ჩამჭრელი შეკითხვები
Opinions expressed by Entrepreneur contributors are their own.
You're reading Entrepreneur Georgia, an international franchise of Entrepreneur Media.
ჩემს პირველ პროფესიაში, სამართლის სკოლის სტუდენტებთან მუშაობისას, ხშირად მიწევდა შეკითხვების კლასიფიკაციაზე საუბარი. ყველაზე გასაგები ენით, შეკითხვებს სამ მწკრივად ვყოფდი: ღია, დახურული და მიმანიშნებელი. ეს საკმარისი იყო პროფესიულ უნარ-ჩვევებზე საუბრის დასაწყისისთვის. ჩემს ახალ პროფესიაში − ქოუჩინგში, შეკითხვები იმ ძირითად ინსტრუმენტს წარმოადგენს, რომლითაც კლიენტებთან ვმუშაობთ. ხშირად სესიაზე პირველად მოსული კლიენტი გაკვირვებული რჩება, როდესაც ჩემი მისამართით გამოგზავნილ შეკითხვას უკან ვუბრუნებ. პროფესიების მიღმა კი, როგორც ჩვეულებრივი ადამიანი, ხშირად ვფიქრობ შეკითხვებზე, მათი დასმის მიზნებსა და იმ მოლოდინზე, რომლებსაც თავად ვიქმნით პასუხების მიმართ.
ასე ამბობენ, როდესაც შეკითხვებს ვსვამთ, სინამდვილეში ჩვენს სათქმელს ვამბობთო. ასეთი ლოგიკით, ყველა შეკითხვა თავის თავში პასუხსაც უნდა მოიცავდეს. ამის მიგნებას კი საგულდაგულო დაკვირვება სჭირდება. ასეთი ღრმა გააზრება უფრო მეტიცაა, ვიდრე დაკვირვება. ეს თითქოს უძრაობაში მოძრაობას ჰგავს, როდესაც ცხვირწინ ერთი შეკითხვა გიდევს, შენ კი მას პასუხიანად აღიქვამ. დამეთანხმეთ, რომ ეს ბევრად მეტია, ვიდრე სტრიქონებს შორის კითხვა. მოდი, ჩემ მიერ დასახელებული სამი შეკითხვის მაგალითზე ვნახოთ, სად როგორი იმპროვიზაცია შეიძლება.
ღია შეკითხვა პატიოსანი შეკითხვაა. ისეთი ფორმითაა ჩამოყალიბებული, მოპასუხეს არჩევანის სრულ თავისუფლებას რომ უტოვებს. როდესაც ღია შეკითხვით მივმართავთ ადამიანს, მან იცის, რომ თავს არ ესხმიან და უსაფრთხოდ არის: თავად შეუძლია გადაწყვიტოს, რა მოცულობის ინფორმაციას გასცემს, საიდან დაიწყებს და სად დაასრულებს. მაგალითად, თუ ახალგაცნობილ ადამიანს ეკითხებით − რას გვიამბობთ საკუთარი თავის შესახებ? − ე.ი. სთხოვთ, გიამბოთ მის შესახებ. მას შეუძლია ნებისმიერი წერტილიდან დაიწყოს და ნებისმიერი კონფიგურაციით განავითაროს თხრობა. ამ შეკითხვაზე პასუხი შეიძლება ასე დაიწყოს: "როდესაც მე დავიბადე, წვიმდა", და გაგრძელდეს უსასრულობამდე, სანამ მოპასუხეს არ გააჩერებთ. პასუხი ასეთი ლაკონიურიც შეიძლება იყოს, თუ რესპონდენტმა გადაწყვიტა, რომ მოკლედ მოგიჭრათ: "არ ვარ მე ცუდი ადამიანი". არჩევანის თავისუფლება ყველაფერში ვლინდება: დაწვრილმანებისა და გულწრფელობის ხარისხში, სიტყვაძუნწობასა თუ სიტყვაუხვობაში; იმაში, მოპასუხე გასაგებ ენასა და სიცხადეს აირჩევს თუ მეტაფორების კორიანტელს დაატრიალებს და სერიოზულ საგონებელში ჩაგაგდებთ; საკუთარი თავის წარმოსაჩენად გამოიყენებს ამ მომენტს თუ თქვენს დროს გაუფრთხილდება. ღია შეკითხვაზე პასუხისას მსმენელს სტრიქონებს შორის კითხვა არ სჭირდება. აქ ყველაფერი მარტივადაა. იმ შემთხვევაშიც, თუ ადამიანი მოკლე და ლაკონიურ პასუხს გცემთ, ეს უკვე მინიშნებაა, რომელიც, თავის მხრივ, გარკვეულ ინფორმაციას გაწვდით მოსაუბრის მოტივაციის შესახებ.
თუ ღია შეკითხვაზე პასუხი არ გყოფნით, ან მოსაუბრისგან დამატებითი ინფორმაცია გაინტერესებთ, დახურულ შეკითხვას მიმართავთ. მაგალითად, მას შემდეგ, რაც ადამიანმა მის შესახებ სწორედ იმდენი და ისეთი ინფორმაცია მოგაწოდათ, რაც გაიმეტა ჯერ საკუთარი თავისთვის და შემდეგ თქვენთვის, შეგიძლიათ ჰკითხოთ: "რას გვეტყვით თქვენი პროფესიის შესახებ?" ერთი შეხედვით, აქაც უზარმაზარ სივრცეს უტოვებთ მოსაუბრეს, იმისათვის, რათა თავად გადაწყვიტოს, საიდან დაიწყოს და სად დაამთავროს. თუმცა, ღია შეკითხვისგან განსხვავებით, აქ შემოსაზღვრულია ინფორმაციის ველი, ცალსახაა მინიშნება იმის თაობაზე, რომ პასუხი პროფესიას უნდა შეეხებოდეს. ამ შეკითხვაზე პასუხებიც ჯაზური იმპროვიზაციებივით სხვადასხვაგვარი შეიძლება იყოს. მაგალითისთვის, ორი კონტრასტული პასუხი ვნახოთ. პირველი შეიძლება ასე ჟღერდეს: "პროფესია ჩემით არ ამირჩევია", და შემდეგ მოვისმინოთ მონოლოგი იმის თაობაზე, თუ რა დრო დასჭირდა ადამიანს ოჯახური სისტემიდან გამოსასვლელად და საკუთარ თავთან შესახვედრად. პასუხი შეიძლება ამ მონოლოგის გარეშეც დასრულდეს და მხოლოდ ეს იყოს: "პროფესია ჩემით არ ამირჩევია". თუ რესპონდენტი ასეთი სიტყვაძუნწი შეგხვდათ, აქ ნამდვილად დაგჭირდებათ სტრიქონებს შორის კითხვა. ბევრი ვარაუდი შეიძლება დაუშვათ, მაგრამ გული არ მოგითმენთ, ვიდრე ბოლომდე არ ჩაეკითხებით. სწორედ ამ დროს, სპონტანურად, სრულიად გაუცნობიერებლად მიმართავთ მიმანიშნებელ შეკითხვას და ბუნებრივი ცნობისმოყვარეობით იკითხავთ: "კი, მაგრამ, არ ხართ ბედნიერი?"
მიმანიშნებელი შეკითხვები დიდი პატიოსნებით ვერ დაიკვეხნიან. ისინი ერთგვარი მანიპულაციის ინსტრუმენტად განიხილება და წინასწარ გამიზნულია ადრესატისგან კონკრეტული პასუხის მისაღებად. ეს პასუხები, როგორც წესი, ყველაზე მოკლე პასუხებია − "დიახ" და "არა", და ყველაზე მკაფიო ინფორმაციას გვაძლევს. ასეთი მოკლე პასუხები ფაქტობრივად პოზიციას აფიქსირებენ. თუ ძალიან მოუხელთებელი რესპონდენტი შეგხვდათ, მან მიმანიშნებელ შეკითხვაზეც შეიძლება დამაბნევლად გიპასუხოთ. მაგალითად, თუ თქვენ ჰკითხავთ − "კი, მაგრამ, არ ხართ ბედნიერი?" შეიძლება ასეთი პასუხიც მიიღოთ: "რთული სათქმელია. ახლავე აგიხსნით". მან შეიძლება დიდხანს ისაუბროს, რათა გვარიანად აუბნიოს გზა-კვალი ჯერ საკუთარ თავს და შემდეგ თქვენ, ზუსტ პასუხს კი არ გაღირსებთ. ცხადია, ეს პასუხი სავსეა ინტერპრეტაციის აუცილებლობით, მაგრამ იმაზე დაფიქრდით, მოკლე და ჩამოყალიბებულ პასუხს თუ მიიღებთ, შემდეგ რა მოხდება.
დაუშვათ, თქვენს პირდაპირ და შემავიწროებელ შეკითხვაზე გიპასუხეს: "დიახ". იქნება კი ეს პასუხი თქვენთვის საკმარისი? აქვს კი რაიმე ღირებულებითი დანიშნულება მიმანიშნებელი შეკითხვით ადამიანის ჩიხში მომწყვდევას, თუ მანამდე ნაცადი ღია ან დახურული შეკითხვით თქვენთვის სასურველი გულწრფელობის ხარისხს ვერ მიაღწიეთ ადამიანთან? გაითვალისწინეთ, რომ ხშირად ადამიანები მოკლე და, ერთი შეხედვით, ზუსტი პასუხებით უბრალოდ ცდილობენ, ხელიდან დაგვისხლტნენ. ზოგჯერ შეკითხვებით შეღონებულ ადამიანს, ურჩევნია მოგატყუოს, რომ როგორმე დაიხსნას თავი შენი სულმოკლეობისგან. საბოლოოდ, შევთანხმდეთ, რომ მხოლოდ მისი გადასაწყვეტია, როდის ალაპარაკდება.
ახლა წარმოიდგინეთ, რომ წარმატებას მიაღწიეთ, თქვენმა სტრატეგიამ გაამართლა, თქვენს ძალისხმევას ფუჭად არ ჩაუვლია და თქვენს ჩამჭრელ შეკითხვაზე − "კი, მაგრამ, არის თუ არა ის ბედნიერი?" − ადამიანმა გიპასუხათ: "არა". დიახ, აი, ასე, პირდაპირ: მშვიდად გაუსწორა თვალი ჯერ საკუთარ თავს, შემდეგ თქვენ და გიპასუხათ: "არა". დამერწმუნეთ, სინდისად წოდებული თქვენი შინაგანი ხმა მეტი შეკითხვის დასმის შესაძლებლობას აღარ მოგცემთ. მეტსაც გეტყვით − თქვენი ფორმალური გამარჯვებით მოგვრილი წამიერი სიამაყე მალევე მოუნელებელ სინანულად გექცევათ, როდესაც გააცნობიერებთ, რომ ადამიანს, მისი ნების საწინააღმდეგოდ, სწორედ იქ "დააჭირეთ", სადაც ყველაზე მეტად "სტკიოდა".
ინტერპრეტაციების გაკეთება ყოველთვის სახიფათოა. სტრიქონებს შორის კითხვის ოსტატობა თუ გაგვიტკბა, შეიძლება საფუძვლიანად ავცდეთ საზრისს. თუ ადამიანის პასუხებში, მათი ბუნდოვანების გამო თავად დავიწყებთ ვარაუდების დაშვებას, ავცდებით ამ ადამიანსაც და მის მიერ ნაგულისხმევ პასუხსაც. ხშირად ძალიან თავდაჯერებულები ვართ და გვგონია, რომ ყველაფერი ვიცით. ხშირად ვჟონგლირებთ ასეთი კომენტარებით: "შენ, ალბათ, ეს იმიტომ მითხარი, რომ..." "შენ, ალბათ, ეს იგულისხმე...". რის საფუძველზე ვაკეთებთ ასეთ დასკვნებს, რა გვაძლევს მორალურ ან ობიექტურ საფუძველს, ასეთი დაშვებების გაკეთების უფლებას? კარგ მსმენელად ჩამოყალიბება მხოლოდ ერთადერთი დაშვების გაკეთებით შეიძლება და ეს დაშვება შეგვეხება ჩვენ, შეკითხვის ავტორებს და არა ჩვენს რესპონდენტებს. უნდა დავუშვათ, რომ არაფერი შეიძლება ვიცოდეთ იმის შესახებ, თუ რა შეეძლო ეგულისხმა ადამიანს. ყველა დაშვება, რომელსაც მეორე ადამიანთან მიმართებით ვაკეთებთ, ჩვენივე პირადი გამოცდილების წიაღიდან მოდის. სინამდვილეში, არცერთ ადამიანს არ აქვს სრულყოფილი და სიღრმისეულად გააზრებული ცოდნა საკუთარი თავის შესახებ − ისეთი, რომელიც საშუალებას მისცემს, საკუთარი პირადი გამოცდილებიდან სხვებზე უტყუარი ვარაუდები გაავრცელოს. ასეთი მდიდარი გამოცდილება მხოლოდ სულიერ ლიდერებს შეიძლება მოეპოვებოდეთ. ისინი კი შესაშურად სდუმან