Get All Access for $5/mo

ეკონომიკის ცოდნა, როგორც უკეთესი მომავლის წინაპირობა "საქართველოს ბანკის" მხარდაჭერით, საქართველოში პირველი ეკონომიკის ოლიმპიადა იმართება

You're reading Entrepreneur Georgia, an international franchise of Entrepreneur Media.

ეკონომიკაზე საუბრისას პირველი, რაც ალბათ ყველას გვახსენდება, მათემატიკური გამოთვლები და სტატისტიკაა. თითქოს ეკონომიკა განყენებული მეცნიერებაა, რომელიც ჩვენგან დამოუკიდებლად ქვეყნის კეთილდღეობას განაპირობებს. თუმცა, ხშირად ვერ ვაცნობიერებთ, რომ ის თითოეული ჩვენგანის ყოველდღიურობის ნაწილია და ჩვენი გადაწყვეტილებებიც მისი განვითარების პროცესში მნიშვნელოვან როლს თამაშობს.

"ეკონომიკა არა მხოლოდ ქვეყნის, არამედ თითოეული ჩვენგანის ცხოვრებას განსაზღვრავს − თუმცა, ეს ურთიერთქმედება მხოლოდ ცალმხრივი არ არის. ეკონომიკურ პროცესებზე ზეგავლენას ჩვენი ყოველდღიური გადაწყვეტილებებიც ახდენენ.

ამიტომ, უკეთესი, უფრო გონივრული და გაცნობიერებული არჩევანისთვის აუცილებელია ახალგაზრდებს სკოლის ასაკიდანვე ვასწავლოთ ეკონომიკის საფუძვლები", − ასე იწყება ჩვენი საუბარი მასწავლებლებთან ეკონომიკის ოლიმპიადის შესახებ, რომელიც საქართველოში პირველად ტარდება.

ეკონომიკურ პროცესებში ადამიანები ადრეული ასაკიდანვე ერთვებიან − ნებისმიერი არჩევანი, რომელსაც ყოველდღიურად ვაკეთებთ, შესაძლებელია ეკონომიკურ გადაწყვეტილებაში გადაითარგმნოს. იქნება ეს საწვავის დაზოგვის მიზნით საზოგადოებრივი ტრანსპორტით მგზავრობა თუ პირადი ავტომობილით გადაადგილებას შორის არჩევანი, მეგობრებთან ერთად კინოთეატრში წასვლა თუ შინ ფილმის ჩვენების მოწყობა და ა.შ.

ყოველი არჩევანის უკან მდგარი პოტენციური სარგებლისა და დანაზოგის (იქნება ეს ენერგია, დრო, ფული თუ სხვა) შეფასებისთვის კი ეკონომიკის ცოდნა აუცილებელი პირობაა, რომელიც უფრო ეფექტიან და გააზრებულ არჩევანს განაპირობებს.

ახალგაზრდებში ეკონომიკისადმი ინტერესის გაღრმავების მიზნით, "საქართველოს ბანკისა" და არასამთავრობო ორგანიზაცია GELi-ს ინიციატივით და თავისუფალი უნივერსიტეტის მხარდაჭერით, საქართველოში პირველი ეკონომიკის სასკოლო ოლიმპიადა ჩატარდება, რომელიც ჩეხეთში არსებული ეკონომიკური განათლების ინსტიტუტის (INEV) პროექტის "ეკონომიკის საერთაშორისო ოლიმპიადა" ფარგლებში იმართება.

აღნიშნული პროექტი მიზნად ისახავს, ახალგაზრდებში ეკონომიკური განათლების დონის ამაღლებას და სკოლის მოსწავლეების დაინტერესებას, რაც გრძელვადიან პერიოდში ხელს შეუწყობს ეკონომიკური ცნობიერების მქონე სამოქალაქო საზოგადოების ჩამოყალიბებას.

"დღეს მოსწავლეებს აქვთ მოტივაცია, შეიძინონ ისეთი უნარ-ჩვევები, რომლებიც მომავლის დაგეგმვაში დაეხმარებათ. სწორედ ამიტომ, მათ სურთ ეკონომიკის მიმართულებით მიიღონ კარგი განათლება და ხელი შეუწყონ ქვეყნის გაძლიერებას. სამწუხაროდ, დღესდღეობით საქართველოში ეკონომიკური ცნობიერება დაბალია. სწორედ ამიტომ, მიმაჩნია, რომ უკეთესი მომავლის შესაქმნელად ეკონომიკური განათლების ხელშეწყობა ძალიან მნიშვნელოვანია", − აღნიშნავს ნინო გიორგაძე, ბაღდათის მუნიციპალიტეტის სოფელ ფერსათის N2 საჯარო სკოლის მასწავლებელი.

მასწავლებლები თანხმდებიან, რომ ეკონომიკა ის მთავარი მამოძრავებელი ღერძია, რომელიც უკეთესი, უფრო ძლიერი საზოგადოებისა და ქვეყნის ჩამოყალიბებას განაპირობებს. სწორედ ამიტომ, ახალგაზრდებში ეკონომიკური განათლების ხელშეწყობისთვის ხაზგასმით საუბრობენ ეკონომიკის ოლიმპიადის მნიშვნელობის შესახებ.

ეკონომიკის ოლიმპიადა მოსწავლეებისთვის არის შესაძლებლობა, დაინახონ ეკონომიკის როლი მათ ყოველდღიურ ცხოვრებაში, იმუშაონ ამოცანებზე, რომელიც მათთვის კარგად ნაცნობ პრობლემებს ეხება და ამგვარად მოახდინონ ეკონომიკური აზროვნების ყოველდღიურ ცხოვრებაში იმპლემენტაცია.

როგორც ქალაქ გორის #2 საჯარო სკოლის "მეწარმეობის საფუძვლების" მასწავლებელი, ხალიანა ჩიტლაძე ამბობს, მოსწავლეებისთვის ეკონომიკური აზროვნება მნიშვნელოვანია, რადგან ეხმარება მათ, მიიღონ სწორი გადაწყვეტილებები და სწორად წარმართონ საკუთარი ფინანსური აქტივები.

მასწავლებლები აღნიშნავენ, რომ მოსწავლეების მიერ გამოვლენილი ინტერესის მიუხედავად, მათ არ აქვთ ჩამოყალიბებული ეკონომიკური აზროვნება. რადგან, ერთია, გესმოდეს ეკონომიკის მნიშვნელობა, და მეორე − იყენებდე მას ყოველდღიურ ცხოვრებაში.

"ახალგაზრდებს კარგად ესმით, რომ მათი მომავალი ცხოვრება და ნებისმიერ საქმეში წარმატება ეკონომიკის საბაზისო ცოდნაზეა დამოკიდებული. თუმცა, როდესაც მათ ყოველდღიურ ქცევას ვაკვირდებით, ვხედავთ, რომ მოსწავლეებს არ აქვთ ჩამოყალიბებული ეკონომიკური აზროვნება − ისინი ვერ მართავენ ფინანსებს ეფექტიანად და არ ესმით საკუთარი არჩევანის მონეტარული თუ ალტერნატიული დანახარჯი", − აღნიშნავს თამარ ცქიფურიშვილი, ლაგოდეხის მუნიციპალიტეტის სოფელ აფენის N1 საჯარო სკოლის მასწავლებელი.

მართალია, ეკონომიკის საკითხები სამოქალაქო განათლების სილაბუსში გარკვეულწილად ინტეგრირებულია და ასევე, სკოლების ნაწილი არჩევით საგნად ასწავლის მას, თუმცა, ვინაიდან ამ საგნების დიდი ნაწილი არჩევითია, ახალგაზრდების მხრიდან სასწავლო პროცესში ჩართულობა დაბალია.

მასწავლებლები მიიჩნევენ, რომ ეკონომიკის ოლიმპიადის მეშვეობით, მოსწავლეებს ექნებათ უფრო მეტი სურვილი და მოტივაცია, სიღრმისეულად გაეცნონ ეკონომიკის სფეროს, ისწავლონ და მიიღონ მეტი სარგებელი, რიგ შემთხვევაში კი საკუთარი კარიერა ეკონომიკასაც დაუკავშირონ.

"ვიმედოვნებ,ეს ინიციატივა იქნება წინგადადგმული ნაბიჯი, რომელიც ხელს შეუწყობს ახალგაზრდებში ეკონომიკისადმი ინტერესის გაღრმავებასა და სამოქალაქო ცნობიერების მქონე საზოგადოების ჩამოყალიბებას", − აღნიშნავს ნინო გიორგაძე.

აღსანიშნავია, რომ ეკონომიკის სასკოლო ოლიმპიადა თებერვლის ბოლოს გაიმართება, რომელშიც მონაწილეობას მე-10, მე-11 და მე-12 კლასის მოსწავლეები მიიღებენ.

საქართველოს მასშტაბით, ოლიმპიადა ორ რაუნდად ჩატარდება − პირველი ეტაპი თბილისის სკოლებისთვის 26 თებერვალს თავისუფალ უნივერსიტეტში, საქართველოს მასშტაბით არსებული სკოლებისთვის კი 27-28 თებერვალს სკოლებში გაიმართება. მეორე რაუნდი კი ივნისში, თავისუფალ უნივერსიტეტში ჩატარდება, საიდანაც საუკეთესო შედეგის მქონე ათი მოსწავლე შეირჩევა და ისინი ეროვნული რაუნდის ჟიურისთან გაივლიან გასაუბრებას.

ოლიმპიადაში მონაწილეობის მსურველებს ოლიმპიადისთვის მომზადება, ხოლო ეკონომიკით დაინტერესებულ მოსწავლეს ცოდნის ამაღლება "საღი აზრის ეკონომიკით" შეუძლიათ.

წიგნი ხელმისაწვდომია შემდეგ ბმულზე: https://www.geli.org.ge/ka

შერჩეული ხუთი საუკეთესო შედეგის მქონე ახალგაზრდა მონაწილეობას მიიღებს ეკონომიკის საზაფხულო ბანაკში და გაემგზავრება ეკონომიკის საერთაშორისო ოლიმპიადაზე სლოვაკეთში.

აღსანიშნავია, რომ ამ და სხვა არაერთი პროექტით "საქართველოს ბანკი" განათლების აქტიური მხარდამჭერია. ბანკი მთელი ქვეყნის მასშტაბით, რეგიონებსა თუ ქალაქებში, ახალგაზრდებს საგანმანათლებლო რესურსებზე წვდომის შესაძლებლობას აძლევს. ხელს უწყობს ფორმალურ და არაფორმალურ განათლებას. ბანკის კორპორაციული პასუხისმგებლობის ფარგლებში 35-ზე მეტი საგანმანათლებლო პროექტი განხორციელდა, მათში ჩართული ახალგაზრდების რაოდენობამ კი 100 000-ს გადააჭარბა.

Entrepreneur-ის გუნდი

Entrepreneur Staff

Entrepreneur საქართველოს გუნდი

ინდუსტრიული ტრენდები

თანამშრომელი - კომპანიის მთავარი ღირებულება

ბუღალტრული და აუდიტორული კომპანია "ფინო" - 13 წელი ქართულ ბაზარზე

ინსპირაცია

ცნობილი ადამიანები, რომლებმაც დიდ წარმატებამდე დიდი მარცხი იწვნიეს

წარმატებული ადამიანი იმიტომ არის წარმატებული, რომ მან იბრძოლა!