Get All Access for $5/mo

USAID YES-Georgia - კოსმეტიკური პროდუქცია და თავის მოვლის საშუალებები პროგრამის ბენეფიციართაგან

You're reading Entrepreneur Georgia, an international franchise of Entrepreneur Media.

entrepreneur.ge

უკვე შვიდ წელზე მეტია, რაც USAID-ის პროგრამა YES-Georgia საქართველოში მეწარმეობით დაინტერესებულ ახალგაზრდებსა და ქალებს, მათი ეკონომიკური დამოუკიდებლობისა და სამეწარმეო უნარ-ჩვევების გაძლიერებისათვის მნიშვნელოვან მხარდაჭერას უცხადებს არაერთი მიმართულებით. 2015 წლიდან დღემდე, პროგრამის მიერ ორგანიზებული პროექტების ფარგლებში, 1700-ზე მეტმა ადამიანმა გაიარა ტრენინგ-კურსები, მათ შორის 90-მა მიიღო სტარტაპ-დაფინანსება. აღსანიშნავია, რომ ახალგაზრდები და ქალი მეწარმეები, USAID YES-Georgia-ს დახმარებით, იღებენ ცოდნას და საკონსულტაციო მომსახურებას ფინანსების, ბუღალტრულ, საგადასახადო და იურიდიულ საკითხებთან დაკავშირებით.

Entrepreneur-ის მკითხველი უკვე კარგად იცნობს პროგრამის ბენეფიციარებს, რომლებმაც დამოუკიდებელი ბიზნესსაქმიანობით შეძლეს თავიანთი სამეწარმეო ოცნებები რეალობად ექციათ და სხვადასხვა დარგში საკმაოდ ცნობადი ბრენდები შეექმნათ. ამჯერად კი, გვსურს გაგაცნოთ USAID YES-Georgia-ს ბენეფიციარი კოსმეტიკური პროდუქციისა და თავის მოვლის საშუალებების მწარმოებელი ქალბატონები, რომლებმაც სწორედ აღნიშნული პროგრამის ფარგლებში შეიძინეს და განავითარეს ბაზარზე თავის დასამკვიდრებლად აუცილებელი სამეწარმეო უნარები.

პროგრამის ერთ-ერთი ბენეფიციარი, მანანა მირაშვილი და მისი ბრენდი − MIRA Natural Cosmetics გახლავთ. ეს კომპანია 2019 წელს პანდემიის დაწყებამდე დაფუძნდა. როგორც მანანა გვიყვება, დამოუკიდებელი ბიზნესის დაწყებას მისი დაუოკებელი სურვილი უძღოდა, დახმარებოდა ქალბატონებს გალამაზებაში და 100%-ით ნატურალური თავის მოვლის საშუალებები ეწარმოებინა. ბრენდის მთავარ მიზანს კი წარმოადგენს უმაღლესი ხარისხის პროდუქციისა და მომსახურების შეთავაზება ხელმისაწვდომ ფასად.

"MIRA Natural Cosmetics ვაწარმოებთ, სახის, ტანის მოვლის საშუალებებს, როგორებიცაა საცხები, ლოსიონები, შრატები, ზეთები, "შიმერები" და სხვა. MIRA Natural Cosmetics-ის მომხმარებელი არის ნებისმიერი ასაკის, სქესის, ინტერესის თუ გამოცდილების მქონე ქალი, რომლისთვისაც თავის მოვლის რუტინა მისი ყოველდღიურობის განუყოფელი ნაწილია", − აცხადებს მანანა, − "ჩვენ ორიენტირებული ვართ მომხმარებლის სურვილებზე და ვთავაზობთ მათ "ონლაინ შოპინგს". შეძენილ პროდუქციას სწრაფი და კომფორტული საკურიერო მომსახურებით ვაწვდით, მთელი საქართველოს მასშტაბით. USAID-ის პროგრამა YES-GEORGIA-ს დახმარებით მოვხვდი გამოფენა-გაყიდვაზე, მომხმარებლებმა უფრო ახლოს გაიცნო ჩემი ბრენდი და პროდუქცია. გავიგეთ, თუ როგორ გავაგრძელოთ ბრენდინგი, რეკლამირება და სხვა ორგანიზაციული საკითხები. ყველა ბრენდი გამოირჩევა ინდივიდუალური და სახასიათო პროდუქციის ხაზით. MIRA Natural Cosmetics მომხმარებლებს სამომავლოდ, ასეთ პროდუქციას შევთავაზებთ. ასევე, მიზნად ვისახავთ, გავხსნათ მაღაზია-სახელოსნო და სტენდები".

USAID YES-Georgia-ს კიდევ ერთი ბენეფიციარი, კომპანია "ელასტიას" დამფუძნებელი და ტექნოლოგი, ანა ღაღაშვილია, რომელიც ხელნაკეთ კოსმეტიკურ საშუალებებს 2019 წლიდან აწარმოებს. როგორც ანა გვიყვება, ეს საქმიანობა 19 წლის ასაკიდან მისი ჰობი იყო, თუმცა ხელნაკეთი კოსმეტიკის დამზადება გადაწყვიტა მას შემდეგ, რაც უბადლო კანის მქონე ხანდაზმულმა ქალბატონმა მას საკუთარი კრემის საიდუმლო რეცეპტი გაანდო.

"თავდაპირველად შევქმენი უმარტივესი საცხი, რომელიც მხოლოდ საკუთარი ხელით დამზადებული ქაცვის ზეთისა და კიდევ ერთი ინგრედიენტისაგან შედგებოდა. შემდეგ რეცეპტი დავხვეწე, გავამდიდრე და ახლა "ქაცვის კრემი" ერთ-ერთი საუკეთესო და მოთხოვნადი საცხია "ელასტიას" ასორტიმენტში. გარდა ამისა, მოვიძიე უამრავი საჭირო მასალა და ლიტერატურა, რომელთაც ვეცნობოდი, ვიყენებდი ჩემს ექსპერიმენტებში. მოგვიანებით მივიღე პროფესიული განათლება ამ სფეროში და გავხდი სერტიფიცირებული კოსმეტოლოგი. შევქმენი საავტორო რეცეპტით დამზადებული არაერთი პროდუქტი, რომელიც ძალიან უყვარს "ელასტიას" მომხმარებელს", − აცხადებს ანა ღაღაშვილი.

ანას თქმით, პანდემიამ მისი ბრენდი მნიშვნელოვნად დააზარალა, თუმცა გამოწვევების მიუხედავად მაინც მოახერხა დასახული მიზნის, − საერთაშორისო სტანდარტის ბრენდის შექმნა. "ელასტია" 25-მდე დასახელების პროდუქციას აერთიანებს, ხოლო მათი უმეტესობა საავტორო რეცეპტითაა დამზადებული.

"USAID YES-GEORGIA-ს პროგრამის ფარგლებში რეგულარულად ვიღებთ მონაწილეობას მათ მიერ ორგანიზებულ ღონისძიებებში, ტრენინგებში, რაც გვეხმარება ბრენდის პოპულარიზაციასა და სამეწარმეო უნარ-ჩვევების განვითარებაში. სამომავლოდ ვგეგმავთ ბრენდის გაფართოებას, როგორც სამეწარმეო, ასევე სარეალიზაციო კუთხით. ვგეგმავთ წარმოების ახალი ხაზის ჩაშვებას", − აცხადებს "ელასტიას" დამფუძნებელი.

პროგრამის ბენეფიციარ თამარ მიქაძის ბრენდი "ჰერამი" დაფუძნდა 2018 წელს. ბაზარზე არსებული კოსმეტიკით იმედგაცრუებულმა თამარმა, გადაწყვიტა თავის მოვლის საშუალებები შინ ეწარმოებინა, რაშიც, მისი თქმით, ის უზარმაზარი ინფორმაცია დაეხმარა, რომელიც დაგროვილი ჰქონდა მცენარეული ზეთებისა და თავის მოვლის ბიოსაშუალებების ინგრედიენტების შესახებ წლების განმავლობაში. მან თავად დაიწყო საპნების, მიცერალური წყლისა და საცხების დამზადება, ხოლო შედეგმა მოლოდინს ბევრად გადააჭარბა.

"საპნები ვიზუალურად ისეთი მიმზიდველი იყო, რომ დავიწყე მათი ატვირთვა სოციალურ ქსელში. ბევრი მათგანი გავაჩუქე. გამოხმაურება იმდენად პოზიტიური იყო, რომ სწრაფადვე დავიწყე პროდუქციის რეალიზაცია, ხოლო მომხმარებელი კმაყოფილი და აღფრთოვანებული იყო შედეგით", − აცხადებს თამარი, − "ამჟამად, ვაწარმოებ 100%-ით ბუნებრივ თავის მოვლის საშუალებებს, სხვადასხვა დასახელების საპნებს, საცხებს, სკრაბებს, შრატებს, ტუჩის ბალზამს და ნიღბებს. დაახლოებით 40-მდე დასახელების პროდუქციაა "ჰერამში" წარმოდგენილი და ნელ-ნელა იზრდება ასორტიმენტი. აბსოლუტურად ყველა ფორმულა საავტოროა და ეს არის ბევრი ცდისა და ტესტირების შედეგი".

აღსანიშნავია, რომ "ჰერამი" ქალბატონებისათვის განკუთვნილი კოსმეტიკის გარდა, მამაკაცების თავის მოვლის საშუალებებსაც აწარმოებს და სამომავლოდ ასორტიმენტის გაფართოებასაც გეგმავს. გარდა ამისა, თამარს სურს საკუთარი ბრენდული მაღაზიის გახსნა, სადაც მომხმარებელს შესაძლებლობა ექნება ადგილზე გასინჯოს და შეარჩიოს პროდუქცია.

"ძალიან მიხარია, რომ ვარ USAID-ის პროგრამა YES-Georgia-ს ბენეფიციარი. აქ შევხვდი უამრავ წარმატებულ და საინტერესო მეწარმე ქალბატონს. მათი ისტორიები და გამოწვევებისადმი მიდგომა დიდი სტიმულია იარო წინ და არ შეჩერდე. მინდა დიდი მადლობა გადავუხადო USAID-ის პროგრამა YES-Georgia-ს თანამშრომლებს და მათ ხელმძღვანელ რგოლს მხარდაჭერისთვის. მათი რეკომენდაციები და კონსულტაციები ძალიან დამაიმედებელი და ფასეულია ჩემთვის", − აღნიშნავს "ჰერამის" დამფუძნებელი.

ბრენდი Lisa's Creams, YES-Georgia-ს ბენეფიციარ ლიზა ზაზაძის მიერ 2020 წელს დაფუძნდა. წლების განმავლობაში ლიზა სახლის პირობებში ამზადებდა სახის მოვლის საშუალებებს, თუმცა დროთა განმავლობაში მას სურვილი გაუჩნდა საკუთარი პროდუქცია სხვებისთვისაც გაეზიარებინა.

"ჩვენ ვთავაზობთ მომხმარებელს დღისა და ღამის დამატენიანებელს, სახის უნიკალურ შრატებს, როგორიცაა ჰიალურონის, ოქროს 24-კარატიანი და რეტინოლის შრატები. გარდა ამისა, Lisa's Creams მამაკაცის ხაზითაცაა წარმოდგენილი და წვერის ზეთს, პარსვის ქაფს, დამატენიანებელ საცხს და თავის მოვლის სხვა საშუალებებს აწარმოებს. აღსანიშნავია, რომ სულ ახლახან შევიმუშავეთ სრულიად ახალი რეცეპტურა თითოეული პროდუქციის დასამზადებლად, ხოლო ასორტიმენტს შევმატეთ საპნები, რომლებიც ასევე ნატურალურია და სასარგებლო ზეთებითაა დამზადებული", − აცხადებს ლიზა, − "ფონდ "კრისტალის" და USAID YES-Georgia-ს ერთობლივი პროექტის ქალთა გაძლიერების კომპონენტში Buzz Georgia, გავიცანი 700-ზე მეტი საინტერესო და ჭკვიანი მეწარმე ქალი მთელი საქართველოდან. 2021 წელს სამ დიდ გამოფენა-გაყიდვაშიც მივიღე მონაწილეობა, რამაც მეწარმეების პროდუქციის გაყიდვისა და ფართო საზოგადოებისთვის გაცნობის საქმეში დიდი წვლილი შეიტანა. მინდა აღვნიშნო, რომ სოციალური ქსელების საშუალებით აქტიურად განვაგრძობ ურთიერთობას და მნიშვნელოვანი რჩევების მიღებას პროგრამის წარმომადგენლებისგან".

სამომავლოდ, Lisa's Creams აპირებს საწარმოს გაზრდას, პროდუქციის საზღვრებს გარეთ გატანასა და პროდუქციის ცნობადობის ამაღლებას.

პროგრამა USAID YES-Georgia-ს ბენეფიციარ ნინო ციცქარავას ბრენდი "ნიბე" 2020 წელს დაარსდა. ნინოს ქალებისათვის სასიამოვნო, ნატურალური საპნისა და სპა-საშუალებების წარმოების სურვილი დიდი ხნის განმავლობაში ჰქონდა. განსაკუთრებით კი იმ ტენდენციის ფონზე, რომ თანამედროვე მომხმარებლები სულ უფრო მეტ ყურადღებას აქცევენ ბიოლოგიურად სუფთა და ჯანმრთელობისთვის სასარგებლო თავის მოვლის პროდუქციას.

"ჩვენი პროდუქციის წარმოებისთვის ვიყენებთ ქართულ ორგანულ დანამატებს (ბალახს, ხილს, სამკურნალო მცენარეებს), რაც ამაღლებს ნდობის ფაქტორს როგორც ადგილობრივ, ისე უცხოელ მყიდველში. ჩვენი პროდუქცია ბიოდეგრადირებადია და იცავს გარემოს დაბინძურებისგან. რაც შეეხება USAID-ის პროგრამას YES-Georgia, მნიშვნელოვანი დახმარება გამიწია ბრენდის განვითარების სტრატეგიის დაგეგმვაში. გარდა ამისა, მუდმივად ვგრძნობ USAID-ის თანამშრომლებისგან ყურადღებას. ხელს გვიწყობენ ბრენდის ცნობადობის ამაღლებაში, გვიწვევენ ტრადიციულ გამოფენა-გაყიდვებზე. ეს ძალიან მნიშვნელოვანი მხარდაჭერაა ჩვენთვის", − აცხადებს ნინო ციცქარავა.

ხატია ლობჯანიძის ბრენდი "უსული" 100%-ით ნატურალურ ხელნაკეთ კოსმეტიკასა და თავის მოვლის ბუნებრივ საშუალებებს სთავაზობს მომხმარებელს. დამოუკიდებელი საქმის დაწყების იდეა ხატიას პანდემიის დროს მისი ოჯახის თბილისიდან რაჭაში დაბრუნებისას გაუჩნდა.

"მიზნად გვქონდა დავბრუნებოდით მშობლიურ კერას და საკუთარი, თუმცა სხვებისგან განსხვავებული საქმიანობით დავკავებულიყავით, რათა ჩვენი ულამაზესი მხარე სხვაგვარი კუთხით წარმოგვეჩინა. ბებოსგან საფუძვლიანად შევისწავლეთ სილამაზის ელექსირების რეცეპტურა და დავიწყეთ წარმოება. დღეის მდგომარეობით, "უსული" აერთიანებს ოცამდე პროდუქტს, ესენია: დღისა და ღამის დამატენიანებელი საცხი, თვალის საცხი, ტუჩის ბალმი, პრობლემური კანის საცხი, სახისა და ტანის კოსმეტიკური საპონი, საპნისა და ყავის სკრაბი, თაფლის ნიღაბი, სახის შრატი (სერუმი), ტანის დასაბანი გელი, მიცერალური წყალი, მამაკაცის სახის დამატენიანებელი საცხი, წვერის სერუმი, წვერის გასაპარსი ქაფი და თმის გამაჯანსაღებელი ნიღაბი. "უსულის" პროდუქციას ვუწოდებთ "ცოცხალს", რადგან მასში შემავალი მცენარეული კომპონენტები ინარჩუნებენ სასიცოცხლო თვისებებს და ბიოაქტიური ნივთიერებები დაუზიანებელი რჩება", − აცხადებს ხატია.

ბრენდის პროდუქციის შეძენა შესაძლებელია საიტზე usuli.ge და რაჭაში, ქ. ონში სოციალურ მაღაზია "ეთნოონში". პროდუქცია ასევე განთავსებულია ელექტრონული კომერციის რამდენიმე პლატფორმაზე.

"უსული" სამომავლოდ გეგმავს თბილისში ბუტიკური მაღაზიის გახსნას, ასორტიმენტის გამრავალფეროვნებას და უკვე დაგეგმილი აქვს არაერთი "მწვანე" აქტივობა გარემოს დაცვითი მიმართულებით.

"USAID-ის პროგრამა YES-Georgia-ს მეშვეობით გაიზარდა "უსულის" ცნობადობა, გავხდით უფრო მეტად თავდაჯერებულები, მივიღეთ ჩვენი ბიზნესის წარმატებული განვითარებისათვის საჭირო ცოდნა და რჩევები. გავიცანით საინტერესო ადამიანები, სხვადასხვა სამეწარმეო საქმიანობით დაკავებული ქალები. აქტიურად ვიღებთ მონაწილეობას USAID-ის გამოფენებში", − ამბობს ხატია ლობჯანიძე.

YES-Georgia-ს ბენეფიციარმა, ფარმაციის სფეროში მრავალწლიანი გამოცდილების მქონე სპეციალისტმა ნანა თავხელიძემ, გადაწყვიტა საკუთარი ცოდნა ბიზნესშესაძლებლობად გარდაექმნა და "მიძინებული" რეცეპტების გამოღვიძებით კოსმეტიკური და თავის მოვლის საშუალებების ბრენდი − "კირკე" შექმნა.

"დღესდღეობით, "კირკე" უკვე 30-მდე სხვადასხვა სახეობის ნატურალური, ბიოდეგრადირებადი, სამკურნალო და უსაფრთხო საპნებითაა წარმოდგენილი ბაზარზე. საპნები მხოლოდ მცენარეული ცხიმებით მზადდება, ხოლო სურნელისათვის ნატურალური ეთერზეთები გამოიყენება. მაქვს საპნები ეთერზეთების გარეშეც, რომელთა სურნელი მხოლოდ მასში შემავალი კომპონენტებითაა წარმოქმნილი. ცხიმებიდან ვიყენებთ ქოქოსის, აბუსალათინის, ცივი გამოხდის ზეითუნის, ყურძნის წიპწის ზეთს, კაკაოს, შის და სხვა, უმეტესად ქართული წარმოების ცხიმებს. სააფთიაქო ტექნოლოგიების ცოდნა ჩემთვის საძირკველია, რომლის ბაზაზე შექმნილი მაქვს სხეულის მოვლის კოსმეტიკური საშუალებები. გარდა ამისა, ვიყენებ საერთაშორისო ეკოცენტრის მიერ სერტიფიცირებულ და ნებადართულ კომპონენტებს", − აცხადებს ნანა თავხელიძე.

ადგილობრივ ბაზარზე "კირკეს" პროდუქციის რეალიზაცია ძირითადად ონლაინგაყიდვებით ხორციელდება. ასევე, ნანა თავხელიძე აქტიურად მონაწილეობს USAID-ის მიერ ორგანიზებულ სამეწარმეო ბაზრებში და ერთგული მომხმარებლების გულის მოგებასაც ახერხებს.

"სამომავლო გეგმებს რაც შეეხება, აქტიურად ვმუშაობ პროდუქციის გამრავალფეროვნებაზე. ვამზადებ და ვცდი სატესტო ვერსიებს, რათა ერთგულ მომხმარებელს სიახლეები შევთავაზო. დიდი სურვილი მაქვს ქართლში, ცხინვალთან ახლოს, შევიძინო ნაკვეთი და მოვიყვანო სამკურნალო მცენარეები პროდუქტის საწარმოებლად", − აღნიშნავს ნანა თავხელიძე.

აღსანიშნავია, რომ მიმდინარე წლის 6 მარტს, USAID-ის სამი პროგრამის ბენეფიციარმა ქალბატონებმა მონაწილეობა მიიღეს ტრადიციულ საგაზაფხულო გამოფენა-გაყიდვაში "100 მეწარმე ქალის ბაზარი" და საზოგადოებას თავიანთი თავდაუზოგავი შრომის პროდუქტი წარუდგინეს. ღონისძიებაში ჩართულნი იყვნენ YES-Georgia-ს ბენეფიციარებიც. გამოფენა-გაყიდვა მიეძღვნა საქართველოსა და აშშ-ის მთავრობას შორის დიპლომატიური ურთიერთობის დამყარების 30-წლისთავს.

რაც შეეხება USAID YES-Georgia-ს აქტივობებს, სულ ცოტა ხნის წინ, მეწარმეთა სკოლის რიგით მეთერთმეტე ნაკადმა დაიწყო სწავლა. აღნიშნული პროექტი ემსახურება ქვეყნის ეკონომიკაში ახალგაზრდების როლის გაძლიერებას და მათთვის მნიშვნელოვანი თეორიული თუ პრაქტიკული ცოდნის გაზიარებას. არსებობის 6 წლის განმავლობაში, პროექტმა 5000-ზე მეტი განაცხადი მიიღო, ინტენსიური ტრენინგკურსის გავლის შესაძლებლობა 1000-ზე მეტ ახალგაზრდას მისცა, ხოლო 500-მდე კურსდამთავრებულს ბიზნესპროექტების შედგენაში დაეხმარა, რაც ფინანსური ჩართულობის ორგანიზაცია "კრისტალის" მხრიდან, 100-მდე პროექტის თანადაფინანსების წინაპირობა აღმოჩნდა.

არჩილ გელაშვილი

Entrepreneur Staff

ჟურნალისტი, Entrepreneur Georgia

ინდუსტრიული ტრენდები

თანამშრომელი - კომპანიის მთავარი ღირებულება

ბუღალტრული და აუდიტორული კომპანია "ფინო" - 13 წელი ქართულ ბაზარზე

ინსპირაცია

ცნობილი ადამიანები, რომლებმაც დიდ წარმატებამდე დიდი მარცხი იწვნიეს

წარმატებული ადამიანი იმიტომ არის წარმატებული, რომ მან იბრძოლა!