Cyber Monday Sale! 50% Off All Access

BTU-ს სტუდენტობიდან მეწარმეობის ლექტორობამდე - როგორ დაიწყო კარიერა სალომე ნაფეტვარიძემ ინოვაციების სფეროში?

Opinions expressed by Entrepreneur contributors are their own.

You're reading Entrepreneur Georgia, an international franchise of Entrepreneur Media.

,,ჩემი პირველი კვეთა მეწარმეობასთან BTU-ში დაიწყო. გარდა იმისა, რომ მეწარმეობასა და ინოვაციების მენეჯმენტს საგნად ვსწავლობდით - მთავარი ბიძგი დაიწყო მაშინ, როცა უნივერსიტეტის ინიციატივით, MIT-დან 4 ტრენერი ჩამოვიდა საქართველოში. "გლობალური სტარტაპ ლაბის" პროგრამის ფარგლებში, გავიარე 1 თვიანი ინტენსიური გადამზადება, ჩემს თანაგუნდელებთან ერთად შევქმენი ინვოაციური სტარტაპის იდეა და დემო დღეზე მოულოდნელად მივიღე ინვესტიცია - აპლიკაციის პროტოტიპირებისთვის. მსგავსი ტიპის მცდელობა რამდენიმე მქონდა. ორი საუნივერსიტეტო დემო დღის გამარჯვებულიც გავხდი და რადგან ახალ-ახალი იდეები ხშირად "მაწუხებდა", მივხვდი, რომ ეს ეკოსისტემა ჩემთვის ყველა საინტერესო ადგილი იქნებოდა. თუმცა, თუ დღეს სტარტაპერი არ ვარ ჯერ, უფრო მასშტაბურად ვაკეთებ კონტრიბუციას ზოგადი ეკოსისტემის შენებასა და იმ გარემოს შექმნაში, რომელშიც, ალბათ, ერთ დღეს მეც გავხდები წარმატებული სტარტაპერი", - სალომე ნაფეტვარიძე ბიზნესისა და ტექნოლოგიების უნივერსიტეტის (BTU) სტუდენტი გახლდათ, დღეს მშობლიურ უნივერსიტეტში მეწარმეობის კურსის ლექტორია და საკუთარ ცოდნასა და გამოცდილებას უზიარებს სტუდენტებს. ამასთან, სალომეს, როგორც ინოვაციებისა და ტექნოლოგიების სააგენტოს (GITA) ინოვაციების საზოგადოების განვითარების დეპარტამენტის უფროსი, აქტიური წვლილი შეაქვს ქართული ინოვაციური ეკოსისტემის განვითარებაში.

აღსანიშნავია, რომ მიმდინარე წელს სალომე საქართველოს პარლამენტის გენდერული თანასწორობის საბჭოს კონსულტანტის სტატუსით შეუერთდა და რეგიონში მცხოვრებ სკოლის მოსწავლეებს აქტიურად უტარებდა ტრენინგებს ტექნოლოგიებსა და ინოვაციებში ქალების როლის და შესაძლებლობების მიმართულებით.

როგორ გადადგა პირველი კარიერული ნაბიჯები, როგორ უმკლავდება გამოწვევებს და რა ცოდნას უზიარებს სტუდენტებს? - ამ და სხვა საკითხებზე Entrepreneur სალომე ნაფეტვარიძეს ესაუბრა.

"ბავშობიდან ძალიან აქტიური და საკმაოდ ინტერესიანი ვიყავი. მიზნები სხვადასხვანაირი მქონდა, თუმცა ვარსკვლავების მოწყვეტა სულ მინდოდა, რის გამოც 15 წლიდან ინტენსიურად ვერთვებოდი მოხალისეობრივ საქმიანობაში. იმ პერიოდში ასეთი ტიპის აქტივობები არცთუ ისე ხშირი და ხელმსიაწვდომი იყო, დღევნდელ შედარებით, მაგრამ საინტერესოდ აეწყო ჩემი ამ გზით მოგზაურობა. როდესაც სკოლა დავამთავრე, მთავარი არჩევანის წინაშე დავდექი - რომელი უნივერსიტეტი უნდა გამხდარიყო ის საუკეთესო, რომელიც მომცემდა საშუალებას რეალურ ცხოვრებაში მოვწყვიტო ვარსკვლავები. ბიზნესისა და ტექნოლოგიების უნივერსიტეტი იმ დროს იხსნებოდა და რთული იყო მხოლოდ სამომავლო გეგმებზე დაყრდნობით მიმეღო გადაწყვეტილება. თუმცა, წინათგრძნობამ (რომელიც, სხვათა შორის, ძალიან ზუსტი მაქვს კარიერაში), რომ სწორ დროს სწორ ადგილზე მოვხვდი - გადაწყვეტილების მიღებაში დიდი როლი ითამაშა. BTU-ში დაიწყო ჩემი სამეწარმეო მიმართულებისა და ინოვაციებისადმი ინტერესი, მცდელობები, წარუმატებლობები და ბევრად მეტი წინსვლაც", - აღნიშნავს რესპონდენტი.

როგორც სალომე განმარტავს, 18 წლის იყო, როდესაც პირველად მოხვდა თბილისის ტექნოპარკში და სწორედ მაშინ გადაწყვიტა, რომ ერთ მშვენიერ დღეს აქ დაიწყებდა მუშაობას. თუმცა, მანამდე საკონსულტაციო კომპანიაში ინდივიდუალურ საინვესტიციო პროექტებსა და სხვადასხვა დამწყებ სტარტაპებზე მუშაობდა. ინოვაციებისა და ტექნოლოგიების სააგენტოში მისი კარიერული მოგზაურობა 2021 წელს, პანდემიის დროს დაიწყო. თავდაპირველად, GITA-ს გუნდს სტაჟიორის პოზიციით შეუერთდა. მას შემდეგ ოთხჯერ შეიცვალა პოზიცია და დღეს უკვე დიდი მოტივაციით ხელმძღვანელობს იმავე დეპარტამენტს, რომელმაც პირველად მიიღო.

ამჟამად, სალომეს პასუხისმგებლობაა, საკუთარ გუნდთან ერთად, მართოს ყველა ის პროგრამა, პროექტი და ინიციატივა, რომელიც ხელს უწყობს ქვეყანაში ინოვაციებისა და ტექნოლოგიების განვითარებას. თითოეული საქმიანობა, რომელსაც სალომე ახორციელებს, ეხება ინოვაციების საზოგადოების ყველა წევრს შორის ეფექტური თანამშრომლობის ხელშეწყობასა და ეკოსისტემის განვითარებას. ამ მისიით, სალომე, დეპარტამენტთან ერთად, ხშირად აორგანიზებს ისეთ აქტივობებს, როგორიცაა: სკოლის მოსწავლეებისთვისა და სტუდენტებისთვის ტექნოლოგიური ბანაკები მათთვის სამეწარმეო უნარ-ჩვევების გაუმჯობესების მიზნით, პრეაქსელერაციის პროგრამები რეგიონის სტარტაპების ხელშესაწყობად, ანგელოზი ინვესტორების ქსელის განვითარება და სტარტაპებისთვის ფინანსებზე წვდომის მეტი ინსტრუმენტის შექმნა და სხვა.


"სააგენტოში დისტანციურად მუშაობისა და პანდემიის პარალელურად, ორმაგი დიპლომის პროგრამის ფარგლებში, წავედი პორტუგალიაში, ბრაგანსას პოლიტექნიკურ ინსტიტუტში. პორტუგალიური თავგადასავალი, ალბათ, ცალკე სტატიას იმსახურებს, მაგრამ იმ ერთმა წელიწადმა ძალიან გამზარდა როგორც პიროვნულად, ისე - კარიერულად. ქვეყანაში გასულ წელს დავბრუნდი და კიდევ უფრო დიდი ცოდნითა და გამოცდილებით შევცურე ინოვაციურ ეკოსისტემაში.

სააგენტოში მუშაობა კარიერულად ყველაზე საინტერესო გზა იყო, რასაც კი ოდესმე წარმოვიდგენდი. ორგანიზაციური კულტურიდან გამომდინარე, ჩემი უნარების განვითარებისა და წინსვლის შესაძლებლობის არსებობა არის ერთ-ერთი მთავარი მიზეზი, რის გამოც დღეს ძალიან ბედნიერად ვაკეთებ ჩემს საყვარელ საქმეს. ის ჯადოსნური ინგრედიენტი კი, რომელიც ამ ყოველივეს უკან იმალება, არის ის დიდი შედეგები, რომლებსაც ჩემი დახარჯული ენერგია იწვევს: ახალგაზრდების შეცვლილი ცხოვრება, ახალი საქმიანობები რეგიონებში, ათასობით კმაყოფილი დამსწრე პროდუქტიულად ჩავლილ ღონისძიებებზე, საერთაშორისო აღიარებები, ადგილობრივი სტარტაპების თავგადასავალში მონაწილეობა და ა.შ. საბოლოოდ კი, ის ბედნიერების განცდა, რომ საქვეყნო საქმის კეთების შესაძლებლობა მეძლევა - არის ყველაზე მნიშვნელოვანი", - აღნიშნავს სალომე ნაფეტვარიძე.

რაც შეეხება სალომეს აკადემიურ საქმიანობას, BTU-ში ლექტორის რანგში ყოფნა მისთვის უდიდესი პასუხისმგებლობაა. მეწარმეობის ლექტორი აღნიშნავს, რომ სტუდენტებისგან უამრავ ცოდნასა და ენერგიას იღებს და მათი დახმარებით, თავადაც მნიშვნელოვნად იზრდება. სალომეს ყველა ლექცია ინტერაქციულია და სტუდენტებს აძლევს საშუალებას, ჩაერთონ სხვადასხვა დისკუსიაში და თავად შეძლონ, დასკვნების გაკეთება. თვლის, რომ ასეთი ინტერაქციით, ერთმანეთისთვის უკუკავშირის გაცემითა და მსჯელობით ინდუსტრიის რეალობასთან შესაბამისი ლექციები გამოდის და შესაბამისად, სტუდენტები მნიშვნელოვნად ივითარებენ სამეწარმეო უნარ-ჩვევებს.

"დიდი ხანია ვფიქრობ, რომ სწავლების გამოცდილება ძალიან მნიშვნელოვანი იქნებოდა ჩემი განვითარებისთვის და ზრდისთვის. მას მერე, რაც შეთავაზება მივიღე BTU -სგან, ორმაგად საპასუხისმგებლო და სასიხარულო გახდა ლექტორობა. დაბრუნება უნივერსიტეტში, რომელიც სულ ცოტა ხნის წინ დაასრულე - თანაც ლექტორის სტატუსით. პირველი ლექციის მერე კი სულ სხვანაირად გაიხსნა ჩემთვის ლექტორის ცხოვრება. სტუდენტებისგან უამრავ რამეს ვსწავლობ, ძალიან დიდ ენერგიას ვიღებ და თავადაც მნიშვნელოვნად ვიზრდები.

ლექციების წინასწარ მოსამზადებლად ვიყენებ იმ მასალებს, რომლებიც ვიცი, რომ სტუდენტებმა უნდა წაიკითხონ შემდგომში. აქტიურად ვუყურებ ხოლმე დამატებით ვიდეო მასალებსა და ე.წ. TED Talk-ებს - ხშირად მეხმარება ორიგინალურად და დასამახსოვრებლად გადავცე სტუდენტებს ჩემი სათქმელი კონკრეტულ თემატიკასთან დაკავშირებით.

ჩემი ლექციები ძალიან ინტერაქციულია. ვინაიდან და რადგანაც არ არის მარტივი 50 პირველკურსელის ყურადღების დაჭერა 2 საათის განმავლობაში, ვცდილობ თავადაც აქტიურად იყვნენ ჩართულები მსჯელობის და დასკვნების გაკეთების პროცესში. ამასთან, სტუდენტებს ვუმასპინძლე ტექნოპარკში და გავაცანი ინფორმაცია ეკოსისტემაში მიმდინარე მთავარ საკითხებთან და სიახლეებთან დაკავშირებით. რაც ვფიქრობ ყველაზე მნიშვნელოვანია ამ საგნის შესწავლისთვის. ერთმანეთისთვის უკუკავშირს ხშირად გავცემთ და საბოლოოდ, ვფიქრობ ძალიან პროდუქტიული, მხიარული და ინდუსტრიის რეალობასთან რელევანტური ლექციები გამოგვდის", - განმარტავს BTU-ს ლექტორი.

სალომე თვლის, რომ ანტრეპრენერი ის მიზანდასახული ადამიანია, ვინც უამრავი გამოწვევის მიუხედავად, ცდილობს, დაუღალავად იშრომოს და საკუთარი იდეები რეალობად აქციოს. ანტრეპრენერისთვის გამოწვევები ყოველდღიურობის ნაწილია და მას არ უყურებს როგორც წინაღობას, არამედ ახალ შესაძლებლობას სამომავლო განვითარებისთვის.

"გამოწვევები ჩემი ცხოვრების განუყოფელი ნაწილი და განვითარების კარგი შესაძლებლობაა. ზოგადად, ვფიქრობ წინაღობებიც შეგვიძლია გამოწვევებად ვაქციოთ - და შემდეგ ვაქციოთ გამოწვევები შესაძლებლობებად. განვითარების გზაზე არაერთ გამოწვევას შევხვედრივარ. როცა ახალგაზრდა ქალი ხარ, ბევრ გამოწვევასთან თუ სტერეოტიპთან ბრძოლა გიწევს, განსაკუთრებით კი ისეთ ინდუსტრიებში, რომლებიც კაცების მიერ არის დომინირებული. თუმცა, ყველა ის მცირე თუ მასშტაბური გამოწვევა, რომელსაც ხშირად ვაწყდები - ჩემი განვითარების მთავარ იარაღად მაქვს მიჩნეული. იმისათვის, რომ გახდე ლიდერი, საკვანძოდ მნიშვნელოვანია შენი ყოველდღიურობის ნაწილად აქციო გამოწვევებთან გამკლავება და პრობლემების გადაჭრა.

ყველაზე დიდი გაკვეთილი, რაც კარიერის განმავლობაში ვისწავლე არის ის, რომ არასდროს უნდა თქვა უარი შესაძლებლობებზე პოტენციური წარუმატებლობის შიშით! ძალიან გამიმართლა, რომ ბავშვობიდანვე მოხსნილი მქონდა წარუმატებლობის შიში, რის გამოც დედას ძალიან მადლიერი ვარ. არასოდეს მიფიქრია, რომ რომელიმე მორიგი წარუმატებლობა მთლიანი თამაშის წაგებაა. ყოველ მომდევნო რაუნდზე ახლიდან იწყება ჩემთვის ქულების ათვლა, შესაძლებლობების ხელიდან გაშვებით კი მოძრაობას ვერ განაგრძობ.

გამოწვევებთან გამკლავებაში მნიშვნელოვნად მეხმარება მოტივაცია, რომლის წყაროც, პირველ რიგში, ჩემი უმცროსი და და დედაჩემია, შემდეგ კი ჩემი ახლო მეგობრების წრე. ყოველდღიურად მოტივირებული არავინ იღვიძებს, შესაბამისად განსაკუთრებით მნიშვნელოვანია სტრესულ პერიოდებში ის ადამიანები გამხნევებდნენ, რომლებსაც შენი სჯერა. ძალიან დიდი როლი აქვთ ჩემს კოლეგებს და უშუალო ხელმძღვანელებს ჩემი მოტივაციის შექმნაში, ამაღლებაში და საქმის ახალი ენერგიის წყაროდ ქცევაში. მეორე მხრივ კი, არის მომენტები და სიტუაციები ცხოვრებაში, როდესაც საკუთარი თავის მოტივატორი მხოლოდ შენ ხარ - და ასეც უნდა იყოს", - აღნიშნავს სალომე ნაფეტვარიძე.

ელენე ლომსაძე

ჟურნალისტი

ინოვაციებისა და საერთაშორისო პროექტების გუნდის წევრი Steinbeis School of International Business and Entrepreneurship, Germany-ში. Google Global I/O Extended-ის თანაორგანიზატორი.

Business News

საქართველოს ტექნოლოგიური და სტარტაპ ეკოსისტემის წარმომადგენლების განცხადება

ჩვენ ვემიჯნებით და ვგმობთ "ქართული ოცნების" ანტიევროპულ ნაბიჯებს და ძალადობას მშვიდობიანი მომიტინგეებისადმი

ინსპირაცია

25 ფრაზა, რომლებმაც შემცვალეს

ხშირად ერთ ფრაზას ადამიანის მთელი ცხოვრების შეცვლა შეუძლია

ინსპირაცია

16 შთამაგონებელი ფრაზა "ოსკაროსანი" ფილმებიდან

დაიმუხტეთ ახალი ენერგიით და მოტივაციით!

Business News

OnWay-მ 2023 წელს მილიონზე მეტი ამანათი გადაზიდა

წელს განსაკუთრებით გაიზარდა კომპანიის, როგორც რეგიონული გადამზიდის, მასშტაბები