"იგრიკა" გიყვება მივიწყებულ ამბებს, რომლებიც შენით განაგრძობს თხრობას
By თეკლა ადამია
Opinions expressed by Entrepreneur contributors are their own.
You're reading Entrepreneur Georgia, an international franchise of Entrepreneur Media.
ხელნაკეთი საბეჭდავების დამზადებითა და ქსოვილზე ორნამენტების აღბეჭდვით, ქართული ბრენდი "იგრიკა" ტრადიციული რეწვის შენარჩუნებას ცდილობს. ბრენდის თითოეული ნამუშევარი ხელნაკეთი და უნიკალურია, რომლებსაც განსაკუთრებული ისტორია აქვთ.
"იგრიკა" უძველეს ქართულ ორნამენტებსა და სიმბოლოებს თანამედროვე დიზაინში აცოცხლებს, თანაც ისე, რომ საკუთარი მნიშვნელობა არ დაკარგონ. ნივთებს ჩვენამდე იდუმალი შინაარსები, მივიწყებული სახე-სიმბოლოები, საამაყო და თაროზე შემოდებული სიტყვები მოაქვთ, რომლებსაც ჩვენ ინდივიდუალურ მნიშვნელობას ვანიჭებთ.
ამ იდუმალი და უნიკალური ბრენდის შემქმნელები გრიგოლ დალაქიშვილი და ბაია ლომსაძე არიან, რომლებმაც მთელი თავიანთი სიყვარული "იგრიკაში" გააერთიანეს, უძველესი ორნამენტები, სიმბოლოები და მათი ამბები გააცოცხლეს და ჩვენც ამ პროცესის ნაწილად გვაქციეს, რადგან "იგრიკას" თითოეული პროდუქტის შეძენისას "ამბავი შენით განაგრძობს თხრობას..."
ინსპირაციის წყარო მდიდარი ქართული კულტურა გახდა. ორივე მათგანს იზიდავდა მისი იდუმალი, სიმბოლოებით სავსე სამყარო, რომელიც უხსოვარ დროს ერის ტოტემურმა აზროვნებამ შექმნა. პლუს ამას, საშლელსა და რეზინზე სხვადასხვა ფორმის ამოკვეთა ბაიას გატაცება იყო, რამაც საბოლოოდ წყვილს "იგრიკას" დაარსებისკენ უბიძგა.
"თავიდან გამეცინა კიდეც, საშლელზე თავისივე ხელით დამზადებული პაწუა იარაღით რომ დაუწყო თევზის ფორმას ჭრა, მაგრამ მალევე გავიაზრეთ, რომ უამრავი საოცარი ესკიზის შექმნა და გადატანა შეგვეძლო. ქართული კულტურის მოტრფიალეები ადრიდანვე ვიყავით, ჩვენს გონებაში კი ის სიმბოლოები და ორნამენტები გამოიკვეთა, რომლებსაც ძველ ქვებზე, ეკლესიის კედლებსა თუ ხატების დეკორაციებში აღმოაჩენ, თან, თითქოს უკვე საუკუნეებია დაგვავიწყდა, თითოეული ეს ფორმა და სიმბოლო რა შინაარსის მატარებელია. "იგრიკა" ამ სიღრმეებში სამოგზაურო ბილიკი გახდა, სადაც უამრავ უცნობ ლეგენდას აღმოაჩენ, გაოგნდები და შეგიყვარდება სამუდამოდ", − აღნიშნავს გრიგოლი.
ბრენდის სახელიც სიმბოლურია − ერთი მხრივ იგი დამფუძნებლების სიყვარულს გამოხატავს, მეორე მხრივ კი ბრენდის თავისებურებას უსვამს ხაზს. "იგრიკა" ძველქართულად "აპრილს" ნიშნავს და მისი ამბავიც სწორედ აპრილში იწყება.
"მე და ბაიამ აპრილში გავიცანით ერთმანეთი, და აქედან დაიწყო ჩვენს ცხოვრებაში ყველაზე დიდი ზღაპრული თავგადასავლები. "იგრიკას" იდეაც აპრილს დაემთხვა და ამიტომ, ჩვენთვის საკმაოდ სიმბოლური აღმოჩნდა ეს სახელი. ამასთან, "იგრიკა" ბრენდად ჩამოყალიბდა, რომელსაც ყველა ინტერიერში გაზაფხული შეაქვს, სწორედ ამიტომ ვამბობთ ხოლმე, რომ "იგრიკას" ემოციური გაზაფხული მოაქვს", − აღნიშნავს გრიგოლ დალაქიშვილი.
"იგრიკას" სტილი და საკომუნიკაციო ვიზუალები ცოცხალია, არ აქვს ერთი კონკრეტული მიმართულება, მკაცრი წესები. მუდმივად ვითარდება და იცვლება − ლოგოსა თუ მის გარეშე ბრენდის იდენტობა გამორჩეული და დასამახსოვრებელია.
"იგრიკას" მრავალფეროვანი პროდუქტი, რომელიც მითოლოგიურ სამყაროში გამოგზაურებთ, თქვენც ამ ისტორიის მცველებს გხდით. პროდუქტებს შორისაა სუფრა, ჩანთა, კედლის საკიდი პანო, ნახატი, ხის დეკორატიული დაფა და პერსონალური საბეჭდი კერძო ბიბლიოთეკისთვის (ექს-ლიბრი), რომელიც მფლობელის ხასიათს გამოხატავს. ბრენდის მთავარი ღირებულებაა მაღალი ხარისხის პროდუქციის შექმნა, რომლის გამოყენება ხანგრძლივად იქნება შესაძლებელი.
ნამუშევრების შექმნა საკმაოდ ხანგრძლივი პროცესია, ზოგჯერ ბეჭდვას 5-6 საათი სჭირდება, ზოგჯერ კი მთელი დღე. ამას შრობისა და ფიქსაციის პერიოდიც ემატება. მთლიანობაში კი, მთელი პროცესი საკმაოდ შრომატევადია.
"იგრიკას" თითოეული ნამუშევრის ინსპირაციის წყარო რომელიღაც ძირძველი ეკლესიის ან ძველი ნაგებობის კედელზე, პიქტოგრამებზე არსებული სიმბოლოებია, რომლებსაც ავტორისეული წარმოსახვა ემატება. მაგალითად, "მთვარის მცველი" "იგრიკას" მიერ შერქმეული სახელია იმ სიმბოლოსთვის, რომელიც ძვ.წ.აღ.-ის II ათასწლეულით თარიღდება და მთვარის ღვთაებას წარმოადგენს.
მიუხედავად იმისა, რომ გრიგოლსა და ბაიასაც ხესთან მუშაობის გამოცდილება ჰქონდათ და მარკეტინგშიც ერკვეოდნენ, მათთვის საკუთარი ბრენდის, და თან ქართული ბრენდის შექმნა საკმაოდ დიდი გამოწვევა აღმოჩნდა.
თავდაპირველად ყველაფერი ერთი პატარა მაგიდიდან დაიწყო, ახლა კი პატარა სახელოსნო და დიდი იმედი აქვთ, რომ მალე სახელოსნო-მაღაზიის გახსნას შეძლებენ. მთელი ამ დროის განმავლობაში "იგრიკას" შექმნაში მათ ოჯახის წევრები, მათ შორის 2 წლის ლეა და მეგობრები აქტიურად ეხმარებოდნენ, ნებისმიერი საჭიროების შემთხვევაში გვერდით ედგნენ.
ბრენდის განვითარების კვალდაკვალ, "იგრიკას" გუნდიც თანდათანობით იზრდება. გრიგოლთან და ბაიასთან ერთად, წარსული, მივიწყებული ამბებისა და სიმბოლოების გაცოცხლებას ლექსო ტკაჩოვიც ცდილობს. იგი სულ ახლახან შემოუერთდა "იგრიკას" გუნდს და ძველ მეგობრებთან ერთად აქტიურადაა ჩართული პროცესში.
"საქართველოში თუ საზღვარგარეთ ბევრ გამოფენაში მიგვიღია მონაწილეობა, თუმცა, ვფიქრობთ ეს წვრილმანებია. ყველაზე დიდი მიღწევა ჩვენთვის ის იყო, როდესაც ადრესატთან ამანათით მივედით და მან პატარა კონცერტით წერილი და საჩუქარი დაგვახვედრა − გასაოცარი გამოცდილება იყო. ყოველი მიმოწერა, ყოველი ამანათის გადაცემა იმდენად ემოციურია ხოლმე, ვფიქრობთ, რომ "იგრიკას" გულშემატკივრების ეს სიყვარული ჩვენი ყველაზე დიდი მიღწევაა", − ამბობს ბაია.
როგორც თავად გვიყვებიან, ყველაზე რთული სოციალურ სივრცეში ადამიანებისთვის იმ ღირებულების ჩვენება აღმოჩნდა, რასაც ხელოვნების თითოეული ნიმუში ატარებს - "ხელნაკეთი პროდუქტი იმდენად ცოცხალია, მასთან ფიზიკური შეხების გარეშე რთულია დააფასო ის, განსაზღვრო როგორც მასალის, ასევე შემოქმედების ხარისხი". თუმცა, თუ "იგრიკას" სოციალურ ქსელს გადაავლებთ თვალს, ესთეტიკურ ვიზუალებსა და ტექსტებში მკაფიოდ დაინახავთ, რომ ეს დაბრკოლება ბრენდმა წარმატებით გადალახა.
დღეს "იგრიკას" პროდუქციის შეძენა მათივე ონლაინმაღაზიაში IGRIKASHOP.COM-ზე შეიძლება. ასევე, სუვენირების რამდენიმე მაღაზიაში: "გალერეა 27", "სიესტა" და სხვა. პროდუქცია Veli store-ისა და BE.GE-ის ონლაინმაღაზიებშიცაა განთავსებული.
სამომავლოდ, ბრენდი საკუთარი სახელოსნო-მაღაზიის გახსნას გეგმავს, რომელსაც საინტერესო ფუნქციას შესძენენ. სურთ სალექციო სივრცე გამოყონ და მასტერკლასები ჩაატარონ. გარდა ამისა, "იგრიკა" დამატებით არაერთ სიახლეს გვპირდება.
"უფრო ხმამაღალი თემების შემოტანას ვგეგმავთ, რადგან "იგრიკამ" შეიძინა პასუხისმგებლობა, რომ ეძებოს და ისაუბროს ქართულ მივიწყებულ სახე-სიმბოლოებზე. თუმცა, ამასთანავე გვსურს თანამედროვე ელემენტებით გავაცოცხლოთ და გავაგრძელოთ გაწყვეტილი ამბები. თითოეული თემის დამუშავება დიდ დროს მოითხოვს, მუზეუმები და ბუკინისტური მაღაზიები კი ამ მხრივ ჩვენთვის საგანძურის წყაროა", − აღნიშნავს ბაია ლომსაძე.