ქუთაისში ევროპის მასშტაბით მზის ყველაზე დიდი პანელების მწარმოებელი ქარხანა ფუნქციონირებს ამჟამად კომპანიაში 150 ადგილობრივი მაღალკვალიფიციური პროფესიონალია დასაქმებული
Opinions expressed by Entrepreneur contributors are their own.
You're reading Entrepreneur Georgia, an international franchise of Entrepreneur Media.
გერმანული ბრენდი "ეი სოლარი" უკვე მესამე წელია, რაც წარმატებით საქმიანობს საქართველოში. კომპანიამ 2019 წელს ჰუალინგის თავისუფალ ინდუსტრიულ ზონაში, ქალაქ ქუთაისში, ოფიციალურად გახსნა ევროპაში ყველაზე დიდი ქარხანა, რომელიც მზის პანელებს აწარმოებს. მისი წლიური მოცულობა 500 მეგავატია, ხოლო საერთო ჯამური წლიური წარმადობა 1 გიგავატს აღემატება.
საქართველო გერმანული კომპანიისათვის ხელსაყრელი სტრატეგიული ლოკაციაა. სწორედ ამ ქარხნიდან გეგმავს იგი მიაწოდოს უმაღლესი ხარისხის მზის პანელები 70-ზე მეტ ქვეყანას. ამჟამად კომპანიაში 150 ადგილობრივი მაღალკვალიფიციური პროფესიონალია დასაქმებული, სამომავლოდ კი "ეი სოლარი" უფრო მეტი სამუშაო ადგილის დამატებას ჰპირდება ადგილობრივ ბაზარს − ბრენდის ერთ-ერთი მისია წლის ბოლომდე 300 ადგილობრივი თანამშრომლის აყვანაა. უნდა აღინიშნოს, რომ დღესდღეობით მოლაპარაკებები მიმდინარეობს მზის ენერგიის გამოყენებისა და მზის პანელების საწარმოო ხაზის ირგვლივ პროფესიული სწავლების პროგრამის შექმნაზეც. "კომპანია ატარებს ინტენსიურ ტრენინგებს როგორც თანამშრომლებისთვის, ასევე ნებისმიერი ადამიანისთვის, ვინც დაინტერესებულია მზის ენერგიაზე მომუშავე პანელების წარმოებით. საინსტალაციო კომპანიებს მიეწოდებათ სრული ტექნიკური ინსტრუქცია და დახმარება საჭიროებისამებრ. "ეი სოლარის" მიერ საქართველოში განხორციელებული თითოეული ინსტალაცია შესრულებულია ადგილობრივი პერსონალის მიერ", − აცხადებს კომპანიის დამფუძნებელი და CEO ალექსანდრე მაიერი.
"ეი სოლარის" მიზანია, მუდმივად გააფართოვოს თავისი საქმიანობის სპექტრი, ადგილობრივად წაახალისოს ალტერნატიული ენერგია და ამისათვის გამოიყენოს მის ხელთ არსებული რესურსი. კომპანია აქამდე მხოლოდ ექსპორტზე იყო ორიენტირებული, ამჟამად კი წამყვან ადგილობრივ კომპანიებთან პარტნიორობით "ეი სოლარი" მუშაობს საქართველოს ენერგეტიკული ბაზრის განვითარებაზეც. დღესდღეობით ადგილობრივ კერძო სექტორთან თანამშრომლობით მიმდინარეობს ერთ-ერთი საკმაოდ დიდი მოცულობის − 50 მეგავატის პროექტის განხორციელება.
როგორც კომპანიაში აღნიშნავენ, პროექტი ძალიან მნიშვნელოვანია კერძო ბიზნესის წარმომადგენლებისთვის, ვინაიდან ერთი მხრივ, მზის პანელების საშუალებით ისინი გაინულებენ ელექტროენერგიის გადასახადს, ხოლო მეორე მხრივ, ალტერნატიული ენერგიის გამოყენებით ნაკლებ ზიანს მიაყენებენ საერთო საცხოვრებელ გარემოს. გარდა ამისა, მსოფლიოში უკვე დამკვიდრებული ტენდენციაა, რომ ბიზნესი, რომელიც იყენებს მზის პანელებს და დანერგილი აქვს საკუთარ ენერგიის წყაროდ, მისი გასაყიდი ფასი ტრადიციულ, ელექტროენერგიის მქონე ბიზნესთან შედარებით, გაცილებით მაღალია.
"ეი სოლარი" მუდმივად მუშაობს წარმოების მოცულობის გაზრდაზე. საერთაშორისო გაყიდვების ოფისი, რომელიც თბილისში ფუნქციონირებს, სრულ უზრუნველყოფას სთავაზობს მომხმარებლებს მსოფლიოს ნებისმიერ წერტილში.
რაც შეეხება სამომავლო გეგმებსა და მიზნებს, კომპანიას სურს მჭიდრო კავშირი თითოეულ დაინტერესებულ კერძო პირთან თუ ბიზნესთან. ამასთანავე, აცნობიერებს, რომ საქართველოს ეკონომიკის დიდი ნაწილი ტურიზმსა და სოფლის მეურნეობაზე დგას და რადგან დღეს საქართველოს სხვადასხვა რეგიონში ენერგიის მიწოდებისა და ირიგაციის პრობლემაა, "ეი სოლარი" ბიზნესის წარმომადგენლებს საკმაოდ მისაღებ ფასად ჰპირდება ამ პრობლემის აღმოფხვრას უმაღლესი ხარისხის მზის პანელების დანერგვითა და ხელშეწყობით. ამოცანის განხორციელებაში კი ბრენდს ლოგისტიკური თვალსაზრისითაც უპირატესობა აქვს, ვინაიდან ქარხანა ქუთაისში მდებარეობს.
ეს კი "ეი სოლარის" ერთ-ერთი უმსხვილესი პროექტი გახლავთ დომინიკის რესპუბლიკაში.