Hotel Gistola in Mestia - პირველი 5-ვარსკვლავიანი სასტუმრო სვანეთის რეგიონში
By თეკლა ადამია
Opinions expressed by Entrepreneur contributors are their own.
You're reading Entrepreneur Georgia, an international franchise of Entrepreneur Media.
"გისტოლა" პირველი 5-ვარსკვლავიანი სასტუმროა სვანეთში, რომელიც ქართულ ბაზარზე 2021 წლიდან ოპერირებს და მესტიაში ჩასულ დამსვენებლებს ევროპული ხარისხის მომსახურებას სთავაზობს.
სვანეთი ტურისტულად დიდი პოტენციალის მქონე კუთხეა. იგი იდეალური ადგილია არა მხოლოდ იმ ადამიანებისთვის, ვისაც სუფთა ჰაერსა და ლამაზ გარემოში სურთ ოჯახთან ერთად დასვენება, არამედ მათთვისაც, ვინც ექსტრემალური სპორტითა და საინტერესო თავგადასავლების ძიებითაა დაინტერესებული.
მესტიაში მდებარე პრემიუმ კლასის სასტუმრო "გისტოლა" ნებისმიერი ტიპის დამსვენებელს საინტერესო თავგადასავლებსა და დროის სასიამოვნოდ გატარებას ჰპირდება. აღსანიშნავია, რომ სახელწოდება "გისტოლა" ერთ-ერთი მწვერვალის სახელიდან გამომდინარე შეირჩა, რომელიც მესტიაში, ზღვის დონიდან 4860 მეტრზე მდებარეობს.
რას სთავაზობს "გისტოლა" ვიზიტორებს?
"გისტოლა" 45 Deluxe და Suite კატეგორიის ნომრებს აერთიანებს, რომელიც დასვენებისთვის ყველა საჭირო ინვენტარით არის უზრუნველყოფილი. სასტუმროს ტერიტორიაზე შეხვდებით რესტორანს, სადაც ადგილობრივი თუ საერთაშორისო სამზარეულოს გამორჩეული კერძების დაგემოვნება შეგიძლიათ. სასტუმროს მეორე სართულზე განთავსებულია ბარი, საქმიანი შეხვედრებისთვის კი საკონფერენციო დარბაზია ხელმისაწვდომი, რომელიც უმაღლესი ხარისხის ტექნიკითაა აღჭურვილი.
მეგობრებთან თუ ოჯახის წევრებთან ერთად დროის სასიამოვნოდ გატარება "გისტოლას" ლაუნჯის სივრცეშიც შეგიძლიათ. აქვე მდებარეობს საუნა, მოსასვენებელი და ბავშვთა გასართობი სივრცეები. აღსანიშნავია, რომ სასტუმროს მენეჯმენტის გადაწყვეტილებით ბავშვთა გასართობი სივრცეები ადგილობრივი მოსახლეობისთვისაც ხელმისაწვდომია.
თუკი სპორტითა და თხილამურებით ხართ დაინტერესებული, სასტუმროს Ski Depo თქვენი სათხილამურო აღჭურვილობის შენახვის საშუალებასაც გაძლევთ.
გარდა ამისა, "გისტოლას" სერვისებს შორის შეხვდებით ტრანსპორტირებასაც, მათ შორის ტრანსფერს სვანეთის აეროპორტიდან და ტურებს სვანეთის სხვადასხვა მიმართულებით. იმ შემთხვევაში, თუ თქვენ საკუთარი ელექტროავტომობილით მოგზაურობთ, სასტუმროში გამოყოფილია შესაბამისი სივრცე ელექტრომანქანების დასამუხტად.
2023 წელი "გისტოლასთვის" განსაკუთრებული აღმოჩნდა - სასტუმროს ტერიტორიაზე 60 ადამიანზე გათვლილი, ყველა სეზონზე მორგებული აუზი მოეწყო, რომელიც არა მხოლოდ დამსვენებლებისთვის, არამედ ადგილობრივი მოსახლეობისთვისაც იქნება ხელმისაწვდომი. აუზის მოსაწყობად 600 ათასზე მეტი დოლარის ინვესტიცია განხორციელდა. გარდა ამისა, როგორც კომპანიაში აღნიშნავენ, მიმდინარე წელს სასტუმროს სერვისებზე მოთხოვნა 20-25%-ით გაიზარდა, რაც კომპანიისთვის, რომელმაც ფუნქციონირება პანდემიურ პერიოდში დაიწყო და არაერთი დაბრკოლების გადალახვამ მოუწია, მნიშვნელოვანი შედეგია.