Founders Gap - ახალი პროგრამა BTU-ს მეწარმეობის ცენტრისგან ქალების მიერ შექმნილი სტარტაპების მხარდასაჭერად
You're reading Entrepreneur Georgia, an international franchise of Entrepreneur Media.
ბიზნესისა და ტექნოლოგიების უნივერსიტეტის მეწარმეობის ცენტრი ქალების მიერ შექმნილი სტარტაპების მხარდასაჭერად, ახალ პროექტს - Founders Gap იწყებს. ზოგადად, Founders Gap საერთაშორისო ფრაზაა, რომელიც ქალ და მამაკაც მეწარმეებს შორის რაოდენობრივ სხვაობას აღნიშნავს. ქალი მეწარმეებისა და დამფუძნებლების რიცხვი მნიშვნელოვნად ჩამოუვარდება მამაკაცებისას, რაც აქტუალური პრობლემაა არა მხოლოდ საქართველოში, არამედ მთელ მსოფლიოში. ამ ტენდენციის გამყარებას ხელს უწყობს ის ფაქტიც, რომ მამაკაცებს მეტი წვდომა აქვთ ფინანსებზე და, შესაბამისად, მათ ხელთაა მეტი შესაძლებლობა, გახდნენ მეწარმეები.
BTU, რომელიც დაარსების დღიდან სამეწარმეო ეკოსისტემის განვითარებაზე აქტიურად მუშაობს და ჩართულია ქალთა გაძლიერების პროექტებშიც, სწორედ ამ სტრატეგიის ფარგლებში ქალების ტექნოლოგიებში გაძლიერების მიზნით ახორციელებს პროექტს "500 ქალი ტექში". ამ გადამზადების მასშტაბური პროექტის ნაწილია მეწარმეობის ბუთქემფი, რომლის პირველი ეტაპი 19 ივნისს დაიწყება და ის რამდენიმე დღე გაგრძელდება. BTU-ს მეწარმეობის ცენტრის ხელმძღვანელის თაკო ჯაფარიძის განმარტებით, ისინი ქალებს ტექნოლოგიური განათლებით აძლიერებენ და, ამავდროულად, აძლევენ შესაძლებლობას, რომ მიღებულ ცოდნაზე დაფუძნებით საკუთარი სტარტაპი შექმნან.
"ჩვენი დღევანდელი რეალობიდან გამომდინარე გადავწყვიტეთ პროექტის "500 ქალი ტექში" ფარგლებში გაგვეკეთებინა მეწარმეობის ბუთქემფი. ჩვენს ბენეფიციარებს მივცემთ დამატებით ცოდნას მეწარმეობისა და სტარტაპების შესახებ. ეს არის ეკოსისტემა, რომელიც მუდმივად იზრდება და ვითარდება. მნიშვნელოვანია, ქალებიც სამეწარმეო ეკოსისტემის ნაწილი იყვნენ. ჩვენ მათ ვაძლიერებთ ტექნოლოგიური განათლებით და ამავდროულად ვაძლევთ შესაძლებლობას, რომ ამ ცოდნაზე დაფუძნებით საკუთარი სტარტაპები შექმნან, უფრო მეტ შესაძლებლობაზე გაეხსნათ წვდომა. ამ პროექტებით ვცდილობთ დავძლიოთ Founders Gap, რომელიც დღეს გვაქვს. ეს დისბალანსი სხვადასხვა სოციალურ-კულტურული ნორმიდან გამომდინარე არსებობს და ის მსოფლიოს მრავალ ქვეყანაშია აქტუალური. სამწუხაროდ, ნაკლები ქალია ჩართული სამეწარმეო ეკოსისტემაში, ნაკლები წვდომა აქვთ ფინანსებზე, მემკვიდრეობასა და ქონებაზეც. ასეთი საკითხებისგან იქმნება დისბალანსი, რომლის აღმოფხვრასაც დღეს ვცდილობთ," - განმარტავს თაკო ჯაფარიძე.
სპეციალურ ბუთქემფს გაივლის პროექტის "500 ქალი ტექში" ყველა ბენეფიციარი. ამჟამად პროექტის პირველი ეტაპი მიმდინარეობს, რომლის ყველა მონაწილეც 19 ივნისიდან რამდენიმე დღიანი ბუთქემფის მონაწილე იქნება. მეორე და მესამე ეტაპის დასრულების შემდეგ კი ბუთქემფს მისი მონაწილეებიც გაივლიან.
BTU-ს სამეწარმეო ცენტრის ხელმძღვანელის განმარტებით, ბენეფიციარებს გადამზადების კურსებისა და ბუთქემფის გარდა, Founders Gap-ის დასაძლევად მენტორშიპის პროგრამასაც სთავაზობენ. ის მოიცავს კონსულტაციებს სხვადასხვა მიმართულებით, მათ შორის, ფინანსებსა და მარკეტინგში. შედეგად, ბენეფიციარებს მეტი რესურსი აქვთ, ფინანსებზე წვდომა მოიპოვონ.
მეწარმეობისა და, ზოგადად, სამეწარმეო ეკოსისტემის განვითარებაში BTU დაარსების დღიდან აქტიურადაა ჩართული. მეწარმეობის ცენტრი ბიზნესისა და ტექნოლოგიების უნივერსიტეტისა და მსოფლიოს უმაღლეს რეიტინგში მყოფი ჰენლის მეწარმეობის ცენტრთან პარტნიორობით, სილიკონ ველი თბილისის ბაზაზე 2019 წელს ოფიციალურად გაიხსნა. ცენტრის მიზანია, გაზარდოს მეწარმეთა განვითარების და ფინანსებთან წვდომის შესაძლებლობა, ჩაატაროს კვლევები, ხელი შეუწყოს ეკოსისტემის ინტერნაციონალიზაციას, გააღრმაოს კერძო, საჯარო და აკადემიურ სივრცეებს შორის დისკუსია, ინიციირება გაუკეთოს ქვეყანაში მეწარმეობის განვითარებისთვის საჭირო საკანონმდებლო თუ სხვა ცვლილებებს და ინოვაციური ეკოსისტემის ფორმირებას.
2021 წლიდან ბიზნესისა და ტექნოლოგიების უნივერსიტეტი MIT-ს Martin Trust Center-ის წევრი გახდა. შეთანხმება ქვეყანაში სამეწარმეო გარემოს გაუმჯობესებას, სტარტაპების მხარდაჭერასა და ინოვაციური პროცესების სტიმულირებას გულისხმობს. მასაჩუსეტსის ტექნოლოგიური ინსტიტუტი (MIT), მსოფლიოს ერთ-ერთი წამყვანი უნივერსიტეტი, საერთაშორისო ინოვაციური სამეწარმეო ეკოსისტემის მნიშვნელოვანი წევრია. Martin Trust Center-ის აფილირებული ექსპერტები BTU-ში მართავენ ვებინარებსა და ვორკშოპებს, აზიარებენ ინდუსტრიის ანალიზის ყოველკვარტალურ მასალას. BTU-ს წევრობის პირობებში შესაძლებელი ხდება, აგრეთვე, MIT-ს მიერ ნიუ-იორკში, კემბრიჯსა და სილიკონ ველიში ორგანიზებულ აქსელერატორსა და დემო დღეზე, DELTA V-ში მონაწილეობა, კავშირების დამყარება ვენჩურულ ფონდებთან, ინვესტორებთან, სილიკონ ველის სტარტაპებთან.
რაც შეეხება BTU-ში მეწარმეობის სწავლებას, სტუდენტები პირველი კურსის პირველი სემესტრიდან სწავლობენ მეწარმეობის საფუძვლებს, ქმნიან საკუთარ სტარტაპებს და ერთვებიან ინკუბაციის პროცესში. კურსის მიზანია, სტუდენტს მისცეს ზოგადი ცოდნა მეწარმეობის მიმართულებით, გააცნოს მას ახალი ბიზნესის დაწყების შესაძლებლობების განხილვიდან, იდეების გენერირების და მის საბოლოო განხორციელებამდე არსებული ეტაპები, რათა სტუდენტმა შეძლოს ახალი ბიზნესის წამოწყება და სამეწარმეო საქმიანობა პირველივე დღიდან. მეწარმეობის კურსი შემუშავებულია BTU-სა და ჰენლის ბიზნეს სკოლას შორის არსებული შეთანხმების საფუძველზე, რის ფარგლებშიც ჰენლის ბიზნეს სკოლის მიერ მოწოდებული სასწავლო მასალები გამოიყენება. ეს კი ნიშნავს, რომ ქართველ სტუდენტებს შესაძლებლობა აქვთ მეწარმეობის საგანი ისწავლონ იმ უმაღლესი სტანდარტით, რომელიც მსოფლიოს საუკეთესოთა შორისაა აღიარებული.