autoElement - 3 ''შარქის'' დაინტერესება და ჯამურად მოზიდული 230 000 ლარი აპლიკაციამ უკვე 34-ჯერ შეამცირა ნაწილების მოძიების დრო
You're reading Entrepreneur Georgia, an international franchise of Entrepreneur Media.
სულ ახლახან, ქართულ სატელევიზიო სივრცეში, საქართველოს პირველ არხზე, მსოფლიოში ერთ-ერთი ყველაზე პოპულარული შოუ "შარქ თენქ საქართველო" გამოჩნდა. ამ შოუს არსებობის მრავალწლიანი ისტორიის განმავლობაში, უკვე 250 მილიონი დოლარის ინვესტიცია განხორციელდა მსოფლიოს 40-ზე მეტ ქვეყანაში. 2001 წელს, იაპონიაში "ფულის ვეფხვების" სახელით დაარსებული პროექტის მთავარი არსი იმაში მდგომარეობს, რომ დამწყებ თუ უკვე აქტიურ სტარტაპერებს ფულადი და ინტელექტუალური ინვესტიციის მოზიდვის შესაძლებლობა მიეცეთ ე.წ. "შარქებისგან", ანუ ერთგვარი ჟიურის წევრებისგან, რომლებიც ანტრეპრენერთა პრეზენტაციას ისმენენ, სვამენ მათთვის საინტერესო შეკითხვებს და პროექტის მოწონების შემთხვევაში, კომპანიის გარკვეული წილის სანაცვლოდ, კონკრეტულ თანხას სთავაზობენ კონკურსანტებს. ამ პროექტმა უკვე მთელი მსოფლიოს მასშტაბით უამრავი ადამიანი საკუთარი ბიზნესის მფლობელად და მეწარმედ აქცია, ხოლო 2021 წლიდან, ამის შესაძლებლობა უკვე ქართველ ანტრეპრენერებსაც მიეცემათ.
აღსანიშნავია, რომ "შარქ თენქ საქართველოს" გენერალური სპონსორია ციფრული გადახდების მსოფლიო ლიდერი Visa − ქსელი, რომელიც აერთიანებს ყველას და ყველაფერს, რომელიც პროექტში გამარჯვებულებს თავიანთი ბიზნესის ეფექტურად მართვისა და გამარტივების მიზნით, სთავაზობს Visa-ს ინოვაციური პროდუქტების გამოყენების შესაძლებლობას. Visa-ს სტრატეგიის პრიორიტეტებს შორის ბიზნესისა და ეკონომიკის ხელშეწყობა უმნიშვნელოვანეს ადგილს იკავებს − როგორც ლოკალურ, ისე გლობალურ დონეზე. მცირე და საშუალო ბიზნესი, ეკონომიკის მამოძრავებელ ძალასა და მსოფლიო მასშტაბით დამსაქმებელთა უდიდეს ნაწილს წარმოადგენს. Visa-ს როლი ბიზნეს-ეკოსისტემის განვითარებაში განსაკუთრებულია, რაც გამოიხატება ბიზნესის საჭიროებებზე მორგებული არაერთი ინოვაციური პროდუქტის შეთავაზებასა და მათთვის პარტნიორობის ფორმატში განხორციელებული ინიციატივებით. სწორედ ასეთ პროექტებს მიეკუთვნება "შარქ თენქ საქართველო" − პირველი არხის გადაცემა, რომელიც ბიზნესმენებსა და ინვესტორებს შორის ღია კომუნიკაციას უზრუნველყოფს. პროექტის მიზანია, ადგილობრივი ბიზნესების ცნობადობის გაზრდა და მათი პროდუქტის პოპულარიზაცია.
პირველი შოუს ერთ-ერთი მონაწილე, რომელმაც "შარქების" გულის მოგება და მათგან მხარდაჭერის მიღება მოახერხა, მურად ბართიშვილის და ბიქტორ სალდაძის აპლიკაცია − autoElement-ია. მათ სამი "შარქისგან" − მენი ბენიშისგან, დაჩი ჭოლაძისგან და პავლე მგელაძისგან, ჯამურად, 30%-იანი წილის სანაცვლოდ, 230 000-ლარიანი ინვესტიცია მოიზიდეს.
იცოდით, რომ საქართველოში ავტომობილების 92%, 10 წელზე მეტია, რაც ექსპლუატაციაშია, ხოლო მათი მფლობელები ჯამურად 32 მილიონ საათს ატარებენ წელიწადში, მეორადი ავტონაწილების ძიებაში. ეს ადამიანები ძირითადად, ე.წ. "დაშლილებს" სტუმრობენ, ეძებენ ონლაინ საძიებო სისტემებში ან განცხადებების საიტებზე. მურადმა და ბიქტორმა ამ პრობლემის მოგვარება პლატფორმა "ავტოელემენტის" შექმნით სცადეს.
autoElement არის მობილური აპლიკაცია, რომელმაც უკვე 34-ჯერ შეამცირა ნაწილების მოძიების დრო. მომხმარებელი ითხოვს საჭირო ავტონაწილს, გამყიდველები კი მას სხვადასხვა შეთავაზებას უკეთებენ, ხოლო საუკეთესოს უშუალოდ მყიდველი ირჩევს. მოთხოვნის დარეგისტრირების შემდეგ, მაღაზიების მხრიდან შეთავაზებების მიღებას, საშუალოდ 30-40 წუთი სჭირდება, თუმცა ხშირად ეს დრო შესაძლოა 5-7 წუთამდე შემცირდეს. პლატფორმას უკვე შემუშავებული ბიზნესმოდელი და მზარდი გაყიდვები აქვს. ახლო მომავალში "ავტოელემენტი" 4 უცხოურ ბაზარზე − აზერბაიჯანში, უზბეკეთში, ყაზახეთსა და უკრაინაში გასვლას გეგმავს, რისთვისაც დამატებითი ინვესტიციის მოზიდვა სჭირდება.
სწრაფი მასშტაბირებისათვის, მურადისა და ბიქტორის მიერ "შარქ თენქისგან" მოთხოვნილი ინვესტიციის ოდენობა 230 000 ლარს შეადგენდა, რის სანაცვლოდ, მზად იყო ბიზნესის 10% დაეთმო. "შარქებმა" კი, მას ამ თანხის სანაცვლოდ, 30%-იანი წილი მოსთხოვეს, რასაც პარტნიორთან მოლაპარაკების შემდეგ, მურადი დათანხმდა.
"ჩემი აზრით, ეს შოუ საქართველოში პრეცედენტებს გააჩენს, თუ როგორ შეიძლება სტარტაპში ფული დააბანდო და ამ ნაბიჯის გაბედვა მაქსიმალურად თავისუფლად შეძლო. ჩვენს რეალობაში, ტრადიციული ბიზნესმენები ხშირად ერიდებიან სტარტაპებში, განსაკუთრებით კი ტექნოლოგიურ წამოწყებებში ინვესტირებას, ვინაიდან ეს საკმაოდ ახალი ბაზარია საქართველოსათვის და ბევრ რისკთანაა დაკავშირებული. ის, რომ ასეთი გამოცდილი და ავტორიტეტული "შარქები" გადაწყვეტილებას ძალიან სწრაფად იღებენ და მხარში უდგანან დამწყებ, ზრდის პერსპექტივის მქონე სტარტაპებს, სამომავლოდ მაგალითი იქნება ბევრი ბიზნესმენისათვის", − აცხადებს მურად ბართიაშვილი, − "შარქები", რომლებმაც "ავტოელემენტს" ნდობა და მხარდაჭერა გამოუცხადეს, საკმაოდ გამოცდილები არიან ციფრულ ტექნოლოგიებში და ზოგადად, ტექნოლოგიურ სტარტაპებში. ფინანსური ინვესტიციის გარდა, ჩვენი პლატფორმა შეუფასებელ ინტელექტუალურ დახმარებას მიიღებს მათგან, რაც არანაკლებ მნიშვნელოვანია მზარდი სტარტაპისთვის. რაც შეეხება მოზიდული ინვესტიციის გამოყენებას, ამას ოთხი ქვეყნის ბაზარზე პოზიციონირებისთვის გამოვიყენებთ. ძირითადი ნაწილი მარკეტინგს და პოპულარიზაციას მოხმარდება, ნაწილი კი − დეველოპმენტს".
"ავტოელემენტის" მთავარი მიზანია, ნებისმიერი მძღოლისთვის საჭირო აპლიკაციად იქცეს, არა მხოლოდ ავტონაწილების მოძიებისთვის, არამედ ყველა სხვა ავტომობილთან დაკავშირებული საკითხის გასარკვევად და მოსაგვარებლად.