Get All Access for $5/mo

ილონ მასკის Tesla-მ, თავისი ბიტკოინების 10% გაყიდა

You're reading Entrepreneur Georgia, an international franchise of Entrepreneur Media.

entrepreneur.ge

Tesla-ს გენერალური დირექტორის განცხადებით, ისინი კვლავ მიიღებენ ბიტკოინს ანგარიშსწორების ერთეულად, მხოლოდ მას შემდეგ, რაც მისი მაინინგის ეკომეგობრულ მიდგომებში დარწმუნდებიან. ამ ოპტიმისტურ განცხადებას მალევე ბიტკოინის ფასის ზრდა მოჰყვა, რაც კრიპტოვალუტის მსოფლიო ბაზარზე მასკის უდიდეს გავლენას კიდევ ერთხელ ასაბუთებს.

ილონ მასკმა კიდევ ერთხელ დაამტკიცა, რომ მის სიტყვას კრიპტობაზარზე დიდი წონა აქვს. ამჯერად, მილიარდერმა განაცხადა, რომ Tesla-ს აქტივზე მყოფი ბიტკოინების 10% გაყიდა, თუმცა აქვე აღნიშნა, რომ მომავალში კვლავ აპირებს ანგარიშსწორების ეს ფორმა დაუშვას. მასკი ბიტკოინის მაინინგისათვის საჭირო ენერგიის მიღების, ეკოლოგიისათვის ზიანის მომტან მეთოდებს ეწინააღმდეგებოდა, თუმცა როგორც ჩანს, ამ მიმართულებით ოპტიმისტური პროგნოზის საფუძველი გაუჩნდა. მის განცხადებას მალევე სავაჭრო პლატფორმებზე ბიტკოინის ფასის მყისიერი ზრდა მოჰყვა.

ეს ამბავი დაიწყო იმით, რომ ილონ მასკს კრიპტოვალუტის ბაზარზე ფასებით მანიპულირებას ედავებოდნენ, რასაც მან Twitter-ის საკუთარ გვერდზე პოსტით უპასუხა:

"ეს ბრალდება უსაფუძვლოა. Tesla- თავისი ბიტკოინების 10% გაყიდა, რითაც ამ აქტივის ლიკვიდურობა კიდევ ერთხელ დაამტკიცა", − განაცხადა მასკმა 13 ივნისის მიმართვაში, − "როდესაც გაჩნდება რეალური მტკიცებულება იმისა, რომ მაინერები კრიპტოვალუტის მოპოვებისათვის ეკოლოგიურად სუფთა ენერგიის წყაროებს იყენებენ, Tesla ბიტკოინს გადახდის ფორმად კვლავ დაუშვებს".

ამ განცხადებიდან 24 საათში, ბიტკოინმა CoinMarketCap-ის სავაჭრო პლატფორმაზე 14%-იანი ზრდა დააფიქსირა და ვაჭრობის დასასრულ, მისმა ფასმა $40 971-ს მიაღწია.

2021 წლის თებერვალში Tesla-მ $1,5 მილიარდის ღირებულების ბიტკოინი შეიძინა. ამით ელექტრომობილების მწარმოებელმა მსოფლიოში ბიტკოინის მფლობელთა შორის მეორე ადგილი დაიკავა. ხოლო პირველ ადგილს კომპანია MicroStrategy იკავებს, რომელიც მონაცემთა ბაზების პროგრამული უზრუნველყოფის სფეროში ოპერირებს.

მალევე, მასკმა განაცხადა, რომ Tesla-ს მომხმარებელს მისი პროდუქციის ბიტკოინით შეძენა შეეძლებოდა, თუმცა ეიფორია დიდხანს არ გაგრძელებულა და უკვე მაისში, კომპანიამ მკვეთრად შეიცვალა პოზიცია. ვინაიდან ბიტკოინის მაინინგი დიდი ოდენობით ენერგიას მოითხოვს, მოხმარებული რესურსის მნიშვნელოვანი ნაწილი არაეკოლოგიური გზებით მიიღება, რის გამოც Tesla-მ თავის გეგმებზე უარი თქვა. მიუხედავად იმისა, რომ Tesla არ აპირებდა მის მფლობელობაში არსებული ბიტკოინების გაყიდვას, ამ ფაქტმა კრიპტოვალუტის ბაზარი მნიშვნელოვნად აზარალა.

მდგომარეობა რადიკალურად შეიცვალა მას შემდეგ, რაც ამ გავლენიანმა ანტრეპრენერმა სოციალურ ქსელში ოპტიმისტური ინფორმაცია გაავრცელა:

"სულ ახლახან ვესაუბრე ჩრდილოეთ ამერიკის ბიტკოინ-მაინერებს. ისინი დამპირდნენ, რომ თავიანთ წარმოებაში განახლებადი ენერგიის წყაროებზე ინფორმაციას გაასაჯაროებენ და ამისკენ, მსოფლიო მასშტაბით, სხვა მაინერებსაც მოუწოდებდნენ, რაც დამაიმედებლად ჟღერდა", − აღნიშნა მასკმა.

ახლა ისღა დაგვრჩენია, ილონ მასკის მორიგ განცხადებას ველოდოთ და დავაკვირდეთ, რამხელა ზეგავლენას ახდენს მისი თითოეული Twitter-პოსტი მრავალმილიონიან კრიპტობაზარზე.

Entrepreneur-ის გუნდი

Entrepreneur Staff

Entrepreneur საქართველოს გუნდი

ინდუსტრიული ტრენდები

თანამშრომელი - კომპანიის მთავარი ღირებულება

ბუღალტრული და აუდიტორული კომპანია "ფინო" - 13 წელი ქართულ ბაზარზე