Get All Access for $5/mo

EM Technology - მიკროორგანიზმების მოწინავე ეფექტიანი ტექნოლოგია საქართველოში

You're reading Entrepreneur Georgia, an international franchise of Entrepreneur Media.

საქართველოს პირველი არხი სტარტაპერებს ფულადი და ინტელექტუალური ინვესტიციის მოპოვების შესაძლებლობას მეორედ შესთავაზებს. 20 აპრილს, 4 Emmy Awards-ის მფლობელი, ერთ-ერთი ყველაზე პოპულარული რეალითი შოუს – "Shark Tank საქართველოს" მეორე სეზონი დაიწყო. აღსანიშნავია, რომ შოუ პირველად 2001 წელს იაპონიაში "ფულის ვეფხვების" სახელით დაარსდა. "შარქ თენქში" მონაწილე ანტრეპრენერები "შარქების", ანუ ერთგვარი ჟიურის წევრების წინაშე წარადგენენ თავიანთ სტარტაპებს, არწმუნებენ ინვესტორებს ამ ბიზნესის პერსპექტიულობაში, პასუხობენ შეკითხვებს და პროექტის მოწონების შემთხვევაში, კომპანიის გარკვეული წილის სანაცვლოდ, კონკრეტულ თანხასა და ინტელექტუალურ მხარდაჭერას იღებენ. ამ პროექტმა უკვე მთელი მსოფლიოს მასშტაბით უამრავი ადამიანი საკუთარი ბიზნესის მფლობელად და მეწარმედ აქცია, ხოლო საქართველოში 2021 წლიდან 46 მონაწილე დამწყებ ბიზნესს შორის, ინვესტორების დაფინანსება 14-მა რჩეულმა მოიპოვა. "შარქ თენქ საქართველოს" პირველი სეზონის ფარგლებში 1.5 მილიონ ლარზე მეტი ინვესტიცია გაიცა.

"შარქ თენქ საქართველოს" გენერალური სპონსორია Visa − ციფრული გადახდების მსოფლიო ლიდერი, რომელიც ქართული ბიზნესის ერთგული მხარდამჭერია. Visa-ს როლი ბიზნეს-ეკოსისტემის განვითარებაში განსაკუთრებულია, რაც გულისხმობს ინოვაციური პროდუქტებისა და ტექნოლოგიების დანერგვას, პარტნიორობების ფორმატში განხორციელებულ არაერთ პროექტსა თუ ინიციატივას. სწორედ ასეთ პროექტებს მიეკუთვნება "შარქ თენქ საქართველო" − გადაცემა, რომელიც საქართველოს საზოგადოებრივი მაუწყებლის ეთერის საშუალებით, ბიზნესმენებსა და ინვესტორებს ერთმანეთთან აკავშირებს, ამარტივებს მათ შორის კომუნიკაციას, ზრდის როგორც ადგილობრივი ბიზნესების ცნობადობას, ასევე პროდუქტების გლობალურ ბაზარზე გატანის შესაძლებლობას.

შოუს მიმდინარე სეზონის ერთ-ერთი გამარჯვებული ქართული სტარტაპი EM Technology გახდა, რომელმაც ბიზნესის 40%-იანი წილის სანაცვლოდ, "შარქებისგან"− ქეთი ქვარცხავასა და სოსო ფხაკაძისგან 91 500 ლარის ოდენობის ინვესტიცია მოიზიდა.

მოგეხსენებათ, თანამედროვეობის ერთ-ერთი ყველაზე მწვავე გამოწვევა, ჯანსაღ პროდუქციაზე და საკვებზე შეზღუდული ხელმისაწვდომობაა, რაც უპირველესად მავნე ნივთიერებებით ნიადაგის დაბინძურებამ განაპირობა. ნიადაგის აღდგენისათვის კი აუცილებელია სასარგებლო მაკრო და მიკროელემენტებით დაბალანსებული სასუქის შეტანა, თუმცა მათი სიძვირისა და ტექნოლოგიური სირთულეების გამო, ამის შესაძლებლობა ფერმერთა მხოლოდ მცირე ნაწილს აქვს. წლების წინ, ფიზიკა-მათემატიკის დოქტორმა მიხეილ ოდიშარიამ იაპონიიდან ინოვაციური ტექნოლოგიის − EM, ანუ ეფექტური მიკროორგანიზმების საქართველოში ჩამოტანა და ამ მიმართულების განვითარება გადაწყვიტა, ხოლო დღეს მიხეილის საქმეს მისი შვილი − პოლინა ოდიშარია აგრძელებს.

"კომპანიის შექმნის იდეის მთავარი წყარო და განმახორციელებელი იყო მამა − მიხეილ ოდიშარია, ფიზიკა-მათემატიკის დოქტორი, ხოლო მნიშვნელოვანი მოტივატორები დედა − დინარა არაყიშვილი (ცნობილი საზოგადო მოღვაწე, კომპოზიტორ დიმიტრი არაყიშვილის შვილიშვილი) და ბებია, დარეჯან მეგრელიძე − ჩემი მეორე დედა და აღმზრდელი. EM-ტექნოლოგია, თავის მხრივ მრავალფუნქციურია და გამოიყენება სახალხო მეურნეობის სხვადასხვა დარგში, როგორიცაა: მემცენარეობა, მეფრინველეობა, მეცხოველეობა, ეკოლოგია და სხვა. EM ამაღლებს მოსავლიანობას, აუმჯობესებს მცენარეთა და ცხოველთა იმუნურ სისტემას, აღადგენს დაზიანებულ ნიადაგს და რაც მთავარია, იგი ეკოლოგიურად სუფთა და ჯანსაღი პროდუქტია, არ შეიცავს გენეტიკურად შეცვლილ მიკროორგანიზმებს და სრულიად უსაფრთხოა ადამიანებისა და ეკოსისტემისათვის", − აღნიშნავს პოლინა, − "მყავდა მომხმარებელთა პატარა ჯგუფი, თუმცა "შარქ თენქ საქართველოს" შემდეგ მათმა რაოდენობამ საკმაოდ მოიმატა. გუნდში ამჟამად მე, სოსო ფხაკაძე და ქეთი ქვარცხავა ვართ. აქამდე საქმიანობაში მეგობრები მეხმარებოდნენ და სამომავლოდ გუნდს ახალი წევრებიც შეემატებიან".

ხსნარის სახით წარმოდგენილი კონცენტრატი, რომელიც 86 სახეობის მიკროორგანიზმისგან შედგება, სრულიად უსაფრთხოა, არ შეიცავს გენეტიკურად მოდიფიცირებულ დანამატებს და სოფლის მეურნეობის სხვადასხვა დარგში აქტიურად გამოიყენება. პოლინა ამჟამად სოციალური ქსელების საშუალებით ცდილობს საკუთარი პროდუქციის რეალიზებას და ჰყავს ერთგულ მომხმარებელთა მცირე ჯგუფიც, თუმცა საქმიანობის გასაფართოებლად არასაკმარისი რესურსების გამო, მან "შარქ თენქში" მონაწილეობა და პოტენციურ ინვესტორთა დაინტერესება გადაწყვიტა.

"შარქ თენქ საქართველო" ძალიან კარგი პროექტია. ყოველთვის მინდოდა მსგავსი ტიპის შოუში მიმეღო მონაწილეობა, ვინაიდან იგი საშუალებას აძლევს ადამიანებს, შექმნან და განავითარონ ინოვაციური ტექნოლოგიები და პროდუქტები. რაც მთავარია, ამ პროექტს საოცრად კარგი გუნდი ჰყავს და მადლობელი ვარ მათი გვერდით დგომისა და დახმარებისათვის. "შარქებისაგან" ფინანსური მხარდაჭერის გარდა, მნიშვნელოვანი გამოცდილების გაზიარებასა და ახალი ბიზნესუნარების დაუფლების შესაძლებლობას ვიღებთ, რაც შეუფასებელი წვლილია ნებისმიერი კომპანიისათვის", − აცხადებს პოლინა ოდიშარია, − "სამომავლო გეგმებს ჯერჯერობით საიდუმლოდ დავიტოვებ, თუმცა ამ ეტაპზე მიმდინარეობს კომპანიის რეორგანიზაცია და სულ მალე საზოგადოებას საინტერესო სიახლეებით დავუბრუნდებით".

არჩილ გელაშვილი

Entrepreneur Staff

ჟურნალისტი, Entrepreneur Georgia

ინდუსტრიული ტრენდები

თანამშრომელი - კომპანიის მთავარი ღირებულება

ბუღალტრული და აუდიტორული კომპანია "ფინო" - 13 წელი ქართულ ბაზარზე