Black Friday Sale! 50% Off All Access

სამსახური VS ბიზნესი 5 შეკითხვა, რომელიც საკუთარ თავს უნდა დაუსვათ

Opinions expressed by Entrepreneur contributors are their own.

You're reading Entrepreneur Georgia, an international franchise of Entrepreneur Media.

ნინო ცქვიტაია

ბოლო რამდენიმე წელია საქართველოში სტარტაპერობის ბუმია. ჩემ გარშემო თითქმის არ არსებობს ადამიანი, რომელიც საკუთარი ბიზნესის დაწყებაზე არ ფიქრობდეს. თითქოს თავად საზოგადოებაც მუდმივად ყურში ჩაგჩურჩულებს: რად გინდა ეს მოსაწყენი, ერთფეროვანი ოფისი, წლების განმავლობაში უცვლელი ხელფასი, როდესაც დარაბებს მიღმა ბიზნესი და სიცოცხლე ჩქეფსო... შენი რამდენიმე ნაცნობის წამოწყებაც საკმაოდ წარმატებული აღმოჩნდა. მეტი რაღა დაგრჩენია? – იღებ ხელში ფურცელს, კალამს, იწყებ ბიზნესიდეების ჩამოწერას და მომავალზე ფიქრს. ცუდად არ გამიგოთ – ვფიქრობ, თუ ადამიანს კარგი იდეა ეწვევა, აქვს გამოცდილება და სხვა საჭირო უნარები, წარმატებული ბიზნესი, კარგი შემოსავლის წყაროსა და თვითრეალიზაციის გარდა, მშვენიერი ცხოვრებისეული გამოცდილებაა, მაგრამ ეს, რა თქმა უნდა, არ ნიშნავს იმას, რომ ყველა ადამიანი ბიზნესისთვის არის შექმნილი. ტელევიზიაში, სტატიებსა თუ სოციალურ მედიაში მუდმივად გვესმის სხვადასხვა წარმატებული ბიზნესის შესახებ, მაგრამ იშვიათად გვიყვებიან, რამხელა მსხვერპლი და ძალისხმევა სჭირდება ამ ყველაფერს.

მე, ისევე როგორც ჩემმა მეუღლემ, სანამ საკუთარ ბიზნესს დავიწყებდით, დაახლოებით 10 წელი ვიმუშავეთ სხვადასხვა კომპანიაში, სფეროში და პოზიციაზე, 2 წლის წინ კი საკუთარი კომპანია დავაარსეთ. ბიზნესის დაწყებიდან ერთი წლის განმავლობაში, პარალელურ რეჟიმში მუშაობას ვაგრძელებდი. გვსურდა, უპირველესად, ბიზნესი სტაბილური და ფეხზე დამდგარი ყოფილიყო და მხოლოდ ამის შემდეგ დამეტოვებინა სამსახური. გადაწყვეტილება საკმაოდ რთული იყო, მაგრამ სხვა გზა აღარ გვქონდა, რადგან მხოლოდ ერთი ადამიანი აღარ ყოფნიდა საქმეს. ბოლო ერთი წელია სრულიად განსხვავებული ცხოვრება მაქვს, შევიცვალე მეც და ჩემი ყოველდღიურობაც. ახლა უფრო მკაფიოდ ვხედავ, რა განსხვავებაა სამსახურსა და საკუთარ ბიზნესს შორის. მე ვერ გეტყვით, რომელი უფრო კომფორტული იქნება თქვენთვის, მაგრამ თუ ბიზნესის დაწყება საკუთარი გამოცდილებით გსურთ, თქვენს თავს ეს 5 შეკითხვა უნდა დაუსვათ.

მზად ხართ 24/7-ზე საქმეზე იფიქროთ?

რაც ბიზნესი დავიწყე, ჩემთვის თითქოს კალენდარი და საათი გაქრა. აღარ არსებობს ორშაბათის დილის სიმძიმე, პარასკევი საღამოს სიხალისე, შაბათ-კვირა ან დასვენების დღე. ჩემი დღე იწყება და მთავრდება ბიზნესზე ფიქრით. ძალიან ხშირად, ბიზნესს პატარა ბავშვს ვადარებთ ხოლმე, რომელსაც მუდმივი ყურადღება, ზრუნვა და მოვლა სჭირდება, თავად კი სრულიად "უგულვებელყოფს" თქვენს განწყობას, სტრესსა და დაღლილობას. დიახ, გარკვეული ეტაპის შემდეგ, შესაძლოა დაიქირავოთ მენეჯერები და მათ გადააბაროთ გარკვეული საქმე, მაგრამ იცოდეთ, რომ ვერავინ გააკეთებს თქვენს საქმეს ისეთივე მონდომებითა და შემართებით, როგორც თქვენ თავად. ძალიან ნორმალურია, რომ ეს რეჟიმი ყველასთვის მისაღები არ არის. ხანდახან, თითქოს მენატრება დრო, როდესაც ვიცოდი, რომ საღამოს 6-ის შემდეგ, გვიანობამდე, მთელი დრო მხოლოდ მე მეკუთვნოდა. რა თქმა უნდა, არიან ადამიანები, რომელთაც სამსახურებშიც ჩვენსავით გიჟური რეჟიმი აქვთ და მათ ეს ყველაფერი არ გაუკვირდებათ, მაგრამ სანამ ბიზნესს დაიწყებდეთ, აუცილებლად კითხეთ საკუთარ თავს – რა დრო შეგიძლიათ დაუთმოთ ამ ყველაფერს?

შეგიძლიათ დაისახოთ და შეასრულოთ სტრატეგიული თუ ყოველდღიური ამოცანები დამოუკიდებლად?

ხშირად, ადამიანები ოცნებობენ ბიზნესზე და ამბობენ, რა საოცარი იქნება, როდესაც თვითონ ვიქნები ჩემი თავის უფროსი! კარგად დაფიქრდით, შეგიძლიათ იმუშაოთ უფროსის გარეშე? ჩვეულებრივ სამსახურს, რა თქმა უნდა, თუ მენეჯერის პოზიციაზე არ ხართ, აქვს ერთი ძალიან დიდი კომფორტი – კომპანიის დირექტორი ან მენეჯერი ფიქრობს სტრატეგიულ ამოცანებზე, გაძლევთ უშუალო დავალებას, თქვენი მოვალეობა კი ამ ყველაფრის დაგეგმილ დროში შესრულებაა. საკუთარ ბიზნესში ეს სრულიად წარმოუდგენელია. შორიდან, რაც უნდა ადვილად ჟღერდეს, დამოუკიდებლად მუშაობა, საკუთარი თავისთვის და თანამშრომლებისთვის დავალებების მიცემა, შესრულება და კონტროლი ბიზნესის ერთ-ერთი ყველაზე რთული ნაწილია. აქ თავად ხარ დამგეგმავიც, შემსრულებელიც და ამ ყველაფერსაც თავად უწევ კონტროლს. ამას ართულებს ისიც, რომ ხშირად შინიდან გიწევთ მუშაობა, სადაც ძალზე არასამუშაო გარემოა და ძალაუნებურად გეფანტებათ ყურადღება. ამიტომ, სანამ დამოუკიდებლობაზე იფიქრებთ, კარგად დაფიქრდით, რამდენად შეძლებთ ამას.

გაქვთ რკინის ნერვები?

საკუთარი გამოცდილებიდან შემიძლია ვთქვა, რომ ბიზნესში კარგი იდეის, საწყისი კაპიტალის თუ სხვა მოთხოვნების გარდა, საჭიროა გქონდეთ რკინის ნერვები. გამორიცხულია ბიზნესი, რომელსაც პერიოდულად გარკვეულ პრობლემასთან გამკლავება არ უწევს. ერთი მხრივ, თუ ხართ დასაქმებული კომპანიაში, სადაც საქმე ისე ვერ მიდის, როგორც დაგეგმილია და კომპანიას პრობლემები აქვს, რა თქმა უნდა, არასასიამოვნოა, მაგრამ ყველაზე დიდი, რაც შეიძლება დაკარგოთ, თქვენი სამსახურია. ბიზნესის შემთხვევაში კი, თუ პრობლემა არ მოგვარდა, შესაძლოა ყველაფერი დაკარგოთ. როგორც უკვე ვახსენე, ბიზნესი პატარა ბავშვივითაა – თუ ავად არის, რამე უჭირს, ისევე ნერვიულობთ მასზე, როგორც მშობელი შვილზე. მისი ცუდიც და კარგიც ზედმეტად ახლოს მიგაქვთ გულთან, ეს ყველაფერი კი, საბოლოო ჯამში, ადამიანის ნერვულ სისტემაზე აისახება.

შეგიძლიათ ფინანსების სწორად გადანაწილება?

ბიზნესის დაწყებამდე, ჩემი აზრით, ერთ-ერთი მთავარი გამოწვევა ფინანსების სწორად დაგეგმვა და მართვაა. არ ვგულისხმობ მხოლოდ მოგება-ზარალის გამოანგარიშებას და ბუღალტრული/ფინანსური ოპერაციების კარგად წარმართვას. მაგალითად, თქვენ მზად ხართ იმისათვის, რომ უარი თქვათ ხელფასზე, იყოთ გარკვეული პერიოდი შემოსავლის გარეშე და დაელოდოთ იმას, რომ ბიზნესმა მოგება 3, 6 ან 12 თვის შემდეგ მოიტანოს? ან თუ ბიზნესი წარმატებული აღმოჩნდა, მზად ხართ საწყის პერიოდში მოგების დიდი ნაწილის რეინვესტირება განახორციელოთ იმისათვის, რომ ბიზნესი ფეხზე დადგეს? ან, მაგალითად, მზად ხართ იყოთ შემოსავლის გარეშე, თუ თქვენი პროდუქტი მეტნაკლებად სეზონურია? ხშირად ადამიანები ყოველდღიური მოთხოვნების გამო იწყებენ ბიზნესიდან ნაადრევად ფულის ამოღებას, რაც საბოლოო ჯამში, ისევ ბიზნესს აზარალებს. ხელფასს ადამიანთა უმეტესობა გეგმაზომიერად ხარჯავს, მაგრამ ბიზნესის ფულის ხარჯვაში დიდი შანსია, შეცდომა დაუშვათ.

მზად ხართ შეიძინოთ ახალი "პროფესიები"?

თუ ჩემს კარიერას გადავხედავ, დავიწყე როგორც საკრედიტო ექსპერტმა და გავაგრძელე, როგორც მარკეტერმა. ორივე მიმართულებით, რა თქმა უნდა, მუდმივად მიწევდა განვითარება და ახალი უნარების შეძენა, რომელიც საჭირო იყო, რათა გავმხდარიყავი ამ სფეროების კარგი სპეციალისტი. რასაც ვსწავლობდი, უმეტესწილად, ამ პროფესიებს ეხებოდა. მიუხედავად იმისა, რომ ბიზნესში მხოლოდ ორი წელია რაც ვარ, მივიღე იმაზე მეტი გამოცდილება, რაც 8 წლის განმავლობაში სხვადასხვა სამსახურში დავაგროვე. ბიზნესმენი ვერ იქნები ძლიერი მხოლოდ ერთი მიმართულებით – აქ ეტაპობრივად უნდა გაერკვე მარკეტინგში, ფინანსებში, ლოგისტიკაში, მენეჯმენტში, ადამიანური რესურსების მართვაში და ა.შ. ბიზნესის განვითარებასთან ერთად, აუცილებელია პროფესიული განვითარებაც. აქ აღარ გამოდგება არგუმენტი, რომ ჰუმანიტარი ხართ და ფინანსებს ვერ უგებთ, ან პირიქით. ბიზნესში აუცილებლად დაგჭირდებათ ტვინის ორივე ნახევარსფეროს გამოყენება.

რეზი ბესელაშვილი

ანტრეპრენერი, მარკეტინგის სპეციალისტი და ლექტორი, გრაფიკული დიზაინერი. კომპანია AlterSocks-ის თანადამფუძნებელი

ანტრეპრენერი, მარკეტინგის სპეციალისტი და ლექტორი, გრაფიკული დიზაინერი.

კომპანია AlterSocks-ის თანადამფუძნებელი

ინსპირაცია

25 ფრაზა, რომლებმაც შემცვალეს

ხშირად ერთ ფრაზას ადამიანის მთელი ცხოვრების შეცვლა შეუძლია

ინსპირაცია

100 ბიზნესი, რომლის დაწყებასაც $100-ზე ნაკლებად შეძლებთ

მართალია, ბიზნესის დაწყება ბევრ სირთულესთან არის დაკავშირებული, მაგრამ ფინანსები ყოველთვის არ არის ერთ-ერთი მათგანი