Google, ილონ მასკის Starlink-ს ინტერნეტ-სერვისის მიწოდებაში დაეხმარება
You're reading Entrepreneur Georgia, an international franchise of Entrepreneur Media.
სულ ახლახან გაირკვა, რომ Google Cloud-მა და ილონ მასკის SpaceX-მა თანამშრომლობის შესახებ ხელშეკრულება გააფორმეს. 13 მაისს, ტექნოლოგიურმა გიგანტმა შეთანხმების შესახებ განაცხადა, რომლის მიხედვითაც Google, SpaceX-ს Cloud სისტემებით მოემსახურება. SpaceX თავის Starlink-ის სადგურებს Google-ის მონაცემთა ანალიზის ცენტრებში დაამონტაჟებს, ხოლო შემდეგ, ინტერნეტსერვისის ქსელურ და ტექნიკურ მხარდაჭერას თავად Google Cloud უზრუნველყოფს.
"Starlink-ის ახალი თაობის მაღალსიჩქარიანი კავშირისა და Google-ის ინფრასტრუქტურისა და შესაძლებლობების სინთეზით, გლობალურ ორგანიზაციებს ისეთ უსაფრთხო და სწრაფ ინტერნეტს შევთავაზებთ, როგორსაც ისინი მოელიან" − ამბობს გვინ შოტველი, SpaceX-ის პრეზიდენტი და აღმასრულებელი საოპერაციო დირექტორი, − "ჩვენ ვამაყობთ Google-თან თანამშრომლობითა და იმით, რომ ბიზნესების, საჯარო სექტორისა და სხვა დაინტერესებული მხარეებისათვის, უმაღლესი ხარისხის ინტერნეტმომსახურების მიწოდების საშუალება მოგვეცემა".
Starlink-ის პროგრამით, SpaceX ინდივიდუალური მოხმარების, ორგანიზაციებისა და საჯარო სექტორისათვის მაღალსიჩქარიანი, ახალი თაობის ინტერნეტის შეთავაზებას გეგმავს, რომელიც ოპტიკურ-ბოჭკოვანი ქსელების ნაცვლად, უსადენოდ, პირდაპირ თანამგზავრებიდან იქნება ხელმისაწვდომი. როგორც Starlink-ში აცხადებენ, კორპორაციული კლიენტების მომსახურება უკვე მიმდინარე წლის მეორე ნახევრიდან შეეძლებათ. Google-ისა და SpaceX-ის პარტნიორობა მომხმარებელს Cloud-სერვისებზე, ასევე ანალიტიკურ და ე.წ. Machine Learning-აპლიკაციებზე წვდომის საშუალებას მისცემს.
ამ ეტაპზე, Starlink-ის პროექტი ბეტა-ტესტირების სტადიაზეა, რომელშიც მონაწილეობას 10 000-ზე მეტი მომხმარებელი იღებს. კომპანიამ დედამიწის ორბიტაზე 1500 თანამგზავრი გაუშვა, რომლებიც დედამიწაზე ინტერნეტთან უსადენო წვდომას უზრუნველყოფს, ხოლო სამომავლოდ, ილონ მასკი და მისი ორგანიზაცია 40 000-მდე თანამგზავრის გამოყენებით, პლანეტის სრულად მოცვასა და ქსელის საყოველთაო გავრცელების ხელშეწყობას გეგმავს.