ურთიერთობებზე აწყობილი კომპანია - თამილა გველესიანი, რუსთავი 2 სამაუწყებლო კომპანია "რუსთავი 2", თანამშრომელთა რაოდენობა 800-დან 850-მდე
You're reading Entrepreneur Georgia, an international franchise of Entrepreneur Media.
როგორ ფიქრობთ, რა გამოგარჩევთ, როგორც დამსაქმებელს, სხვა კომპანიებისგან?
"რუსთავი2" კომპანიაა, რომლის ლოგოს ქვეშ მუშაობა ყოველთვის ყველასთვის სასურველი და საამაყოა. "რუსთავი2" დიდი სახლია, სადაც მაღალი კვალიფიკაციის პროფესიონალები მუშაობენ. "რუსთავი2" სკოლაა, სადაც პროფესიონალები იზრდებიან. "რუსთავი2" კომპანიაა, სადაც ყველა იდეას აქვს განხორციელების შანსი, სადაც ყველა თანამშრომელს აქვს უნარების აღმოჩენისა და გამოყენების შესაძლებლობა. "რუსთავი2" ოჯახია, სადაც ერთმანეთზე ზრუნავენ, ერთმანეთს ეხმარებიან და ერთმანეთი უყვართ. "რუსთავი2" ცოცხალი ორგანიზმია, რომელიც იზრდება და ვითარდება. ყველა დროის ყველაზე საინტერესო კომპანია #ესრუსთავი2-ა.
რა გავლენა იქონია პანდემიამ თქვენს კომპანიაში დასაქმებულების სამუშაო რეჟიმზე?
გამოწვევები არასოდეს აკლდა "რუსთავი2"-ს, თუმცა პანდემიამ ახალი გამოწვევების წინაშე დაგვაყენა. სწრაფად მოვახდინეთ ადაპტირება და უმოკლეს ვადაში მოვახერხეთ თანამედროვე ტექნოლოგიების უფრო ფართო გამოყენება თანამშრომელთა იმ ჯგუფებისთვის, რომლებიც პანდემიამდე არ მუშაობდნენ დისტანციურად. რამდენადაც შესაძლებელი იყო, შევცვალეთ სამუშაო საათები და მოვერგეთ გადაადგილების შეზღუდვებს. დავყავით გუნდები ჯგუფებად და შევუცვალეთ სამუშაო დღეების გრაფიკი. ჯგუფები მუშაობდნენ მონაცვლეობით. სწორი და ოპერატიული კომუნიკაცია არის უმნიშვნელოვანესი ფაქტორი "რუსთავი2"-ის გუნდისთვის. მართვის თანამედროვე ეფექტური მეთოდების გამოყენებით, შევინარჩუნეთ ყველა თანამშრომელი და უწყვეტი მაუწყებლობა.
როგორ ახერხებთ თანამშრომლების მოტივაციის შენარჩუნებას?
"რუსთავი2" ურთიერთობებზე აწყობილი კომპანიაა. ყველა თანამშრომელთან უშუალო და ინდივიდუალური ურთიერთობა უმნიშვნელოვანესი მოტივატორია და ეს "რუსთავი2"-ის სტანდარტია, ტრადიცია, რომელსაც უცვლელად ვინარჩუნებთ. მაღალი რეიტინგი, რომელიც #1 მოტივატორია ტელევიზიის თანამშრომლებისთვის.
დღეს, როცა ძალიან ბევრი ტელევიზიაა და ინფორმაციის მიღების უამრავი სხვა წყაროც, კონკურენციაც მზარდია. მენეჯმენტის უმნიშვნელოვანესი ფუნქციაა, ხელი შეუწყოს ყველა თანამშრომელს თავისი მოვალეობის მაღალკვალიფიციურად შესრულებაში, შეუქმნას სათანადო სამუშაო გარემო. პანდემიამ ბევრი რამ შეცვალა და მათ შორის მოტივატორებიც. მაგალითისთვის გეტყვით, რომ "კოვიდის" პირველივე დადასტურების შემთხვევა ვმართეთ ზედმიწევნით სწორად, რეკომენდაციების სრული დაცვით; თანამშრომელთა უმრავლესობას ვტესტავდით 48-საათიანი ინტერვალით, ამით კი შიდა გავრცელების პრევენცია მოვახდინეთ. ეს აღმოჩნდა კარგი მოტივატორი თანამშრომლებისთვის, ემუშავათ პანდემიის პირობებში უსაფრთხო გარემოში, რაც ამ სიტუაციაში პრიორიტეტულია.
აღიარება − ეს ის მოტივატორია, რომელიც საერთოა ჩვენი კომპანიის ყველა თანამშრომლისთვის. აღიარება არის სტიმული, აკეთო მეტი და უკეთ.
კორპორაციულ ღონისძიებებს ფორმატები შევუცვალეთ, მუდმივად ვცვლით ინფორმაციას ერთმანეთში და ვმუშაობთ გუნდურად. გუნდურობა არის "რუსთავი2-ის" წარმატების მთავარი ფორმულა.
როგორია თანამშრომლის დაწინაურების პოლიტიკა?
როგორც უკვე აღვნიშნე, "რუსთავი2" აძლევს ყველა თანამშრომელს შესაძლებლობას, გამოამჟღავნოს და აღმოაჩინოს უნარები, ისწავლოს და დახელოვნდეს. დაწინაურებაში მხოლოდ პოზიციის ცვლილებას არ განვიხილავთ. მნიშვნელოვანია თანამშრომლის ერთ პოზიციაზე მუშაობა, განსაკუთრებულად ან დამატებით შესრულებული სამუშაოები შეფასდეს და დაფასდეს წლიდან წლამდე და თანამშრომელი "დაწინაურდეს" პროფესიაში, თუმცა ვაკანსიის არსებობის შემთხვევაში, ყველას ეძლევა შანსი, შეიცვალოს პოზიცია და აკეთოს ის, რაც ყველაზე კარგად გამოსდის.
როგორ ახერხებთ დასაქმებულთა კვალიფიკაციის ამაღლებას?
"რუსთავი2"-ის ტრადიციაა ის სკოლა, რომელიც უკვე 26 წელია მუშაობს და შესაშურ შედეგებს გვაძლევს. "რუსთავი2"-ში გაიზარდა ბევრი პროფესიონალი, რომელიც ახლა სხვადასხვა კომპანიაში მუშაობს. "რუსთავი2"-ელების მასტერკლასები დამწყებებისთვის არის "ადგილზე სწავლების" წარმატებული მეთოდი. თანამშრომელთა კვალიფიკაციის ასამაღლებლად, ვმონაწილეობთ სხვადასხვა კონფერენციაში, საგრანტო პროგრამებში და ასევე ვიწვევთ ევროპისა და აშშ-ის წამყვანი მედიასაშუალებების პროფესიონალებს, რომლებიც თავის გამოცდილებას უზიარებენ ჩვენს თანამშრომლებს. ეს ვიზიტები პანდემიის გამო გადაიდო და იმედს ვიტოვებთ, რომ მალე აღვადგენთ მათთან თანამშრომლობას. ძალიან მნიშვნელოვანია აღინიშნოს თანამშრომელთა დიდი ძალისხმევა თვითგანვითარების მიმართულებით, რაშიც კომპანიის უპირობო მხარდაჭერა აქვთ.