აბიტურიენტების მხარდამჭერი ახალი პლატფორმა studentgoals.ge ამოქმედდა
You're reading Entrepreneur Georgia, an international franchise of Entrepreneur Media.
საქართველოში აბიტურიენტების მხარდამჭერი ახალი პლატფორმა გამოჩნდა. studentgoals.ge – ეს არის ონლაინ პლატფორმა, რომელიც აბიტურიენტებს საშუალებას აძლევს, ცოდნა მიიღონ 4 სხვადასხვა მიმართულებით. მისი საშუალებით ისინი ახალი ინტერესების აღმოჩენასაც შეძლებენ, რაც საბოლოო ჯამში შეიძლება პროფესიის არჩევასა და წარმატებული კარიერის ჩამოყალიბებაშიც დაეხმაროს.
მარტივი რეგისტრაციის საფუძველზე აბიტურიენტი საიტზე აირჩევს მისთვის სასურველ მიმართულებას ან მიმართულებებს. საერთო ჯამში პლატფორმა 4 სფეროს: მენეჯმენტს, ფინანსებს, საინფორმაციო ტექნოლოგიებსა და მეწარმეობას აერთიანებს. თითოეულ მიმართულებაში კი სხვადასხვა საგნებია გაერთიანებული, რომელთა მონიშვნა, დამატება წაშლა აბიტურიენტს ნებისმიერ დროს შეუძლია.
რეგისტრაციის შემდეგ ისინი მიიღებენ ინფორმაციას საკუთარი ინტერესების შესაბამისად მონიშნულ სფეროში უახლოეს მომავალში დაგეგმილი ღონისძიებების, ტრენინგების, კურსების, ტრენდების, სხვადასხვა ტიპის შეხვედრების და აქტივობების შესახებ.
პლატფორმის ფარგლებში შეთავაზებული თითოეული ღონისძიება, ტრენინგი თუ კურსი უფასო იქნება და მასზე წვდომა ნებისმიერ დაინტერესებულ პირს ექნება.
ამ ეტაპზე პროექტის ავტორი უცნობია, მხოლოდ ის ვიცით რომ studentgoals.ge სოციალური სახის პროექტია, რომელიც მიზნად ისახავს, აბიტურიენტებს ცოდნის გაღრმავებასა და ახალი სფეროების შესწავლაში, მეტი ცოდნის მიღებაში დაეხმაროს.
studentgoals.ge მუდმივ რეჟიმში იზრუნებს, რომ ამომწურავი ინფორმაცია მიაწოდოს აბიტურიენტს საკუთარი მიზნების მისაღწევად მაქსიმალურად ნაკლებ დროში.