Get All Access for $5/mo

ბიზნესი VS კორონავირუსი - ნინო ჩიკვაიძე ბიზნესი საუბრობს კრიზისმენეჯმენტზე

By Entrepreneur-ის გუნდი

You're reading Entrepreneur Georgia, an international franchise of Entrepreneur Media.

Entrepreneur Georgia

ნინო ჩიკვაიძე

"IB მთიების" დამფუძნებელი

"უკვე ბოლო სამი სასწავლო წელია (2016-2017 სასწავლო წლიდან) სასწავლო-სააღმზრდელო პროცესში აქტიურად გამოიყენება ციფრული ტექნოლოგიები. ელექტრონული კომუნიკაცია აქტიური პროცესია მოსწავლისა და პედაგოგის (აღმზრდელ-პედაგოგის) საქმიანობაში.

ყველა საკლასო ოთახი აღჭურვილია თანამედროვე ციფრული ტექნოლოგიით, სადაც პედაგოგს საშუალება ეძლევა, ჩაატაროს ელექტრონული გაკვეთილი. სასწავლო პროცესში აქტიურად გამოიყენება ვირტუალური ლაბორატორია, გეოგებრა, სხვადასხვა საპრეზენტაციო და საილუსტრაციო კომპიუტერული პროგრამები, ცოდნის შეჯამების აპლიკაციები.

აღსანიშნავია, რომ მეთორმეტე კლასელთათვის სასწავლო პროცესი არ შეწყვეტილა, ხოლო 16 მარტიდან სრული სკოლა გადავიდა დისტანციური სწავლების რეჟიმზე.

ონლაინრეჟიმში წარმართულ გაკვეთილებს სჭირდება დისტანციური სწავლების მართვის ეფექტური სისტემა. "აიბი მთიებმა" ეს გამოცდილება 7-8 წლის წინ მიიღო, როდესაც კომპანიის პარტნიორმა ევროპულმა უნივერსიტეტმა (ბარსელონას კამპუსი) სკოლის სამ წარმატებულ უფროსკლასელს, რომლებიც ევროპულ უნივერსიტეტში გეგმავდნენ უმაღლესი განათლების მიღებას, შესთავაზა ორ საგანში დისტანციური სწავლება. ამ პროცესს ევროპულ უნივერსიტეტთან ერთად, "აიბი მთიებიც" ახორციელებდა.

სადღეისოდ, "აიბი მთიების" პარტნიორმა "კავკასიის უნივერსიტეტმა" სკოლის პედაგოგებისა და მოსწავლეებისათვის ხელმისაწვდომი გახადა მსოფლიოს ელექტრონულ სამეცნიერო ბიბლიოთეკასთან წვდომა. პედაგოგებს შესაძლებლობა მიეცათ, განათლების სფეროში გაცნობოდნენ მოწინავე გამოცდილებებს, რომელიც სრულყოფდა მათ აკადემიურ საქმიანობას და მსოფლიო საგანმანათლებლო სივრცეში მოსწავლეების ჩართულობას.

ფორსმაჟორული ფაქტორის განსაზღვრა საფრთხეებისა და რისკ-ფაქტორების მენეჯმენტის სტრუქტურაშიც არ არის იოლი. თუმცა "აიბი მთიების" სტრუქტურამ და მართვის სისტემამ საშუალება მოგვცა სწრაფი რეაგირება მოგვეხდინა და უკვე მარტის პირველ კვირას გადავედით დისტანციურ სწავლებაზე ჯერ მე-12 კლასებში, შემდეგ კი უმაღლესი სკოლის ყველა კლასში.

პრობლემა, რომელმაც თავი იჩინა პირველ ეტაპზე, ფსიქო-ემოციურ სფეროს განეკუთვნება, მაგრამ მოულოდნელობის ფაქტორი დავძლიეთ და მოვახდინეთ სისტემური მუშაობის დისტანცირება.

დისტანციური სწავლების პლატფორმებიდან განვიხილეთ რამდენიმე შესაძლო ვარიანტი: Google classroom, Microsoft team, Zoom, Skype. არჩევანი შევაჩერეთ სკაიპზე, რომელიც უზრუნველყოფს ონლაინურთიერთობის უწყვეტობას, კლასის ყველა მოსწავლის ჩართვას; აქვს ხარისხიანი ვიდეოკონტაქტი, შეიძლება სასწავლო მასალის ყველა ფორმატის ეკრანზე გამოტანა და ატვირთვა. ასევე, გაკვეთილის მონიტორინგის განხორციელების შესაძლებლობა, აკადემიური და ადმინისტრაციული პერსონალის შეხვედრების ორგანიზება და სხვა.

სკოლა-მოსწავლე-მშობლის თანამშრომლობის აპრობირებული მოდელების მეშვეობით და თავად მოსწავლეების თვითორგანიზების მაღალი ხარისხის გამო, მოსწავლეების მოტივაციის პრობლემაც გადავჭერით და დღეს მოსწავლეთა აბსოლუტური უმრავლესობა ჩართულია დისტანციურ სასწავლო პროცესში. მიმდინარეობს სამოტივაციო აქტივობებისა და შემოქმედებითი პროექტების ჩართვა დისტანციურ სწავლებაში. ფორსმაჟორულ მდგომარეობამდე, მოსწავლეები სწავლობდნენ დაგეგმარებისა და დროის მენეჯმენტის საფუძვლებს, რაც ნაწილობრივ მაინც ეხმარება მათ ამ ვითარებაში.

უმაღლესი სკოლის ყველა საგანში მოსწავლეებს ონლაინგაკვეთილის გარდა ეგზავნებათ ელექტრონული გაკვეთილები და დავალებები (Ppt, Word, PDF და სხვა).

დავნერგეთ დისტანციური ტესტირება, მოსწავლეებს ეგზავნებათ კონკრეტული დავალებები დროის გარკვეულ პერიოდში შესასრულებლად. შესრულებული დავალებები გასასწორებლად და შესაფასებლად უბრუნდებათ პედაგოგებს. ტესტირების პროცესის სქემა ასეთია: პედაგოგი-კლასის კოორდინატორი-მოსწავლე. ტესტირების შესრულების, შეფასებისა და მოსწავლეებისთვის ქულის გამოცხადების სისტემა განსაზღვრულია დროში.

სკოლას აქვს მუდმივი კავშირი მშობლებთან, მიმდინარეობს სატელეფონო და ონლაინკონსულტაციები (ხარისხის სამსახური, კლასის კოორდინატორები, დირექცია). მშობლები აქტიურად არიან ჩართულნი ამ პროცესში.

დისტანციურ სწავლებას ბევრი დადებითი მხარე აქვს: უპირველესად, ეს არის აბსოლუტურად გამჭვირვალე პროცესი. ახლა მშობელი უკეთ ხედავს სკოლის თითოეული თანამშრომლის შრომას და საკუთარი შვილების შესაძლებლობებს. ამას ისინი ღიად აფიქსირებენ იმ გამოკითხვებში, რომელიც დამკვეთის კმაყოფილების ინდექსის დადგენის მიზნით ხორციელდება.

მეორე და არანაკლებ მნიშვნელოვანია ის ფაქტორი, რომ დისტანციური სწავლების პროცესში მოსწავლე უფრო მეტად მოქნილია სივრცეში, რადგან იმ შემთხვევაში, თუ გარკვეული მიზეზის გამო ვერ ესწრება ამა თუ იმ გაკვეთილს, მას გაკვეთილის დასრულებისთანავე ეგზავნება გაკვეთილის სრულყოფილი მასალა, რაც აძლევს საშუალებას, რომ მოისმინოს გაკვეთილი დამოუკიდებლად.

"აიბი მთიების" სააღმზრდელო სამსახურს მიეცა საუკეთესო საშუალება, მოსწავლის ასაკობრივ თავისებურებებზე მორგებული პროგრამების განხორციელებისა დისტანციურ რეჟიმში. ჩვენ გვაქვს აბსოლუტურად უნიკალური მიდგომები, რომელიც ორიენტირებულია მოსწავლის ფიზიკური და ემოციური განვითარებისაკენ, რომელშიც აქტიურად არის ჩართული "აიბი მთიების" სპორტისა და არტის კათედრები, ფსიქოლოგის სამსახური.

გარდა ამისა, ჩვენ აქტიურად ვთანამშრომლობთ სხვადასხვა პროფესიის ადამიანებთან, უმაღლეს სასწავლებლებსა და საგანმანათლებლო-შემეცნებით ორგანიზაციებთან, რომლებიც ხელს უწყობენ მოსწავლის ზოგად განათლებასა და შემოქმედებით თვითგანტვირთვას.

მინდა ასევე აღვნიშნო, რომ ჩვენი სკოლის ფეისბუქ-გვერდი ეთმობა კვირის განმავლობაში საუკეთესო ნამუშევრებისა და საინტერესო ინიციატივების გამოფენას, რაც გარკვეულწილად, ამაღლებს როგორც მოსწავლის, ისე თანამშრომლისა და მშობლის მოტივაციას. ასევე გვაქვს Youtube-არხი, სადაც განთავსებულია ჩვენი გაკვეთილები და სხვადასხვა აქტივობა, რომელიც ხელმისაწვდომია ფართო საზოგადოებისათვის.

"აიბი მთიების" მმართველი გუნდი 24-საათიან რეჟიმში მუშაობს, რათა "აიბი მთიების" დისტანციური სწავლების ხარისხი იყოს მაღალი, ეფექტური და ხელმისაწვდომი − როგორც პედაგოგისა და აღმზრდელ-პედაგოგისთვის, ასევე თითოეული მოსწავლისთვისა და მშობლისთვის."

Entrepreneur-ის გუნდი

Entrepreneur Staff

Entrepreneur საქართველოს გუნდი