Get All Access for $5/mo

ჯორჯ კობი - პირველი ქართველი მილიონერის გზა სოფელ თხმორიდან როდ აილენდამდე

Opinions expressed by Entrepreneur contributors are their own.

You're reading Entrepreneur Georgia, an international franchise of Entrepreneur Media.

ნაძვის ხის სათამაშოები, საშობაო ნათურები, წყალგამძლე ცემენტი და მინაბლოკი - ეს ის გამოგონებებია, რომლებიც ქართველ გრიგოლ კობახიძესთან, იმავე ჯორჯ კობისთან, არის დაკავშირებული.

გრიგოლ კობახიძე 1883 წელს დაიბადა რაჭის სოფელ თხმორში. თავდაპირველი განათლება ოჯახში მიიღო, შემდეგ კი ადგილობრივ მონასტერში მღვდელს მიებარა. მინასთან მისი ურთიერთობაც ცხოვრების ადრეულ ეტაპზე დაიწყო, როცა ძმასთან ერთად ბორჯომში გახსნილ მინის ქარხანაში დაიწყო მუშაობა. ამ დროს ის მხოლოდ 10 წლის იყო.

ბორჯომში მუშაობით, გამოგონებებითა და საქმისადმი დამოკიდებულებით ჯორჯ კობიმ ბიზნესის მფლობელთა ყურადღებაც მიიქცია. ოთხი წლის შემდეგ ის კრასნოდარში გაგზავნეს სამუშაოდ, კონსტანტინოვკას ქარხანაში. სწორედ ამ პერიოდში გაიცნო მომავალი მეუღლე, დაშა ნადვიკოვა და მეგობარი ევგენი იგნატიევი, ვინც მომავალში მისი ბიზნესპარტნიორიც გახდა.

1905-07 წლების რუსეთის რევოლუციის დროს კობახიძე დააპატიმრეს და დეპორტაციითაც ემუქრებოდნენ. 1907 წელს ის პოლონეთის გავლით გერმანიაში, მიუნხენში გადავიდა საცხოვრებლად, 1908 წელს - ლონდონში, ხოლო 1909 წელს ამერიკის შეერთებულ შტატებში.

ნიუ-იორკში ქართული სათვისტომოს დახმარებით სამსახურიც იშოვა - ის პურის მცხობლად მუშაობდა.

მიუხედავად იმისა, რომ აშშ-ში კომპანია General Electric-ში ცხრა წლის განმავლობაში იყო დასაქმებული, გამოგონებებზე მუშაობა არ შეუწყვეტია. სწორედ ამ პერიოდში დააპატენტა ავტოკალმების რამდენიმე ვარიაცია და სხვა საკანცელარიო ნივთებთან ერთად ყიდდა, მცირე ბიზნესის ფარგლებში.

1919 წელს მასაჩუსეტსის ქალაქ ატლბოროში მინის ქარხანა გახსნა. 1922 წლამდე Coby Glass Products Company უკვე იყო ინდუსტრიის წამყვანი კომპანია შტატებში. 1929 წლისთვის კომპანიის ბრუნვა $15 მლნ-ს შეადგენდა, რაც დღევანდელი ვალუტით $204 მლნ-მდეა, ხოლო წლიური შემოსავალი $4მლნ იყო - $54 მლნ-ის ეკვივალენტი.

მიუხედავად იმისა, რომ წარმატებულ ბიზნესს მართავდა, ჯორჯ კობი არასდროს წყვეტდა გამოგონებებსა და პატენტებზე მუშაობას. მის სახელს 60-მდე პატენტი უკავშირდება. ეს კი მის კომპანიას პრესტიჟს მატებდა.

აღსანიშნავი იყო შტატებში წარმატებული ქართველების ურთიერთობებიც. სუნამოების მაგნატის, გიორგი მაჩაბლის სპეციალური შეკვეთა ძალიან მნიშვნელოვანი ნაბიჯი იყო ჯორჯ კობის კომპანიის განვითარებაში - ამერიკელებისთვის საყვარელმა პარფიუმერიის მაგნატმა Coby Glass Products Company-ის სუნამოს ხაზის ფლაკონები შეუკვეთა.

კიდევ ერთი ქართული შეკვეთა ალექსანდრე ქართველიშვილის, ავიაკონსტრუქტორისგან მიიღო ჯორჯ კობის კომპანიამ - მისთვის Coby Glass Products Company-მ მფრინავის კაბინისთვის განკუთვნილი განსაკუთრებული გამძლეობის მინა შექმნა.

ჯორჯ კობისთვის საქართველოს დამოუკიდებლობა ერთ-ერთ სანუკვარ ოცნებად რჩებოდა. მეფის რუსეთისგან დამოუკიდებლობის აღდგენის შემდეგ საქართველოში დაბრუნება და აქ მინის ქარხნის გახსნაც უნდოდა, თუმცა ბოლშევიკური ოკუპაციის გამო ეს გეგმები შეუსრულებელი დარჩა.

მილიონერი არასდროს წყვეტდა ქართულ საზოგადოებასთან კავშირსა და დახმარებას. სხვადასხვა წყაროს ცნობით, 1925 წელს საქართველოში ჩამოსული კობი გაჭირვებულ ოჯახებს დაეხმარა საცხოვრებლით უზრუნველყოფაში, მშობლიურ სოფელში ააშენა სკოლა და აფთიაქი, ააგო ხიდები მდინარეებზე და შეაკეთა ეკლესია. თუმცა მალევე მოუწია შტატებში დაბრუნებამ - ბოლშევიკებმა მასზე ძებნა გამოაცხადეს.

კობის ეკუთვნის ისეთი მნიშვნელოვანი გამოგონება თანამედროვე სამშენებლო ინდუსტრიაში, როგორიც წყალგამძლე ცემენტი და მინაბლოკია. ამ გამოგონებებმა ამერიკული სამშენებლო ინდუსტრიის ტრანსფორმაციას დაუდო სათავე. სწორედ კობის კომპანიის წარმოებული მინაბლოკია გამოყენებული ნიუ-იორკის ცნობილი ცათამბჯენის, კრაისლერის მშენებლობაში.

პირველი წარმატება ხანმოკლე აღმოჩნდა - 1929-30 წლებში ეკონომიკურმა კრიზისმა ჯორჯ კობის ბიზნესიც იმსხვერპლა. თუმცა ბიზნესმენი არ დანებდა და პატარა მაღაზია გახსნა სახლთან ახლოს, სადაც მინის ნაკეთობებს ყიდდა. უმეტეს ნივთებს ის საკუთარი ხელით აკეთებდა.

მეორე მსოფლიო ომის დროს მან აშშ-ის მთავრობას ფინანსური დახმარება სთხოვა საწარმოს ხელახლა გასახსნელად, რაზეც თანხმობა მიიღო. დახმარების სახით მან $2 მლნ მიიღო, რის შემდეგაც იმაზე მეტად შემოსავლიანი და წარმატებული ბიზნესი დაიწყო, ვიდრე პირველ ჯერზე. ფინანსური წარმატების შემდეგ პირველი, რაც ჯორჯ კობიმ გააკეთა, სათამაშოების მაღაზიისა და უსახლკაროთათვის კვების ობიექტის გახსნა იყო.

ომის დასრულების შემდეგ გამომგონებელმა თავისსავე სიას ელექტრონული სანთლები და საშობაო ნათურები შემატა. მანამდე ნაძვის ხეები ნამდვილი სანთლებით ირთვებოდა, რაც ხშირი ხანძრის მიზეზი ხდებოდა. ამიტომაც მისი გამოგონება მალევე პოპულარული გახდა და ბიზნესშიც წარმატების მომტანი აღმოჩნდა. ამავე პერიოდში, ოდნავ მოგვიანებით, შექმნა მინის სათამაშოები ნაძვის ხისთვის. ორნამენტები ქართულ მოტივებზე იყო დამზადებული. ქართული დროშის ფერებში დამზადებულ ყუთებზე ეწერა: "კობი. ნაძვის ხის მინის ორნამენტები". გარდა ამისა, დატანებული იყო წარწერა "შობა კობია" – "Christmas is Coby" ინგლისურ და ფრანგულ ენებზე, რადგანაც პროდუქცია საფრანგეთში გადიოდა ექსპორტზე.

ჯორჯ კობისა და მის მეუღლეს შვილები არ ჰყავდათ, ხოლო ბოლშევიკურმა რეპრესიებმა მისი ნათესავების უმეტესობა შეიწირა. ვინც გადარჩა, მათთან კონტაქტის დამყარება უსაფრთხო არ იყო. რადგანაც თავისი ბიზნესით დაინტერესებული ქართველი ვერ იპოვა, კობიმ იტალიელი ძმები, პალიები შეარჩია საკუთარი მემკვიდრეობის გამგრძელებლებად. კობის კომპანია მათთან მანამდეც თანამშრომლობდა.

გრიგოლ კობახიძე 1967 წელს გარდაიცვალა, 84 წლის ასაკში. იტალიელმა ძმებმა კომპანიას მისი სახელი შეუნარჩუნეს.

ინდუსტრიული ტრენდები

თანამშრომელი - კომპანიის მთავარი ღირებულება

ბუღალტრული და აუდიტორული კომპანია "ფინო" - 13 წელი ქართულ ბაზარზე

ინსპირაცია

ცნობილი ადამიანები, რომლებმაც დიდ წარმატებამდე დიდი მარცხი იწვნიეს

წარმატებული ადამიანი იმიტომ არის წარმატებული, რომ მან იბრძოლა!