როგორ წავახალისოთ ორგანიზაციაში ინოვაცია და თანამშრომლების მოტივაცია ერთდროულად
You're reading Entrepreneur Georgia, an international franchise of Entrepreneur Media.
"ვიონი" კავშირგაბმულობისა და ინტერნეტის პროვაიდერი საერთაშორისო ჯგუფია, რომელიც 10 ქვეყნის მობილურ ოპერატორებს აერთიანებს, საქართველოში კი ბრენდ "ბილაინის" სახითაა წარმოდგენილი.
გლობალური მასშტაბების მქონე ორგანიზაცია უკვე მეხუთე წელია ინოვაციურ კონკურს Digithon-ს ატარებს, რომლის მიზანი ახალი ციფრული პროდუქტისა თუ სერვისის შექმნა და თანამშრომლებში ინოვაციებისადმი ინტერესის გაღვივებაა. ჯგუფის ყველა დანარჩენ წევრთან ერთად კონკურსში მონაწილეობას საქართველოც იღებს. "ბილაინი საქართველომ" წელსაც ჩაატარა ადგილობრივი კონკურსი, რათა გამოეკვეთა საუკეთესო გუნდი, რომელიც ქვეყნის სახელით გლობალურ Digithon-ში მიიღებდა მონაწილეობას.
საბოლოო გაციფრულების სტრატეგიიდან გამომდინარე, ლოკალურ Digithon-ზე საკონკურსო თემები ეხებოდა ციფრულ პროდუქტებს. 5 მონაწილე ჯგუფიდან საუკეთესო გამოვლინდა ისეთი კრიტერიუმების გათვალისწინებით, როგორებიც არის: პროექტის ფინანსური მომგებიანობა, მისი დადებითი გავლენა ბრენდზე, დამატებითი ღირებულება მომხმარებლისთვის და სხვა.
"კონკრეტული იდეა თავიდან არ გვქონდა. განვიხილეთ სხვადასხვა თემა და დიდხანს ვიმსჯელეთ, რომელი მიმართულებით წავსულიყავით. საბოლოო იდეა ჩამოყალიბდა კვლევებზე დაყრდნობით და ასევე იმის გათვალისწინებით, რომ შეგვექმნა პროდუქტი, რომელიც იქნებოდა საინტერესო როგორც მომხმარებლისთვის, ისე მენეჯმენტისთვის. ისეთი ბრენდისთვის, როგორიც "ბილაინია", რომელიც მომხმარებელს მრავალფეროვანი პროდუქტებით ანებივრებს, საკმაოდ რთულია შექმნა სიახლე, კომპანიას დამატებით შემოსავალს რომ შესთავაზებს, ამიტომ ჩვენ გადავწყვიტეთ "ყუთის გარეთ" გვეფიქრა და სრულიად ახალი პროდუქტი წარგვედგინა ჟიურისთვის", − იხსენებს გაყიდვებისა და მომსახურების სპეციალისტი თამუნა თოდუა.
"ბილაინის" საზოგადოებასთან ურთიერთობის მენეჯერი და ახლა უკვე გლობალური Digithon-ის გამარჯვებული, ნინი რეხვიაშვილი აღნიშნავს, რომ მისმა გუნდმა ლოკალურ კონკურსში წარმატებით გაართვა თავი ახალ გამოწვევებს და შექმნა პროდუქტი, რომელიც კომპანიას დამატებით შემოსავალს გაუჩენს, მომხმარებელს კი დამატებით ბენეფიტებს მოუტანს.
ადგილობრივ კონკურსში გამარჯვებული პროექტები გუნდისა და მენეჯმენტის მხარდაჭერის შედეგად რეალურად ხორციელდება, რაც უფრო მეტ მოტივაციას იწვევს მონაწილეებში.
"კროს-ფუნქციური მუშაობა კონკურსის მსვლელობისას უმნიშვნელოვანესია, რადგან ციფრული პროდუქტის შესაქმნელად საჭიროა არა მარტო ერთი სპეციალისტის მუშაობა, არამედ სხვადასხვა ფუნქციის მატარებელი ადამიანების შემოკრება ერთი იდეის გარშემო. ასეთ დროს თითოეულის როლი შესაძლოა გადამწყვეტი იყოს. კომპანია გვაძლევს საშუალებას ჩვენი შესაძლებლობები მაქსიმალურად გამოვავლინოთ და სხვადასხვა მიმართულებით მოვსინჯოთ ძალები, რაც ჩვენი პროფესიული განვითარებისთვის ძალიან მნიშვნელოვანია", − აღნიშნავს ციფრული ანალიტიკოსი ნათელა ჯანელიძე.
გუნდის წევრები ერთ-ერთ გადამწყვეტ ფაქტორად რწმენასა და მაქსიმალურ ძალისხმევას ასახელებენ, რის შედეგადაც გამარჯვებამ არ დააყოვნა.
პირველადგილოსანი გუნდისთვის შემდეგი ეტაპი ამსტერდამში საკუთარი უნარებისა და ცოდნის წარმოჩენა იყო, თუმცა მათ ცალ-ცალკე, სხვადასხვა გუნდში და სრულიად უცნობ ადამიანებთან ერთად მოუწევდათ გამარჯვებისთვის ბრძოლა.
გლობალური Digithon-ის შთაბეჭდილებები ციფრული პროდუქტების მენეჯერმა, ანა ჩარკვიანმა გაგვიზიარა: "გლობალურ Digithon-ში მონაწილეობამ დამანახა, რომ დღევანდელი შესაძლებლობები მართლაც უსაზღვროა და მნიშვნელოვანია, ფართო მასშტაბით ვიაზროვნოთ. ერთია, როდესაც როგორც საერთაშორისო ჯგუფის წევრი, ლოკალური ბაზრის საჭიროებებზე მუშაობ, და მეორე − როდესაც ცოდნის რეალიზებისა და განვითარებისთვის პლატფორმად მთელი მსოფლიო გაქვს. არანაკლებ მნიშვნელოვანია სხვადასხვა ქვეყნის წარმომადგენელი კოლეგების ექსპერტიზის გაზიარება − მიუხედავად იმისა, რომ ერთ სფეროში ვმუშაობთ, თითოეულ ჩვენგანს თუნდაც ერთი და იგივე შედეგის მიღების განსხვავებული გამოცდილება და მეთოდები გვაქვს. მიმაჩნია, რომ ინფორმაციის მუდმივი მიმოცვლა სიახლეების დანერგვის აუცილებელი წინაპირობაა, რისთვისაც გლობალურ დიჯითონზე თავმოყრილ პროფესიონალებთან პირადად შეხვედრა საუკეთესო გზა აღმოჩნდა".
გუნდმა შეძლო მცირე დროში შეესწავლა 5G-ტექნოლოგიებთან დაკავშირებული საკითხები, გადაენაწილებინა რესურსები სწორად და ეფიქრა გლობალურად. სფეროს პროფესიონალების მიერ მომზადებული საინტერესო პრეზენტაციების მოსმენის შემდეგ კი მონაწილეებს წარუდგინეს მთავარი გამოწვევა. როგორც კონკურსანტები იხსენებენ, 24 საათში ადამიანური ურთიერთობების აწყობის პარალელურად, მათ მონაწილეებთან ერთად იდეის დახვეწა, სწორი მიმართულებების მიცემა და შემდგომ მისი საუკეთესოდ წარდგენა უნდა მოეხერხებინათ. მთავარი მიზანი კი შესაძლებლობების მაქსიმალურად გამოვლენა და საკუთარი თავის, კომპანიისა და ქვეყნის ღირსეულად წარმოჩენა იყო.
მონაწილეები აცნობიერებდნენ, რომ დიდი მისია დაეკისრათ, რომლის შესასრულებლად მაქსიმალური ძალისხმევის გაწევა იყო საჭირო.
"ჩვენ სულ 3 კვირა გვქონდა, რათა გავრკვეულიყავით ტექნოლოგიურ სიახლეებსა და ფინანსურ მაჩვენებლებში, იმ შესაძლებლობებში, რომელსაც 5G სთავაზობს მსოფლიოს. უამრავი ინფორმაცია მოვიპოვეთ, თუ როგორ გამოგვეყენებინა უსწრაფესი ინტერნეტი და დაგვეკავშირებინა ტელეკომუნიკაციასთან. დღეს შეგვიძლია ვთქვათ, რომ ვიცით, როგორ შევხვდეთ ამ გამოწვევას. მუშაობის პროცესში გვქონდა შეგრძნება, რომ მომავალს ვქმნიდით", − აღნიშნავს ირაკლი შათირიშვილი.
ამსტერდამში ჩასვლის მიზანი − საქართველო და კომპანია გლობალურ რუკაზე მკვეთრად აღნიშნულიყო, შესრულდა. ფინალურ ტურში კი, ნინი რეხვიაშვილის იდეით გუნდმა გამარჯვება მოიპოვა.
"ბილაინის" საზოგადოებასთან ურთიერთობის მენეჯერი იხსენებს: "მას შემდეგ, რაც გამოწვევა გამოცხადდა, დაიწყო ყველაზე საინტერესო ეტაპი. გაჟღერდა არაერთი იდეა, თუმცა გუნდმა არჩევანი ჩემს ინიციატივაზე შეაჩერა. ბოლოს აღმოჩნდა, რომ სწორედ ეს გადაწყვეტილება გახდა გამარჯვების მომტანი, რაც ჩემთვის ორმაგად სასიხარულოა".
გლობალური Digithon-ის პირველ ეტაპზე მონაწილეებს პროექტი უნდა წარედგინათ ჟიურისთვის, რომელიც დაკომპლექტებული იყო "ვიონი" ჯგუფის სხვადასხვა ფუნქციის მატარებელი 11 თანამშრომლით. ფინალში გასული სამი ჯგუფიდან ორს ირჩევდა ჟიური, ხოლო ერთს თანამშრომლები, რომლებიც მსოფლიოს სხვადასხვა კუთხიდან პირდაპირი ეთერით ადევნებდნენ თვალს კონკურსს. ათიათასობით ადამიანს ჰქონდა შესაძლებლობა, ხმა მიეცა ფავორიტი გუნდისთვის. კონკურსის მსვლელობისას აღმოჩნდა, რომ სწორედ ნინი რეხვიაშვილის გუნდი გახდა მათი რჩეული.
მომდევნო ეტაპზე 3 ფინალისტს ამსტერდამის სათავო ოფისში უნდა წარედგინა იდეა. ჟიურიში იყო 10 კომპანიის დირექტორი, ასევე "ვიონი ჯგუფის" სამეთვალყურეო საბჭოს ხელმძღვანელი და გენერალური დირექტორი ურსულა ბერნსი. გარდა ამისა, ალექს ყაზბეგი − წარმოშობით ქართველი, ჯგუფის სტრატეგიული მიმართულების დირექტორი. "აქ მღელვარება უკვე გაორმაგდა. სტრესისა და უძილობის ფონზე განსაკუთრებულ ძალას მაძლევდნენ საქართველოში მყოფი თანამშრომლები და ფაქტი, რომ სრულიად კომპანია ჩაერთო ხმის მიცემის პროცესში. ამით კიდევ უფრო გამოიკვეთა საქართველოს, როგორც პატარა ბაზრის მქონე ქვეყნის, ძალა და მნიშვნელობა თუნდაც ისეთი ქვეყნების გვერდით, რომლებსაც ჰყავთ 25 000 ან 18 000 თანამშრომელი და მილიონობით მომხმარებელი", − ამბობს ნინი რეხვიაშვილი, რომლის გუნდმა სათავო ოფისში წარდგენილი იდეით გაიმარჯვა და ჯილდოდ ტექნოლოგიურ თავგადასავალზე სამხრეთ კორეაში გამგზავრება მოიპოვა, სადაც 5G უკვე ლაივშია. ასევე, გამარჯვებული გუნდის წევრები მიიწვიეს ყაზახეთში, სადაც ამ ეტაპზე "ვიონი" ჯგუფი 5G-ს დატესტვას აწარმოებს. ისინი უნდა ჩაერთონ პროცესში, გააზიარონ ცოდნა და უნარები, თავად ნახონ, როგორ ხდება 5G-ის გამოყენება. ნინი დარწმუნებულია, რომ ეს უდიდესი გამოცდილება იქნება.
"ჩვენი კომპანია საერთაშორისო ჯგუფის წევრია და ეს გვაძლევს საშუალებას, კიდევ უფრო მეტად განვვითარდეთ პროფესიულად, ვუპასუხოთ ახალ გამოწვევებს, სხვადასხვა მიმართულებით მოვსინჯოთ საკუთარი შესაძლებლობები. სწორედ კომპანიამ მოგვცა საშუალება, გავსულიყავით საერთაშორისო ასპარეზზე, გაგვეცნო კოლეგები სხვადასხვა ქვეყნიდან, გაგვეცვალა გამოცდილება და დავბრუნებულიყავით უფრო მეტად მოტივირებულები და გაზრდილები − როგორც პროფესიულად, ასევე პიროვნულად", − აღნიშნავს Digithon-ის გამარჯვებული, ნინი რეხვიაშვილი.
მომავალ წელს მას Digithon-ის საორგანიზაციო ჯგუფშიც მიიწვევენ.
ამ ეტაპზე კი ნინისთვის სამხრეთ კორეაში, ტექნოლოგიურად ყველაზე განვითარებულ ქვეყანაში, მოგზაურობა დიდი მისიაა. ის დარწმუნებულია, რომ შორეულ აზიაში დაუვიწყარი თავგადასავალი ელოდება.