Get All Access for $5/mo

ჩემი ფიქრები უკრაინასა და რუსეთზე რიჩარდ ბრენსონის ღია წერილი

Opinions expressed by Entrepreneur contributors are their own.

You're reading Entrepreneur Georgia, an international franchise of Entrepreneur Media.

entrepreneur.ge

ბიზნეს ლიდერები მთელ მსოფლიოში დიდი შეშფოთებით ადევნებენ თვალს უკრაინის საზღვარზე რუსული ჯარებისა და აღჭურვილობის თავმოყრას. ეს კონფლიქტი მრავალი წლის განმავლობაში ბჟუტავდა, და როგორიც მაგალითად, რუსეთის მიერ ყირიმის უკანონო ანექსია იყო 2014 წელს, პერიოდულად მწვავდებოდა.

მაგრამ ბოლო წლების განმავლობაში არასოდეს ყოფილა ევროპულ მიწაზე ყოვლისმომცველი ომის უფრო დიდი რისკი. ეს ომი, ისევე როგორც მრავალი სხვა, სამართლიან ან ლეგიტიმურ მიზანს არ ემსახურება (ამ ეტაპზე ძნელია აღშფოთების დამალვა. რას აკეთებს ერთი ქვეყანა 2022 წელს, სხვა ქვეყნის საზღვრებთან ტანკებს უყრის თავს?)

ჩემი ზრდასრული ცხოვრების დიდი ნაწილი ჩვენი დროის უსამართლო ომების წინააღმდეგ ბრძოლაში გავატარე. 1968 წლის მარტში, ათიათასობით ახალგაზრდას შევუერთდი ლონდონის ტრაფალგარის მოედანზე, რომლებიც ვიეტნამის ომის წინააღმდეგ აცხადებდნენ პროტესტს, ეს კონფლიქტი სწრაფად გამწვავდა და უთვალავი სიცოცხლე შეიწირა, ასობით ათასი ბავშვი და ზრდასრული დაასახიჩრა და აშშ-სა და მისი მოკავშირეების დამამცირებელი დამარცხებით დასრულდა. 35 წლის შემდეგ, მე ვიყავი იმ მილიონობით ადამიანს შორის, რომლებიც მთელ მსოფლიოში გამოვიდნენ ქუჩებში ერაყში შეჭრის გასაპროტესტებლად, იმ ომის, რომლის აგრესიულმა და წინდაუხედავმა დაწყებამ დესტაბილიზაცია მოახდინა ახლო აღმოსავლეთში და სამყარო ნაკლებად უსაფრთხო გახადა.

რვა წლის წინ, როდესაც პუტინის მიზნები უკრაინაში უფრო აშკარა გახდა დანარჩენი მსოფლიოსთვის, რუსი და უკრაინელი ბიზნეს ლიდერების მობილიზება დავიწყეთ, რომ ისინი თავიანთ ქვეყნებს შორის ვითარების მშვიდობიანი მოგვარების მომხრენი გამხდარიყვნენ. მახსოვს მრავალი ფასეული შეხვედრა და ზარები პოლიტიკისა და ბიზნესის ლიდერებთან და ექსპერტებთან, ამ პერიოდში ჩვენ გაცილებით უკეთ ჩავწვდით ძალაუფლების დინამიკას, რომელიც ამ კონფლიქტს ამწვავებს.

ჩვენ ასევე სულ მალე გავიგეთ, რომ არც ერთ ჩვენს რუსულ კონტაქტს არ გამოუთქვამს პროტესტი რუსეთის სამხედრო ინტერვენციის გამო, მართალია, ისინი პირად საუბრებში წინააღმდეგნი იყვნენ, მაგრამ არ აღმოჩნდნენ მზად საჯაროდ ამოეღოთ ხმა. ჩვენ საქმიანი წრეების სახელით გამოვაქვეყნეთ განცხადება, რომელსაც სიხარულით მოაწერეს ხელი დასავლელმა და უკრაინელმა ბიზნეს ლიდერებმა, მაგრამ ერთი რუსული ხელმოწერაც კი ვერ მივიღეთ, რადგან მოსკოვის რეჟიმის მხრიდან რეპრესიების შიში ძალიან დიდი იყო.

თუმცა, მაშინაც და ახლაც, ისინი, ვისაც ვესაუბრე, ერთ აზრზე იყვნენ, რომ ნებისმიერ ომს რუსეთსა და უკრაინას შორის დამანგრეველი და საშინელი შედეგები მოჰყვებოდა. პირველ რიგში, ეს რუსეთისა და მისი პრეზიდენტის კიდევ უფრო დიდ იზოლირებას გამოიწვევდა დანარჩენი მსოფლიოსგან და რუსეთის ეკონომიკას დაანგრევდა.

და რა თქმა უნდა, ეს უზარმაზარ ზარალს და ტანჯვას მოიტანდა და უკლებლივ ყველას შეეხებოდა, ახალგაზრდებსაც და მოხუცებსაც, რომლებიც ცდილობენ მშვიდად იცხოვრონ საზღვრის ორივე მხარეს. როგორც ხშირად ხდება, აგრესიის დიდი წილი სწორედ მშვიდობიან მოსახლეობას დააწვება. სისხლიანი სამოქალაქო ომი სირიაში, რომელშიც რუსულმა ჯარებმა და დაქირავებულებმა საშინელი როლი შეასრულეს სრულიად ნათელი შეხსენებაა იმისა, თუ რა დევს სასწორზე.

ეს არ არის იმ ტიპის კონფლიქტი, რომელსაც პრეზიდენტი პუტინი გრძელვადიან პერსპექტივაში მოიგებს. მიუხედავად იმისა, რომ მას ნაკლებად აინტერესებს რას ფიქრობს მსოფლიო მის გეოპოლიტიკურ ამბიციებზე, მას ძალიან უნდა აინტერესებდეს, როგორი იქნება მისი ქვეყნის მომავალი.

უბრალო რუსები რაღაც მომენტში მიხვდებიან, რომ ისინი უკეთესს იმსახურებენ, განსაკუთრებით თუ სიტუაცია იქამდე მივა, რომ უკრაინელები აჯანყდებიან, თავიანთი სახლების, სოფლებისა და ქალაქების დასაცავად, და ეს დააბრუნებს ავღანეთში საბჭოთა მარცხის აჩრდილს და დიდ მსხვერპლს რუსი ვაჟების, ძმებისა და მამების სახით.

ბიზნეს ლიდერები ზუსტად ახლა უნდა გაერთიანდნენ და მხარი დაუჭირონ უკრაინის სუვერენიტეტს. თუნდაც ამის გამო გარკვეული ფასის გადახდა მოგვიხდეს, ყველა ჩვენგანმა მკაფიო გზავნილი უნდა გავაგზავნოთ, რომ ცალმხრივი აგრესია ყოველთვის მიუღებელია და რომ გლობალური ბიზნეს საზოგადოება მხარს დაუჭერს სანქციების სრულ სპექტრს ნებისმიერი ქვეყნის წინააღმდეგ, რომელიც სხვისი სუვერენიტეტის შელახვას ცდილობს.

ინდუსტრიული ტრენდები

თანამშრომელი - კომპანიის მთავარი ღირებულება

ბუღალტრული და აუდიტორული კომპანია "ფინო" - 13 წელი ქართულ ბაზარზე