USAID YES-Georgia-ს პროგრამა წარმოგიდგენთ ქართველ მეღვინე ქალებს გაიცანით ქალი ანტრეპრენერები!
Opinions expressed by Entrepreneur contributors are their own.
You're reading Entrepreneur Georgia, an international franchise of Entrepreneur Media.
USAID Yes-Georgia-ს პროგრამა "ახალგაზრდების და ქალთა მხარდაჭერა საქართველოში" წარმატებით აგრძელებს საქმიანობას. პროგრამა ხორციელდება ფონდი "კრისტალის" მიერ, ამერიკელი ხალხისგან მიღებული ფინანსური დახმარებით ამერიკის შეერთებული შტატების განვითარების სააგენტოსა (USAID) და ქალთა გლობალური განვითარებისა და კეთილდღეობის ინიციატივის (W-GDP) ფარგლებში. პროექტს დამატებით ფინანსურ დახმარებას უწევს მიკროსაფინანსო ორგანიზაცია "კრისტალი".
პროგრამა ღირებულ დახმარებას სთავაზობს დამწყებ და უკვე არსებულ მეწარმე ქალბატონებს. მათ, ვისაც ახალი ბიზნესის წამოწყების ან უკვე არსებულის გაფართოებისა და პიროვნული უნარ-ჩვევების განვითარების მძლავრი სურვილი აქვთ. პროგრამის კომპონენტებით ისარგებლეს მეღვინე ქალბატონებმაც, რომლებიც სტერეოტიპულ წარმოდგენებს ამსხვრევენ და ვაზისა და ღვინის სფეროში გაბედულ ნაბიჯებს დგამენ. საკუთარი ხელით უვლიან ვენახებს, აყენებენ ღვინოს და მათ რეალიზაციაზეც თავადვე, თანამედროვე ბიზნესმიდგომების თანახმად ზრუნავენ. ამ ყველაფერში მათ უახლესი და პრაქტიკული ცოდნით, ღირებულ მხარდაჭერას USAID Yes-Georgia უწევს, რომელიც ამ გამბედავ და მოტივირებულ ქალებს ბიზნესბაზრების ათვისებისა და კონკურენტული ოპერირებისთვის სათანადო ცოდნითა და უნარებით უზრუნველყოფს.
Entrepreneur კი გთავაზობთ იმ ქალბატონთა მცირე მონათხრობს საკუთარ თავსა და საქმიანობაზე, რომლებიც შეძენილ უნარ-ჩვევებსა და ცოდნას საკუთარი მეღვინეობების განვითარებისთვის აქტიურად იყენებენ და ცდილობენ ტრადიციული საქმიანობა ქალების მიერ წარმატებით მართულ ბიზნესებად აქციონ. თუ ვინ არიან, როგორია მათი თავგადასავალი ღვინის სამყაროში და რას აპირებენ მომავალში, ამაზე ისინი თავად მოგვითხრობენ:
ანა მოსემღვდლიშვილი
"მე ანა მოსემღვდლიშვილი ვარ, 23 წლის. ამჟამად თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ეკონომიკის მიმართულების მაგისტრანტი და ამასთანავე "ეროვნული ფოტოატელიეს" თანადამფუძნებელი გახლავართ. ღვინოსთან ჩემი კავშირი 5-6 წლის ასაკიდან, გურჯაანში დაიწყო. ახლაც ძალიან კარგად მახსოვს, როგორ მასინჯებდნენ ახლად დამაჭრებული ყურძნის წვენს პირდაპირ ქვევრიდან. სწორედ ამ ასაკიდან იწყება ჩემი აღფრთოვანება და დაინტერესება ღვინის მიმართ. მას შემდეგ, რაც უკვე სრულწლოვან ასაკში რეალურად გავაანალიზე ქართული ქვევრის ღვინის უნიკალურობა, გადავწყვიტე სერიოზულად მივდგომოდი ამ საკითხს. 2 წლის წინ შევიძინეთ საუკუნენახევრის მარანი, სადაც ვაპირებ, ოჯახური ტრადიცია ბიზნესად ვაქციო. მსურს ქვევრის ღვინო გაზრდილი რაოდენობით დავაყენო და სადეგუსტაციო კუთხე ვიზიტორებისთვის მოვაწყო. ევროპაში 6-თვიანი ცხოვრების შემდეგ, სხვადასხვა ფერის ღვინის წარმოებით დავინტერესდი. საქართველოში დაბრუნების შემდეგ კი, ამ ზაფხულს ექსპერიმენტულად ქლიავისა და ვაშლატამის ვაშლატამას ღვინო დავამზადე. ექსპერიმენტმა წარმატებულად ჩაიარა და მომავალი წლისთვის სხვადასხვა ხილისგანაც ვაპირებ ღვინის წარმოებას და მარნის გაფერადებას. USAID Yes-Georgia-ს ფარგლებშიც სწორედ ამ იდეით ვიღებ მონაწილეობას. ამჟამად მაქვს ხიხვი, საფერავი და რქაწითელი, თუმცა ჯერჯერობით სარეალიზაციოდ არ გაგვიტანია.USAID Yes-Georgia-ს პროექტის ფარგლებში ვისწავლე, თუ როგორ შევძლო საკუთარი პროდუქტის ბრენდინგი, მარკეტინგი და რაც ყველაზე მნიშვნელოვანია, გავიცანი უამრავი საინტერესო და კრეატიულად მოაზროვნე ახალგაზრდა. ამან ჩემი მოტივაცია უფრო გაზარდა. სამომავლოდ აუცილებლად ვაპირებ მათთან კომუნიკაციას, ცოდნისა და გამოცდილების გაზიარებას, რათა საერთო ძალებით შევძლოთ დარგისა და ზოგადად, ბიზნესგარემოს დახვეწა-განვითარება საქართველოში. ჩვენს ქვეყანაში არსებული დღევანდელი სოციალური და ბიზნესგარემოდან გამომდინარე, ძალიან მნიშვნელოვანია მცირე ბიზნესისა და განსაკუთრებით ქალი მეწარმეების მხარდაჭერა. მსგავსი პროექტები უფრო მეტ თავდაჯერებულობას და გამბედაობას სძენს ქალებს, რათა საკუთარი თავისა და იდეების მაქსიმალურად რეალიზება მოახერხონ. დიახ, ქალებსაც კარგად გამოგვდის ბიზნესის მართვა, ღვინის დაყენება და სხვა მრავალი საქმიანობა, რაც წლების განმავლობაში სტერეოტიპულად, როგორც "კაცის საქმე", განიხილებოდა".
მარიამ მიროტაძე
"მე მარიამ მიროტაძე ვარ, 22 წლის. როგორც ყველა სხვა, მეც ვსწავლობ, ვმუშაობ, ვფიქრობ, ვიცინი, ვტირი და საბოლოოდ, ვარსებობ. ამ რუტინაში ჩაბმული კი, მუდმივად ვეძებ რაიმე ახალ ემოციას, საქმეს, გამოწვევას. სწორედ ამის შედეგია ჩემი "სი"-ც. ამბავი კი იმის შესახებ, თუ როგორ აღმოვჩნდი 22 წლის ასაკში ღვინის სფეროში, ასეთია: ორი წლის წინ, სრულიად მოულოდნელად, მამამ დაბადების დღეზე ვენახი მაჩუქა. დამირეკა და მთხოვა, ერთ საათში იუსტიციის სახლში მივსულიყავი. სამსახურიდან გავიქეცი და ხელი მოვაწერე რაღაცას. არც კი მიკითხავს რა იყო, მივიჩნიე, მამას საქმეს სჭირდებოდა. ვჩქარობდი და გზიდან დავურეკე − მა, ვიყავი და გავრბივარ ისევ სამსახურში-მეთქი. იქიდან პასუხად ვიღებ: "ვენახი გაჩუქე, დაბადების დღის საჩუქარია. გკოცნი, მიყვარხარ". ერთი ჩავიცინე, მეც მიყვარხარ-მეთქი, და დავემშვიდობე, თან ვფიქრობ, რა ვენახი? რად მინდა? 20 წლის გოგოს? ნეტავ მართლა ეგ მაჩუქა?
თურმე მართლა უჩუქებია. მას შემდეგ, ერთი წლის განმავლობაში მუდმივად ვფიქრობდი საჩუქარზე, რომელიც უცნაურ განცდას ბადებდა ჩემში. ფიქრებმა, შეკითხვებმა და უხილავმა ძაფებმა, რომელიც მოგონებებს, შეგრძნებებსა და მამას საჩუქარს შორის გავავლე, ფაზლი ამაწყობინა:
სი' − არის მადლობა მამასთვის, რომელმაც
მასწავლა − სი'ყვარული,
მაგრძნობინა − სი'მშვიდე, სი'თბო
დამანახა − სი'კეთე,
გამიზიარა − სი'ბრძნე,
მომანიჭა − სი'ლაღე, სი'მამაცე;
მანდო − სი'ყმაწვილე.
ვერასდროს წარმოვიდგენდი, რომ მექნებოდა ლაგოდეხში ერთ ჰექტარზე გაშენებული საკუთარი ვენახი და ღვინის დახმარებით ვუამბობდი ადამიანებს იმ გრძნობებსა და განცდებზე, რომელიც ყველასია და ყველაშია.
ამ ეტაპზე კი გვაქვს ქვევრის რქაწითელი და საფერავი. წელს გავაშენეთ ქისი და მწვანე. რაც შეეხება რეალიზაციას, ახლა დავასრულე რებრენდინგი, რის შემდეგაც ვაპირებ ონლაინგაყიდვებს სოციალური ქსელებით და თბილისის რამდენიმე ღვინის კაფეში შეტანას. სამომავლოდ, ვფიქრობ ექსპორტზე გატანასაც. USAID Yes-Georgia-ს პროექტმა შემძინა გამბედაობა, საკუთარი თავის რწმენა, მოტივაცია, ენთუზიაზმი, ცოდნა. არც კი ვიცი, რა შეიძლება იყოს ამ ყველაფერზე ღირებული. ჩემთვის ასმაგად დიდი მოტივაცია გახდა, რომ ერთ-ერთი მათგანი ვარ, ვინც პროექტის ფარგლებში ბაზ-ელჩად დაასახელეს. სამომავლოდ, მხოლოდ ერთი მიზანი მაქვს − რაც შეიძლება მეტმა ადამიანმა ი'სი'ამოვნოს ჩემი ღვინით.
USAID Yes-Georgia-ს მსგავსი პროექტები გვახსენებს, რომ შესაძლებლობები უსაზღვროა და სქესით არ განისაზღვრება. სწორედ ამიტომ, სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანია ქალებისთვის მათი არსებობა. ჩვენ მუდმივად გვჭირდება, რომ სჯეროდეთ ჩვენი ამ სტერეოტიპებით სავსე სამყაროში. ასეთი პროექტები კი გაძლევს ძალას, არ გაჩერდე და არასდროს შეწყვიტო განვითარება".
ნინო გიორგობიანი
"მე ნინო გიორგობიანი ვარ, 22 წლის, პროფესიით ფსიქოლოგი. პარალელურად კი დაკავებული ვარ ღვინის წარმოებით. მეღვინეობას რაჭაში, ამბროლაურის რაიონში ვეწევი. ღვინო ჩემთვის ბავშვობიდან განსაკუთრებული იყო, არა როგორც თრობის ობიექტი, არამედ რაღაც ძალიან ღირებული. ამიტომ, მოგვიანებით ბაბუას გაშენებულ ვენახში, ჩემს ოჯახთან ერთად, ღვინის წარმოება დავიწყე. ვასხამთ 4 სახეობის ღვინოს: რაჭულა თეთრა, მწვანე, ხვანჭკარა და ხიმშურა ღვინო. აქცენტს ხიმშურაზე ვამახვილებთ, რადგან უძველესი ღვინოა და დღეს უკვე ენდემური ჯიშის ყურძნისგან იწურება.
ჩვენი ღვინო ჩვენი მცირე მარნიდან რეალიზდება, ახლო მომავალში კი თბილისის ღვინის მაღაზიებშიც დავიწყებთ გაყიდვას. ასევე, ვგეგმავთ ექსპორტზე გატანას.
პროექტ USAID Yes-Georgia-ს საშუალებით, გავიცანი უკარგესი და უძლიერესი ქალები, რომლებიც ძალიან დიდი მოტივატორები გახდნენ ჩემთვის. ზოგადად, ვფიქრობ, ქალთა მეწარმეობა ძალიან მნიშვნელოვანია ჩვენი ქვეყნისთვის. თითოეულ ჩვენგანს გვაქვს რაღაცის კეთების სურვილი, რომელიც წარმატებულ ბიზნესად შეგვიძლია ვაქციოთ. ასეთი პროექტები კი ამაში მნიშვნელოვნად გვეხმარება".
თიკა დუღაშვილი
"მე თიკა დუღაშვილი ვარ, "ღვინის ეზო N1"-ის დამფუძნებელი. "ოჯახი საქართველოში" − სწორედ ეს კონცეფცია აერთიანებს ტურისტული ობიექტის ისეთ მიმართულებებს, როგორიცაა ღვინის, აგრო, გასტრო, ეკო, ეთნოტურიზმი. ეს საქმიანობა არის ჩემი ჰობი, სტიმული, პოზიტივითა და სიკეთით მოცული სამყარო, სადაც ადამიანები მთელი მსოფლიოდან ერთ სივრცეში იკრიბებიან. დაარსებიდან ჯერ მხოლოდ ორი წელი გავიდა. მიუხედავად ამისა, ჩვენ შევძელით, მსოფლიოს მრავალი ქვეყნისთვის გაგვეცნო ჩვენი კულტურა. გვეჩვენებინა, თუ როგორ ცხოვრობს ერთი ქართული ოჯახი. "ღვინის ეზო N1" ყვარლის მუნიციპალიტეტის სოფელ ახალსოფელში მდებარეობს. ღვინის წარმოების ტრადიცია ჩვენს ოჯახს სამ თაობაზე მეტია, აქვს. ასე ვთქვათ, მეღვინეების ოჯახიდან ვარ და ძალიან ბუნებრივად მოხდა ჩემი ამ საქმიანობაში ჩართვა. ჩვენი სახლის გვერდით არის ერთ-ერთი ძველი ღვინის ქარხანა კახეთში, სადაც ჩემი პაპა 50 წელი მუშაობდა მეღვინედ, დღეს კი ღვინის წარმოების ტრადიციას შვილიშვილებიც ვაგრძელებთ. ძირითადად, ქვევრის ღვინოს ვაწარმოებთ: რქაწითელსა და საფერავს. ადრე ვერასდროს წარმოვიდგენდი, თუ ამ საქმიანობაში ჩავერთვებოდი. როგორც ჩანს, მეღვინეობას რომ მიჰყო ხელი, თავად უნდა დაღვინდე. ჩემ შემთხვევაშიც ასე მოხდა. ჩემი სტუმრები დიდ მოტივაციას მძენენ. ბედნიერების ცრემლის გარეშე, ჩვენგან იშვიათად მიდიან. მოტივაციას მაძლევს რწმენა, რომ ყველაფერი შესაძლებელია! მნიშვნელობა არ აქვს, ქალი ხარ თუ მამაკაცი, მთავარია რამდენად ძლიერია შენში სურვილი და რამდენად გჯერა საკუთარი ძალების! მე და ჩემმა ოჯახმა "ღვინის ეზო N1" ნულოვანი ინვესტიციით, ჩვენი მონდომებით შევქმენით. მე მჯერა ძლიერი სურვილებისა და მონდომების! დარწმუნებული ვარ, ეს არ იქნება ჩემი ცხოვრების ერთადერთი პროექტი. სიახლეები და გამოწვევები ჩემი ცხოვრების ნაწილია. ძირითადად, საფერავისა და რქაწითელის ღვინოს ვაწარმოებთ, ჩვენვე ვასხამთ. აქამდე რეალიზაცია ძირითადად ადგილზე ხდებოდა, თუმცა პანდემიამ ყველაფერი შეცვალა. როცა სამყარო ამ დიდ სენს მოიხდის, ახალი ბაზრების მოძიებასა და რეალიზაციაზეც აუცილებლად ვიზრუნებთ. ჯერ კი უნდა ვნახოთ, როგორ სამყაროში გავაგრძელებთ ცხოვრებას. USAID Yes Georgia-ს პროექტის მეშვეობით, ბევრი არაჩვეულებრივი ქალბატონი გავიცანი. ყოჩაღები, რეალიზებულები, საოცარი ადამიანები საქართველოს ყველა რეგიონიდან. ვნახეთ სამოტივაციო ვიდეოები, მოვისმინეთ ისტორიები მათ დამარცხებასა თუ წარმატებაზე. ჩვენს დროში ყველაზე დიდი ძალა არის ურთიერთობები, ე.წ. ნეთვორქინგი. ვფიქრობ, მსგავსი პროექტები უნდა გაგრძელდეს და უფრო დიდი მასშტაბები უნდა შეიძინოს. ყველაზე მეტად რამაც მომხიბლა, პროექტის მონაწილე ქალბატონებმა უკვე გამოთქვეს ერთმანეთის საქმიანობაში ჩართვისა და დახმარების სურვილი. სწორედ ამ ურთიერთობებშია განვითარების პოტენციალი".
ხატია ხიდიშელი
"მართალია პროფესიით ფინანსისტი და PR-სპეციალისტი ვარ, თუმცა ღვინო მუდამ ჩემი ცხოვრების ნაწილი იყო და ყოველთვის მიყვარდა. მისი ტექნოლოგიური შესწავლით ბოლო დროს დავინტერესდი. გავსინჯე უამრავი ღვინო, აღმოვაჩინე სხვადასხვა ხარისხობრივი განსხვავება, გავიარე მეღვინეობა-მევენახეობის პროფესიული კურსი და დღესდღეობით ოჯახთან ერთად უნიკალური, კახური მეთოდით დამზადებულ სხვადასხვა სახეობის ღვინოს ვაწარმოებ. ქვევრის ღვინოს ოჯახი დიდი ხანია აწარმოებდა, თუმცა დაბრენდილი და ბოთლში ჩამოსხმული ღვინის წარმოება არც ისე დიდი ხნის წინ დავიწყეთ. 2018 წლიდან კახეთში, ქინძმარაულის მიკროზონაში საკუთარი ვენახები გვაქვს. ვიყენებთ უნიკალურ ენდემურ მეთოდს, რომელიც ჩვენი საქმისთვის დამატებითი სტიმულია.
"ხიდიშლების ღვინო" ღვინის კახური წესით დამზადების ტექნოლოგიით წარმოებს. ხდება დურდოს (ყურძნის კანი, წიპწა, წვენი) განცალკევება კლერტისგან, დაწურვა. ძირითად ღირებულებას წარმოადგენს ის, რომ მისი დუღილი მიმდინარეობს დურდოსთან ერთად (skin contact). ამ ტექნოლოგიით დამზადებულ ღვინოს Amber wine-ს უწოდებენ. ყურძნის კანიდან და წიპწიდან ღვინო მდიდრდება ტანინებით და ფენოლური ნაერთებით, რაც საბოლოოდ დადებითად მოქმედებს პროდუქტზე, ტანინზე, ფერის ინტენსივობაზე და ბუკეტის ჩამოყალიბებაზე. ვწურავთ ძველი ქართული ჯიშებისგან: რქაწითელი, მუსკატური რქაწითელი, კახური მწვანე, ქისი, ხიხვი, საფერავი. პროდუქციის რეალიზებას ვახორციელებთ როგორც ადგილობრივ ბაზარზე, ასევე გაგვაქვს ექსპორტზე.
ასეთი პროექტები ძალიან მნიშვნელოვანია, როგორც ცოდნისა და უკვე არსებული გამოცდილების გაზიარების კუთხით (რომელიც დამწყებ მწარმოებლებს საკუთარ საქმეშიც ძალიან ეხმარება), ასევე უამრავი ადამიანის გაცნობისა თუ პირადი კომუნიკაციის დამყარების შესაძლებლობის გამო. ვფიქრობ, ეს გამოცდილება დიდად წამადგა პირადად მე და სხვა კოლეგებსაც, რათა მეტად კონცენტრირებულად და უფრო გამართულად გავაგრძელოთ ჩვენი საქმე. სამომავლოდ, შორს მიმავალი გეგმები გვაქვს. გვინდა ახალი ვენახების გაშენება და ქართული საღვინე ჯიშებისგან ღვინის დაწურვა. ასორტიმენტის გაზრდას ტექნოლოგიების დახვეწა და განახლებაც გაუმაგრებს ზურგს, რადგან ინოვაციური დანადგარების შემოტანა ჩვენი სამომავლო გეგმების მნიშვნელოვანი ნაწილია.
ჩვენს ქვეყანაში რთულია ქალმა თავისი ძალა დაამტკიცოს. მით უმეტეს, თუკი ესა თუ ის სფერო, წარსულში მეტწილად "მამაკაცურ" საქმედ მიიჩნეოდა. ქალებს არ პატიობენ მცირეოდენ შეცდომას, თუნდაც ფინანსურ რისკს, რომელიც ბიზნესში ზოგჯერ აუცილებელიცაა. არსებობს აღიარების პრობლემაც. არადა, უამრავი ქალია, გაჩენილნი იმ საქმის საკეთებლად, რომელიც დაგეგმილი აქვთ. სხვისი წარმატებული ქეისების განხილვა, იმის გაანალიზება, რომ რისკი ამართლებს, სტიმულისმომცემია და მოტივაციას უმაღლებს ქალ ანტრეპრენერებს, რათა არასდროს დანებდნენ".
Entrepreneur მომავალშიც განაგრძობს თქვენთვის USAID Yes-Georgia-ს ბენეფიციარი მეღვინე ქალების გაცნობას.