Get All Access for $5/mo

ქართული პროდუქცია დიდ ბრიტანეთში პროდუქცია ამ მსხვილ ბაზარზე ბრიტანულ-ქართული სავაჭრო ჰაბისა და ბრიტანულ-ქართული სავაჭრო პალატის ერთობლივი ძალისხმევით და Entrepreneur-ისა და Entrepreneur Shop-ის მხარდაჭერით მოხვდა

You're reading Entrepreneur Georgia, an international franchise of Entrepreneur Media.

entrepreneur.ge

საქართველოსა და ქართული პროდუქციის ცნობადობა საერთაშორისო ბაზრებზე იზრდება. ამჯერად ქართველ მეწარმეთა ნაწარმს უკეთ ბრიტანელი მომხმარებელი გაეცნო. აღსანიშნავია, რომ პროდუქცია ამ მსხვილ ბაზარზე ბრიტანულ-ქართული სავაჭრო ჰაბისა და ბრიტანულ-ქართული სავაჭრო პალატის ერთობლივი ძალისხმევით მოხვდა, რომელიც ელექტრონული სავაჭრო პლატფორმა madeingeorgia.co.uk-ის შექმნასა და მომავალში კიდევ არაერთ პროექტს გულისხმობს. ქართველ მეწარმეებთან მათ დაკავშირებას კი მხარი ჟურნალ Entrepreneur-ისა და Entrepreneur Shop-ის გუნდმა დაუჭირა, რომელიც ჩვენს ქვეყანაში ქართული პროდუქციის ონლაინ სავაჭრო პლატფორმასა და დიდ ქომაგს წარმოადგენს. სწორედ მათი დახმარებით, ქართველი მეწარმეების პროდუქცია საშობაოდ დიდ ბრიტანეთში აღმოჩნდა.

ასევე, საგულისხმოა ფაქტი, რომ საქართველოს საელჩომ დიდ ბრიტანეთში, სწორედ ქართული პროდუქციით დახუნძლული სასაჩუქრე კალათით მიულოცა ახალი წელი თანამშრომლებსა და კოლეგა ელჩებს.

საქართველოს ელჩი დიდი ბრიტანეთის სამეფოსა და ჩრდილოეთ ირლანდიაში - სოფიო ქაცარავა კი ამ ორ ქვეყანას შორის სავაჭრო ურთიერთობების გაძლიერების მნიშვნელობაზე საუბრობს:

"მოხარული ვარ, რომ ბრიტანულ-ქართულმა სავაჭრო ჰაბმა, რომელიც ჩვენი საელჩოს მხარდაჭერით შეუდგა საქმიანობას შემოდგომაზე, უკვე ასეთ ხელშესახებ შედეგებს მიაღწია. ახლადდაფუძნებული ჰაბის იდეა, მცირე და საშუალო მეწარმეებისა და მათი პროდუქციის იმპორტ-ექსპორტის მხარდაჭერას გულისხმობს ორივე ქვეყანაში, რათა სავაჭრო კავშირები გაცილებით ინტენსიური გახდეს. ვაგრძელებთ ყველა იმ ინიციატივის მხარდაჭერას, რომელიც მიზნად სავაჭრო და საინვესტიციო შესაძლებლობების გაძლიერებას ისახავს მიზნად. დიდ ბრიტანეთში ეს ჩვენი საკვანძო პრიორიტეტია. ორმხრივი ვაჭრობის ამჟამინდელი მოცულობა არ ასახავს იმ ნამდვილ პოტენციალს, რაც ამ ორ ქვეყანას შორის არსებობს. ვიმედოვნებ, რომ სტრატეგიული პარტნიორობა და შეთანხმებული თანამშრომლობა, რაც თავისუფალ სავაჭრო შეთანხმებასაც გულისხმობს, გაცილებით მძლავრ სამომავლო სავაჭრო პარტნიორობას უმზადებს გზას. ამ მიმართულებით მოუთმენლად ველოდები მეტი წარმატებული პროექტისა და ისტორიის ხილვას".

როგორც ბრიტანულ-ქართული სავაჭრო პალატის დამფუძნებელი და დირექტორი მაკო აბაშიძე აღნიშნავს, პანდემიის გადავლისა და შეზღუდვების მოხსნისთანავე თანამშრომლობა ახალ მასშტაბებსა და გეოგრაფიულ არეალებს მოიცავს:

"ძალიან მოხარული ვარ ამ ინიციატივით. მითუმეტეს, რომ ამ მაღაზიისა და სავაჭრო ჰაბის დაფუძნება მართლაც ექსტრემალურ სიტუაციაში, პანდემიის პირობებში მოხდა. მსგავსი პლატფორმა არა მხოლოდ ონლაინ იარსებებს, არამედ შეზღუდვების მოხსნისთანავე იგეგმება ფიზიკური მაღაიზების გახსნა და ბაზრობების ორგანიზება made in georgia-ს ბრენდის სახელით ბრიტანეთის არაერთ ქალაქში. რაც მთავარია, ქართველ მცირე მეწარმეებს ამ გამოწვევებით სავსე პერიოდში ახალ ბაზრებზე გასვლის შესაძლებლობა მიეცათ. იმედი მაქვს, რომ მათთვის წარმატებული იქნება ამ ბაზარზე შემობიჯება, მომავალში კიდევ მეტი მეწარმე შემოგვემატება და ქართული პროდუქცია ძალიან საინტერესო აღმოჩნდება ბრიტანელი და არა მხოლოდ ბრიტანელი მომხმარებლებისთვის".

თავად ბრიტანულ-ქართული სავაჭრო ჰაბის დამფუძნებელი ბაჩი გაბუნია კი ბრიტანულ ბაზარზე ადაპტაციისთვის ქართველ მეწარმეებს რეკომენდაციებს აძლევს:

"რაც შეიძლება ითქვას ბრიტანულ ბაზარზე არის ის რომ ეს ბაზარი საკმაოდ განებივრებულია სხვადასხვა ქვეყნიდან შემოსული ეგზოტიკური თუ სხვა კრიატიული პროდუქციით. აქვე უნდა აღინიშნოს, რომ ამ განებივრებას მოჰყვა გარკვეული მოლოდინები ფასის ადეკვატურობაზეც.

ქართული პროდუქცია ამ ეტაპზე გადის ასიმილაციის პროცესს ბრიტანულ ბაზარზე ჩვენი ხელოსნებისადა კრეატიული აქსესუარების მწარმოებლებთა პროდუქციამ საკმაოდ დიდი მოწონება დაიმსახურა, მაგრამ ზოგიერთი მწარმოებლის ფასის წარმოების არასწორმა პოლიტიკამ დააფრთხო მყიდველი და ის ამ ეტაპზე მარტო აღფრთოვანებითადა კომპლიმენტებით შემოიფარგლა. როგორც ნავარაუდები გვქონდა, მოწონება ქართული პროდუქტების მიმართაც საკმაო აღმოჩნდა და ეს ინტერესი აისახა გარკვეულ გაყიდვებში. რისი თქმაც ამ ეტაპზე ხაზგასმით შეიძლება, არის ის, რომ სწორი ფასის შემთხვევაში ქართულ პროდუქციას ყველა მიმართულებით აქვს პრესპექტივა, დაიმკვიდროს თავისი ადგილი ბრიტანულ ბაზარზე. ქართველ მეწარმეებს კი ამისათვის სჭირდებათ ცოტა მეტი სითამამე და გარკვეული სტრატეგია, რომბაზარზე თავიანთი პროდუქტი წარმოაჩინონ და მიზან მიმართულად, გეგმიურად გაზარდონ თავიანთი მონაწილეობა ამ ბაზარზე: ა) კონკურენტული და ადეკვატური ფასებით, ბ) ეკოლოგიურად სუფთა და ნატურალური პროდუქციით და გ) სწორად შერჩეული სარეკლამო სტრატეგიით (სოციალურ ქსელებისა და სხვა საკომუნიკაციო არხების მეშვეობით). რომ შევაჯამოთ ყველაფერი ზემოთ ნახსენები, საქართველოში ნაწარმოებ პროდუქციას გაუჩნდა რეალური შანსი ახალ, საკმაოდ მსუყე ბაზარზე და დროა ეს ბაზარი ვაქციოთ ჩვენი პროდუქციის გასაღების ჰაბად. ამისთვის კი ყველა პირობა არსებონს ჩვენი სავაჭრო ჰაბისა და www.madeingeorgia.co.uk სახით. ბედნიერ დამდეგ ახალწელს და შობას გილოცავთ და გისურვებთ ჯამრთელობას და პოზიტიურად აზროვნებას, ნუ დაგვავიწყდება, რომ დრო აქტიური ქმედებებისა უკვე დადგა და ახალ სამყაროში ახალი ბაზარი ქართულ ნატურალურ და ავთენტურ პროდუქტებს ელოდება".

Entrepreneur-ის გუნდი

Entrepreneur Staff

Entrepreneur საქართველოს გუნდი

ინდუსტრიული ტრენდები

თანამშრომელი - კომპანიის მთავარი ღირებულება

ბუღალტრული და აუდიტორული კომპანია "ფინო" - 13 წელი ქართულ ბაზარზე

ინსპირაცია

ცნობილი ადამიანები, რომლებმაც დიდ წარმატებამდე დიდი მარცხი იწვნიეს

წარმატებული ადამიანი იმიტომ არის წარმატებული, რომ მან იბრძოლა!