ბრენდინგის 5 საყურადღებო ტენდენცია 2019 წლისთვის ილუსტრაციები, მინიმალიზმი და მილენიალები ის ტენდენციებია, რომლებსაც ყურადღება უნდა მიაქციოთ ბრენდინგის სტრატეგიაში
Opinions expressed by Entrepreneur contributors are their own.
You're reading Entrepreneur Georgia, an international franchise of Entrepreneur Media.
ახალი ბიზნესის დაწყებისას ყველა ანტრეპრენერი წარმატებაზე ოცნებობს; ცდილობს, დროს არ ჩამორჩეს და მუდმივად ფლობდეს ინფორმაციას თავისი სფეროს უკანასკნელ ტენდენციებზე. თუმცა, მაინც ძალიან ძნელია, წინასწარ განსაზღვრო, რა შეიძლება შეიცვალოს ბრენდინგის რთულსა და ჩახლართულ სამყაროში.
ახალი და მზარდი კომპანიების ხელმძღვანელები ყურადღებით უნდა დააკვირდნენ ქვემოთ განხილულ 5 ტენდენციას, რომლებიც ბრენდისთვის სახელის შერჩევის ტექნიკასაც მოიცავს და მასთან დაკავშირებულ კამპანიასაც:
1. ილუსტრაციის გამოყენება მომხმარებელთა მისაზიდად
ბევრი კომპანია აღიარებს, რომ ახალგაზრდა აუდიტორიის მისაზიდად საუკეთესო საშუალებაა ხელოვნება და ილუსტრაციები.
კომპანია Airbnb-ის ილუსტრატორის, ჯენიფერ ჰომის თქმით: "ბრენდებმა უკვე აღიარეს ილუსტრაციების დიდი როლი. კერძოდ, ის, რომ გამოსახულებას შეუძლია მომხმარებლისთვის ინფორმაციის მიწოდებაც და მისი სასიამოვნოდ გაოცება-გახალისებაც".
ბრენდინგის სტრატეგიაში აუდიტორიასთან მჭიდრო კავშირის დასამყარებლად, კომპანიათა უმრავლესობა ილუსტრაციების ხელოვნებასა და ხელოვანებს მიმართავს. მაგალითად, Google ინტეგრაციის პროცესებს ილუსტრაციებით ამდიდრებს; Facebook-იც აქტიურად იყენებს მათ თავის ბრენდინგში.
Facebook-ის ილუსტრაციები უსაფრთხოების წესებსა და სასწავლო მასალებზე
ხელოვნება უკვე ძალიან პოპულარული და ტენდენციური გზა გახდა აუდიტორიის მისაზიდად, ვიდეორგოლებში ანიმაცია იქნება ეს, თუ ილუსტრაციები ვებსაიტებისთვის. 2019 წლის ბრენდინგის მთავარი ტენდენციაც სწორედ ეს არის.
2. მინიმალიზმი მაქსიმალურად ხშირად გამოიყენეთ
მინიმალისტური ბრენდინგი ამჟამად აღმავლობის გზაზეა და, როგორც ჩანს, ეს ტენდენცია შენარჩუნდება. იაპონელი მწერალი და კონსულტანტი მარი კონდო თავის წიგნში აღნიშნავს, რომ კომპანიის წარმომადგენლებმა აუცილებლად უნდა დაუსვან საკუთარ თავს შეკითხვა: "ჩემი ბრენდი დანახვისთანავე გააჩენს მომხმარებლის თვალებში სიხარულის ნაპერწკლებს?"
მინიმალიზმს დიდი მნიშვნელობა აქვს, რადგან გარეგნულად მიმზიდველია და, თავისი არსით, იმ კლიენტებზეა ორიენტირებული, რომლებიც უშუალობას ანიჭებენ უპირატესობას. ეს მიდგომა გულისხმობს ნათელი ფერების, მარტივი გრაფიკისა და ადვილად აღსაქმელი პროცესებისა თუ ინტერფეისების გამოყენებას.
3. მილენიალების გავლენა
მილენიალების თაობა უკვე გაიზარდა, მათ თავიანთი სამუშაო და შემოსავალი აქვთ. ამის გამო განსაკუთრებით მნიშვნელოვანია, ბრენდინგის ტენდენციები მათ გემოვნებაზე იყოს მორგებული.
ხშირად ისმის ასეთი ტიპის მოწოდებები: "მილენიალებმა ბოლო ხანებში ინდუსტრიები გაანადგურეს". და ეს მართლაც რეალობაა. ამ თაობის წარმომადგენლებს ინდუსტრიების მომავალზე დიდი გავლენა აქვთ.
მილენიალებზე საუბრისას არ უნდა დაივიწყოთ, რომ ისინი მხოლოდ იმ კომპანიების პროდუქციას ყიდულობენ, რომლებიც მათ მორალურ სტანდარტებს შეესაბამება. ბრენდები მსგავს ტენდენციებს აშკარად ამჩნევენ და ამ ახალგაზრდების ცვალებად შეხედულებებზე ყურადღებას ამახვილებენ.
განვიხილოთ მომხმარებლის სრულიად არაერთგვაროვანი რეაქცია Gillette-ის ბოლო სარეკლამო კამპანიაზე: საპარსი საშუალებების კომპანიას მომხმარებელთა ერთი ნაწილი მამაკაცურობის მაქსიმალურად ხაზგასმის გამო აკრიტიკებდა, მეორე ნაწილი კი გაბედული და პროგრესული პოზიციისთვის ასხამდა ხოტბას.
განსხვავებული აზრების მიუხედავად, ამ რეკლამამ Gillette კვლავ აქტუალური გახადა, რაც კომპანიისთვის სასიცოცხლოდ აუცილებელი იყო, რადგან ბოლოხანს ინდუსტრიის სათავეში მოქცევას სხვა პატარა კომპანიები ცდილობდნენ.
Gillette-ის რეკლამა კარგი მაგალითია, თუ როგორ ცდილობს ბრენდი ახალგაზრდების მიზიდვას. მილენიალებმა კომპანია არცთუ დიდი ხნის წინათ ქალისა და მამაკაცის საპარსებს შორის ფასთა სხვაობისთვის გააკრიტიკეს. ჩანს, ახალი სარეკლამო კამპანიის მიზანი ამის გადაფარვა იყო.
მილენიალების გემოვნებაზე გადართვას დღეს მრავალი ბრენდი ცდილობს. მიზეზი კი ის არის, რომ მათი მსყიდველობითი უნარი უმჯობესდება. ეს თაობა ბრენდირების ტენდენციებს აკონტროლებს და გარკვეული ტენდენციური პოლიტიკისკენ მიმართავს.
ბრენდების მიერ მილენიალთა მოსაზიდად გაწეული ძალისხმევა მოიცავს მზადებას Z თაობის შესახვედრადაც. ეს ახალგაზრდები უკვე სწავლას ამთავრებენ და მუშაობის დასაწყებად ემზადებიან, რაც ნიშნავს, რომ მალე მათ მსყიდველობით უნარსაც დიდი გავლენა ექნება ბაზარზე.
4. კრეატივი ონლაინ დომენურ სახელებში
ახალი ბიზნესისთვის შესაბამისი სახელის მოძებნა განსაკუთრებით რთულია. ინტერნეტში ამას განსაკუთრებული მნიშვნელობა აქვს, რადგან კომპანიების უმრავლესობა უკვე აქტიურად არის ჩართული ონლაინ ბიზნესში. აუცილებელია, კომპანიის URL შეესაბამებოდეს მის სახელწოდებას, რაც არც ისე მარტივია. მაგალითად, კომპანია Dropbox-ის ვებგვერდის URL მისი დაარსებისას იყო GetDropbox.com, მოგვიანებით კი, გადახედვის შემდეგ, გახდა dropbox.com. იცოდით?
შემოქმედებითად მიუდექით თქვენი კომპანიის გვერდის დომენის არჩევას და ამ მიმართულებით ინვესტიციებსაც არ შეუშინდეთ, რადგან ის, გარკვეულწილად, თქვენი ბრენდის სახეც იქნება და მასთან ასოცირებული მთავარი ტერმინიც ინტერნეტსივრცეში.
5. სწორად შერჩეული სახელწოდება
ყურადღებით შეარჩიეთ კომპანიის სახელი - ეს ბრენდს მყარ საფუძველს შეუქმნის და თქვენს ბიზნესს წარმატებას შემატებს.
საკუთარი სახელის დარქმევა მართლაც კარგი იდეაა და ბრენდინგში ხშირად გამოიყენება: 20 000-მდე კომპანიის სახელწოდება სწორედ ასეა შერჩეული, ოსკარი იქნება ეს, თუ ლუი ვიტონი. საინტერესოა, რას აძლევს ბრენდს ამა თუ იმ პიროვნების სახელი? აღმოჩნდა, რომ ეს მართლაც კარგი გზაა, რადგან ასეთი კომპანია გაცილებით საიმედო და საინტერესო ჩანს მომხმარებლისთვის.
ხანდახან უბრალო და მარტივი კრეატივი ამ მიმართულებითაც ყველაზე ნაყოფიერ როლს ასრულებს. აი, მაგალითად, Apple გავიხსენოთ, ბაზრის გიგანტური ლიდერი, რომელსაც ეს კრეატიული სახელიც გამოარჩევს კონკურენტებისგან.
დასკვნა
თუ ახალ მარკეტინგულ სტრატეგიაზე ფიქრობთ, ბრენდინგის ეს მიდგომები აუცილებლად გაითვალისწინეთ. წარმატების გასაღები ხომ იმის გააზრებაა თქვენ გარშემო არსებულ სამყაროში, რისი გამოყენებაც შეგიძლიათ როგორც საკუთარ თავზე, ისე საქმეში.
ნებისმიერ შემთხვევაში, კეთილგონიერება გამოიჩინეთ. ყოველთვის არსებობენ ბრენდები, რომლებიც ახალ ტენდენციებს არ იზიარებენ, მაგრამ მაინც წარმატებულნი რჩებიან და ამ წარმატებას თანამედროვე ბაზარზე მთლიანად მათი ინდივიდუალობა განსაზღვრავს.
რაც მთავარია, სხვებს ნუ დაემსგავსებით! ეს უკიდურესად სარისკოა.
მაქსიმალურად შეეცადეთ, საკუთარი თავის ერთგული დარჩეთ!