Get All Access for $5/mo

7 შეკითხვა, რომელიც ემოციური ინტელექტის განსაზღვრის საშუალებას იძლევა

Opinions expressed by Entrepreneur contributors are their own.

You're reading Entrepreneur Georgia, an international franchise of Entrepreneur Media.

pixabay

თქვენი კომპანიის გარემოს შექმნასა და მის მომავალ წარმატებაში დიდ როლს ასრულებს იმის განსაზღვრა, თუ ვის აიყვანთ სამსახურში თანამშრომლად. საჭირო თანამშრომლების მოსაძებნად, გადამწყვეტი ფაქტორი შესაძლოა ინტერვიუზე დასასმელი ინფორმაციული შეკითხვების შერჩევა იყოს. მათი დახმარებით, იმასაც ნათლად დაინახავთ, თუ ვინ არ უნდა აიყვანოთ. კანდიდატის პასუხები შესაძლოა მრავლისმეტყველი იყოს და არჩევანის გაკეთების შესაძლებლობა მოგცეთ.

"მართალია სხვადასხვა კომპანიას განსხვავებული ფასეულობები და კორპორაციული კულტურა აქვს, მაგრამ სამსახურში წარმატების მიღწევა ნებისმიერ შემთხვევაში დიდად არის დამოკიდებული პიროვნების ემოციურ ინტელექტზე. ეს თვისება კანდიდატს აუცილებლად უნდა ჰქონდეს", − აცხადებს მერაია დელეონი, Glassdoor-ის სამუშაო ადგილების რეიტინგისა და მიმოხილვის საიტის ვიცეპრეზიდენტი, რომელზეც კომპანიებსა და მათ მენეჯმენტს ახლანდელი და ყოფილი თანამშრომლები ანონიმურად მიმოიხილავენ.

ამ 7 კითხვის მეშვეობით, შესაძლოა პოტენციური კანდიდატისგან გასაუბრებაზე გულახდილი პასუხები მიიღოთ და მართლაც გამორჩეული ემოციური ინტელექტის მქონე თანამშრომლები იპოვოთ.

ვინ და რატომ არის თქვენი შთაგონების წყარო?

"ამ შეკითხვაზე კანდიდატის პასუხი ინტერვიუერს შესაძლებლობას აძლევს დაადგინოს, ვინ არის მისთვის სანიმუშო. ამავე დროს, პასუხმა შესაძლოა ქცევის ის მოდელიც გამოავლინოს, რომელიც კანდიდატისთვის მისაბაძია", − ამბობს კრეიგ ცინკოტა, სახლის კეთილმოწყობის ინტერნეტბაზრის, Porch-ის პერსონალის ხელმძღვანელი და ვიცეპრეზიდენტი კომუნიკაციის საკითხებში, რომელიც აქტიურად არის ჩაბმული თანამშრომლების დაქირავების პროცესში.

კომპანიის დაარსებას ხვალ რომ იწყებდეთ, რა იქნებოდა მისი სამი ფასეულობა?

"ნებისმიერი კარგი ურთიერთობა მსგავს ფასეულობებსა და პრინციპებზე, ამასთან ერთად, ნდობაზე დამყარებული. ადამიანის პრიორიტეტების გაგება, მისი თვისებები, პატიოსნება და წესიერება შესაძლოა კანდიდატის პასუხში გამოჩნდეს", − ამბობს რობერტ ალვარესი, ელექტრონული პლატფორმა Bigcommerce-ის ფინანსური დირექტორი.

თანამშრომლებთან მეგობრულ ურთიერთობებს დღემდე აგრძელებთ?

"მეგობრული ურთიერთობის დამყარება დროს მოითხოვს. ამის უნარი კი, სოლიდური ემოციური ინტელექტის ნიშანია", − ამბობს ალვარესი. ხანგრძლივი მეგობრობა იმის მაჩვენებელია, რომ ადამიანისთვის სხვებთან ურთიერთობა და მათზე ზრუნვა მნიშვნელოვანია.

კომპანიის პრიორიტეტების შეცვლის შემთხვევაში, როგორ დაეხმარებით თქვენს გუნდს შეცვლილ გეგმებში სათანადოდ გარკვევასა და მათ რეალიზებაში?

პრიორიტეტები ნებისმიერ კომპანიაში იცვლება და ამასთან ერთად, ნებისმიერ თანამდებობასაც ეხება. ამიტომ, ეძებეთ ისეთი მოქნილი და უნარ-ჩვევების მქონე კანდიდატი, რომელიც ცვლილებების განხორციელებას შეძლებს. "შეგნებული და მოტივირებული თანამშრომლები დაიქირავეთ. ისეთები, ვინც სხვების მიმართ თანაგრძნობას იჩენენ", − გირჩევთ დელონი. ეს უნარ-ჩვევები თანამშრომლებს გუნდურად მუშაობაში ეხმარება.

თქვენი აზრით რა უნარ-ჩვევა ან გამოცდილება არ გაქვთ?

ცნობისმოყვარეობა და სწავლის სურვილი სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანი თვისებებია და იმის მაჩვენებელი, რომ მომავალ თანამშრომელს რაღაცის მიღწევა სურს. ალვარესის აზრით, თუ კანდიდატს ამ შეკითხვაზე პასუხის გაცემა უჭირს, მხოლოდ ერთი დასკვნა უნდა გააკეთოთ − იგი იმ ტიპის ადამიანია, რომელიც ფიქრობს, რომ უკვე ყველაფერი იცის. ასეთი ადამიანებისგან თავი შორს უნდა დაიჭიროთ.

შეგიძლიათ რაიმე ისეთი მასწავლოთ, რაზეც ადრე არაფერი მსმენია? (ეს შესაძლოა ნებისმიერი რამ იყოს: ჩვევა, გაკვეთილი ან თავსატეხი)

ამ შეკითხვაზე კანდიდატის პასუხმა შესაძლოა ერთდროულად მისი რამდენიმე თვისება გამოავლინოს:

  • სჭირდება თუ არა დაფიქრება კანდიდატს ამ შეკითხვაზე პასუხის გასაცემად;
  • აქვს თუ არა კანდიდატს იმის უნარი, რაიმე აუხსნას მას, ვინც ნაკლებად არის გარკვეულია ამ სფეროში.
  • კანდიდატი თანაუგრძნობს თუ არა იმ ადამიანს, ვისაც ასწავლის და უსვამს თუ არა ისეთ შეკითხვებს, როგორიცაა მაგალითად: "ყველაფერი ნათელია, ყველაფერი გაიგეთ ?"

საკუთარ წარმატებას რომელ სამ ფაქტორს მიაწერთ?

ამ შეკითხვაზე პასუხით იმის განსაზღვრას შეძლებთ, როგორია ადამიანი, − უანგაროა იგი, ალტრუისტი თუ ეგოისტი, − ამბობს ალვარესი. "დაუკვირდით, როგორ ლაპარაკობენ ადამიანები საკუთარ წარმატებაზე, სხვების მოსმენასაც ცდილობენ, თუ მხოლოდ "მე... მე...მე"-ს გაიძახიან. საკუთარ თავზე ამახვილებენ ყურადღებას თუ გუნდზე ლაპარაკობენ, ხშირად იმეორებენ სიტყვას: "ჩვენ".

"გუნდური მოთამაშე მოძებნეთ, რომელიც კომპანიაში რაღაც დადებითს მოიტანს. გირჩევთ, ჩინკოტას. შესაძლოა რომელიღაც კანდიდატი ყველაზე გონიერი იყოს, მაგრამ მასთან მუშაობა სასიამოვნო სულაც არ აღმოჩნდეს, რადგან კომპანიის წარმატებაზე კი არა, საკუთარზე უფრო მეტად ზრუნავდეს − ასეთი თქვენი შესაფერისი ნამდვილად არ არის".