Get All Access for $5/mo

Fulbright-ის პროგრამის სტიპენდიანტი გუგა ბურდული საქართველოს ბანკის გუნდს მონაცემთა მეცნიერების მიმართულებით შეუერთდა

You're reading Entrepreneur Georgia, an international franchise of Entrepreneur Media.

Fulbright-ის სასტიპენდიო პროგრამის 2020 წლის გამარჯვებული, საქართველოს ბანკის სტიპენდიანტი, 25 წლის გუგა ბურდული, რომელმაც ახლახან დაამთავრა Temple University-ის გამოთვლით მონაცემთა მეცნიერების (Computational Data Science) სამაგისტრო პროგრამაზე სწავლა, საქართველოში დაბრუნდა და ივნისიდან საქართველოს ბანკში მონაცემთა მეცნიერის (Data Scientist) პოზიციაზე დაიწყო მუშაობა.

"საქართველოში დაბრუნება თავიდანვე გადაწყვეტილი მქონდა, სანამ სასწავლებლად წავიდოდი. ვთვლი, რომ ჩემი ადგილი აქ არის, არ მაქვს სურვილი სხვაგან ცხოვრების. Fulbright-ის სტიპენდიის იდეაც ეს არის, მოგცეს შესაძლებლობა, ცოდნა გაიღრმავო ამერიკაში სწავლით, შემდეგ კი დაბრუნდე და ეს გამოცდილება შენს ქვეყანას მოახმარო. ამიტომ უკან დაბრუნების გადაწყვეტილება ჩემთვის რთული მისაღები არ იყო", - აცხადებს გუგა, - "საქართველოს ბანკი ერთ-ერთი უდიდესი კომპანიაა საქართველოში, რომელიც აქტიურად იყენებს მონაცემთა მეცნიერებას მომხმარებელზე მორგებული გარემოს შესაქმნელად. მე ვიყავი საქართველოს ბანკის რჩეული 2020 წლის "ფულბრაითელებს" შორის, სწორედ მათ მომცეს საშუალება სრულიად უფასოდ მესწავლა ამერიკაში. აქ მუშაობს ჩემი უამრავი მეგობარი და ვიცოდი, რომ ძალიან კარგი სამუშაო გარემო და ხალხი დამხვდებოდა. შესაბამისად, ჩემი გადაწყვეტილებაც, საქართველოს ბანკში მუშაობის დაწყების თაობაზე ამ ყველაფერს უკავშირდება".

როგორც გუგა აღნიშნავს, Data Science, იგივე მონაცემთა მეცნიერება დღესდღეობით თითქმის ყველა კომპანიაში საჭირო მიმართულებაა. ციფრული ტრანსფორმაციის დაჩქარებულმა ტემპმა, ადამიანებს უბიძგა ინფორმაცია ფურცლების ნაცვლად ელექტრონულ ბაზებში შეენახათ, რამაც ამ ინფორმაციის ეფექტურად დამუშავების საჭიროება წარმოშვა. მონაცემთა მეცნიერების მიზანია, მაქსიმალურად მომხმარებელზე მორგებული, კომფორტული გარემოს შექმნა, შეცდომების ანალიზი და გამოსწორება. მონაცემთა მეცნიერების დახმარებით, კომპანიებს აქვთ საშუალება წინასწარ დაადგინონ მომხმარებლის სურვილები და მაქსიმალურად მასზე მორგებული პროდუქტი შესთავაზონ. რადგან თანამედროვე სამყაროში კონკურენცია ერთი სფეროს წარმომადგენელ კომპანიებს შორის ძალიან გაზრდილია, მონაცემთა მეცნიერების გარეშე კომპანიები უბრალოდ ვეღარ შეძლებენ იყვნენ ბაზარზე კონკურენტუნარიანები.

Entrepreneur დაინტერესდა, თუ რა გავლენა იქონია გუგაზე აშშ-ში გატარებულმა პერიოდმა და რა სახის ცოდნა თუ გამოცდილება შესძინა Temple უნივერსიტეტმა.

"აშშ-ში გატარებულმა ორმა წელმა ძალიან დიდი გავლენა იქონია, როგორც ჩემს აკადემიურ, ისე პიროვნულ განვითარებაზე. ორი წელი უცხო ქვეყანაში, უცხო გარემოში ცხოვრება ძალიან საინტერესო რაღაცებს აღმოგაჩენინებთ თქვენს თავში. სწავლის მხრივაც დიდი გამოცდილება მივიღე. გავიცანი ჩემს სფეროში მოღვაწე ბევრი წარმატებული ადამიანი, მქონდა საშუალება ცოდნა მიმეღო საუკეთესო ლექტორებისგან. მაგრამ ყველაზე მთავარი მაინც საკუთარ თავზე მუშაობის უნარის გაუმჯობესებაა. ამერიკული განათლება ინდივიდუალიზმზეა აწყობილი. საქმის 80% შენზეა დამოკიდებული, რამდენად ბევრს გააკეთებ და რამდენად კარგად იმუშავებ შენს თავზე. დარჩენილი 20% არის უნივერსიტეტი, საგნები და ლექტორები. იმ თეორიული და პრაქტიკული ცოდნიდან, რაც ამერიკაში მოღვაწეობით შევიძინე, საკუთარ თავზე მუშაობის სწავლას გამოვყოფდი. ეს არის უნარი, რომელიც უმნიშვნელოვანესია რა საქმესაც არ უნდა ვაკეთებდეთ", - ამბობს გუგა ბურდული.

როგორც უკვე აღვნიშნეთ, მიმდინარე წლის ივნისის თვიდან გუგა საქართველოს ბანკში მონაცემთა მეცნიერის პოზიციაზე შეუდგა მუშაობას. მისი თქმით კომპანიაში ადაპტაციის პერიოდი ძალიან მარტივი აღმოჩნდა და ამჟამად, იგი უკვე აქტიურად ერთვება პროექტებზე მუშაობის პროცესში. "მინდა ჩემი მიღებული თეორიული ცოდნა პრაქტიკაში გამოვიყენო და რეალური პროდუქტების შექმნაში მივიღო მონაწილეობა. უახლოესი გეგმა სწორედ ესაა. ასევე სექტემბრიდან თბილისის თავისუფალ სკოლაში მონაცემთა მეცნიერების საგანს გავუძღვები. უახლოეს მომავალში საქართველოს ბანკთან ერთადაც ვაპირებ აქტიურად დავუბრუნდე საგანმანათლებლო პროექტებს და ჩემი ცოდნა და გამოცდილება სხვებს გავუზიარო", - გვიამბობს Fulbright-ის საქართველოს ბანკის სტიპენდიანტი და ახლა უკვე ამავე ბანკის მონაცემთა მეცნიერი, გუგა ბურდული.

გუგა, Fulbright-ის პროგრამის აპლიკანტებსა და მომავალ სტიპენდიატებს რამდენიმე რჩევას უზიარებს:

  • დაიწყეთ აპლიკაციის შევსება რაც შეიძლება ადრე, ვინაიდან ეს ხანგრძლივი პროცესია, ბევრი ნაწილისგან შედგება და დროს კარგად გადაანაწილებთ.
  • არ შეგეშინდეთ კონკურენციის, აუცილებლად შეავსეთ აპლიკაცია და სცადეთ.
  • უარის მიღება გახადეთ თქვენი მოტივაცია და არ მისცეთ საკუთარ თავს დანებების საშუალება. პირადად მე, ორი სხვადასხვა გრანტიდან მქონდა უარი მიღებული სანამ "ფულბრაითის" გამარჯვებული გავხდებოდი.
  • აპლიკაციის შევსება შრომატევადია, დიდ ნებისყოფას მოითხოვს და ჩემი რჩევა იქნება მეგობარი ან მეგობრები აიყოლიოთ და ერთად გაიაროთ ეს პროცესი. ერთმანეთს დაეხმარებით და მოტივაციას მისცემთ, რაც უფრო ხალისიანს და შედარებით მარტივს გახდის პროცესს.
  • თუ მიზანი გაქვთ დასახული არ გაჩერდებით აუცილებლად გამოგივათ.

დღესდღეობით, ნიჭიერ და მოტივირებულ ახალგაზრდებს, აქვთ შესაძლებლობა გააგრძელონ სწავლა, მიიღონ ახალი გამოწვევები, მაღალი ხარისხის განათლება და მაქსიმალურად მოახდინონ თავიანთი პოტენციალის რეალიზება. საქართველოს ბანკი "ფულბრაიტთან" ერთად, მაგისტრის ხარისხის მიღების მსურველებს აძლევს შესაძლებლობას ჩააბარონ, აშშ-ის წამყვან უნივერსიტეტში 2-წლიან სამაგისტრო პროგრამაზე და მიიღონ 100%-იანი დაფინანსება საქართველოს ბანკისგან.

აღნიშნული დაფინანსების ფარგლებში მაგისტრის ხარისხის მოპოვებას თქვენთვის სასურველი მიმართულებით შეძლებთ, იქნება ეს: ბიზნესის ადმინისტრირება, საინჟინრო, ინფორმაციული ტექნოლოგიები თუ სხვა.

ინფორმაციისთვის, საქართველოს ბანკისა და საქართველოში აშშ-ის საელჩოს მხარდაჭერით, "ფულბრაიტის" 2023-2024 წლის სამაგისტრო პროგრამაზე სასტიპენდიო განაცხადების მიღება უკვე დაიწყო. აპლიკაციების მიღება 2022 წლის 1 აგვისტოს, 18:00 საათზე დასრულდება. კონკურსში მონაწილეობის მსურველებს დაწვრილებითი ინფორმაციის მიღება ამერიკის საელჩოს ვებგვერდზე, შემდეგ ბმულზე შეუძლიათ: https://go.usa.gov/xHmfF

არჩილ გელაშვილი

Entrepreneur Staff

ჟურნალისტი, Entrepreneur Georgia

ინდუსტრიული ტრენდები

თანამშრომელი - კომპანიის მთავარი ღირებულება

ბუღალტრული და აუდიტორული კომპანია "ფინო" - 13 წელი ქართულ ბაზარზე