"ჩვენ გადავწყვიტეთ, გადახდილი თანხა სრულად დავუბრუნოთ ნებისმიერს, ვისაც არ მოეწონება და დაგვიწუნებს კერძს" – უმმი
You're reading Entrepreneur Georgia, an international franchise of Entrepreneur Media.
მინიმალისტური სამზარეულოს კონცეფციის მქონე კაფემ "უმმი", რომელიც ე.წ. უმმჭამელობის პრინციპებზე დაყრდნობით მხოლოდ ჯანსაღ, ცოცხალ, მცენარეულ და თერმული დამუშავების გარეშე მომზადებულ პროდუქტს სთავაზობს სტუმრებს, გადაწყვიტა, რომ ნებისმიერს, ვისაც არ მოეწონება მათი კერძი, გადახდილ თანხას სრულად დაუბრუნებს.
"მომხმარებელზე ზრუნვა, მათ სურვილებზე ორიენტირება და სოციალური პასუხისმგებლობა ჩვენთვის პრიორიტეტია. სწორედ ამიტომ, გადავწყვიტეთ, ნებისმიერ ჩვენს სტუმარს, რომელსაც არ მოეწონება ჩვენი კერძი, ამა თუ იმ სუბიექტური თუ ობიექტური მიზეზის გამო, თანხის 100%-ს დავუბრუნებთ და ცხადია, ვეცდებით გავითვალისწინოთ ყველა ის უკუკავშირი, რომელსაც მათგან მივიღებთ", − აცხადებს "უმმის" თანადამფუძნებელი, სალომე კალანდაძე, − "მნიშვნელოვანია, თანამედროვე ბიზნესებმა მაღალი სტანდარტი შესთავაზონ ბაზარს, რათა შემდგომ ეს გამოცდილება მომხმარებელთათვის ნორმად იქცეს და სხვა ბიზნესებიც იძულებული გახდებიან მოერგონ ახალ მოთხოვნებს. აბა, რომელი ბიზნესი გაბედავს და შემოგვიერთდება ამ წამოწყებაში?"
"უმმი" პროექტ "შარქ თენქ საქართველოს" პირველი სეზონის ერთ-ერთი გამარჯვებული გახლავთ. თავდაპირველად, ეს სტარტაპი საზოგადოებამ "სხივის" სახელით გაიცნო, თუმცა რებრენდინგის შემდეგ, მას "უმმი" ეწოდა, რაც ზედმიწევნით გამოხატავს კომპანიის კონცეფციას. "უმმის" დამფუძნებლები სალომე კალანდაძე და მარიამ გოგიტიძე არიან, რომლებმაც რამდენიმე წლის წინ ცხოვრების სტილისა და კვების რაციონის შეცვლა და ე.წ. უმმჭამელობა გადაწყვიტეს. როგორც თავად აცხადებენ, მცენარეული, ცოცხალი, თერმული და ქიმიური დამუშავების გარეშე სერვირებული საკვები ზრდის ენერგიულობასა და პროდუქტიულობას, აუმჯობესებს განწყობას, არეგულირებს წონასა და ძილის ხანგრძლივობას და სხვადასხვა დაავადების გაჩენის რისკს მკვეთრად ამცირებს.მათ კაფეში ვერ ნახავთ ტაფას, ქვაბს ან სხვა სტანდარტულ სამზარეულო ინვენტარს, ვინაიდან "უმმის" კერძები არც თერმულად მუშავდება და არც ქიმიურად. გარდა ამისა, ისინი არ იყენებენ შაქარს და მარილს, ხოლო ამ ყველაფრის წყალობით, გამოყენებული ინგრედიენტები სასარგებლო თვისებებს 100%-ით ინარჩუნებენ.
ასევე აღსანიშნავია, რომ "უმმი" აქტიურად იყენებს სხვადასხვა მცენარის გაღივებულ თესლებსა და მარცვლებს. გაღივების პროცესში თესლში კოლოსალური რაოდენობის ენერგია აკუმულირდება და საკვების ენერგეტიკული ღირებულება ათმაგდება.
"უმმი" არის ონლაინპლატფორმაც, სადაც მომხმარებელს სხვადასხვა ჯანსაღი პროდუქტის შეძენას სთავაზობენ და იგი ხელმისაწვდომია როგორც სოციალურ ქსელში, ისე მათ ვებგვერდზეც.
"შარქ" პავლე მგელაძესთან თანამშრომლობით, სალომემ და მარიამმა რებრენდინგის პროცესი პრაქტიკულად დაასრულეს. შემუშავდა ახალი მენიუ, დაემატა პროდუქციის ნაირსახეობა და კონცეფციის გათვალისწინებით დაიხვეწა თავად კაფეს დიზაინიც. სალომე კალანდაძის თქმით, უახლოეს მომავალში "უმმის" გაღივებულ მარცვლეულს მომხმარებელი უკვე სხვადასხვა სუპერმარკეტშიც იხილავს.