გამოცხადდა საგრანტო კონკურსები სოციალური საწარმოების მხარდასაჭერად
You're reading Entrepreneur Georgia, an international franchise of Entrepreneur Media.
ბოლო წლებში ევროპასა და მსოფლიოს ბევრ ქვეყანაში სოციალური მეწარმეობა პოპულარული კონცეფცია გახდა. იგი გულისხმობს ბიზნესის არატრადიციული გზით კეთებას, რაც გამოიხატება იმაში, რომ სოციალური საწარმოს თავდაპირველი მიზანია კონკრეტული სოციალური ან გარემოსდაცვითი პრობლემების მოგვარება. ბიზნეს საქმიანობა კი წარმოადგენს სოციალური შედეგებისა და გავლენის მიღწევის ერთგვარ დამხმარე ინსტრუმენტს. ის მიზნად ისახავს საზოგადოების ისეთი პრობლემების გადაჭრას, როგორიცაა: შშმ პირთა და ქალთა ეკონომიკური გაძლიერება, კანონთან კონფლიქტში მყოფი პირების რესოციალიზაცია, ახალგაზრდული ინიციატივების მხარდაჭერა, გარემოს დაცვა და სხვ.
საქართველოს სტრატეგიული კვლევებისა და განვითარების ცენტრი (CSRDG) პირველი ორგანიზაციაა, რომელმაც 2009 წლიდან დღემდე სოციალური მეწარმეობის განვითარებისთვის და შესაბამისი ეკოსისტემის შექმნისთვის არაერთი პროექტი განახორციელა. ამჯერად CSRDG პარტნიორ ორგანიზაციებთან ერთად იწყებს ახალ პროექტს "სოციალური მეწარმეობის განვითარება მდგრადი და ინკლუზიური საზოგადოებისთვის".
პროექტი უნიკალური შესაძლებლობაა, ხელი შეუწყოს მოწყვლადი ჯგუფების სოციალურ-ეკონომიკურ გაძლიერებას და მათი ფუნდამენტური უფლებების დაცვას.
პროექტის მიზნებია:
- განავითაროს ქვეყანაში სოციალური მეწარმეობის ეკოსისტემა
- გააუმჯობესოს სამართლებრივი გარემო
- აამაღლოს ცნობიერება სოციალური მიზნების მქონე ბიზნესებისა და სოციალური მეწარმეობის პოზიტიური შედეგების შესახებ
- მოიპოვოს ფართო საზოგადოების მხარდაჭერა და მისცეს საშუალება სხვადასხვა სექტორს შეიტანოს თავისი წვლილი საზოგადოების კეთილდღეობაში
- მხარი დაუჭიროს სოციალური საწარმოების განვითარებაზე მორგებული დაფინანსების წყაროებისა და ეფექტური ტექნიკური დახმარებების შექმნას
- წაახალისოს ქსელური საქმიანობა
პროექტის ფარგლებში დაგეგმილია მრავალფეროვანი აქტივობები, მათ შორის საგრანტო კონკურსები მოქმედი სოციალური საწარმოებისა და დამწყები (start-up) სოციალური საწარმოს იდეებისთვის.
საქართველოს მასშტაბით მოქმედ სოციალურ საწარმოებს, რომლებსაც უკვე აქვთ ხელშესახები სოციალური გავლენა და ეკონომიკური შემოსავლები, ეძლევათ საქმიანობის გაფართოვებისა და განვითარების შესაძლებლობა. მათ შორის კოვიდ-პანდემიით გამოწვეულ ახალ რეალობასთან გამკლავების და კრიზისის დაძლევის მხრივ. სამი გამარჯვებული სოციალური საწარმოს ტექნიკური დახმარება გაგრძელდება 3 წლის განმავლობაში. კონკურსზე განცხადებების მიღების შეწყვეტამდე დარჩენილია 1 კვირა (განაცხადების შემოტანის ბოლო ვადა 30 ივნისია) (დეტალურად: https://bit.ly/3jaExo8 )
ახლახანს გამოცხადდა ახალი საგრანტო კონკურსი დამწყები (start-up) სოციალური საწარმოების იდეებისთვის. კონკურსში ჩართვა შეუძლია სასტარტო (Start-up) ეტაპზე მყოფ და ახალ სოციალურ საწარმოებს, რომლებიც საჭიროებენ დამატებით რესურსებს, რათა განახორციელონ ინოვაციური იდეები და შექმნან მდგრადი სოციალური საწარმო. პროექტის ფარგლებში შეირჩევა 10 ბიზნეს იდეა, რომლებსაც ექნებათ წვდომა ისეთ შესაძლებლობებთან, როგორიცაა: ფინანსური და ტექნიკური მხარდაჭერა (14 000 ევრომდე), კონსულტაციები და ტრენინგები ბიზნეს გეგმის წერისა და განვითარებისთვის, მარკეტინგი და გაყიდვები, რესურსების მობილიზება და სხვ. განაცხადების შემოტანის ბოლო ვადაა - 30 ივლისი (დეტალურად: https://bit.ly/3vR1fEM )
წლების განმავლობაში CSRDG-მ სხვადასხვა საგრანტო კონკურსის ფარგლებში უკვე დააფინანსა და მხარი დაუჭირა 40-მდე სოციალურ საწარმოს. ახალი პროექტის ფარგლებში კი CSRDG მხარს დაუჭერს ჯამში 10 ახალ და 6 მოქმედ სოციალურ საწარმოს.
საკონსულტაციოდ გთხოვთ მიმართოთ სამუშაო საათებში ანა ილურიძეს - სოციალური მეწარმეობის განვითარების პროგრამის პორტფელის მენეჯერს ekaterine.iluridze@csrdg.ge / 599 691112 .
პროექტის პარტნიორები:
პროექტი 3 წლიანია და მას ახორციელებს საქართველოს სტრატეგიული კვლევებისა და განვითარების ცენტრი (CSRDG) ევროკავშირისა და "პური მსოფლიოსთვის" (Brot) მხარდაჭერით. პროექტის პარტნიორები არიან: სოციალურ საწარმოთა ალიანსი (SEA), სამოქალაქო საზოგადოების ინსტიტუტი (CSI), საქართველოს სამოქალაქო განვითარების ასოციაცია (GCDA), საქართველოს დემოკრატიული განვითარების კავშირი (DDUG), ევროპული ვენჩურული ფილანტროპიის ასოციაცია (EVPA), ახალგაზრდობის სააგენტო.