"აწარმოე საქართველოში" მხარდაჭერით, კანში ქართული ფილმების მარკეტჩვენება გაიმართა
You're reading Entrepreneur Georgia, an international franchise of Entrepreneur Media.
ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს სააგენტოს "აწარმოე საქართველოში" ხელშეწყობით, კანის 76-ე საერთაშორისო კინოფესტივალის მარკეტბაზარზე ორი ქართული ფილმის ჩვენება გაიმართა.
ფესტივალის მაყურებელმა ნანა ჯანელიძის ფილმი "იარე, ლიზა" და ირინე ჟორდანიას "ჰაერი ლურჯი აბრეშუმია" იხილა.
ქართული ფილმების მარკეტჩვენება "აწარმოე საქართველოში" პროგრამის მიერ დაწყებული კინოკომერციალიზაციის მხარდაჭერით განხორციელდა, რომელიც მიზნად ისახავს ქართული ფილმების პოპულარიზაციას და კომერციალიზაციას საერთაშორისო ფესტივალებზე. აღნიშნული ფილმების ჩვენებამ არა მხოლოდ ხაზი გაუსვა ქართველი კინემატოგრაფისტების ნიჭსა და შემოქმედებითობას, არამედ გააძლიერა ქვეყნის, როგორც კინოინდუსტრიის მზარდი ცენტრის, პოზიცია.
კანის კინოფესტივალზე ორივე ფილმის მარკეტჩვენება სააგენტოს პროგრამა "გადაიღე საქართველოში" ამოქმედებული ახალი კომპონენტის ფარგლებში მოხდა, რომლის მიზანი ქართული ფილმების პოპულარიზაცია, კომერციალიზაცია და საერთაშორისო ფესტივალებზე ჩვენებაა. ჩვენებაზე ასევე მოწვეული იყვნენ საერთაშორისო გაყიდვების აგენტები და დისტრიბუტორები, რაც ზრდის კონკრეტული ფილმის წარმატებით გაყიდვის შანსს. აქვე ხაზი უნდა გაესვას იმასაც, რომ ნანა ჯანელიძისა და ირინე ჟორდანიას ფილმები აპრილში, კინოინდუსტრიაში ჩართული კომპანიებისთვის გამოცხადებული კონკურსის წესით შეირჩა.
Entrepreneur-თან საუბრისას ფილმის "იარე, ლიზა" რეჟისორმა ნანა ჯანელიძემ ქართულ კინემატოგრაფიაში "აწარმოე საქართველოში" მხარდაჭერის როლზე და კანის კინოფესტივალზე მიღებული შთაბეჭდილებების შესახებ გვესაუბრა:
"ზოგადად, პროგრამის "აწარმოე საქართველოში" ინიციატივა, გაუწიოს პოპულარიზაცია და მისცეს საშუალება ქართულ ფილმებს მიიღონ მონაწილეობა სხვადასხვა კინომარკეტზე, ისეთებზე, როგორებიცაა კანისა და ბერლინის კინოფესტივალები, ძალიან მნიშვნელოვანია ფილმების საერთაშორისო პოპულარიზაციისთვის და იძლევა პოტენციალს მისი შემდგომი დისტრიბუციისთვის. თანაც მაშინ, როდესაც მსგავს მარკეტებზე თავს იყრიან კინოინდუსტრიის წარმომადგენლები მთელი მსოფლიოდან, რათა მოიძიონ მათთვის საინტერესო აუდიოვიზუალური კონტენტი სხვადასხვა პლატფორმაზე წარსადგენად.
კანის წლევანდელ კინომარკეტზე წარსადგენად შეირჩა ჩვენი ახალი სრულმეტრაჟიანი მხატვრული ფილმი − "იარე, ლიზა". მოეწყო დახურული ჩვენება კინოინდუსტრიის წარმომადგენლებისთვის, გვქონდა შეხვედრები კინოგაყიდვებისა და სადისტრიბუციო კომპანიების წარმომადგენლებთან", − ამბობს ნანა ჯანელიძე.
სააგენტოს "აწარმოე საქართველოში" დირექტორ მიხეილ ხიდურელის თქმით, კინობაზრობაზე ქართული ფილმების ჩვენება, ერთი მხრივ, არის ძალიან დიდი მნიშვნელობის მქონე მოვლენა, რადგან ქვეყნის კრეატიული ნიჭი ხვდება საერთაშორისო ეკრანებზე.
"დარწმუნებული ვარ, კინოკომერციალიზაციის პროგრამის გაგრძელებით კიდევ უფრო მეტ ქართულ ფილმს მივცემთ საშუალებას, მოხვდნენ სხვადასხვა საერთაშორისო ფესტივალზე", − აღნიშნა მიხეილ ხიდურელმა.
წელსვე, კანის კინოფესტივალზე სააგენტომ "აწარმოე საქართველოში", ეროვნულ კინოცენტრთან ერთად, საქართველოს პავილიონი წარადგინა. პავილიონში სხვადასხვა ღონისძიება გაიმართა, მათ შორის შეხვედრები გაყიდვების აგენტებთან, საგანმანათლებლო ორგანიზაციებთან და მსოფლიოში წამყვანი კინოფესტივალების წარმომადგენლებთან.
"საქართველოს პავილიონში ყოველთვის დიდი აქტიურობაა. აქ მოსულ კინოინდუსტრიის წარმომადგენლებს ვაცნობთ საქართველოს პოტენციალსა და პროგრამას, რომელიც მათ საშუალებას აძლევს ისარგებლონ ე.წ. "ქეშ რიბეითით", რომელიც ერთადერთი ასეთი პროგრამაა ჩვენს რეგიონში. ზოგადად, უნდა აღინიშნოს, რომ ბოლო წლებში ჩვენ ვხედავთ, ქართული კინემატოგრაფიის აქტიურ განვითარებას, რაშიც სახელმწიფოს მხარდამჭერი პროგრამები მნიშვნელოვან როლს თამაშობს", − აღნიშნა მიხეილ ხიდურელმა.
ნიშანდობლივია ისიც, რომ სააგენტოს "აწარმოე საქართველოში" პროგრამის "გადაიღე საქართველოში" ფარგლებში, ამ ეტაპზე 30 განხორციელებული პროექტია. განხორციელებული ინვესტიცია, ჯამურად, 200 მილიონ ლარს შეადგენს, ანაზღაურებული თანხა კი 18 მილიონ ლარზე მეტია. კინოსამყაროს ერთ-ერთ მთავარმა მოვლენამ − კანის კინოფესტივალმა მსოფლიო კინემატოგრაფის მესვეურებს და საზოგადოებას 76-ჯერ უმასპინძლა. კინოფესტივალს 16 მაისიდან 26 მაისის ჩათვლით, ჯამში სულ 230 000 სტუმარი ესწრებოდა.