Tripcars.com - 500 STARTUPS საქართველოში საქართველოში ოთხთვიანი აქსელერაციის პროგრამაში 14 სტარტაპი იღებს მონაწილეობას
Opinions expressed by Entrepreneur contributors are their own.
You're reading Entrepreneur Georgia, an international franchise of Entrepreneur Media.
ქართული სტარტაპი Tripcars.com ავტომობილების დღიურად გაქირავებისა და ქირაობის მსურველთათვის ერთგვარი შუამავალია.
ავტომფლობელს პლატფორმაზე საკუთარი მანქანის განთავსება, დისტანციურად გაქირავება და დამატებითი შემოსავლის მიღება მარტივად შეუძლია.
პლატფორმის გამოყენება ანალოგიურად მოსახერხებელია ქირაობის მსურველთათვისაც. Tripcars.com-ზე მანქანის არჩევა ნებისმიერი დანიშნულებისთვის შეგიძლიათ: სამოგზაუროდ, საქმიანი ვიზიტისთვის, ვიდეოგადაღებისთვის, ქორწილისთვის და სხვა გადაუდებელი საჭიროებისთვის.
სტარტაპის დამფუძნებლები ირაკლი ცაგარეიშვილი და სანდრო შამანიდი არიან. მათ ურთიერთთანამშრომლობის ხანგრძლივი ისტორია აკავშირებთ. სტარტაპის იდეა მანქანის გაქირავების ტრადიციულ სააგენტოებთან დაკავშირებული პრობლემების მოსაგვარებლად გაუჩნდათ. გარდა ამისა, გადაწყვიტეს, საკუთარი წამოწყებით ავტომფლობელებისთვის დამატებითი შემოსავლის მიღების შესაძლებლობა გაეჩინათ საზიარო ეკონომიკურ (sharing economy) მოდელზე დაყრდნობით. ამით კი იმ ადამიანებსაც ეხმარებიან, ვისაც გადაადგილების საშუალება ერთი ან რამდენიმე დღის განმავლობაში სჭირდებათ.
Tripcars.com-ის მეშვეობით ყველა საკითხი მარტივად, ციფრულად და ონლაინრეჟიმში გვარდება. დამფუძნებლებმა ამგვარი სერვისის შექმნა დაკვირვების საფუძველზე გადაწყვიტეს. ცხადი იყო, რომ ტურისტების გარდა, ავტომობილების დღიურად ქირაობის მოთხოვნა ადგილობრივებშიც გაიზარდა. ამისათვის კი მოქნილი, გამჭვირვალე და დაცული ონლაინპლატფორმის შექმნა იყო აუცილებელი.
შექმნის დღიდან, Tripcars.com-ის დამფუძნებლები საკუთარ გუნდთან ერთად პლატფორმის განვითარებაზე ყოველდღიურად მუშაობენ. აკვირდებიან ბაზარს, ეძებენ ახალ შესაძლებლობებს და რაც მთავარია, ყველას აგებინებენ, რომ საქართველოში ამგვარი სერვისი უკვე ხელმისაწვდომია. მის დახვეწა-განვითარებაში კი ყველა დაინტერესებულ მხარეს შეუძლია ჩაერთოს.
სტარტაპგუნდს განვითარების დიდი გეგმები აქვს, რისთვისაც წევრები ძალისხმევას არ ზოგავენ. ცდილობენ ავტომობილის გაქირავება-ქირაობის პროცესი კიდევ უფრო გაამარტივონ. შესაძლოა, ის სრულიად დისტანციურიც კი გახადონ. სურთ, კიდევ უფრო გაამრავალფეროვნონ სერვისი და მომხმარებლებს არაერთი ისეთი ნოვაცია შესთავაზონ, რაც მათ ავტოგამოცდილებას ახალი ემოციებითა და თავგადასავლებით გაამდიდრებს.