ჩამოსული მგზავრების საკარანტინო ზონაში ტრანსპორტირებას Rento უზრუნველყოფს
Opinions expressed by Entrepreneur contributors are their own.
You're reading Entrepreneur Georgia, an international franchise of Entrepreneur Media.
კორონავირუსის ფართოდ გავრცელებასთან ერთად, მის წინააღმდეგ ბრძოლაში სულ უფრო და უფრო მეტი ადამიანი, კომპანია და ორგანიზაცია სხვადასხვა ფორმით ერთვება. მათ შორისაა სატრანსპორტო მომსახურების ქართული კომპანია Rento, რომელმაც გადაწყვიტა არსებულ ვითარებაში სახელმწიფოს მხარდაჭერა გამოუცხადოს. იტალიიდან სპეცრეისებით ჩამოსული მგზავრების საკარანტინო ზონებში გადანაწილება კომპანიამ საკუთარ თავზე აიღო. მაღალი რისკის მიუხედავად, კომპანია და მისი მძღოლები საფრთხეს არ უშინდებიან და საზოგადოების დასახმარებლად განსაკუთრებული მუშაობის რეჟიმზე გადავიდნენ.
"ნებისმიერ დროს, 24/7 რეჟიმში მზად ვართ ქვეყანას გვერდით დავუდგეთ. ველით ნებისმიერი მსგავსი ტიპის მოთხოვნასა და თხოვნას. ჩვენი მძღოლები გამოწვევას არ უშინდებიან და სახელმწიფოს ფასდაუდებელ დახმარებას უწევენ. ჩამოსული მგზავრების ტრანსპორტირება კომფორტული ავტობუსებით ხორციელდება, რომელშიც თითოეული მომსახურების დასრულებისთანავე სრულფასოვანი საიდეზინფექციო სამუშაოები ტარდება. ყოველმხრივ მაქსიმალურად გაძლიერებული გვაქვს უსაფრთხოების ზომები. ჩვენი მძღოლები იჩენენ მაღალ სამოქალაქო პასუხისმგებლობას და ითვალისწინებენ უსაფრთხოების თითოეულ ნორმას, სპეციალური ეკიპირებისა თუ ქცევის თვალსაზრისით. არსებულ ვითარებაში, მუდამ მზად ვართ კომფორტული, სწრაფი და პროტოკოლური მომსახურების გასაწევად", − აცხადებენ კომპანიაში.
აღსანიშნავია, რომ ყოველდღიურად იზრდება იმ ქვეყნების რიცხვი, საიდანაც ჩამოსული მგზავრების საკარანტინო ზონაში მოქცევა სავალდებულო ხდება. შესაბამისად, ამ მგზავრთა მომსახურების საჭიროება და უსაფრთხო ტრანსპორტირების საკითხიც კიდევ უფრო მნიშვნელოვანი ხდება.