5 ტექნოლოგიური ტრენდი 2022 წელს: LegalTech მსოფლიო ტრენდები და რეკომენდაციები, რომელსაც 2022 წელს სამართლის სპეციალისტებმა უნდა მიადევნონ თვალი
Opinions expressed by Entrepreneur contributors are their own.
You're reading Entrepreneur Georgia, an international franchise of Entrepreneur Media.
ტექნოლოგიების განვითარებასთან ერთად დღეს სულ უფრო მეტი მიმართულება ტრანსფორმირდა და საქმიანობა ციფრულ ფორმატში გადაიტანა. ეს პროცესი Covid-19 პანდემიის პირობებში კიდევ უფრო დაჩქარდა და არსებობს მოლოდინი, რომ 2022 წელი ბევრი ორგანიზაციისთვის გარდამტეხი აღმოჩნდება. Entrepreneur რუბრიკის "5 ტექნოლოგიური ტრენდი 2022 წელს", ფარგლებში პერიოდულად მოგაწვდით ინფორმაციას სხვადასხვა საქმიანობაში არსებული ტრენდების შესახებ. რომელ რეკომენდაციებს უნდა მიადევნონ თვალი დარგის სპეციალისტებმა და რატომ არის მნიშვნელოვანი საქმიანობის დიგიტალიზაცია? − ამ შეკითხვებთან დაკავშირებით Entrepreneur დარგის სპეციალისტების რჩევებსა და რეკომენდაციებს წარმოგიდგენთ.
ამჯერად გთავაზობთ 5 ტექნოლოგიურ ტრენდს სამართლის ტექნოლოგიების, ანუ LegalTech-ის მიმართულებით, რომლის თვალის მიდევნებასაც გვირჩევს ლადო სირდაძე − KnowledgeTools International-ის სამართლის ინჟინერი, BTU-ს ასოცირებული პროფესორი.
1. სამართლებრივი კონსულტაციების ავტომატიზაცია
"აღნიშნული პროცესი გულისხმობს სამ საფეხურს, რომელთაგან თითქმის ყველას აქვს პოტენციალი, იყოს ციფრული და ავტომატიზებული. უპირველესად, საჭიროა განხორციელდეს მოქალაქისგან მონაცემების მიღების გაციფრულება. მნიშვნელოვანია, რომ კლიენტმა მაქსიმუმ 15 შეკითხვას უპასუხოს და ამ პროცესისთვის მაქსიმუმ 2 წუთი გამოყოს. ამის შემდეგ, ხელოვნურმა ინტელექტმა ავტომატურ რეჟიმში უნდა გადაამუშაოს ინფორმაცია, მისცეს სამართლებრივი შეფასება და დააგენერიროს/გასცეს სამართლებრივი კონსულტაციის დოკუმენტი.
ამ მიმართულებით ყველაზე დიდი პროექტი საქართველოს მასშტაბით იურიდიული დახმარების სამსახურში, Legal Aid-ში, დაინერგა. განვახორციელეთ გერმანული სისტემა KnowledgeTools-ის ინტეგრაცია. ეს გახლავთ მსოფლიოში ყველაზე მასშტაბური და მოცულობითი პროექტი, რომლის ფარგლებშიც ინტეგრირდება ხელოვნური ინტელექტი სამართლის სფეროში.
ინოვაცია მდგომარეობს შემდეგში: მოქალაქე პასუხობს რამდენიმე შეკითხვას და სულ რაღაც 8 წამი სჭირდება პროგრამას, გააანალიზოს, რა სჭირდება პირს და მოამზადოს შესაბამისი დოკუმენტები. ამით სახელმწიფოს უმცირდება როგორც ფინანსური, ისე დროითი რესურსის ხარჯი. ფაქტობრივად, 2 წუთსა და 8 წამში ხორციელდება მოქალაქისთვის სერვისების მიწოდება.
2. საჩივრების ავტომატური გენერირება
"ხელშეკრულებების გენერირება უკვე წარსულის ტრენდია და მოძველებულია იმდენად, რამდენადაც ბაზარზე არსებობს უამრავი პროგრამა, რომელიც ხელშეკრულებების ავტომატურად შედგენას ახორციელებს დაინტერესებული პირისთვის. რა იქნება ინოვაციური 2022 წელს საქართველოში? მიმდინარე წელს პირველად განხორციელდება არა მხოლოდ სტანდარტული ხელშეკრულებების შეთავაზება, არამედ მისი კონკრეტული პრობლემების ანალიზი და სრულყოფილი სარჩელის მომზადება − სამართლებრივი დასაბუთებით, კალკულაციებითა და სასამართლოსთან დაკავშირებული პროცესუალური ასპექტების გათვალისწინებით. როგორც წესი, საადვოკატო კომპანიებში დიდი დრო სჭირდება სარჩელის მომზადებას. ამასთან, მოქალაქის სიტუაციის შესწავლა საკმაოდ ძვირადღირებული პროცესია".
3. საკანონმდებლო და ადმინისტრაციული წარმოების პროცესების გაციფრულება
"საქართველოს პარლამენტში ვნერგავთ ხელოვნურ ინტელექტს, რათა გავუმარტივოთ საქმე საჯარო მოხელეებს და მეტი რესურსი დაუთმონ შინაარსობრივ მხარეს. ადმინისტრაციული სამართალწარმოების კუთხით საკმაოდ მოწინავე ქვეყანა ვართ, თუმცა კანონშემოქმედებით პროცესებში მნიშვნელოვანია კიდევ მეტი ტექნოლოგიის ინტეგრირება. აუცილებელია, კანონები ვიზუალურადაც მარტივად აღსაქმელი იყოს. მაგალითისთვის, გერმანიის იუსტიციის სამინისტროში გასულ წელს შტეფან ბრაიდენბახის ხელმძღვანელობით, დავნერგეთ კანონპროექტების მომზადების კურსი − მსოფლიოში პირველად. გერმანიის შემდეგ, საქართველო გახდება პირველი ქვეყანა, სადაც კანონების მომზადება იქნება უფრო გამჭვირვალე, ნათელი, მარტივად აღქმადი და თვალსაჩინო".
4. საგანმანათლებლო პროცესის დიგიტალიზაცია სამართლის მიმართულებით
"როდესაც იურიდიული ფაკულტეტის სტუდენტს აქვს დავალება, წაიკითხოს 200 გვერდი რომელიღაც წიგნიდან, მეტად რთულია, აღიქვას სხვადასხვა კანონი. აქედან გამომდინარე, ნაცვლად სტანდარტული ტექსტების კითხვისა, მნიშვნელოვანია, სტუდენტი მეტად იყოს ჩართული სასწავლო პროცესში ლექტორთან ერთად და ერთობლივად განახორციელონ კანონებისა და დადგენილებების ვიზუალიზაცია. საქართველოში კანონის ტექსტის სამართლებრივ სქემებად გარდაქმნა უკვე ხორციელდება სპეციალური პროგრამის მეშვეობით. ბიზნესისა და ტექნოლოგიების უნივერსიტეტში "სამეწარმეო სამართლის" შესწავლისას ვხელმძღვანელობთ სამართლებრივი სქემებით, რომელიც არის დინამიური და მისი ვიზუალიზაციის გამოყენებით, შეგვიძლია, დავადგინოთ მაგ.: თუ არსებობს შეუსაბამობა კანონთან ან რა სამართლებრივი შედეგი შეიძლება დადგეს კონკრეტული წინაპირობების შესრულებით და ა.შ.
ერთ-ერთ მნიშვნელოვანი მიმართულებაა სტუდენტის მიერ ამოხსნილი კაზუსის ავტომატურ რეჟიმში გასწორება. სტუდენტი სპეციალურ პორტალზე პასუხს სცემს კაზუსს, ხელოვნური ინტელექტი კი ხვდება ეს ვრცელი კაზუსი რამდენად სწორად გააანალიზა პირმა და მაშინვე აძლევს შეფასებას. გარდა ამისა, სთავაზობს რეკომენდაციებს − რომელ კომპონენტში ჰქონდა შეცდომა და რა მუხლები უნდა წაიკითხოს კანონიდან ან რა ლიტერატურას უნდა გაეცნოს".
5. სმარტ-სახელმძღვანელოები სამართალში
"ამ დროისთვის მსოფლიოში არ არსებობს სმარტ-სახელმძღვანელოები სამართალში, თუმცა, გვაქვს მოლოდინი, 2022 წელს მსგავსი პლატფორმა აუცილებლად მომზადდება − უკვე დაწყებულია მუშაობა ამ მიმართულებით. სმარტ-სახელმძღვანელო გულისხმობს შემდეგს: როდესაც დაინტერესებული პირი კითხულობს სამართლებრივ ლიტერატურას, აუცილებელია, პრაქტიკულადაც შეძლოს მისი შესწავლა. მაგ.: როდესაც მკითხველი ეცნობა თეორიულ მასალას, თუ როგორ უნდა მოხდეს ალიმენტის მოთხოვნა საოჯახო სამართალში, სმარტ სახელმძღვანელო არამხოლოდ მიაწვდის ზოგად ინფორმაციას თუ როგორია საკანონმდებლო პრაქტიკა, არამედ იქნება ჩაშენებული ბმული, სადაც პრაქტიკულად იხილავს ყველაფერს. შეუძლია, იქვე მოამზადოს დოკუმენტები, რომელიც ამ კონკრეტულ შემთხვევაში იქნება საჭირო და თეორიული მასალა გამოსახოს ვიზუალური სქემებით".
ტექნოლოგიების განვითარება აქტიურად მიმდინარეობს სხვადასხვა მიმართულებით, მათ შორის: სამართალშიც, თუმცა არსებობს გამოწვევები, რომლებსაც ტექნოლოგიების მეტი ჩართულობით უნდა ვუპასუხოთ. მნიშვნელობა არ აქვს, რას საქმიანობს ადამიანი − მეტწილად ყველას ესაჭიროება გარკვეულ დონეზე იურიდიული მომსახურება. პატარა ორგანიზაციებსა და ინდივიდუალურ პირებს არ სჭირდებათ დიდი საადვოკატო კომპანიების დაქირავება ერთი კონკრეტული შემთხვევისთვის. მეორე მხრივ, დიდ ბიზნესებს არ ჰყოფნით 1 საადვოკატო კომპანია საქმიანობის სრულად შესასრულებლად. ყველა ამ პრობლემის გადაჭრა მაქსიმალური გაციფრულებითა და ავტომატიზაციით, ანუ LegalTech-ის განვითარებითაა შესაძლებელი.
როგორც ლადო სირდაძე განმარტავს, მთავარია, იურისტებმა და საადვოკატო ბიუროებმა მოძებნონ ლოგიკა საქმიანობაში და იპოვონ განმეორებადი პროცესები. მაგალითად, თუ მომხმარებელთა უმეტესობა ერთი და იგივე შეკითხვით მოდის, ეს ნიშნავს იმას, რომ აღნიშნული პროცესი უნდა გაციფრულდეს. საქმიანობის ავტომატიზაცია მოგვცემს საშუალებას, სამართლის ტექნოლოგიები კომერციულიც გავხადოთ.
"მოდის ტექნოლოგიური ტალღა, რომელიც ყველაფერს გადაუვლის, თუმცა, არავინ იცის, როდის მოვა. ამ პროცესში აუცილებელია, იურიდიული სამყარო მზად დახვდეს. ეს ტალღა შესაძლებლობად იქცევა მათთვის, რომლებიც შეძლებენ, საქმიანობა, რომელსაც ამჟამად ახორციელებენ, გადაიტანონ პროგრამულ ნაწილში და გაამარტივონ მომსახურება. ამ ყველაფერს ბევრი ბენეფიტი აქვს და მათ შორის, ყურადსაღებია ის, რომ ტექნოლოგიების ჩართულობით სამართლის სპეციალისტები ბევრად მეტ კონსულტაციას გასცემენ და მეტი მომხმარებელიც ეყოლებათ", − აცხადებს ლადო სირდაძე.