Black Friday Sale! 50% Off All Access

2PAC-ის გაკვეთილი ანტრეპრენერებს

You're reading Entrepreneur Georgia, an international franchise of Entrepreneur Media.

entrepreneur.ge

თუფაქ შაკური, იგივე 2PAC, დღემდე მსოფლიოში აღიარებულ და ერთ-ერთ ყველაზე ცნობად შემსრულებლად რჩება, მიუხედავად იმისა, რომ მისი გარდაცვალებიდან 25 წელია გასული. აღსანიშნავია, რომ თავისი ხანმოკლე კარიერული ცხოვრების განმავლობაში (იგი 25 წლის ასაკში მოკლეს), მან უზარმაზარი რაოდენობის მუსიკალური ნაწარმოების შექმნა მოასწრო, რომელთა ნაწილი დღემდე უცნობია ფართო საზოგადოებისათვის. თუფაქს სულ 15 ალბომი აქვს გამოცემული და მათგან 10 მისი გარდაცვალების შემდეგ გამოიცა.

2PAC-მა 5 წლის განმავლობაში, 1992-დან 1996-მდე, 5 ალბომი, 8 მხატვრული ფილმი, უამრავი სარეკლამო რგოლი, მუსიკალური კლიპი და ლექსების ორი კრებული გამოსცა. ეს ყველაფერი მან ჯერ კიდევ მაშინ მოახერხა, როდესაც ინტერნეტი ასეთი გავრცელებული და ხელმისაწვდომი არ ყოფილა და ინფორმაცია ბევრად ნელა ვრცელდებოდა.

იგი ბევრს ქმნიდა, ბევრს მუშაობდა, იყო გულწრფელი და არ ეშინოდა კრიტიკული აზრის თამამად დაფიქსირების. ცნობილ Billboard Hot 100-ში, თუფაქის 13 ჰიტი შევიდა და ერთხელ სიის სათავეშიც კი მოექცა თავისი California Love-თი.

თუფაქის ცხოვრება და შემოქმედებითი გზა შესაძლოა კარგი მაგალითი იყოს ანტრეპრენერთათვის, თუ როგორ შეიძლება გავზარდოთ ჩვენი პროდუქტიულობა და ჩვენმა საქმიანობამ შემოსავლის მოტანის გარდა, დროის გამოცდასაც ღირსეულად გაუძლოს.

ადამ გრანტი თავის ბესტსელერში "ორიგინალები" წერს, რომ გენიოსი შემოქმედები და წარმატებული ანტრეპრენერები, ხარისხობრივად კი არ განსხვავდებიან თავიანთი კოლეგებისგან, არამედ უბრალოდ მათზე გაცილებით მეტს მუშაობენ. როდესაც ადამიანი ბევრს მუშაობს და ბევრი იდეის განხორციელებას ცდილობს, იმის შანსი, რომ ერთი მაინც გაამართლებს, საგრძნობლად მაღალია, ვიდრე მაშინ, როცა ერთ პროექტზე ვართ ორიენტირებული და მასზე დიდ იმედს ვამყარებთ. მოდი, მოვიყვანოთ მაგალითები:

შექსპირმა, თავისი 20-წლიანი კარიერის განმავლობაში, 37 პიესა და 154 სონეტი შექმნა. მათგან სახალხო სიყვარული, საყოველთაო აღიარება და მსოფლიო ცნობადობა, მხოლოდ მცირე ნაწილმა მოუტანა. თუმცა, მისი ასეთი პროდუქტიულობისა და უამრავი ცდის გარეშე, კაცობრიობა ისეთი შედევრების გარეშე დარჩებოდა, როგორებიცაა: "რომეო და ჯულიეტა", "ჰამლეტი", "მაკბეტი" და სხვა.

ალბერტ აინშტაინმა, ფარდობითობის თეორიის წყალობით, გარდატეხა შეიტანა როგორც ფიზიკის სამეცნიერო წრეებში, ისე სამყაროს მოწყობის შესახებ ხედვაში. ცოტამ თუ იცის, რომ მის კალამს 240 სხვა ნაშრომი ეკუთვნის, რომელმაც მეცნიერებაზე მინიმალური კვალი დატოვა.

სტივენ კინგს 55 რომანი, ასობით მოთხრობა და რამდენიმე სამეცნიერო ჟანრის წიგნი აქვს დაწერილი, თუმცა ამის მიუხედავად, იყო დრო, როდესაც მის ნაწარმოებებს არავინ კითხულობდა და გამოცემისთანავე ბესტსელერებად არ იქცეოდნენ.

თომას ედისონმა 30-დან 35-წლამდე, ნათურა, ფონოგრაფი და ნახშირის მიკროფონი გამოიგონა. ამ პერიოდის განმავლობაში, მან 100-მდე სხვა გამოგონება დააპატენტა, რომელზეც არავის არაფერი სმენია. ჯამში, ედისონს თავის სიცოცხლეში 1093 პატენტი დაუგროვდა, თუმცა რეალურად მნიშვნელოვანი მიგნებები თითებზე შეგვიძლია ჩამოვთვალოთ.

მარტივად შეამჩნევდით მათ შორის არსებულ მსგავსებას და გარკვეულ კანონზომიერებას. ნებისმიერ სფეროში, ყველაზე გამორჩეული და პოპულარული პიროვნებები ძალიან ბევრს მუშაობდნენ, უამრავ ნამუშევარს ქმნიდნენ, თუმცა პარეტოს პრინციპის არ იყოს, შედეგის 80% მათი ძალისხმევის მხოლოდ 20%-მა მოიტანა.

"2PAC-ის ფორმულა": "რაც მეტ იდეაზე ვფიქრობთ და მეტ სამუშაოს ვასრულებთ, მით უფრო მეტია წარმატების მიღწევის ალბათობა".

თუფაქი საქმითაც ამტკიცებდა ამ მოსაზრებას. 1992-დან 1996-წლამდე მან 700-900 სიმღერა დაწერა, საიდანაც უმეტესობა დღემდე არავინ იცის, თუმცა გარკვეული ნაწილი მსოფლიო მუსიკის ჰიტებს შორისაა აღიარებული.

ადამ გრანტის თანახმად, ყველაზე პროდუქტიული და კრეატიული ადამიანები, თავიანთი კარიერის პიკს სწორედ მაშინ აღწევენ, როდესაც რაოდენობრივად ყველაზე მეტს ქმნიან.

საზოგადოებაში გავრცელებული აზრი, ისევე, როგორც სამეცნიერო დოქტრინები, ცდილობენ დაგვაჯერონ, რომ კარგი შედეგის მისაღებად, უნდა ვკონცენტრირდეთ ერთ ამოცანაზე, შევამციროთ შესასრულებელი სამუშაოს რაოდენობა და ამით გავზარდოთ ხარისხი. თუმცა გრანტმა დაამტკიცა, რომ ეს მიდგომა ყოველთვის არ მუშაობს. როდესაც საქმე იდეების გენერირებაზე მიდგება, რაოდენობა წარმატების განმსაზღვრელი მთავარი ფაქტორი ხდება.

ყველა ანტრეპრენერმა იცის, რომ გადაწყვეტილებები სწრაფად და გაბედულად უნდა მიიღოს. დღეს უკვე არავის აქვს იმის ფუფუნება, რომ ერთ იდეაზე მუშაობას, მისთვის მთელი ენერგიისა და რესურსის გაღებას და სავარაუდო წარმატების ლოდინს, დიდი დრო შესწიროს. ბევრი ადამიანი თავისი პოტენციალის ბოლომდე გახსნას სწორედ იმიტომ ვერ ახერხებს, რომ ერთ ან რამდენიმე იდეაზეა ჩაციკლული და სხვა მიმართულებით არც კი იხედება.

ვერცერთი იდეის ავტორი ვერ გეტყვით დანამდვილებით, იმუშავებს, თუ არა მისი ახალი მიდგომა, გაიყიდება თუ არა ახალი პროდუქტი, რაოდენ ორიგინალურად და რევოლუციურადაც უნდა მიაჩნდეს იგი. ცხადია, ნებისმიერი ადამიანისთვის, მისი მოფიქრებული იდეა ყველაზე ძვირფასი და ღირებულია, თუმცა მნიშვნელოვანია, გარშემომყოფთა აზრის მიღება და მოსმენაც შევძლოთ.

საკუთარი იდეების შესაფასებლად საუკეთესო გზა, უკუკავშირის მოგროვებაა. მოუსმინეთ ხალხს, ნახეთ, როგორ იდეებზე რეაგირებს თქვენი მიზნობრივი აუდიტორია და გამოიტანეთ დასკვნები. იდეების ერთგულება კარგია, თუმცა ზომიერების ფარგლებში, რადგან ანტრეპრენერისათვის საზოგადოების აზრის გათვალისწინება არანაკლებ მნიშვნელოვანია.

წარმოიდგინეთ, თუფაქს რომ თითოეული სიმღერის დამუშავებაზე წლები დაეხარჯა, ისეთი თრექები, როგორებიცაა Me Against The World და All Eyez On Me, დღის შუქს ვერასოდეს იხილავდა.

ანტრეპრენერები შესაძლებლობებს თავიანთი გადაწყვეტილებებით ქმნიან. მოქნილი და სწრაფი გადაწყვეტები კი, წარმატების საწინდარია. ამიტომ, ვისწავლოთ თუფაქისგან, ვიმუშაოთ ბევრი, დავამუშაოთ და განვახორციელოთ რაც შეიძლება მეტი იდეა, რადგან როგორც არაერთი მაგალითი გვიჩვენებს, რაც უფრო მეტი გაქვს ნამუშევარი, მით მეტია კონკრეტულ დარგში საუკეთესოდ ყოფნის შანსი.

Entrepreneur-ის გუნდი

Entrepreneur Staff

Entrepreneur საქართველოს გუნდი

ინსპირაცია

100 ბიზნესი, რომლის დაწყებასაც $100-ზე ნაკლებად შეძლებთ

მართალია, ბიზნესის დაწყება ბევრ სირთულესთან არის დაკავშირებული, მაგრამ ფინანსები ყოველთვის არ არის ერთ-ერთი მათგანი

ინსპირაცია

25 ფრაზა, რომლებმაც შემცვალეს

ხშირად ერთ ფრაზას ადამიანის მთელი ცხოვრების შეცვლა შეუძლია

ლიდერობა

10 გზა თვითშეფასების ასამაღლებლად

"დაბალი თვითშეფასება ცხოვრებაში ამოწეული ხელის მუხრუჭით გადაადგილებას ჰგავს"