''გლობალური სტარტაპ ფონდი'' 1 წლისაა ფონდის მიზანი საქართველოს სამეწარმეო ეკოსისტემის განვითარებაა
Opinions expressed by Entrepreneur contributors are their own.
You're reading Entrepreneur Georgia, an international franchise of Entrepreneur Media.
"გლობალური სტარტაპ ფონდი" 1 წლისაა. 2019 წლის 29 მაისს "სილიკონ ველი თბილისისა" და "ისრაელის სილიკონ ვადის" პარტნიორობის ფარგლებში, ის ოფიციალურად გახსნილად გამოცხადდა. ფონდმა თავიდანვე მიზნად საქართველოს სამეწარმეო ეკოსისტემის განვითარების მხარდაჭერა დაისახა და ამ მხრივ აქტიური ჩართულობა დააანონსა. ამისათვის ის მაღალტექნოლოგიური და ინოვაციური სტარტაპების აღმოჩენითა და საერთაშორისო ბაზარზე მათი კომერციალიზაციის ხელშეწყობითაა დაკავებული. ფონდი სტარტაპებს შესაბამისი დაფინანსების მოპოვებაში დახმარებასაც ჰპირდება. სწორედ ამ მიზნით, უკვე ორჯერ, საქართველოში დაფუძნებული სტარტაპების წარმომადგენლები საერთაშორისო მსხვილ, გამოცდილ ინვესტორებს შეხვდნენ, საკუთარი იდეები და საქმიანობა გააცნეს და დაფინანსების მოპოვებაც სცადეს.
აღსანიშნავია, რომ უკვე არსებული გამოცდილებით, ინვესტორები განსაკუთრებით აქტუალური ტექნოლოგიური ტრენდების მიმართულებით ინტერესდებიან, თუმცა ეს მათგან სხვა ტიპის სტარტაპებში ინვესტირების შანსს სულაც არ გამორიცხავს.
სწორედ "გლობალური სტარტაპ ფონდის" ებრაელ ინვესტორ დავიდ ზერასთან გააფორმა ხელშეკრულება ქართულმა კომპანია Influence Georgia-მ, რომელიც ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს ინოვაციებისა და ტექნოლოგიების სააგენტოს 650 000-ლარიანი საგრანტო პროგრამის მე-2 რაუნდის გამარჯვებულია. შესაბამისად, Influence Georgia-მ დაფინანსება 1 300 000 ლარის ოდენობით, GITA-სთან პარტნიორობით, ისრაელის ინვესტორისგან მიიღო.
თავად Influence Georgia სრულად ავტომატიზებულ ინფლუენს-მარკეტინგ პლატფორმას ავითარებს, რომელიც ორ ძირითად მიმართულებას − ელექტრონულ კომერციასა და მოგზაურობას მოიცავს.
დავიდ ზერას მენეჯმენტის მიმართულებით, 25-წლიანი გამოცდილება აქვს, ამასთანავე ის "სტარტაპ Screenz"-ის ერთ-ერთი შემქმნელი, მენტორი და მრჩეველია. აღსანიშნავია, რომ ეს კომპანია ციფრულ პლატფორმას 30-ზე მეტი მაუწყებლისა და საპროდიუსერო კომპანიისთვის ქმნის.
ასევე, გლობალური სტარტაპ ფონდის ინვესტორებს შორის არიან მენი ბენიში − "არქი ჯგუფის" დირექტორი, საქართველოს საპატიო ელჩი ისრაელში, YTONG-ის საბჭოს წევრი, Benish Group-ის დამფუძნებელი. ონლაინგაყიდვებსა და მარკეტინგში 20-წლიანი გამოცდილების მქონე პროფესიონალი.
გიორა ინბარი − მეწარმე და ბიზნესმენი ინფრასტრუქტურის, ენერგეტიკის, ვაჭრობისა და სამრეწველო კომპანიების მართვის დიდი გამოცდილებით. Kaman Holding-ის თანადამფუძნებელი, რომელიც 30 ინდუსტრიულ, სავაჭრო და ინფრასტრუქტურულ კომპანიას აერთიანებს. ამავდროულად, გიორა ინბარი სტრატეგიული საკონსულტაციო კომპანია Ofaky Denish-ის მფლობელი და აღმასრულებელი დირექტორია. კომპანია პროექტებს ენერგეტიკისა და ინფრასტრუქტურის მიმართულებით ახორციელებს.
რონენ მარკოვიჩი კომპანია Eshel, Marcovich & Cohen-ის დამფუძნებელი და მმართველია. ასევე, უძრავი ქონების საინვესტიციო კომპანია Boyya – Invest LLC-ის დამფუძნებელი ამერიკის შეერთებულ შტატებში. ის უძრავი ქონების მიმართულებით არაერთ საინიციატივო კომპანიასთან პარტნიორობს.
არონ შაინმანი კომპანია Solutum Technologies-ის თანადამფუძნებელი, თავმჯდომარე და აღმასრულებელი დირექტორია. შაინმანი ისრაელის საჰაერო ინდუსტრიის დამოუკიდებელი კონსულტანტი საავიაციო სისტემების განვითარების მიმართულებითაც იყო, იქამდე კი ისრაელის საჰაერო ძალების სამხედრო პილოტის სტატუსს ატარებდა.
სწორედ ასეთ გამოცდილ ადამიანებთან თანამშრომლობის მოტივაციით, "გლობალური სტარტაპ ფონდის" კონკურსის მეორე ეტაპზე 150-მდე სტარტაპი რეგისტრირდა. მრავალმილიონიანი საინვესტიციო პაკეტით, ინვესტორთა ჯგუფი მათგან მხოლოდ ექვსს შეხვდა.
შერჩეულ სტარტაპებს შორის არიან: Phubber App, Lingwing.com, Biliki App, Anima Chatbotics, Best Offer, Villam.
ფონდის მხარდამჭერია საქართველოს ინოვაციებისა და ტექნოლოგიების სააგენტო, რომელიც აგრეთვე შერჩეული სტარტაპების დაფინანსების შესაძლებლობებს Dollar to Dollar Basis ინიციატივის ფარგლებში განიხილავს.