Get All Access for $5/mo

თამარ კაციტაძის პროდუქტიულობის რეცეპტი რუბრიკა - "ინტრაპრენერი"

Opinions expressed by Entrepreneur contributors are their own.

You're reading Entrepreneur Georgia, an international franchise of Entrepreneur Media.

Entrepreneur Georgia

პროფესიით ჟურნალისტია, 25-წლიანი გამოცდილებით. უმუშავია სხვადასხვა ჟურნალ-გაზეთის რედაქტორად, თითქმის არ დარჩენილა საინფორმაციო სააგენტო, სადაც ახალი ამბების ორგანიზებაზე პასუხისმგებელი არ ყოფილა. ჟურნალი Entrepreneur საზოგადოებრივი მაუწყებლის ონლაინმედიის სამსახურის ხელმძღვანელს, ევროპის მაუწყებელთა კავშირის სერტიფიცირებულ ტრენერს, თამარ კაციტაძეს გაგაცნობთ, რომლისთვისაც მთავარი არა სარგებელი, არამედ შემოქმედებითი საქმიანობაა, რაც აბედნიერებს. შინაგანად ინტრაპრენერს, რომელსაც სიახლეების დანერგვა, სირთულეების გადალახვა და ძნელად მისაღწევი მიზნების დასახვა იზიდავს, შედეგზე არანაკლებ სიამოვნებას თავად პროცესი ანიჭებს. აზარტულია და საკუთარი გუნდის წევრებსაც იგივეს შთააგონებს.

ბავშვობიდან გამოირჩეოდა დეტალებზე ორიენტირებულობით. სწორედ ამ თვისებამ − ჯანმრთელმა პერფექციონიზმმა განსაზღვრა სამომავლოდ როგორც მისი პიროვნული, ისე კარიერული განვითარება. ამ ყველაფერთან ერთად კი მიაჩნია, რომ გაუმართლა, რადგან ისეთ მედიამენეჯერებს შორის მუშაობს, რომლებსაც მენტორობის განსაკუთრებული უნარ-ჩვევები აქვთ. თამარის აზრით, ნამდვილ ლიდერს შეუძლია რესურსების მაქსიმალურად გამოყენება და ასევე უზრუნველყოფა, რათა გუნდის თითოეულმა წევრმა თავი ღირსეულად იგრძნოს, დაინახოს, რომ მისი შრომა ფასდება.

თამარს მიაჩნია, რომ ტელევიზიაში ონლაინმედიის სამსახური საკმაოდ მნიშვნელოვანი და წარმატებული დეპარტამენტია. კროსფუნქციურ გუნდში, რომელსაც იგი ხელმძღვანელობს, პირდაპირი და ირიბი დაქვემდებარებით, ტელევიზიის, რადიოს, ვებგვერდის, სოციალური მედიის ჯგუფის, ახალი ამბების დეპარტამენტისა და დეველოპერების გუნდის წევრები შედიან. თამარის მოვალეობა აღნიშნულ მიმართულებებთან კომუნიკაცია, ზედამხედველობა და პროექტების მონიტორინგია. საერთო ჯამში კი, ყველა ერთად ისეთ წარმატებულ და რეიტინგულ ვებპლატფორმას ქმნიან, რომელსაც 1tv.ge ჰქვია და რომელიც თამარის თქმით, ახალ სიტყვას ამბობს დღევანდელ მედიაბაზარზე.

გუნდის მიზანი არა არსებული სატელევიზიო პროექტების კოპირება, არამედ ახლის შექმნაა.

აღსანიშნავია, რომ საქართველოს პირველმა არხმა პრიორიტეტად კომუნიკაციის თეორია – Digital First გამოაცხადა, რის მიხედვითაც, კონტენტი, უპირველესად, ონლაინმედიის არხებით ვრცელდება.

Digital First მუშაობისა და ფიქრის ახლებური გზაა. ამ თეორიის წინაპირობა ის გარემოება გახდა, რომ ინტერნეტის გამოჩენის შემდეგ, უკვე არსებული მედიაორგანიზაციები პრიორიტეტს კვლავ ტრადიციულ მედიას ანიჭებდნენ. დროთა განმავლობაში, ეს ორგანიზაციები არჩევანის წინაშე დადგნენ – მასალა პირველად ციფრულ მედიაში გამოექვეყნებინათ თუ ტრადიციულში.

Digital First-გადაწყვეტილება მაშინ მიიღება, როცა მედიაორგანიზაცია ირჩევს ინფორმაციის ონლაინ გავრცელებას ტრადიციული მედიის, მაგალითად, ბეჭდური გამოცემის ნაცვლად. მრავალმა ბეჭდურმა გამოცემამ იდეა დაუყოვნებლივ გაითავისა და დაბეჭდვამდე კონტენტს ჯერ ონლაინ ათავსებს. თანამედროვე ეპოქაში პირველი შთაბეჭდილების მოხდენის საუკეთესო საშუალებად სწორედ ციფრული სფერო იქცა.

"ბრენდს, რომელიც ციფრულ სეგმენტში წარმოდგენილი არ არის, ახალი პერსპექტივებისა და აუდიენციის მოზიდვის თითქმის ნულოვანი შანსი აქვს, რადგან ის აშკარად არასწორ ადგილას საქმიანობს. საქართველოს პირველი არხი თანამედროვე ორგანიზაციაა, რომელიც აცნობიერებს, რომ აუდიტორიის მოლოდინი მუდმივად იცვლება და დინამიკურ გარემოსთან მორგებისთვის კომუნიკაციის ეს ფორმა საუკეთესო საშუალებაა", – ამბობს თამარ კაციტაძე, რომლის გუნდის ერთ-ერთი მთავარი მიზანი ადაპტირებული ვებგვერდის შექმნა იყო, მომხმარებლისთვის გამარტივებული ნავიგაციით.

მართლაც, დღეს უკვე არსებობს საინფორმაციო პლატფორმა 1tv.ge – თანამედროვე, მულტიმედიური, სმარტფონებისთვის შექმნილი და დესკტოპზე ადაპტირებული, ხარისხიანი ვებპორტალი, რომელიც გათვლილია მრავალფეროვან მომხმარებელსა და ინფორმაციის მიღების სხვადასხვა მეთოდზე – კითხვა, მოსმენა, ნახვა, ანალიზი.

კომპანიაში წევრების მოტივაცია და უნარი, ყოველწუთიერად შექმნან მაღალი ხარისხის კონტენტი შვიდენოვანი საიტისთვის, შეუძლებელია არ იყოს დამოკიდებული ორგანიზაციულ კულტურაზე.

თამარის აზრით, მენეჯმენტი უფრო ხელოვნებაა, ვიდრე მეცნიერება: "მენეჯმენტი დღეს მუდმივად იცვლება, აქტიურად ინერგება ახალი ხერხები, რომლებიც რადიკალურად ცვლის მართვის ძველ მიდგომებს. ჩვენს ეპოქაში იმდენად სწრაფად ხდება ცვლილებები, რომ სიახლე და მუდმივი განვითარება აუცილებელია. თუმცა, ხშირად ლიდერებს საწყის ეტაპზე, იდეის გაჩენისთანავე მიგვაჩნია, რომ რაღაც განსაკუთრებულს, მნიშვნელოვანს ვქმნით და ამ იდეის მასშტაბურ გავრცელებაზე ვფიქრობთ, მაგრამ როცა მისი განხორციელებისთვის საჭირო მოქმედების გეგმას და სტრატეგიას ვსახავთ, ვხვდებით, რომ შედეგი იშვიათად არის ისეთი, როგორსაც ველოდით და ძალიან განსხვავდება საწყისი იდეისგან. როგორც აღმოჩნდა, ეს ხშირი მოვლენაა და მას "პინოქიოს ეფექტი" დაერქვა – ოსტატ ჯეპეტოს სულ სხვა ჩანაფიქრი ჰქონდა და ვერც წარმოიდგენდა, როგორი იქნებოდა პინოქიო. ამ დროს პრობლემებს აწყდებიან სწორედ ის კომპანიები, რომლებსაც არ შეუძლიათ მოქნილი ადაპტაცია სიახლეებისა და სირთულეების მიმართ".

როგორც საზოგადოებრივი მაუწყებლის ონლაინმედიის სამსახურის ხელმძღვანელის საუბრიდან ვიგებთ, 2017 წელს კომპანიაში მნიშვნელოვანი მოვლენა მოხდა − ეს იყო გუნდის ერთ სივრცეში მოქცევა. ერთიანი ინტეგრირებული ნიუსრუმის კონცეფცია მათ მოქნილი სისტემის შექმნაში დაეხმარა, რამაც ძალიან გაამართლა – შეიქმნა კროსფუნქციური გუნდი, რომელსაც გაუმარტივდა კომუნიკაცია და ოთახიდან გაუსვლელად პრობლემის მოგვარება.

თამარ კაციტაძის აზრით, როგორც გარეული ბატი მარტო გადაფრენისას ვერ მიაღწევს დანიშნულების ადგილს, ისე მხოლოდ ერთ ადამიანს გაუჭირდება მწვერვალების დაპყრობა.

"ხალხი, რომელიც სხვების მიმართ ერთი მიმართულებით გადაადგილდება, ასევე ისინი, ვინც მათ სიახლოვეს მიმავალთა იდაყვს გრძნობენ, დანიშნულების ადგილამდე უფრო სწრაფად და მარტივად მიდიან, რადგან ერთმანეთზე არიან დამოკიდებული. ერთმანეთის შენაცვლებით ხომ რთული საქმის კეთებაც გაცილებით იოლი ხდება. ფრინველებივით ჭკვიანები რომ ვიყოთ, ერთმანეთს ჩვენც ასე ამოვუდგებოდით მხარში, თანაც არა მხოლოდ გასაჭირში, არამედ მაშინაც, როცა ძლიერები ვართ და თითქოს ეს სულაც არ გვჭირდება", – ფიქრობს თამარი და დასძენს, რომ იყო დრო, როცა რომელიღაც ახალი პროექტის წარმოჩენისას მუდამ საკუთარ თავზე ლაპარაკობდა, ყოველ წინადადებას იწყებდა სიტყვით: "მე". შემდეგ კი გამოცდილებამ ცოდნაც მოიტანა და გააცნობიერა, რომ მენეჯერი მხოლოდ პირად ეფექტიანობაზე არ უნდა ზრუნავდეს, არამედ ეხმარებოდეს სხვა ადამიანებს სამუშაოს შესრულებასა და დასახული მიზნების მიღწევაში.

"ადამიანები ხომ ერთმანეთს ძალიან ვგავართ − როგორი ჯანსაღი ურთიერთობაც მომეწონებოდა მე, ისეთივე დამოკიდებულება ესიამოვნებოდათ სხვებსაც, რამაც საბოლოოდ გუნდის წევრებთან ურთიერთობაში კარგი შედეგი გამოიღო და სიტყვები: "მე" და "ჩემი", თანდათანობით სიტყვამ – "ჩვენი" ჩაანაცვლა", – იხსენებს ის.

თამარი საკუთარ გამოცდილებაზე დაყრდნობით ამბობს, რომ დაფასებული და ბედნიერი თანამშრომლები უფრო პროდუქტიულები არიან. მას სჯერა ლეგენდარული Zappos-ის დამაარსებლის, ტონი შეის მსოფლმხედველობის, რომელიც კომპანიის უმთავრეს ღირებულებად სამუშაო პროცესით 3866-ვე კმაყოფილ თანამშრომელს მიიჩნევდა და ამბობდა, რომ გახსნილი, გულახდილი კომუნიკაცია ურთიერთობის საუკეთესო დასაწყისია.

თამარის აზრით, ყოველდღიურად ამის შესრულება ადვილი არ არის, მაგრამ ცდად ღირს და რომ დასრულებულია ის დრო, როდესაც მასწავლებლები მოსწავლეების შეცდომებს წითელი კალმით აღრიცხავდნენ. პირიქით, წითლად მხოლოდ იმ სწორ გადაწყვეტებს და წარმატებებს აღნიშნავს, რომელსაც მისი გუნდის წევრები აღწევენ და ასე ჭრელდება ფაილები.

თამარის გუნდში საქმისადმი ნაძალადევი ურთიერთობები არ არსებობს და არც ხელოვნური საზომი, რომლითაც თითოეული წევრის შესაძლებლობები შეფასდება. "ხომ გახსოვთ, ბერძნული მითოლოგიიდან ყაჩაღი პროკრუსტე, თავისთან რომ იტყუებდა მგზავრებს და აწვენდა სარეცელზე. ვინც გრძელი აღმოჩნდებოდა, ფეხებს აჭრიდა, ვინც მოკლე – ფეხებს უჭიმავდა. "პროკრუსტეს სარეცელი" ჩვენთან არ მუშაობს. გუნდის ყველა წევრი ინდივიდუალურია და თავისი უნიკალური, გამორჩეული როლი აკისრია, რაც ძალიან მახარებს", – ამბობს იგი.

საინტერესოა, თუ რა დამოკიდებულება აქვს თამარს შეცდომის დაშვებასთან. მისი აზრით, შეცდომა მხოლოდ ნაბიჯია, რომელიც გვასწავლის, როგორ ვიპოვოთ წარმატებისკენ მიმავალი გზა. ახლა იმ ეტაპზეა, როცა კარიერის განმავლობაში დაშვებული შეცდომებისგან გათავისუფლდა: "ერთ სახელმძღვანელოში ამოვიკითხე − თუ ადამიანს აქვს ლიდერობის უნარი და სურვილი, მან დასაწყისშივე რაც შეიძლება ბევრი შეცდომა უნდა დაუშვას, რათა სამომავლოდ მისგან თავი დააღწიოს, მოახერხოს ამ შეცდომების გაანალიზება და სწორ გზას დაადგეს".

მიუხედავად იმისა, რომ ცხოვრებაში ბევრჯერ ჰქონია სურვილი, ყველაფრისთვის თავი დაენებებინა, ყოველთვის იხსენებდა, რომ არსებულ პრობლემაზე ბევრად დიდ გამოწვევას გამკლავებია. ეს წუთიერი სისუსტეებისგან თავის დაღწევაში ეხმარებოდა.

თამარის აზრით, ხშირად წარმატების ალბათობა მცირეა, მაგრამ რადგან გვეძლევა შანსი, აუცილებლად უნდა გამოვიყენოთ. კოლეგებს, რომლებსაც ლიდერობა სურთ, იგი ყოველთვის ამხნევებს და ეუბნება, რომ თუ სხვამ შეძლო, ესე იგი ყველას აქვს რესურსი, იგივე ან მეტი გააკეთოს. თამარს მიაჩნია, რომ ლიდერობის პოტენციალი ყველას აქვს. მთავარია, გვსურდეს ამის დანახვა.

თამარ კაციტაძე ცხოვრების ყველა ეტაპზე სწავლობს. შემეცნება მისთვის ახალგაზრდობასთან ასოცირდება, შესაბამისად, თავს ყოველთვის მხნედ და მოტივირებულად გრძნობს. მისი სამომავლო გეგმები ისევ სწავლას უკავშირდება. სურს საკუთარი თავი გამოიწვიოს და ლექციების წაკითხვა ჟურნალისტური ეთიკისა და დეონტოლოგიის, ასევე ახალი მედიის მიმართულებით სცადოს.

"არ ვიცი, რა გამომივა, თუმცა გარკვეული გამოცდილება მაქვს. სადაც უნდა წავიდე, ყველგან მხვდებიან ჩემი აღზრდილები. ერთ-ერთი საუკეთესო შეგრძნებაა, როდესაც მათი წარმატების გამზიარებელი ხარ", – ამბობს თამარი.

ინდუსტრიული ტრენდები

თანამშრომელი - კომპანიის მთავარი ღირებულება

ბუღალტრული და აუდიტორული კომპანია "ფინო" - 13 წელი ქართულ ბაზარზე