Get All Access for $5/mo

ბრენდი ''უკრაინა'' vs. ბრენდი ''საქართველო'' ერთი წამით თვალები დახუჭეთ და წარმოიდგინეთ, ეს რომ ჩვენ თავს ხდებოდეს

Opinions expressed by Entrepreneur contributors are their own.

You're reading Entrepreneur Georgia, an international franchise of Entrepreneur Media.

entrepreneur.ge

ჩვენ თვალწინ უპრეცედენტო და ეპოქალური მნიშვნელობის მოვლენები ვითარდება.

ცივი, გრილი და ნელ-თბილი ომების დრო დასრულდა.

კარტები გაიხსნა და ყველაფერი გაცხადდა (თუ ვინმესთვის კიდევ რამე დაფარული იყო) - ვის რა უნდა, ვინ ვისკენაა, ვინ რისთვის, რატომ ან როგორ მოქმედებს.

კაცობრიობას არაერთი გლობალური დაპირისპირება ახსოვს, მაგრამ მისი ერთბაშად განადგურების საფრთხე აქამდე ასე მძაფრად არ დამდგარა - იმ მარტივი მიზეზით, რომ არცერთ ასეთ შეშლილ და თან აფექტში მყოფ დამპყრობელს ამ კალიბრის იარაღი ხელთ არ ჰქონია.

ამ შეშლილს წინ აღუდგა ერთი ქვეყანა - უკრაინა.

რომელიც ამ წუთებში ქმნის თავის ახალ ისტორიას.

გმირულს, საამაყოს, რაღაც მხრივ მითოლოგიურს.

ისეთს, მრავალ თაობას რომ გაყვება და გააძლიერებს.

მასშტაბი, რომლითაც ამ წუთებში ხდება ქვეყანა "უკრაინის" ბრენდინგი - როგორც საშინაო, ისე საგარეო ასპარეზზე - არის უპრეცედენტო და ენითაუწერელი.

მსოფლიოს თითქმის ყველა ქვეყნის თავზე უკრაინის დროშა ფრიალებს, ყველა სენატში თუ პარლამენტში მათ უკრავენ ტაშს, ყველა სატელევიზიო არხი მათი ვიზუალური იდენტობით მაუწყებლობს, ყველა გადავსებულ სტადიონზე მათ სახელს სკანდირებენ, ყველა ჟურნალის ყდაზე მათი ლიდერია აღბეჭდილი, მისი სიტყვის მოსასმენად მილიონობით ხალხი ავსებს ქუჩებს და მოედნებს - მთელ მსოფლიოში!

[ერთი წამით თვალები დახუჭეთ და წარმოიდგინეთ, ეს რომ ჩვენ თავს ხდებოდეს]

კი, რა თქმა უნდა, ამ ყველაფერს ძალიან დიდი ფასი აქვს.

და მისი გადახდა თავისი ნებით არავის უნდა.

არავის უნდა სიკვდილი, ნგრევა და უბედურება.

მაგრამ თუ სხვა გზა არ გრჩება, ალბათ არ არსებობს იმაზე დიდი ბედნიერება, ვიდრე შენი ქვეყნის და შენი შვილების თავისუფლებისთვის სიკვდილი.

ერს, რომელმაც დაპყრობილ მდგომარეობაში ჰოლოდომორს, სტალინს და გიტლერს გაუძლო, ნამდვილად ეკუთვნოდა თავისი დამოუკიდებელი ეპოსიც და ის, რასაც ამწუთას უკრაინელები თავისი ქვეყნისთვის, უფრო კი მისი მომავლისთვის აკეთებენ, ყოველგვარი გადაჭარბების გარეშე - ფასდაუდებელია.

განსაცდელი ერთ მუშტად კრავს, განსაკუთრებით მაშინ, თუ ამ დროს სიმართლე შენ მხარეზეა.

როცა ამას თან ერთვის ძლიერი მმართველობა, გააზრებული მოქმედებები, ღირსეული საქციელები - ეს ყველაფერი ქმნის შესაბამის შინაარსს.

შინაარსიდან ხალხს გამოაქვს დასკვნები.

და შემდეგ ეს დასკვნები განაპირობებს იმას, თუ როგორ აღვიქვამთ რეალობას.

დღევანდელი რეალობა ისაა, რომ უკრაინა, როგორც მითიური დავითი, ისე ებრძვის მითიურ გოლიათს, უკიდეგანოდ ბოროტს, ებრძვის თითქმის მარტო და ამ მითის სცენარისვე თანახმად, აუცილებლად დაამარცხებს.

უკრაინა უშუალო საომარი მოქმედებების გარდა, გასაოცარი ეფექტურობით წარმართავს საინფორმაციო (საკომუნიკაციო) ომსაც, რომელიც არანაკლებ მნიშვნელოვანია დღევანდელ ეპოქაში და დამსახურებულად იხვეჭს საყოველთაო მხარდაჭერას.

ჩვენ ვესწრებით ბრენდ "უკრაინის" გლობალურ დაფუძნებას.

ბრენდის, რომელიც საუკუნეების მერეც ასოცირებული იქნება ღირსებასთან, გმირობასთან, ვაჟკაცობასთან და თავდადებასთან.

და რა ხდება ამ დროს ბრენდ "საქართველოს" თავს? - სამწუხაროდ, ამ ყველაფრის სრულიად საპირისპირო.

ჩვენ ჯერ კიდევ ისევ იმის რკვევაში ვართ, ვინ ნაცია და ვინ ქოცი, ვინ სად რა თქვა, რატომ, როგორ, რა ტემბრით და რა აქცენტით.

ვერაფრით ვერ ვყალიბდებით ელემენტარულ რაღაცეებზე, მათ შორის ვინ არის ჩვენი მტერი და როგორ უნდა მოვექცეთ მას.

თან ეს ხდება ეპოქალური ცვლილებების დროს:

აქამდე არასდროს არ ყოფილა სიმართლე ასეთი ცხადი და საყოველთაო და არასდროს ყოფილა სამყარო ასეთი ერთსულოვანი და მომართული - ჩვენი მტრის წინააღმდეგ!

ანუ შესაბამისად, ჩვენც არასდროს ვყოფილვართ ასეთ მომგებიან მდგომარეობაში ჩვენ მტერთან მრავალწლიან ბრძოლაში, იმის ჩათვლით, რომ ამწუთას ჩვენ ტერიტორიაზე საომარი მოქმედებებიც კი არ მიმდინარეობს.

და რას ვაკეთებთ ამ დროს?!

ნაცვლად იმისა, რომ ამხელა გვერდში ამომდგარ ძალას შევერთებოდით, მტრის მხარე ავირჩიეთ!!

მიზეზით, რომ უბრალოდ არ გაღიზიანდეს.

მიზეზით, რომ მის ეკონომიკაზე მიბმულები ვართ (ეს მაშინ, როცა მისი ეკონომიკა ხვალ საერთოდ აღარ იარსებებს).

და რავიცი, კიდევ რაღაც მიზეზებით.

მართლა წარმოუდგენელია!

კიდევ ერთხელ გავიმეორებ, თუ ვინმემ ვერ გაიგო:

იმ დროს, როცა ჩვენი მტერი - ქვეყანა, რომელსაც ამწუთას (წარსულში და ოდესღაც კი არა, ამწუთას!) ვყავართ ოკუპირებულები - თავს დაესხა ჩვენ მოძმე ქვეყანას და უმოწყალოდ ანადგურებს მის გმირ დამცველებს და მშვიდობიან მოსახლეობას, ქვეყანას, რომელიც ყველა ეპოქაში, ყველა ომში, ყველა მეტნაკლებად დაძაბულ სიტუაციაში ჩვენ გვერდში იდგა, ქვეყანას, რომელსაც ამ წუთას გვერდში უდგას მთელი სამყარო - ჩვენ ზურგი ვაქციეთ!

უკაცრავად, უფრო სწორად, ჩვენმა მთავრობამ.

დაბალანსებული პოლიტიკის ეგიდით.

მტერი რომ არ გავაღიზიანოთ.

აბა ომი გინდათ?!

ერთი წამით რომც დავუშვათ, რომ ეგ "არ გაღიზიანების" პოლიტიკა მართებულია, მისი აღსრულების ფორმები იმდენად არაკვალიფიციურია, თუნდაც საკომუნიკაციო კუთხით, რომ შეუძლებელია იმის დაჯერება, რომ ეს მხოლოდ უმეცრებით ხდება.

თუ ეს სიტყვები მიაღწევს საქართველოს მთავრობამდე:

მინდა იცოდეთ, რომ თქვენ ხელში ბრენდ "საქართველოს" გამოუსწორებელი ზიანი ადგება.

ჩვენ ვერაფერს ვიგებთ თქვენგან - თუ რას აკეთებთ, რატომ და რისთვის.

ჩვენ ვერ ვხვდებით, თუ რა იდეას ემსახურებით (უფრო სწორად, რასაც ვხვდებით, იმის დაჯერება ძალიან არ გვინდა).

ჩვენ არ ვართ დარწმუნებულები, რომ თქვენ ადეკვატურად, ქვეყნის ინტერესებიდან გამომდინარე შეგიძლიათ იმოქმედოთ ამ ყოველ წუთას ცვალებად, უკიდურესად დაძაბულ გარემოში.

თქვენი ყველა ნაბიჯი იმდენად გაუაზრებელ, ინერტულ, უმეტეს შემთხვევაში უპასუხსმგებლო და არათანმიმდევრულ ხასიათს ატარებს, რომ იმ შემთხვევაშიც კი, თუ რამეს მართებულად აკეთებთ, ამას არანაირი ეფექტი არ მოაქვს.

რაც ყველაზე მთავარია, თქვენგან იმდენად დიდი უპატივცემლობა მოდის - იმ პროცესების მიმართ, რაც ვითარდება, რომელიც თითქოს არ გეხებათ; იმ ხალხის მიმართ ვინც იქ იბრძვის, ვინც ამ საშინელებას ეწირება; ჩვენ მიმართ, ვისაც ეს ყველაფერი ფიზიკურად და ფსიქოლოგიურად გვანგრევს - რომ მარტო ეს არის საკმარისი თქვენს მიმართ უკიდურესად ნეგატიური დამოკიდებულების ჩამოსაყალიბებლად.

და ამ დროს თქვენი ეს სპეკულანტური "ქვეყანას ომი უნდა ავარიდოთ" დამაკმაყოფილებელი პასუხი არ არის. ძალიან ბევრი ფორმა არსებობს იმისთვის, რომ ომიც ავირიდოთ და არც ღირსება დავკარგოთ ამ დროს.

ერთი წამით წარმოიდგინეთ თქვენი თავი უკრაინის ლიდერის ადგილზე, რომლის ერთი გამოსვლა მილიონობით ადამიანს ერთდროულად უყრის თავს ევროპის სხვადასხვა ქალაქში.

დავიჯერო არ გინდათ, რომ თქვენ ხალხს სულ ოდნავ მაინც ასე უყვარდეთ?!

ემოციებს რომ თავი დავანებოთ, რაციონალურად, ხომ გიყვართ ამ რეიტინგების თვლა, ეგ ენა ხომ გესმით?

აბა ეხლა წარმოიდგინეთ, დღეს თქვენ დაძახებულზე ვინ, რამდენი და რა განწყობით მოვა.

მართლა, რატომ აკეთებთ ამას, ვის დავალებას ასრულებთ ან რა მიზანს ემსახურებით?

პრინციპში ვიცით, ვხვდებით.

სიმწრის, უმწეობის, საშინელი ტკივილის ცრემლებით ვიძინებთ და ვიღვიძებთ მთელი ქვეყანა, ყოველდღე.

მთელი ქვეყანა კი არა, მთელი სამყარო.

ყველა ტირის, მსგავსი რამე მართლა არ მახსოვს...

მართლა არვიცით რა ვქნათ, რითი ვანუგეშოთ ერთმანეთი და ჩვენი უკრაინელი მეგობრები..

და ამ დროს ეს ვიღაც ამ თავის სახით გამოდის და ზელენსკი ნაციაო, ამას ამბობს.

ზელენსკიო! რომელსაც 99%იანი მხარდაჭერა აქვს 45 მილიონიან, ცეცხლში გახვეულ ქვეყანაში - ნაციაო!

მერე უკვე პრეზიდენტი ზურაბიშვილიცო, როცა იმანაც ყველას გასაოცრად, მოულოდნელად გაიგდო ბურთი და მიყვა ინდივიდუალურად, მადლობა ღმერთს.

სამწუხაროდ, როგორც ჩანს, ბრენდ "საქართველოს" მართვის სადავეები პარანოიკებს ჩაუვარდათ ხელში.

პარანოიკებს და მოღალატეებს.

სხვათაშორის, პუტინიც ნაცებს ეძახის უკრაინელებს და რა არი ბოლობოლო, ამ მესიჯბოქსსაც ერთი კაცი გიდგენთ?!

ანუ თუ უკრაინას ღიად მხარს უჭერ მისი ამ ბარბაროსული დაპყრობის და განადგურების დროს, ესეიგი ნაცი ხარ?

საერთოდ, თქვენი გაგებით, რას ნიშნავს ეს სიტყვა - "ნაცი"?!

დისკომფორტშეხებული, გამოქცეული რუსების შემოშვება-არ შემოშვებაზე წავიდა კამათი და უცებ ისეთი ტონით დაგვიწყეს ლაპარაკი ტოლერანტულობაზე, გეგონება უკვე რამე მასიური ეთნიკური წმენდა მოგვეწყოს ვინმესთვის.

ოეეეეე!

დოქსოპულო, შენ დედა გყაავს?!

სულ რომ დავიბრმავოთ თავი და დავუშვათ, რომ [რასაც] თქვენ ქვეყნიისთვის აკეთებთ - სასიკეთოა.

ამ დროს გადამწყვეტია თუ [როგორ] აკეთებთ ამას.

და კიდევ უფრო მნიშვნელოვანი, თუ [რატომ} აკეთებთ. მაგრამ ეს უკანასკნელი თქვენ საერთოდ არ იცით, ალბათ არ გეუბნებიან.

ჩვენ, როგორც ბრენდი "საქართველო" - რა შეცდომები თუ გადაცდომებიც არ უნდა ქონოდა წინა ხელისუფლებას - ვიდექით ამ ბოროტების იმპერიასთან ბრძოლის ავანგარდში.

ასე აღგვიქვამდა მთელი მსოფლიო.

განსაკუთრებით უკრაინელები.

ფეხზე დგებოდენ ჩვენი პატივისცემით და ეხლა შედით, ნახეთ რას წერენ ჩვენზე ჩვენი მთავრობის მეთაურის მოულოდნელი განაცხადის შემდეგ ევროკავშირში დაჩქარებულ მიღებაზე - მას მერე ოღონდ, რაც წინა დღეს რუსეთს დაუჭირა მხარი (ოკ, მის წინააღმდეგ სანქციებს არ დაუჭირა მხარი, რაც ამ სიტუაციაში ერთი და იგივეა).

ნახეთ?

ხვდებით, როგორი შეურაცხმყოფელია ისევ იმ бежали робкие грузины-ს მდგომარეობამდე დაქვეითება, აი რუსები თავის ტელევიზიებშიც რომ ხარობენ, გამოვუსწორეთ ჭკუა ქართველებს, წარტყმა მოუხდათო.

რამდენი ანდაზა, გამონათქვამი თუ გამოცდილება უნდა გაგიზიაროთ ხალხმა იმის შესახებ, რომ სიმხდალე არცერთ მომენტში არ ვარგა, მითუმეტეს ომში.

თქვენ რაც სიფრთხილე გგონიათ, ბატონებო, ის სინამდვილეში სიმხდალეა და არ გაპატიებთ მაგას არც ხალხი და არც ისტორია, განსაკუთრებით ასეთ ეპოქალურ მომენტში.

"ბრძოლაში უბედურები" - ეს სლოგანი მოგიხდებოდათ ყველაზე მეტად (ბოდიში რაგბისტებთან), რადგან იმ გმირული მოვლენების ფონზე, რაც უკრაინაში ვითარდება, ეს კონტრასტი - თქვენი პოზიცია, თქვენი გამოსვლები, თქვენი მოქმედება, თქვენი სახეები - სხვა აზრს არ ტოვებს, იმდენად დამთრგუნველია.

ეს ორი ბრენდი - "უკრაინა" და "საქართველო" - ამწუთას სინათლის სიჩქარით შორდება ერთმანეთს.

ბრენდი "უკრაინა" თავის ახალ ისტორიას და ახალ ეპოსს, ასე ვთქვათ, თავის "დიდგორს" წერს, დაახლოებით იმას, რასაც ჩვენ 900 წელია ვართ ჩამოკიდებულები და რისგანაც მხოლოდ დეკორატიული ფუნქცია დარჩა, ისიც სადღეგრძელოებში.

ბრენდ "საქართველოს" მეთოდურად და, სავარაუდოდ, მიზანმიმართულად ანგრევენ.

სამწუხაროდ, პირველ რიგში ზუსტად ის ხალხი, ვინც მის მცველებად არიან გამწესებულები, ანუ მისი ამჟამინდელი მენეჯერები.

ვინმე თუ ქართველობას გვართმევს, სწორედ ისინი.

იმათზე აღარაფერს ვამბობ, გეებისგან დაცვა რომ გონიათ სამშობლოს სიყვარული. სად არიან ნეტა, ხელფასს მარტო იმ დღეებში იღებენ, "ივენთებზე"?

ან ჩვენი ე.წ. სულიერი მამები სად არიან, რატომ არ ყვირიან რაც ძალა და ღონე აქვთ (რაც, როგორც ვიცით, აქვთ), როცა ამ მასშტაბის ბარბაროსობას ხედავენ ერთმორწმუნე ქვეყნისგან?

ხო ვიცით, ვიცით, გასაგებია.

რეალურად ამ ეტაპზე ბრენდ "საქართველოს" სახეს - იმ გმირ ქართველ მეომრებთან ერთად, ვინც ამწუთას იბრძვის უკრაინულ მიწაზე - ძირითადად ის ხალხი ინარჩუნებს, ვისაც მთავრობა, სამღვდელოება, კოლექტიური უცნობები და ნაცნობები და კიდე ვიღაც უხსენებლები, დაზეპირებული მესიჯბოქსით - "ნაცებს" ეძახიან.

მათ, ვისაც სინამდვილეში ამ ქვეყნის იმ ურჩხულისგან გამოგლეჯა უნდა, რასაც საბჭოთა კავშირი და მისი უკანასკნელი ტირანი ქვია.

ბრენდ "უკრაინას" ჩვენ ამ გზაზე ვეღარასდროს დავეწევით.

ერთადერთი, რაც კიდევ შესაძლებელია, საპირისპირო მიმართულებით სვლის შეჩერებაა.

ამისთვის ყველამ მთელი გულით უნდა მოვინდომოთ.

რამდენად პოლარიზებულებიც არ უნდა ვიყოთ, რამდენად განსხვავებულადაც არ უნდა ვხედავდეთ ყველაფერს - კონკრეტული სიტუაციის ანალიზიდან დაწყებული, ზოგადი მსოფლმხედველობებით დამთავრებული - ერთ რამეზე უნდა შევთანხმდეთ, მთელი ქვეყანა:

რომ რუსეთი არის ჩვენი მტერი და მტერს მტრულად უნდა მოვექცეთ!

ოღონდ, "რა გინდათ, ხო დავგმეთ" კი არა - ორგანიზებულად, მტკიცედ და ვაჟკაცურად.

პროვოკაციულ გამოხტომებს არავინ გთხოვთ.

და ეს უნდა მოხდეს დაუყოვნებლივ!

მხოლოდ ეს მოგვცემს ამ სიტუაციაში ბრენდ "საქართველოს" გადარჩენის საშუალებას.

ამწუთას, როცა მტერი ჩვენი მეგობრის განადგურებას ცდილობს!

მეგობრის, რომელიც სინამდვილეში, ჩვენი გულისთვისაც იბრძვის!

ბოდიში, ცოტა გამიგრძელდა.

Слава Україні! Героям слава!

ინდუსტრიული ტრენდები

თანამშრომელი - კომპანიის მთავარი ღირებულება

ბუღალტრული და აუდიტორული კომპანია "ფინო" - 13 წელი ქართულ ბაზარზე

ინსპირაცია

ცნობილი ადამიანები, რომლებმაც დიდ წარმატებამდე დიდი მარცხი იწვნიეს

წარმატებული ადამიანი იმიტომ არის წარმატებული, რომ მან იბრძოლა!