Get All Access for $5/mo

რა მოვალეობები აქვს გენერალურ დირექტორს? თითოეულ კომპანიას ერთი გენერალური ჰყავს, მაგრამ მათი როლები შესაძლოა სრულიად განსხვავებული იყოს. რას უნდა აკეთებდეთ, თუ გენერალური დირექტორი ხართ?

Opinions expressed by Entrepreneur contributors are their own.

You're reading Entrepreneur Georgia, an international franchise of Entrepreneur Media.

pixabay

გენერალური დირექტორი უმაღლესი კატეგორიის აღმასრულებელი მენეჯერი და პირია, რომელიც ორგანიზაციაში გადაწყვეტილებებს იღებს. მისი მოვალეობები შესაძლოა მრავლისმომცველი და განუზომელი იყოს − კომპანიის სტრატეგიული მიმართულების განსაზღვრა იქნება ეს თუ კონკურენტების საქმიანობაში გარკვევა. ბიზნესის წარმატების უზრუნველსაყოფად, გენერალური დირექტორი ვალდებულია თავდაუზოგავად იმუშაოს, მაღალ დონეზე უხელმძღვანელოს კომპანიას და მართოს იგი.

გაეცანოთ, რა კონკრეტული მოვალეობები უნდა აიღოს საკუთარ თავზე გენერალურმა დირექტორმა:

უნდა განსაზღვროთ კომპანიის სტრატეგიული მიმართულება

კომპანიის სტრატეგიულ მიმართულებაში მისი ფასეულობები, მისია, ხედვა, მიმართულება და ზოგადი სტრატეგია იგულისხმება. გენერალური დირექტორის მოვალეობაა დაადგინოს, როგორ ესადაგება ერთმანეთს ეს ყველაფერი, შეადგინოს გეგმა და განახორციელოს კიდეც იგი, ორგანიზაციას მისი ზოგადი სტრატეგიის შესაბამისად უხელმძღვანელოს.

მთავარ ფასეულობებს დიდი მნიშვნელობა აქვს კომპანიისთვის. მაგალითად, Adidas პირობას დებს, რომ კონკურენტული უპირატესობის გასაუმჯობესებლად, ბრენდების გაძლიერებასა და კომპანიის პროდუქტიულობაზე მუდამ იზრუნებს. საინვესტიციო ბანკი JPMorgan Chase აცხადებს, რომ განსაკუთრებულად მოემსახურება კლიენტებს და მაღალ სტანდარტს შეინარჩუნებს.

გენერალურმა დირექტორმა უნდა განსაზღვროს, რით არის უნიკალური მისი კომპანიის სავაჭრო კონცეფცია და იგი ბაზარზე უნდა დაამკვიდროს. გარდა ამისა, გენერალური დირექტორების უმრავლესობას უნდა ჰქონდეს ნათლად განსაზღვრული ხედვა, რომელიც კომპანიის წარმატებისთვის გადამწყვეტია. ეს ხედვა ბაზრის რეალურ შეფასებაზე, კონკურენციასა და კომპანიის პოტენციაზე უნდა იყოს დამყარებული. ხედვამ უნდა განსაზღვროს კომპანიის ზოგადი მიმართულება და მისი საქმიანობის უმთავრესი პრინციპები.

უნდა წარმოადგენდეთ კომპანიის სახეს

გენერალური დირექტორი ხშირად კომპანიის სახეს წარმოადგენს. მაგალითად, მარკ ცუკერბერგი განვიხილოთ. იგი Facebook-ის სინონიმია. აქედან გამომდინარე, მის მოვალეობაში შედის მედიასთან ურთიერთობა − ინტერვიუ იქნება ეს თუ ნებისმიერ სხვა საკითხზე კომენტარის გაკეთება, რადიო და ტელევიზიით გამოსვლა, პრესრელიზების გავრცელება თუ სხვადასხვა ღონისძიებაზე დასწრება. ახალბედა ანტრეპრენერთა უმრავლესობა მარკ ცუკერბერგისა და ილონ მასკის მაგალითზე მიიჩნევს, რომ წარმატების მისაღწევად საზოგადოებაზე ორიენტირებული იმიჯის შექმნა აუცილებელია.

სინამდვილეში ასე არ არის. ბევრი გენერალური დირექტორი, მაგალითად ძმები კოხები, კულისებს მიღმა ამჯობინებენ ყოფნას; ამიტომ თითოეულმა ანტრეპრენერმა თავად უნდა გადაწყვიტოს, არის თუ არა მისი ძლიერი მხარე საზოგადოებასთან ურთიერთობა. ბოლო ხანებში გამოჩნდა, რომ მარკ ცუკერბერგს Facebook-ის რეპუტაციისთვის სარგებელზე მეტი ზიანის მოტანა შეუძლია.

ანგარიშვალდებული უნდა იყოთ დირექტორთა საბჭოს წინაშე

სტანდარტულ კორპორაციაში გენერალური დირექტორი დირექტორთა საბჭოს წინაშეა ანგარიშვალდებული და რჩევისა თუ რეკომენდაციისთვის ხშირად მიმართავს. გენერალურ დირექტორს, როგორც წესი, ეს საბჭო ირჩევს, მაგრამ ხელმძღვანელების დანიშვნა კომპანიის სტრუქტურაზეა დამყარებული. ზოგიერთ შემთხვევაში, კომპანიის დამფუძნებელი გენერალური დირექტორია, რომელიც ამავე დროს შესაძლოა კომპანიის აქციების უდიდესი წილის მფლობელიც იყოს.

ამ თვალსაზრისით, დირექტორთა საბჭოს უფლებამოსილება განსხვავებული იქნება და იმაზე დამოკიდებული, თუ რამდენად აქტიურადაა ჩართული მოვლენების განვითარებაში გენერალური დირექტორი, რადგან შესაძლოა იგი ფაქტობრივად საბჭოშიც მუშაობდეს და ამავე დროს მისი თავმჯდომარე იყოს. ეს სადავო საკითხია, რადგან ბევრი მიიჩნევს, რომ ეს თანამდებობები სხვადასხვა პიროვნებამ უნდა დაიკავოს, რადგან მათ კომპანიის მუშაობის უკეთ გაკონტროლების შესაძლებლობას მისცემს. ახლახან ერთ-ერთმა კომპანიამ, Caterpillar-მა გადაწყვიტა სხვაგვარად მოქცეულიყო − კომპანიის საბჭოს თავმჯდომარედ გენერალური დირექტორი ჯიმ ამპლები აირჩია.

ადამიანურ რესურსებს უნდა მიაქციოთ ყურადღება

რა საერთო აქვთ ერთმანეთთან Xerox-ს, Dunkin' Donuts-ს და General Motors-ს? ამ კომპანიებში გენერალურ დირექტორებად ადამიანური რესურსების მართვის სფეროს ვიცეპრეზიდენტები გადაიყვანეს.

მართალია, ბიზნესსამყაროში ეს ტაქტიკა ჯერ კიდევ არ არის ყველასთვის მისაღები, მაგრამ ნათლად ადასტურებს, რამდენად მნიშვნელოვანია ადამიანური რესურსების დეპარტამენტი. ამასთან იმასაც, რომ გენერალურმა დირექტორმა ორგანიზაციის თანამშრომლებზე სტრატეგიულად უნდა იფიქროს. კომპანია მხოლოდ იმ შემთხვევაში მიაღწევს წარმატებას, თუ მისი მთავარი თანამშრომლები სწავლასა და განვითარებას გააგრძელებენ.

საოცნებო გუნდის შექმნა რთული საქმეა, მაგრამ ცდა ნამდვილად ღირს. თანამშრომლებში თანხის დაბანდება დიდ გავლენას მოახდენს კომპანიაში მათ დარჩენაზე. Udemy-მ დაადგინა, რომ გამოკითხულ თანამშრომელთა 43%-მა მიუთითა, რომ სამსახურის თაობაზე გადაწყვეტილების მიღებისას ყურადღებას აქცევდნენ, იყო თუ არა ამ კომპანიაში სწავლისა და განვითარების შესაძლებლობები. თქვენ, როგორც გენერალური დირექტორი, მხოლოდ მოიგებთ, თუ გუნდის კვალიფიკაციის ამაღლებას და კომპანიაში მნიშვნელოვანი თანამშრომლების რაც შეიძლება ხაგრძლივად დატოვებას შეძლებთ.

უნდა შექმნათ ბიზნესქსელი

ბიზნესქსელის შექმნა შესაძლოა კომპანიის სხვადასხვა მიზანს ემსახურებოდეს და ეს გენერალური დირექტორის მნიშვნელოვანი მოვალეობაა. ამაში შესაძლოა იგულისხმებოდეს მომწოდებლებთან კავშირი, შესყიდვებისას პოტენციური შესაძლებლობების გამოვლენა, სხვადასხვა ღონისძიებაში მონაწილეობა და კოლეგებთან და მენტორებთან პრობლემებზე მსჯელობა, ადგილობრივი ჯგუფების შექმნა და ა.შ.

უპირველესად, უნდა ითქვას, რომ ბიზნესის საფუძველს სწორედ ამგვარი ურთიერთობები ქმნის. იდეების გაცვლისა და გაზიარების უნარი დიდი ნიჭია; ამ შემთხვევში შესაძლოა გენერალურმა დირექტორმა კომპანიის ზრდა სწორედ ამ ურთიერთობების დამყარების წყალობით მოახერხოს.

გამოცდილების შეძენა ნამდვილად მნიშვნელოვანი და დასაფასებელია, მაგრამ ვერ შეედრება იმ პროგრესს, რომელიც თავად ლიდერს სტრატეგიული კავშირების დამყარებით შეუძლია.

უნდა მოიძიოთ, თუ რისი შეძენა შეიძლება

გაყიდვების გაზრდა კომპანიის პროგრესის ერთადერთ საშუალებას არ წარმოადგენს. თუ გახსოვთ, Dell-მა 2015 წელს $67 მილიარდად იყიდა EMC, ხოლო IBM-მ 2018 წელს $34 მილიარდად Red Hat-ი. კორპორაციული დონის კომპანიები გამონაკლისს არ წარმოადგენენ, სხვებიც იგივეს ცდილობენ.

პოტენციურმა შენაძენმა შესაძლოა პერსონალთან და ბაზრის სხვა სეგმენტთან თქვენი წვდომა გააუმჯობესოს. ამასთან, ურთიერთობებიც, რეპუტაციაც, მონაცემებიც, ტექნიკაც და სხვა რესურსებიც. კონკურენტის ან ბიზნესის შეძენამ შესაძლოა ბაზარზე კომპანიის ეფექტურობა აამაღლოს და მას იმ ტემპით გაფართოების შესაძლებლობა მისცეს, რომელიც სხვა შემთხვევაში წარმოუდგენელი იქნებოდა.

დასკვნა

გენერალური დირექტორის მოვალეობები მისი კომპანიის მოთხოვნებზეა დამოკიდებული. მას მოვალეობის შესრულებას "მიკრო" ანუ კომპანიის დონეზე სთხოვენ. სინამდვილეში, გლობალურ, "მაკრო" დონეზე უნდა იმუშაოს, რომ საკუთარი მოვალეობების ეფექტურად შესრულება შეძლოს.

ეს კი იმას ნიშნავს, რომ გენერალურმა დირექტორმა ყოველთვის უნდა იფიქროს, ვინ არის კომპანიის მთავარი ლიდერი, რა ევალება მას, როგორ უნდა მისცეს მას მოვალეობების შესრულების შესაძლებლობა, შემდეგ კი, თვალყური ადევნოს მათ პროგრესს.

პასუხობენ თუ არა თქვენი თანამშრომლები კომპანიის ზოგად სტრატეგიულ მიმართულებას? პასუხობენ თუ არა ისინი თქვენს პირად ხედვას? ეს შეკითხვები მუდამ უნდა დაუსვათ საკუთარ თავს, რომ გამორჩეული გენერალური დირექტორი გახდეთ.