კერნელი - საბუღალტრო პროცესების გაციფრულების ქართული პლატფორმა, ამბიციური გეგმებით საერთაშორისო ბაზრებზე
You're reading Entrepreneur Georgia, an international franchise of Entrepreneur Media.
საქართველოს პირველი არხი სტარტაპერებს ფულადი და ინტელექტუალური ინვესტიციის მოპოვების შესაძლებლობას მეორედ შესთავაზებს. 20 აპრილს 4 Emmy Awards-ის მფლობელი, ერთ-ერთი ყველაზე პოპულარული რეალითი შოუს – "Shark Tank საქართველოს" მეორე სეზონი დაიწყო. აღსანიშნავია, რომ შოუ პირველად 2001 წელს იაპონიაში "ფულის ვეფხვების" სახელით დაარსდა. "შარქ თენქში" მონაწილე ანტრეპრენერები "შარქების", ანუ ერთგვარი ჟიურის წევრების წინაშე წარადგენენ თავიანთ სტარტაპებს, არწმუნებენ ინვესტორებს ამ ბიზნესის პერსპექტიულობაში, პასუხობენ შეკითხვებს და პროექტის მოწონების შემთხვევაში, კომპანიის გარკვეული წილის სანაცვლოდ, კონკრეტულ თანხასა და ინტელექტუალურ მხარდაჭერას იღებენ. ამ პროექტმა უკვე მთელი მსოფლიოს მასშტაბით უამრავი ადამიანი საკუთარი ბიზნესის მფლობელად და მეწარმედ აქცია, ხოლო საქართველოში 2021 წლიდან 46 მონაწილე დამწყებ ბიზნესს შორის, ინვესტორების დაფინანსება 14-მა რჩეულმა მოიპოვა. "შარქ თენქ საქართველოს" პირველი სეზონის ფარგლებში 1.5 მილიონ ლარზე მეტი მოცულობის ინვესტიცია გაიცა.
"შარქ თენქ საქართველოს" გენერალური სპონსორია Visa − ციფრული გადახდების მსოფლიო ლიდერი, რომელიც ქართული ბიზნესის ერთგული მხარდამჭერია. Visa-ს როლი ბიზნეს-ეკოსისტემის განვითარებაში განსაკუთრებულია, რაც გულისხმობს ინოვაციური პროდუქტებისა და ტექნოლოგიების დანერგვას, პარტნიორობების ფორმატში განხორციელებულ არაერთ პროექტსა თუ ინიციატივას. სწორედ ასეთ პროექტებს მიეკუთვნება "შარქ თენქ საქართველო" − გადაცემა, რომელიც საქართველოს საზოგადოებრივი მაუწყებლის ეთერის საშუალებით, ბიზნესმენებსა და ინვესტორებს ერთმანეთთან აკავშირებს, ამარტივებს მათ შორის კომუნიკაციას, ზრდის როგორც ადგილობრივი ბიზნესების ცნობადობას, ასევე პროდუქტების გლობალურ ბაზარზე გატანის შესაძლებლობას.
პროექტის "შარქ თენქ საქართველო" მორიგი გამარჯვებული გახდა სტარტაპი "კერნელი" და მისი დამფუძნებელი ბექა დალაქიშვილი, რომელმაც "შარქ" დაჩი ჭოლაძისაგან 30 000 დოლარის ოდენობის ინვესტიცია ბიზნესის 1%-ის სანაცვლოდ მოიზიდა.
2019 წელს დაარსებული სტარტაპი − "კერნელი" გახლავთ ფინანსური ხელსაწყოების პლატფორმა, რომელიც ეხმარება მცირე ბიზნესებს ბუღალტრული პროცესების გაციფრულებასა და ავტომატიზაციაში. სტარტაპის პროგრამული უზრუნველყოფის მოქნილობა "კერნელს" საშუალებას აძლევს პროდუქტი მარტივად მოარგოს სხვადასხვა ქვეყნის საგადასახადო მოთხოვნებსა და რეგულაციებს. სწორედ ამის წყალობით, "კერნელი" საქართველოს გარდა უკვე ინდოეთისა და ფილიპინების ბაზრებზე ოპერირებს და ეტაპობრივად ნიგერიისა და პაკისტანის ბაზრის ათვისებასაც გეგმავს.
"კერნელის" თანადამფუძნებელ ბექა დალაქიშვილის თქმით, მცირე და საშუალო მეწარმეთათვის, ბუღალტრული დოკუმენტაციისა და პროცესების მართვა ერთ-ერთ ყველაზე მნიშვნელოვან პრობლემას წარმოადგენს. ეს პრობლემა განსაკუთრებით მწვავედ განვითარებად ქვეყნებში დგას, სადაც ბიზნესების გაციფრულების დონე საკმაოდ დაბალია და კომპანიებს პანდემიურ პერიოდში სახელმწიფო რეგულაციებიდან გამომდინარე, სწრაფად მოუწიათ ციფრულ ტექნოლოგიებზე გადასვლა. ამ პრობლემას ამწვავებს ისიც, რომ მსოფლიოში არსებული ბუღალტრული პროგრამები შექმნილია ან პროფესიონალი ბუღალტრებისათვის და ფინანსისტებისთვის, ან განვითარებული ქვეყნების მომხმარებლებისთვის, სადაც გაციფრულების პროცესი ათწლეულებს ითვლის. ამგვარად, განვითარებად ბაზრებზე მყოფი მცირე მეწარმეები, რომლებსაც არ ჰყავთ სპეციალისტები ამ მიმართულებით, დოკუმენტირებასთან დაკავშირებულ პრობლემასთან მარტო რჩებიან. სწორედ ამ პრობლემის აღმოსაფხვრელად შეიქმნა პლატფორმა "კერნელი", რომელიც განვითარებადი ქვეყნების მცირე ბიზნესებს პროცესების გაციფრულებასა და საგადასახადო დოკუმენტაციის ავტომატიზაციაში ეხმარება.
"კერნელის" წამყვან პროდუქტს საერთაშორისო ბაზარზე წარმოადგენს ციფრული ინვოისირება, ასევე ხელფასების მართვის მოდული, ხოლო ამჟამად სტარტაპი ხარჯების მოდულის შექმნაზე მუშაობს. საბოლოო ჯამში, "კერნელი" ქმნის პლატფორმას, რომელიც დაეხმარება მცირე ბიზნესებს ეფექტიანად ითანამშრომლონ თავიანთ მომხმარებლებთან, მიმწოდებლებთან, ბუღალტრებთან, საგადასახადო სისტემასთან და ფინანსურ ინსტიტუტებთან.
დაარსების დღიდან მოყოლებული, "კერნელმა" მოახერხა საქართველოს ინოვაციებისა და ტექნოლოგიების სააგენტოსგან ჯერ 100 000-ლარიანი გრანტის მოპოვება, მოგვიანებით 525 000-ლარიანი გრანტის მიღება, მოხვდა 500 Startup-ის აქსელერაციის პროგრამაში და უკვე საერთაშორისო ინვესტორებისგან (Digital Area და "რევაპ გრუპი") მოიზიდა ინვესტიცია.
"ჩვენთვის "შარქ თენქში" გამარჯვება კიდევ ერთი ვალიდაციაა, რომ ღირებულ პროდუქტს ვქმნით. პროექტში ჩართვისას დიდი მოლოდინი მქონდა და მოლოდინი შედეგს როდესაც ემთხვევა, გამოცდილება კიდევ უფრო საინტერესო გამოდის. გარდა იმისა, რომ "შარქ თენქში" მონაწილეობით გვინდოდა, გამოგვეყენებინა შესაძლებლობა, უფრო ფართო საზოგადოებისთვის გაგვეცნო "კერნელის" საქმიანობა და მცირე თანხა შეგვემატებინა ჩვენი ინვესტიციებისთვის, ჩვენი გუნდისთვის ყველაზე მნიშვნელოვანი "შარქებისგან" უკუკავშირის მიღება იყო. შეკითხვები და მოსაზრებები, რომლებიც "შარქებს" გაუჩნდათ, აბსოლუტურად ვალიდურია, რადგან ზუსტად ეს არის, რაზეც ამჟამად ვმუშაობთ და მხოლოდ მათი აღმოფხვრის შემდეგ შევძლებთ წარმატების მიღწევას", − აცხადებს ბექა დალაქიშვილი, − "შარქ თენქ საქართველო ძალიან კარგი შესაძლებლობაა, შეთავაზებული წილის სანაცვლოდ მოიპოვო ინვესტიცია და განავითარო შენი კომპანია. გარდა მიღებული ინვესტიციისა, პროექტში საინტერესო ადამიანები გავიცანი და მოვისმინე ღირებული რჩევები, რომელთაც აუცილებლად გავითვალისწინებთ. თუმცა, ჩემი აზრით, "შარქ თენქი", მისი წილობრივი მოთხოვნებიდან გამომდინარე, უფრო მეტად მცირე ბიზნესებზეა მორგებული, ვიდრე სტარტაპებზე. "კერნელი" პროექტში მიღებული ინვესტიციით, მისი მოცულობიდან გამომდინარე, რადიკალურ ცვლილებებს ვერ განახორციელებს, თუმცა ეს თანხა დაგვეხმარება, ინდოეთის ბაზარზე ზრდა უფრო ეფექტიანად გავაგრძელოთ. გარდა ამისა, ჩვენი გუნდისთვის ფინანსურ მხარდაჭერაზე მეტად მნიშვნელოვანი, სწორედ ღირებული პარტნიორის შეძენაა".
რაც შეეხება "კერნელის" უახლოეს სამომავლო გეგმებს, სტარტაპი მიზნად ისახავს როგორც ქართულ, ისე საერთაშორისო ბაზარზე მცირე ბიზნესებისა და ფრილანსერი ბუღალტრებისათვის ფინანსების მართვის ყველაზე მარტივ, მორგებულ და ეფექტიან პლატფორმად იქცეს. ამჟამად სტარტაპი რამდენიმე მნიშვნელოვან საკითხზე მუშაობს. ბექას თქმით, სამომავლო გეგმები ორ ძირითად მიმართულებად იყოფა:
1. პროდუქტის განვითარება:
- ინტეგრაციები პარტნიორებთან (საბუღალტრო პროგრამები, საგადახდო სისტემები, ბანკები, საგადასახადო სისტემები), რაც "კერნელის" მომხმარებლებს ბიზნესპროცესების მაქსიმალური ავტომატიზაციის საშუალებას მისცემს.
- დამატებითი ფუნქციონალი − მობილური აპლიკაცია, რომელიც მომხმარებლებს საშუალებას მისცემს, ნებისმიერ დროს და ნებისმიერ ადგილზე გამოწერონ ინვოისები და განახორციელონ ინვოისირებასთან დაკავშირებული ნებისმიერი ოპერაცია კიდევ უფრო მარტივად, მობილური ტელეფონის მეშვეობით.
2. ბიზნესის განვითარება:
"ძირითადად ორიენტირებულები ვართ ინდოეთის უზარმაზარი ბაზრის ეფექტიან ათვისებაზე, სადაც მომხმარებლებს ძალიან ბევრი პრობლემა აქვთ ფინანსური, საბუღალტრო და საგადასახადო კუთხით. ამ ეტაპზე ვერკვევით, საიდან დავიწყოთ ამ პრობლემების მოგვარება, რომელი იქნება უფრო სწრაფი გზა წარმატებისკენ და რომელი შექმნის ყველაზე მეტ ღირებულებას მომხმარებლებისთვის. საქართველოსა და ფილიპინებში სტანდარტიზებული გვაქვს პროცესი. კარგად ვიცნობთ ბაზარს, ვიცით, რა სჭირდებათ მომხმარებლებს და მალე შევთავაზებთ ყველა საჭირო ფუნქციონალს. როდესაც სტანდარტიზაციის ამ დონეს ინდოეთშიც მივაღწევთ, შემდეგ უკვე ვიფიქრებთ სხვა ქვეყნებზეც: პაკისტანსა და ნიგერიაზე", − აცხადებს ბექა დალაქიშვილი.