უპირატესობებზე ისაუბრეს.

ცნობიერების ამაღლების კამპანიის ფარგლებში დაახლოებით 115 მეწარმე ქალს შეხვდნენ პროგრამის წარმომადგენლები. კამპანია ძალიან დატვირთული იყო შინაარსობრივი და ემოციური თვალსაზრისით.

ამჯერად, Entrepreneur იმ ქალი მეწარმეების ისტორიებს გაგაცნობთ, რომლებმაც უამრავი გამოწვევის მიუხედავად, ხორცი შეასხეს თავიანთ იდეებს, განავითარეს ბიზნესი და საკუთარ რეგიონს შემატეს ისეთი სერვისები, რომლებიც აქამდე ხელმისაწვდომი არ იყო.

ნაირა ბოლქვაძე − სათბური მარადისში

ნაირა ბოლქვაძე მარნეულში, სოფელ მარადისში სასათბურე მეურნეობას ეწევა. უკვე 20 წელზე მეტია რაც იგი ამ საქმეშია ჩართული, თუმცა ბიზნესის სახე მხოლოდ ბოლო 5 წელია რაც აქვს. მარადისის სასათბურე მეურნეობაში ყვავილოვან ბროკოლის, სალათის ფოთლებს, მწვანილს, სატაცურს და სოფლის მეურნეობის სხვა პროდუქტებს შეხვდებით, რომლის მომხმარებელიც ძირითადად თბილისის ბაზარია. უფრო მეტს სოფელ მარადისის მეწარმე ქალების შესახებ Entrepreneur მომდევნო ნომერში გიამბობთ.

"USAID Yes-Georgia პროგრამის ფარგლებში თავდაპირველად მარნეულში გვეწვი. მე, როგორც აქტიური მეწარმე ქალი და სათემო მუშაკი, რამდენიმე ქალთან ერთად დავესწარი მათ ტრენინგებს. თითოეული ტრენინგი ძალიან სასარგებლო იყო ქალთა გაძლიერების და ფინანსური საკითხების კუთხით", − Entrepreneur-თან საუბრისას აღნიშნავს ნაირა ბოლქვაძე.

ანა ასანიძე − პურის საცხობი

ანა ასანიძემ საკუთარი ბიზნესი გორში 2012 წელს დაიწყო და დღემდე წარმატებით მართავს. საცხობში იგი მომხმარებლებს ლავაშსა და თონის ლობიანს სთავაზობს. მისი ბიზნესის განხორციელებაში დიდი წვლილი ოჯახთან ერთად "წითელმა ჯვარმა" შეიტანა, რომელმაც ბიზნესგეგმის წარდგენის შემდეგ გარკვეული ოდენობის დაფინანსება შესთავაზა. საცხობის მომხმარებლები ადგილობრივები არიან. არაერთი დაბრკოლების მიუხედავად, თავდაუზოგავი შრომისა და ოჯახის წევრების გვერდში დგომით, ანა გამოწვევებს ღირსეულად გაუმკლავდა.

"2023 წლის მარტში USAID-ის პროგრამ Yes-Georgia-ს წარმომადგენლებთან ბიზნესშეხვედრაზე მიმიწვიეს, სადაც ქალ მეწარმეებს შევხვდი, გავეცანი მათ საქმიანობას და ერთმანეთს ბიზნესში ჩვენი გამოცდილება გავუზიარეთ", Entrepreneur-თან საუბრისას აღნიშნავს ანა ასანიძე.

სოფო გოგინაშვილი − ხილის ჩაისა და ჩირის საწარმო "ხემსის სახლი"

სოფო გოგინაშვილმა ჯანსაღი პროდუქციის შექმნის სურვილით, 2021 წელს პანდემიის პერიოდში, ქალაქ ხაშურში, მშრალი ხილის პროდუქტების წარმოება დაიწყო. "ხემსის სახლი" − სწორედ ასე ჰქვია ადგილს, სადაც მომხმარებელს ჩირეულის, დასაყენებელი ხილის ჩაის, მშრალი ხილის საკმაზების, ხილის ცუკატებისა და ჩურჩხელის სრული ასორტიმენტი ხვდება. მომხმარებელს საშუალება აქვს, ადგილზე დააგემოვნოს ნებისმიერი პროდუქტი და შეიძინოს. მოსახერხებელი ადგილმდებარეობიდან და საუცხოო გემოებიდან გამომდინარე, "ხემსის სახლი" არა მხოლოდ ადგილობრივი მცხოვრებლებისთვის, არამედ ტურისტებისთვისაც საყვარელი ადგილი გახდა.

"USAID YES-Georgia ჩემთვის თავიდანვე მიგნება იყო, სადაც შევიძნე საჭირო უნარ-ჩვევები, დიდი მოტივაცია და თავდაჯერებულობა. 2022 წელს მივიღე მცირე გრანტი "მეწარმე ქალთა გადაუდებელი საჭიროების დასაფინანსებლად", შევიძინე დანადგარი, რომლის საშუალებითაც ხელით შრომა საგრძნობლად შემიმსუბუქდა. რაც შეეხება სამომავლო გეგმებს, ვეძებ დაფინანსების წყაროებს, რომლის საშუალებითაც მსურს საწარმოს მოწყობა და ბიზნესის გაფართოება, რათა გავხსნა საკურორტო ზონებში "ხემსის სახლი", − Entrepreneur-თან საუბარში აღნიშნავს სოფო გოგინაშვილი.

დინა ნასყიდაშვილი ხელნაკეთი შოკოლადის საწარმო "ნიმბა"

"ყველაფერი დაიწყო ჩემი შოკოლადისადმი დიდი სიყვარულით. რამდენიმე წელია მაქვს ჯანმრთელობის გარკვეული პრობლემა (კონკრეტულად კი ვარ პრე-დიაბეტის მქონე) რის გამო შოკოლადი და ტკბილეული უნდა მიმეღო დოზირებულად და ისიც მხოლოდ ნატურალური. ვინაიდან მაღაზიებში თითქმის არ არსებობს ქიმიური დანამატების გარეშე ტკბილეული, გადავწყვიტე, თვითონ დამემზადებინა", − გვიყვება ხელნაკეთი შოკოლადის საწარმო "ნიმბას" იდეის ავტორი, დინა ნასყიდაშვილი.

ამჟამად საკონდიტრო პროდუქციის მომხმარებლებს შოკოლადს სთავაზობს სხვადასხვა გემოვნების ადამიანებისთვის: თეთრი, შავი, რძიანი, თხილეულით, სხვადასხვა ჩირით, დიაბეტური და არადიაბეტური, სამარხვო და სხვა. ამასთან, "ნიმბაში" ტკბილეულის მოყვარულებს სხვადასხვა ნუგბარის შეძენაც შეუძლიათ: ზეფირი, ტრიუფელები, ბელგიური ვაფლი, მოჭიქული ხაჭო შოკოლადში, ბრაუნი, ჩიზქეიქები, ჟელეს დესერტები, მაფინები გლუტენის გარეშე, ცხელი შოკოლადი და სხვა.

"ბიზნესის დამოუკიდებლად წარმოება, ასე ვთქვათ, ნელ-ნელა შემომეპარა. ამ მხრივ არ მქონდა გამოცდილება და რაღაცნაირად მომიწია ეტაპობრივად თვითონ მომეძებნა გზები ამა თუ იმ გამოუვალი მდგომარეობიდან. გამოწვევების წინაშე ჩემნაირი დამწყები ბიზნესი ალბათ ხშირად დგება, მთავარია, არ დავნებდეთ და ბრძოლა არ შევწყვიტოთ, ვიძიოთ, ვისწავლოთ, ვითხოვოთ დახმარება გამოცდილი ადამიანებისგან და პატიოსნად ვაკეთოთ ჩვენი საქმე − შემდეგ ყველაფერი გამოვა. ამჟამად ჩემი მთავარი მოკავშირე და თანამოაზრე ამ საქმეში არის ჩემი შვილი, რომელიც აქტიურად არის ჩართული ბიზნესის ყოველდღიურ ცხოვრებაში და მნიშვნელოვანი წვლილი შეაქვს მის არსებობაში", − აღნიშნავს დინა ნასყიდაშვილი.

რაც შეეხება სამომავლო გეგმებს, "ნიმბას" დამფუძნებელს მიზნად ბიზნესის გაფართოება და ჯანსაღი ტკბილეულის პოპულარიზაცია დაუსახავს. დიდი სურვილი აქვს, ქალაქ გორში, ყველასათვის თვალსაჩინო ადგილას, შექმნას "ჯანსაღი კაფე", რომლის მთავარი ნიშა დიეტური და დიაბეტური საკვები იქნება, რასაც, დინას აზრით, დიდი ძალისხმევა და გარკვეული ფინანსები სჭირდება, თუმცა იმედოვნებს, რომ დასახულ მიზანს აუცილებლად მიაღწევს.

გიულჯახან აჯალოვა − "ლინგუა"

USAID Yes-Georgia-ს ახალგაზრდა მეწარმეთა სკოლის დასრულების შემდეგ, გიულჯახან აჯალოვამ "ლინგუა" 2016 წლის დეკემბერში, დასთან ერთად დააფუძნა. ცენტრის ფარგლებში მომხმარებლებს სთავაზობენ ტრენინგებს, სასკოლო საგნებში მომზადებას და ა.შ. ამასთან, 20 წელს ზემოთ ასაკის ადამიანებისთვის, რომლებსაც ქართული ენის გაუმჯობესება ან ინგლისური ენის შესწავლა სურთ, "ლინგუა" სპეციალურ კურსებს სთავაზობს. გარდა ამისა, ახალგაზრდებისთვის, რომლებსაც საზღვარგარეთ სურთ სწავლის გაგრძელება, USAID Yes-Georgia-ს ბენეფიციარები შესაბამის კონსულტაციებს უწევენ ორგანიზებას. აგრეთვე, აქტიურად გეგმავენ მეწარმეობის კურსებსა და სხვა ტრენინგებს, რომლებიც მარნეულის მოსახლეობას ახალი ცოდნის მიღებაში დაეხმარება.

"რადგან ახალგაზრდა მეწარმეთა სკოლის ბენეფიციარი ვიყავი, დამირეკეს, რომ მარნეულში გეგმავდნენ ჩამოსვლას − ჩვენთან. ადგილობრივი ქალებისთვის აქტიურად მიმდინარეობდა სხვადასხვა შეხვედრ. შემდგომ, ამარჩიეს 3-დღიანი ტრენინგისთვის ბორჯომში და ეს შესაძლებლობა ძალიან დამეხმარა, ვინაიდან ტრენინგის თემატიკა ფინანსები გახლდათ. როდესაც ყოველდღიურად, ჩვეულებისამებრ, ვმუშაობთ, არ ჩანს რა საჭიროებები გვაქვს და რა სახის შეცდომებს ვუშვებთ. ამ სამი დღის განმავლობაში კი ნათლად გავაანალიზეთ, როგორ მიმდინარეობდა პროცესები ჩვენს ბიზნესში და რა ახალი შესაძლებლობები არსებობდა. იქ შევხვდით სხვა მეწარმეებსაც, რომელთა გამოცდილება ნამდვილად დაგვეხმარა, გაგვეუმჯობესებინა ჩვენი საქმიანობა", − Entrepreneur-თან საუბრისას აღნიშნავს გიულჯახან აჯალოვა.

რაც შეეხება სამომავლო გეგმებს, პანდემიის პერიოდში Zoom-ის პლატფორმით ჩატარებულმა გაკვეთილებმა მეწარმეებს ნათლად დაანახა, რომ ბიზნესის ეფექტიანად მუშაობისთვის აუცილებელია სერვისების გაციფრულება. სამომავლოდ, "ლინგუა" გუნდი საკუთარი ვებგვერდის შექმნას გეგმავს, სადაც სხვადასხვა კურსი სწორედ ისე იქნება მოცემული, როგორც ეს ყველასათვის ნაცნობ, Duolingo-ს პლატფორმაზეა. ონლაინპლატფორმაზე, გარდა გაკვეთილებისა და ვიდეორგოლებისა, განთავსებული იქნება თამაშებიც, რომელთა გამოყენებას არა მხოლოდ მარნეულში, არამედ მთელი საქართველოს მასშტაბით შეძლებენ.

გიული გიუაშვილი − სამკერვალო "გვირისტი"

გიული გიუაშვილმა სამკერვალო "გვირისტი" გორში 2016 წელს დააარსა. სამკერვალოს გახსნა მისი დიდი ხნის ოცნება იყო, რომელიც თბილისში ერთ-ერთ დიზაინერთან მუშაობის დროს გაუჩნდა. თუმცა, ოცნების ახდენაში ხელს კონსტრუირების არცოდნა უშლიდა. სწორედ ამიტომ, ჭრა-კერვის შემსწავლელი 2-წლიანი კურსი გაიარა და ინდივიდუალური მკერავის კვალიფიკაცია მიიღო.

გიული დღეს კოლეჯ "განთიადში" კერვის მასწავლებელია, პარალელურად კი სამკერვალოს ხელმძღვანელობს. იღებს შეკვეთებს როგორც ინდივიდუალური, ისე მასიური წარმოებისთვის. სამკერვალოში სხვადასხვა ტიპის ტანსაცმელს კერავენ, მუშაობენ აღდგენაზე, გადაკეთებაზე, ასევე რბილი ავეჯის გადასაკრავ შალითებზე. სამკერვალოს მომხმარებლები ძირითადად ადგილობრივი მცხოვრებლები არიან.

"USAID Yes-Georgia პროგრამის ფარგლებში ტრენინგი გასული წლის ზაფხულში გავიარე, შემდგომ კი მენტორინგი შემომთავაზეს. მენტორინგის ფარგლებში გვანცა დურგლიშვილის დახმარებით ბიზნესსპეციფიკა მიმოვიხილეთ და ჩემს საქმიანობაზე მორგებული მოგება-ზარალის უწყისი შევიმუშავეთ, რაც მოგებისა და ზარალის სწორად განსაზღვრაში მეხმარება. მინდა მადლობა გადავუხადო ყველა იმ პირს, ვინც USAID Yes-Georgia (BUZZ საქართველო) პროგრამაში იყო ჩართული", − Entrepreneur-თან საუბრისას აღნიშნავს გიული გიუაშვილი.

ნანა შარაშიძე − საოჯახო მეურნეობა "დოშკანა"

უკვე დიდი ხანია, რაც ნანა შარაშიძე ოჯახთან ერთად ამუშავებს მიწას და სხვადასხვა სახეობის ხეხილი, ვაზი, კენკრა და ბოსტნეული მოჰყავს. 2016 წელს მან და მისმა მეუღლემ ქვიშხეთში დაიდეს ბინა და სოფლის მეურნეობის სააგენტოს მიერ გამოცხადებული პროგრამის ფარგლებში, სახელმწიფოს 40%-იანი თანამონაწილეობით მაყვლის ბაღი გააშენეს. მას შემდეგ მათ საოჯახო მეურნეობას არაერთი პროდუქტი შეემატა, მათ შორის საქართველოში ჯერ კიდევ უცნობი კენკრა არონია, ირგა და ცხრატყავა. გარდა ამისა, "დოშკანა" კენკრის კონფიტიურს, ნატურალურ წვენებსა და მაყვლის არაყს აწარმოებს. ახლა მათი სურვილია, საოჯახო აგრობიზნესმა ნელ-ნელა აგროტურიზმის მიმართულებით გადაინაცვლოს. უფრო ვრცლად "დოშკანას" შესახებ Entrepreneur-ის მომდევნო ნომერში გიამბობთ.

"USAID-ის პროგრამა Yes-Georgia მაშინ გამოჩნდა ჩემ ცხოვრებაში, როდესაც თითქოს ყველა სახის ტრენინგი გავლილი მქონდა და შესასწავლი არაფერი იყო. მაგრამ ვცდებოდი, რადგან შეხვედრამ პროგრამის ტრენერებთან და ჩვენ მენტორებთან, როგორც ფიზიკურ სივრცეში, ისე ონლაინ ყოველგვარ მოლოდინს გადააჭარბა. სულ სხვა კუთხით დავინახე ჩემი ბიზნესის მომავალი და საკუთარი შესაძლებლობები. გავიცანი მეწარმე ქალები საქართველოს სხვადასხვა რაიონიდან, დადებითი ენერგიით და მოტივაციით, რომლებიც ასევე ჩემ მოტივატორებად იქცნენ. ზუსტად ვიცი, რომ "დოშკანას" მომავალ წარმატებაში USAID YES-Georgia-ს დიდი წვლილი მიუძღვის. უღრმესი მადლობა მათ ამ შესაძლებლობისათვის", Entrepreneur-თან საუბარში აღნიშნავს ნანა შარაშიძე.

ანა ბეჟანიშვილი − ავეჯის სახლი ALKANI

ავეჯის სახლი ALKANI ხაშურში 2017 წლიდან წარმატებით საქმიანობს და დღეს რეგიონის ბაზარზე მაღალი კონკურენტუნარიანობით გამოირჩევა. ბრენდმა თავდაპირველად მუშაობა ავეჯის ყიდვა-გაყიდვით დაიწყო, მომხმარებელთა მოთხოვნის შესაბამისად კი ავეჯის დამზადებაც გახდა საჭირო. დღეს საწარმო და მაღაზიები ჯამურად 29 თანამშრომელს ასაქმებენ და სხვადასხვა სახის ავეჯს ამზადებენ, მათ შორის საძინებლებს, სამზარეულოებს, რბილ და წვრილმან ავეჯს. ბრენდის ძირითადი ფიგურანტები ანა ბეჟანიშვილი და მისი მეუღლეა. საინტერესოა ისიც, რომ მათი პროდუქცია საქართველოს რამდენიმე რეგიონში გადის და დიდი მოწონებითაც სარგებლობს.

"ჩემთვის, როგორც ქალი მეწარმისთვის, ჩემი ბიზნესი, სტარტის აღებასთან, მოქმედებასთან, შეუპოვრობასა და სითამამესთან ასოცირდება. ყოველ ჯერზე, როდესაც ვისმენ − "მეწარმე ქალი", "სტარტაპერი", ჩემ ირგვლივ არაერთი წარმატებული მაგალითი მახსენდება − დაწყებული პატარა საცხობით, დამთავრებული სამკერვალოთი, რომლებიც დღეს დიდ, წარმატებულ და მომგებიან ბიზნესად იქცა", − Entrepreneur-თან საუბარში აღნიშნავს ანა ბეჟანიშვილი.

მარინა ბენდელიანი − სოციალური საწარმო გორში 7R

სოციალური საწარმო 7R 2020 წელს ქალაქ ზუგდიდში მარინა ბენდელიანმა დააფუძნა და მას შემდეგ, მიზნად დაისახა, საწარმო მულტიფუნქციურ სივრცედ აქციოს, სადაც ნულოვანი ნარჩენის სამუშაო სახელოსნოები, მაღაზია, კაფე და საერთო სამუშაო სივრცე იქნება განთავსებული. ამ ეტაპისთვის, 7R-ის სახელის ქვეშ ნულოვანი ნარჩენის სახელოსნო ფუნქციონირებს, სადაც ქსოვილისა და ტყავის ნარჩენებისგან ახალი აქსესუარები და დეკორატიული ნივთები იქმნება.

"ძალიან ვამაყობ სოციალური მეწარმე და 2 ეკომეგობრული სოციალური საწარმოს თანადამფუძნებელი რომ ვარ, თუმცა ჯერ წარმატებულ მეწარმეს ვერ დამიძახებთ ყოველდღიურად ვსწავლობ ახალს იმისთვის, რომ ცოტათი მაინც მივუახლოვდე ჩემი მიზანს − გავზარდო წარმოება, რამდენიმე წელიწადში უფრო დიდი სივრცე ვმართო სხვადასხვა სახელოსნოთ და მაღაზიით, და გვქონდეს მოწყობილი შვედური მოდელის მსგავსად ე.წ. გადამუშავების ცენტრი (recycling mall). რაც შეეხება სამომავლო გეგმებს, ამ ეტაპზე სოციალური საწარმო გორში მდებარეობს, სადაც პარტნიორმა ორგანიზაციამ შეგვიფარა და ძალიან მალე აქ გაიხსნება ახალ საწარმო, რომლის მიზანი ქალთა ეკონომიკური გაძლიერებ იქნება. პირადად შევიტან ახალი საწარმოს განვითარებაში წვლილს და ასევე გავუზიარებთ ჩვენი საწარმოს გამოცდილებას. სამომავლოდ კი დიდ სივრცეშ მოვაწყობთ ისეთ სივრცეს, სადაც ყველაფერი გარემოს დაცვასა და ნარჩენების შემცირებას მიეძღვნება", − Entrepreneur-თან საუბრისას აღნიშნავს მარინა ბენდელიანი.

USAID YES-Georgia-ს ბენეფიციარს მიაჩნია, რომ Buzz-ელჩების ქსელი გამოცდილებისა და ცოდნის გაზიარების კარგი საშუალებაა, რაც მეორე მხრივ, გაძლევს შესაძლებლობას, მიიღო მხარდაჭერა და პოზიტიური უკუკავშირი. ამის კარგი მაგალითია პროგრამის მცირე გრანტები, რომლის დახმარებითაც მარინა ბენდელიანმა საკუთარი ბიზნესის განვითარება შეძლო: "2022 წელი საკმაოდ რთული წელი იყო 7R-სთვის, თუმცა არ დავნებდი. დიდი ხანი ვფიქრობდი ბრენდირებისთვის საჭირო აღჭურვილობის შეძენას, ვერ ვახერხებდი და ვისარგებლე USAID YES-Georgia-ს მცირე გრანტების პროგრამით. მისი დახმარებით შევძელი და შევიძინე აღჭურვილობები, რომლის საშუალებით თავად ვახდენ ჩვენი პროდუქციის ბრენდირებას და ეტიკეტირებას, აგრეთვე შევიძინე ნედლეული და დამხმარე საშუალებები".

სოფიო ტუაევი − "სომა ქიდს"

"სომა" ქალაქ გორში მდებარე სამკერვალო საწარმოა, რომელიც უკვე წლებია რაც ადგილობრივ ბაზარზე ოპერირებს და მაღალი ხარისხის სამოსის წარმოებაზეა ორიენტირებული. იგი ინდივიდუალურ მომხმარებლებსა და ქართულ ბრენდებს ემსახურება. ამასთან, "სომას" სამკერვალოში შექმნილი პროდუქცია სხვადასხვა ბრენდის ეგიდით ქვეყნის ფარგლებს გარეთაც გადის.

სოფიო ტუაევს დიდი ხნის განმავლობაში სურდა საკუთარი სამკერვალო საწარმოს დაფუძნება, თუმცა გზაზე არაერთი დაბრკოლება შეხვდა − არადამაკმაყოფილებელი ხარისხის ნედლეულით დაწყებული, შესაფუთი მასალების არარსებობით დამთავრებული. "სომამ" დაბრკოლებები მალევე გადალახა და დამოუკიდებელი წარმოებაც დაიწყო.

"მინდა აღვნიშნო, რომ USAID YES-Georgia-ს პროგრამამ, როგორც მეწარმეს, მომცა სწორი ნაბიჯების გადადგმის გამბედაობა. პროგრამა შექმნილია მცირე მეწარმეებისათვის, რომლებსაც სურთ თავიანთი წამოწყების განვითარების სწორი ვექტორი დაისახონ და განახორციელონ რეალობაში", − Entrepreneur-თან საუბრისას აღნიშნავს სოფიო ტუაევი.

დღეს "სომას" პროდუქციის შეძენა ინტერნეტმაღაზიების მეშვეობითაა შესაძლებელი. ამასთან, "სომას" სტენდის განთავსების თაობაზე მოლაპარაკებებიც მიმდინარეობს საბავშვო სამოსის ცნობილ მაღაზიებთან. უახლოეს მომავალში ბრენდი გაფართოებასა და ექსპორტზე გასვლას გეგმავს. აღსანიშნავია, რომ მიმდინარე წლის ივნისში ჩინეთში ერთ-ერთი მასშტაბური გამოფენა იმართება, სადაც სოფიო საკუთარ პროდუქციას საერთაშორისო მასშტაბით წარადგენს.

ინგა სამხარაძე − მარწყვის სათბურის მეურნეობა BerryShine

"ბუნება და მცენარეები ყოველთვის მიყვარდა, საქართველოში ტურიზმისა და სოფლის მეურნეობის განვითარებამ მოგვცა სტიმული ეკოტურიზმის სფეროში დაგვეწყო საქმიანობა. გვქონდა ნაკვეთი სოფელში და გვინდოდა რამენაირად გამოგვეყენებინა", − სწორედ ამ მიზნით, 2018 წელს გორის მუნიციპალიტეტის სოფელ ზემო ხვითში (სამაჩაბლო, კონფლიქტის ზონასთან) ინგა სამხარაძემ მარწყვის სასათბურე მეურნეობა BerryShine-ს ჩაუყარა საფუძველი.

თავად ინგა ინგლისური ენის მასწავლებელი გახლავთ, შესაბამისად, მისი განმარტებით სოფლის მეურნეობაში აქამდე გამოცდილება არ ჰქონია − სოფელშიც იშვიათად უწევდა მოხვედრა. ბოლო წლების განმავლობაში სოფლის მეურნეობის ხელშემწყობი პროგრამების გააქტიურებამ და ქალებისთვის მეტი შანსის გაჩენამ მისცა სტიმული, ხელი მოეკიდა ამ გამოწვევისთვის და დაეწყო საკუთარი საქმე. როგორც მეწარმე აღნიშნავს: "USAID YES-Georgia-ს ერთ-ერთი პროგრამის მხარდაჭერის გარეშე ვერ დავდგამდით სათბურს და შესაბამისად, მათი მუდმივი მეთვალყურეობის და კონსულტაციების გარეშე ვერ მივიღებდით შესაბამის გამოცდილებას".

რაც შეეხება სამომავლო გეგმებს, BerryShine-ის დამფუძნებელი სათბურის გაფართოებასა და გათბობის სისტემის დამონტაჟებას გეგმავს, რათა სათბურში შესაბამისი მიკროკლიმატი უზრუნველყოს და შექმნას ყველანაირი პირობა კენკროვანი მცენარეების წარმოების გასავითარებლად.

ქალებს კი, რომლებსაც საკუთარი ბიზნესის დაწყება სურთ, მაგრამ გარკვეული მიზეზების გამო უკან იხევენ, ინგა სამხარაძე ურჩევს: "თუკი აქვთ ანტრეპრენერისთვის საჭირო ყველა უნარი, სურთ საკუთარი საქმის წამოწყება, დროა გადადგან ნაბიჯი, ხოლო თუ გარკვეულ შიშს გრძნობენ, რომელიც აჩერებთ, დროა კარგად გაანალიზონ, სად არის მათი სისუსტე, რაზე მიანიშნებს მათი შიში და ამ სისუსტის გაძლიერებასა და საჭირო უნარების გამომუშავებაზე კონცენტრირდნენ".

ელენე ლომსაძე

ჟურნალისტი

ინოვაციებისა და საერთაშორისო პროექტების გუნდის წევრი Steinbeis School of International Business and Entrepreneurship, Germany-ში. Google Global I/O Extended-ის თანაორგანიზატორი.

ინდუსტრიული ტრენდები

თანამშრომელი - კომპანიის მთავარი ღირებულება

ბუღალტრული და აუდიტორული კომპანია "ფინო" - 13 წელი ქართულ ბაზარზე