"ეიკონ აპარტამენტები" - აბასთუმანში სრულად აღჭურვილი აპარტოტელი გაიხსნა
You're reading Entrepreneur Georgia, an international franchise of Entrepreneur Media.
კურორტ აბასთუმანში, მარადმწვანე წიწვოვანი ტყით გარემოცულ ადგილას, 2024 წლის ზაფხულში ახალი აპარტოტელი გაიხსნა. სასტუმროს პროექტი კომპანია "ეიკონ დეველოპმენტს" ეკუთვნის, რომელიც უძრავი ქონების ბაზარზე სამცხე-ჯავახეთის რეგიონში 2016 წლიდან არის წარმოდგენილი. 2021 წელს "ეიკონ დეველოპმენტი" სტუმარმასპინძლობის სფეროს დიდი მიზნებით შეუერთდა და "ეიკონ აპარტამენტები" წარადგინა. აბასთუმანში გახსნილი სასტუმრო სხვადასხვა სივრცეს აერთიანებს, მათ შორის არის რესტორანი "იფანი", რომელიც სტუმრებს ადგილობრივი სამზარეულოს უგემრიელეს კერძებს სთავაზობს.
რუსუდან გოგოლაძე, "ეიკონ დეველოპმენტის" დამფუძნებელი:
"მარადმწვანე წიწვოვან ტყეში ჩაფლული კურორტი აბასთუმანი უნიკალურია თავისი ბუნებრივი პირობებით. ის ცნობილია ასტროფიზიკური ობსერვატორიით, ისტორიული ძეგლებით, უნიკალური ფლორით, გამაჯანსაღებელი ჰავითა და თერმული წყლებით. ლაშქრობებისა და სეირნობის მოყვარულებისთვის მოწყობილია საფეხმავლო ბილიკები, ასევე აქ აღმოვაჩენთ გოგირდის გამაჯანსაღებელ აუზებს. აქ ლანდშაფტი და არქიტექტურა განსაკუთრებულად გამორჩეულია. გაზაფხულზე, ყვავილობის პერიოდში, აბასთუმანს უამრავი ადამიანი სტუმრობს, რადგან წელიწადის ამ დროს ჰაერი განსაკუთრებით უებარია. აბასთუმნის ერთ-ერთი მთავარი ღირსშესანიშნაობის, ასტროფიზიკური ობსერვატორიის მონახულება ნებისმიერ მსურველს შეუძლია. აქ განთავსებულია პატარა მუზეუმიც, სადაც ტელესკოპით სხვადასხვა ციურ სხეულებზე დაკვირვებაა შესაძლებელი.
სწორედ ამ გამორჩეულ კურორტში მდებარეობს ჩვენი სასტუმრო, რომელიც სტუმრებს სთავაზობს თანამედროვე, კეთილმოწყობილ აპარტამენტებს საუკეთესო ხედებით. თითოეული აპარტამენტი სრულად აღჭურვილია და აქ არის ყველაფერი, რაც შეიძლება დამსვენებელს ჩვენთან ყოფნის პერიოდში დასჭირდეს".
სასტუმრო სხვადასხვა ზომის 37 აპარტამენტს მოიცავს. სასტუმროს სერვისის გამორჩეული ნაწილია მისსავე ტერიტორიაზე განთავსებული რესტორანი "იფანი", რომელიც თითოეულ სტუმარს შთამბეჭდავ კულინარიულ თავგადასავალს ჰპირდება.
"აქ წარმოდგენილია ქართულ-ევროპული სამზარეულო, ასევე ტრადიციული მესხური კერძები, როგორიცაა აპოხტის ხინკალი, ქადა-ხაჭაპური, თუთმაჯი. ტრადიციული ადგილობრივი სასმელებიდან სტუმრები შეძლებენ, მესხური ღვინო დააგემოვნონ", - ამბობს ჩვენთან საუბრისას რუსუდან გოგოლაძე.
"ეიკონ აპარტამენტების" გუნდი საკუთარი საქმის სიყვარულით დიდ მიზნებს ისახავს.
რუსუდან გოგოლაძე:
"ჩვენი მიზანია, ქართველ და უცხოელ ტურისტებს რეგიონში შევთავაზოთ თანამედროვე, დახვეწილი, საერთაშორისო სტანდარტებთან მიახლოებული ტრადიციული ქართული კერძები და, რაც მთავარია, ამ კუთხისთვის დამახასიათებელი პროდუქტი. გვინდა ქართული სტუმარმასპინძლობის კულტურა გავაზიაროთ. მსგავსი ობიექტი კურორტის ტერიტორიაზე ჯერჯერობით ერთადერთია".
როგორც რუსუდან გოგოლაძე იხსენებს, იმ პერიოდში, როდესაც კომპანია "ეიკონ დეველოპმენტმა" აბასთუმანში მშენებლობა დაიწყო, ეს ინვესტიცია საკმაოდ მაღალი რისკი იყო და გამბედაობას მოითხოვდა. თუმცა გუნდი დარწმუნებული იყო, რომ აბასთუმნის უნიკალურობიდან გამომდინარე, პროექტი წარმატებული იქნებოდა.
"მოგეხსენებათ, აბასთუმანი ზღვის დონიდან 1 300 მეტრზე მდებარეობს, შესაბამისად, მკაცრი კლიმატური პირობები სამშენებლო პროცესებს მნიშვნელოვნად აფერხებდა. მიუხედავად ამისა, გუნდის დაუღალავი შრომითა და ეფექტიანი მუშაობით ნებისმიერი დაბრკოლება გადაილახა და პროექტს საბოლოო სახე მიეცა", - ამბობს რუსუდან გოგოლაძე.
რეგიონში ტურიზმის განვითარება და კურორტის უნიკალური ეკოლოგიური გარემოს შენარჩუნება "ეიკონ დეველოპმენტის" დამფუძნებლებისთვის მთავარი ინსპირაციაა. რუსუდან გოგოლაძე ჩვენთან საუბრისას აღნიშნავს, რომ სურს, გუნდური მუშაობით შექმნას ისეთი სერვისი, რომელიც ჯანმრთელობისთვისაც იქნება სასარგებლო და, ამავდროულად, სიამოვნებას მიანიჭებს ადამიანებს.
რუსუდან გოგოლაძე:
"კომპანიის ხედვაა, ადგილობრივ და უცხოელ ტურისტებს გააცნოს რეგიონის უნიკალურობა. გვსურს, განვავითაროთ ბრენდი და გავზარდოთ მოთხოვნა საერთაშორისო პლატფორმებზე; გავააქტიუროთ კორპორაციული შეთავაზებები და სხვადასხვა გამოფენასა და ფესტივალზე მივიღოთ მონაწილეობა. კონკრეტულად რესტორნის მიმართულებით კი გვსურს, წარმოვაჩინოთ შეფის მიერ შექმნილი უნიკალური კერძები და ბარმენის საავტორო კოქტეილები, რომელთა დაგემოვნება მხოლოდ ჩვენს რესტორანშია შესაძლებელი".