ვინ როგორ გეგმავს? - თორნიკე გურული გამოიყენეთ დაგეგმვის საუკეთესო პრაქტიკა წარმატების მისაღწევად 2020 წელს
You're reading Entrepreneur Georgia, an international franchise of Entrepreneur Media.
თორნიკე გურული
მარკეტერი, ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის პროფესორი
19 წლის ვიყავი, როდესაც კონკურსში მივიღე მონაწილეობა, გავიმარჯვე და 1990-იანი წლების ბოლოს საქართველოდან გერმანიაში გადავედი უნივერსიტეტში სასწავლებლად. სწორედ იქ მივხვდი, რა მნიშვნელობა აქვს დაგეგმარებას და რა არის საჭირო იმისათვის, რომ არა მარტო საქმიანობა, არამედ ცხოვრება დაგეგმო.
ყველაფერი დაგეგმილი იყო და ამან გამაკვირვა. ყველა ავტობუსი, ტრამვაი და მატარებელი წუთების სიზუსტით დადიოდა. ყველა თავის დროზე მოდიოდა შეხვედრაზე. ყველაფერი ზუსტად იწყებოდა და მთავრდებოდა. ადამიანებს, რომლებსაც ვხვდებოდი, ერთი წლით ადრე ჰქონდათ დაგეგმილი, სად დაისვენებდნენ და ვისთან ერთად. ამ ქვეყანამ მასწავლა, თუ რა მნიშვნელობა აქვს, იყო დაგეგმილი და სტრუქტურირებული.
თითქმის მთელი ცხოვრება რაღაცას ვგეგმავ და ვახორციელებ. დაგეგმარებისთვის მნიშვნელოვანია ანალიზი. კარგად უნდა ვიცოდე და შევაფასო, სად ვარ და რა არის ჩემი ამჟამინდელი მდგომარეობა. რაც უფრო კარგად იცი და კარგად არქმევ სიტუაციას თავის სახელს, მით მარტივად გეგმავ მომავალს.
ჩემთვის გეგმა ცვლილებებია – ერთი ადგილიდან მეორეზე გადასვლა. ამიტომ, თუ არ ვიცი, სად ვიმყოფები, რთულია ჩემთვის გავერკვე, საით უნდა წავიდე.
დაგეგმარებისთვის ოცნებას და იდეებს დიდი მნიშვნელობა აქვს. მუდმივად უნდა იფიქრო, რა შეიძლება უკეთესობისკენ შეცვალო და რა განავითარო. წინ მხოლოდ ისინი მიდიან, ვინც მუდმივად იცვლებიან და ვითარდებიან.
ჩემთვის სტაბილურობა ერთ ადგილას გაჩერებაა. ამიტომ ყოველთვის ვგეგმავ ხოლმე, როგორ არ ვიყო სტაბილურად და როგორ განვვითარდე მუდმივად. სტაბილურობა ერთ მდგომარეობაში ყოფნას ნიშნავს. მე უფრო მეტად ვგეგმავ, როგორ არ ვიყო სტაბილურ მდგომარეობაში და როგორ ვვითარდებოდე მუდმივად.
წლის ბოლოს ყოველთვის ვაფასებ გასულ წელს. ცხოვრებას რამდენიმე ნაწილად ვყოფ და შესაბამისად ვიგეგმები ხოლმე. ერთი ნაწილი კარიერულ ზრდას ეხება, მეორე ნაწილი ოჯახსა და პირად ცხოვრებას, ხოლო მესამე – პიროვნული განვითარების გეგმაა.
წარმატებისთვის დაგეგმარება აუცილებელია. ჩემს წარმატებას ალბათ ხელი იმანაც შეუწყო, რომ მუდმივად ვგეგმავ, როგორ არ ვიყო სტაბილურად და როგორ არ ვიყო კომფორტის ზონაში. კომფორტის ზონის დატოვება მაიძულებს, მუდმივად წინ წავიდე და განვვითარდე. თუმცა ცხოვრებაში ყოველთვის არის "ტურბულენტური ზონები", როცა დაგეგმილი საკითხები მუდმივად გეცვლება. გეგმაც ისეთი უნდა იყოს, რომ ადვილად შეგეძლოს ადაპტაცია. ეს ყველაზე მნიშვნელოვანია, რადგანაც ცხოვრებაში გადარჩებიან არა ძლიერები, არამედ ისინი, ვინც ყველაზე ადვილად ახდენენ ადაპტირებას გარემოსთან.