ანტრეპრენერების მხარდაჭერა და უპრეცედენტო ინიციატივა BTU-სგან
You're reading Entrepreneur Georgia, an international franchise of Entrepreneur Media.
პირველი სტარტაპ სტატუსი ქვეყანაში, MIT-ს გლობალური სტარტაპ ლაბი საქართველოში და ქართულ ენაზე ნათარგმნი MIT-ში შექმნილი მსოფლიო ბესტსელერი მეწარმეობის შესასწავლად, მეწარმეთა ფინანსებთან წვდომის გასამარტივებლად ინიცირებული მასშტაბური კვლევები, პარტნიორობა ბრიტანეთის სამეცნიერო პარკთან, ისრაელის სილიკონ ვადისთან და ენჯელ ინვესტორებთან, გლობალური სტარტაპ ფონდი და პროექტები საქართველოს სხვადასხვა რეგიონში სამეწარმეო საქმიანობის სტიმულირებისთვის - ინიციატივა 5.0 BTU-ში სამეწარმეო ეკოსისტემის განვითარებისთვის დაიწყო.
BTU პირველი უნივერსიტეტია რეგიონში, რომელმაც სტუდენტებს სტარტაპ სტატუსი მიანიჭა. სტატუსის მქონე სტუდენტებს საშუალება ექნებათ, ისარგებლონ სხვადასხვა უპირატესობებით, მათ შორის: ფინანსური სერვისებით, მარკეტინგული სერვისებით, იურიდიული სერვისებით, ფინანსებთან წვდომაში მხარდაჭერით, საერთო სამუშაო სივრცით, მენტორინგით და სხვა. სტარტაპ-სტატუსის შესარჩევი კონკურსი ორ ეტაპად ჩატარდა: აპლიკაციების მიღება და პრეზენტაციები (ე.წ. pitch) ჟიურის წინაშე. ჟიურის წევრებს შორის იყვნენ: საფრანგეთის ელჩი დიეგო კოლასი, ენდრიუ გოდლი (Henley Business School), პედრო ვიერა (500 Startups Georgia), დავით ჭიაბერაშვილი (Microsoft), ეალ ბაროზი (Webiz), გიორგი ჩუგოშვილი (Phubber), ავთანდილ კასრაძე (GITA), ანა ლომთაძე (BTU). ჟიურის წევრების შეფასებების საფუძველზე გამოვლინდა 3 გამარჯვებული სტარტაპი, რომელთაც მიენიჭათ სტარტაპ-სტატუსი. მეწარმეობის ცენტრი თითოეულ გამარჯვებულ სტარტაპთან ინდივიდუალური კონსულტაციის საფუძველზე შეჯერდება მათი საჭიროებებზე და გაუწევს შესაბამის სერვისებს პარტნიორებთან ერთად.
BTU-ს ბაზაზე, ბრიტანეთის უმაღლესი რეიტინგის მქონე Henley Centre for Entrepreneurship-თან ერთად შექმნილი მეწარმეობის ცენტრი ფუნქციონირებს. ცენტრის მიზანია გაზარდოს მეწარმეთა განვითარების და ფინანსებთან წვდომის შესაძლებლობა, ჩაატაროს კვლევები, ხელი შეუწყოს ეკოსისტემის ინტერნაციონალიზაციას, გააღრმაოს კერძო, საჯარო და აკადემიურ სივრცეებს შორის დისკუსია, ინიცირება გაუკეთოს ქვეყანაში მეწარმეობის განვითარებისთვის საჭირო საკანონმდებლო თუ სხვა ცვლილებებს და ინოვაციური ეკოსისტემის ფორმირებას. ცენტრის პროექტებს შორისაა BTU x EFSE პრე-აქსელერატორი, რომელიც ქვეყნის მოწინავე ტექ სტარტაპებს ამზადებს დემო დღისთვის და 10,000 ლარიანი საპრიზო ფონდის მოპოვებისთვის; სტარტაპ ბუთქემფები და პრეაქსელერაცია საქართველოს სხვადასხვა რეგიონში, გლობალური სტარტაპ ფონდის და საერთაშორისო ენჯელ ინვესტორების ქსელის გაფართოვება; MIT-ს ბესტსელერი წიგნის "24 ნაბიჯი წარმატებული სტარტაპის შესაქმნელად" თარგმნა და MIT-ს გლობალური სტარტაპ ლაბის პროგრამის განხორციელება საქართველოში და სხვა. თითოეული დაგეგმილი და უკვე განხორციელებული პროექტის პარალელურად, მეწარმეობის ცენტრის ინიციატივით შეიქმნა ინოვაციების და ტექნოლოგიების მუდმივმოქმედი საბჭო, რომელიც დაკომპლექტებულია ტექნოლოგიური ინდუსტრიის მოწინავე საერთაშორისო კომპანიების ხელმძღვანელი რგოლით. საბჭო ყოველსემსტრულად შეიკრიბება და განიხილავს სტარტაპ ეკოსისტემის მხარდაჭერისთვის და საუნივერსიტეტო კურიკულუმის გაძლიერებისთვის საჭირო ინიციტივებს, შრომის ბაზარზე არსებულ მოთხოვნებს და საგანმანათლებლო პროგრამების უწყვეტი გაუმჯობესების საკითხებს.