GITA-მ და Pulsar-მა 650 000 ლარიანი საგრანტო ხელშეკრულება გააფორმეს
You're reading Entrepreneur Georgia, an international franchise of Entrepreneur Media.
ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს ინოვაციების და ტექნოლოგიების სააგენტოს 650 000 ლარიანი საგრანტო პროგრამის მე-2 რაუნდში გამარჯვებულმა კომპანიამ შპს "პულსარმა" ინოვაციების სააგენტოსთან საგრანტო ხელშეკრულება გააფორმა.
საგრანტო კონკურსში გამარჯვებული კომპანია ,,პულსარი" მუშაობს კლიენტს და ავტომობილის დილერს შორის სრულად ავტომატიზებული კომუნიკაციის შექმნაზე ხელოვნური ინტელექტის გამოყენებით. კომპანიის მიზანია, შექმნას ტექნოლოგია, რომელიც მისცემს საშუალებას ავტომობილების დილერებს სწრაფად და ეფექტურად მოემსახურონ პოტენციურ კლიენტებს ელექტრონული ფოსტის, მოკლე ტექსტური შეტყობინებისა თუ ვებ-ჩეთის საშუალებით.
Pulsar AI პირველი ქართული სტარტაპია, რომელმაც უკვე მოიზიდა 1,2 მილიონდოლარიანი ინვესტიცია "სილიკონის ველის" ინვესტორებისგან, რაც მას ამერიკის ბაზარზე დამკვიდრებაში და საქართველოში გუნდის გაზრდაში, ტექნოლოგიის კვლევასა და განვითარებაში დაეხმარება.
საქართველოს ინოვაციების და ტექნოლოგიების სააგენტომ 650 000 - ლარიანი საგრანტო პროგრამა, მსოფლიო ბანკის ფინანსური მხარდაჭერით, 2019 წლის 22 მაისს დაიწყო. პროგრამის მიზანია, მოახდინოს ინოვაციების, ინოვაციური საწარმოების შექმნის სტიმულირება და ჩართვა ქვეყნის ეკონომიკაში. პროგრამის მეშვეობით ქართული მიკრო, მცირე და საშუალო საწარმოები, რომელთაც გააჩნიათ პოტენციალი საკუთარი ინოვაცია განავითარონ და წარადგინონ მსოფლიოს დონეზე, მოახდენენ ინოვაციური პროდუქტის პოზიციონირებას გლობალურ ბაზარზე. პროგრამის ფარგლებში ფინანსდება გლობალური პოტენციალის მქონე პროდუქტი - ტექნოლოგიური ან ბიზნეს-პროცესული ინოვაცია, რომელიც ნათლად ასოცირებული იქნება საქართველოსთან.