ხელოვნებაა ღვინო? არსებობენ ადამიანები, რომლებიც იზიარებენ აზრს დაღვინებისა და ფერწერის შექმნის პროცესების თანაფარდობის არსებობაზე
Opinions expressed by Entrepreneur contributors are their own.
You're reading Entrepreneur Georgia, an international franchise of Entrepreneur Media.
სავარაუდოდ, თქვენ გარშემო ერთხელ მაინც გაუვლიათ პარალელი ღვინოსა და ხელოვნებას შორის. არსებობენ ადამიანები, რომლებიც იზიარებენ აზრს დაღვინებისა და ფერწერის შექმნის პროცესების თანაფარდობის არსებობაზე. თუმცა ასევე არსებობს ხალხთა ჯგუფი, რომლისთვისაც ღვინოს საერთოდ არაფერი აკავშირებს ხელოვნებასთან და ასეთები ძირითადად თავად ხელოვნების სფეროში მომსახურე პროფესიონალები − მხატვრები, მუსიკოსები თუ მოქანდაკეები არიან. რამდენჯერმე ვისაუბრე იმ ადამიანებთან, რომელთაც საკითხის კომპეტენცია არ აკლიათ. მიკითხავს, ხედავენ თუ არა ისინი ღვინოს, როგორც ხელოვნების ერთ-ერთ განშტოებას, თუმცა ხშირად ამაზე უარყოფითი პასუხი მიმიღია და უხეშად უთქვამთ, რომ ღვინო საკვებია და იგი შეიძლება გადამუშავდეს ჩვენი ორგანიზმის მიერ, შემდეგ კი იმავე ფორმით, თუმცა სხვა ხასიათით, გამოიყოს ორგანიზმიდან, რასაც ნამდვილად ვერ უარვყოფთ, მაგრამ ასევე, არსებობს სხვა ბევრი "მაგრამ".
დამეთანხმებით, ჩვენთვის − ადამიანებისთვის, ცხვირი და პირი ისეთივე მნიშვნელოვანი ორგანოებია, როგორიც თვალები და ყურები. ხელოვნება ფასდება ვიზუალურად და რამდენიც უნდა ვისაუბროთ ფერწერისა თუ მუსიკის გარშემო ღრმა ფასეულობებსა და იდეებზე, თვალი რომ არ გვქონებოდა, ვერც კარავაჯო შექმნიდა შედევრებს და ვერც ჩვენ შევაფასებდით ვინსენტ ვან გოგის შემოქმედებას ობიექტურად. ასევე, თუ ამადეუს მოცარტი დაბადებიდან იქნებოდა სმენადაქვეითებული, იგი ვერ მოუყრიდა თავს ღვთიურ თუ დემონურ კომპოზიციებს. და თქვენი აზრით, მაილს დევისი დაუკრავდა საყვირზე? არ მგონია! მეღვინეს სმენაც სჭირდება იმისთვის, რომ კარგი ღვინო დააყენოს, მაგრამ თვალები, ცხვირი და პირი აუცილებელია იმისთვის, რომ სასურველი ხარისხის პროდუქტი მივიღოთ. განუვითარებელი რეცეპტორებით შეუძლებელია შექმნა საინტერესო ნიმუში. თუ მხატვრისთვის თვალი და მუსიკოსისთვის ყურია, მაშინ მეღვინისთვისა და მზარეულისთვის პირი და ცხვირია მნიშვნელოვანი. ყველაფერი ჩვენს თავზეა მიმაგრებული და რამდენიმე სანტიმეტრით არიან დაშორებული ერთმანეთისგან, ყველა მათგანი კი პირდაპირ არის დაკავშირებული ტვინთან. სწორედ ეს იძლევა სწორი ან არასწორი შეფასების საშუალებას. მხატვარმა შეიძლება იფიქროს თვალთან ერთად, მეღვინემ − ცხვირთან და პირთან ერთად. პარფიუმერი არ არის შემოქმედი? იგი იყენებს სხვადასხვა ასობით არომატს, რათა შეკრას სუნამო; მხატვარი იყენებს ფერებს, რათა გადმოსცეს გრძნობები, მუსიკოსი იყენებს აკორდებს, რათა ააწყოს კომპოზიცია, ენოლოგი კი იყენებს ფერს, არომატს, ტანინს, მჟავიანობას, რათა საბოლოოდ შექმნას ის, რაც ხალხს რეტრონაზალურ სიამოვნებას მიანიჭებს. დამიჯერეთ, არსებობენ ადამიანები, რომლებისთვისაც მსგავსი სიამოვნება არანაკლებ ამაღელვებელია, ვიდრე ის, რასაც გრძნობენ ფერწერის, ქანდაკების, მოდისა თუ მუსიკის მოყვარულები, როდესაც ხედავენ, უსმენენ, ან იცვამენ. თამამად შემიძლია ვთქვა, რომ მე ვარ ერთ-ერთი მათგანი, ვინც იღებს სიამოვნებას ღვინოში არსებული სხვადასხვა არომატის აღმოჩენით. შეიძლება ამ პროცესისგან მიღებულ სიამოვნებას არომათერაპიაც ვუწოდოთ, რადგან იძლევა საშუალებას განიტვირთო სტრესისგან.
"თვალი ჭამს და თვალი სვამს" − ზუსტად ალბათ არავინ იცის, საიდან მოდის ეს გამოთქმა, და ის ხალხურია, მაგრამ ჩემს თავს ნამდვილად განუცდია ეს შეგრძნება, და არ შემიძლია ამწამიერად სასაცილო წინადადებას არ დავეთანხმო. აი, დაახლოებით ისეა, ლამაზ ტანსაცმელს რომ დაინახავ, უცბად წარმოიდგენ, ის როგორ გამშვენებს, გმატებს თავდაჯერებულობასა და სიმტკიცეს. შემდეგ გადაწყვეტ მოისინჯო, შეხვალ გამოსაცვლელ ოთახში და აღმოაჩენ ნაჭრის უხარისხობას, ტანისამოსის ტარების პროცესი დაგიდგება თვალწინ, ცოტას იფიქრებ და მიხვდები, რომ ფქვილის ტომარა გაცვია. მაინც ვფიქრობ, არის თუ არა შეცდომა, ვახსენო ტერმინი "რეტრონაზალური ხელოვნება", მოვიხსენიო ღვინო და კულინარია, როგორც ხელოვნების ერთ-ერთ მიმდინარეობად, თუ უბრალოდ ამ აკვიატებულ აზრებს თავი დავანებო? სიმართლე ვთქვა, ამას ვეცადე, ჩემი ჩანაწერების დაწყების წინ ვიფიქრე, რომ არ დავწერდი, მაგრამ მაინც გადავწყვიტე, კი არ დამეწერა, არამედ წამეწერა (ვგულისხმობ სწრაფმოსულ ფიქრებსა და სწრაფმოსმულ ჩანაწერებს, წამიერად გაელვებულს). ზუსტად ამ წერის პერიოდში ვკითხულობდი ფრანგი ფილოსოფოსის, ნოველისტისა და მწერლის, ჟან-პოლ სარტრის ავტობიოგრაფიულ ნაწარმოებს "სიტყვები", სადაც ბავშვობის ასეთ მოგონებას ეხება ობიექტი. ვციტირებ: "არ დამივიწყებია ჩემი ზიარი ბავშვობა, როდესაც პროვინციული სასტუმროს საპირფარეშოში დეზინფექციის სუნი იდგა, როდესაც ღამის მატარებელში ვხედავდი იისფერ ნათურას... მე კვლავ ვხედავ, ვყნოსავ, ვგრძნობ იმ დიდი ხნის წინათ მომსპარი კინოდარბაზების გემოს, შუქსა და სუნს", თითქოს ამ წინადადებამ ჩემი მოსაზრება, ხელოვნების აღქმის განსხვავებულ ჭრილში დანახვაზე, გაამყარა. დააკვირდით, როგორ მხატვრულად და ფოტოგრაფიულად აღწერს იისფერი ნათურის მოგონებას. მან ყნოსვა, გემო, გრძნობა, მოგონება, მხედველობა, შუქი, ლიტერატურა და ზოგადად, ხელოვნება ერთმანეთში შეამღვრია, ერთიან მასად აღწერა. შეიძლება არც კი განუზრახავს მათი ერთად, სპეციალურად მოხარშვა, მაგრამ გამოუვიდა და ქვეცნობიერში მოტრიალე ფიქრები ასე გადმოსცა. ხშირად შევხვედრივართ მწერლებისგან არომატისა და სურნელების მხატვრულ აღწერას, რომლებიც ისეა აღწერილი, როგორც ცალკე მდგარი მიმდინარეობა, არარეალისტური სამყარო, და ჩვენს დნმ-ში ღრმად ჩაბეჭდილი გაურკვეველი კოდი.
აქტუალურია ვირუს "კოვიდ-19"-ის პანდემია, ამიტომ ამ ხანგრძლივმა და რთულმა პერიოდმაც ერთ საკითხს დამაკვირვა: ჩემი ახლო მეგობარი დაინფიცირდა დელტა შტამით. სიმპტომების გამოვლენიდან რამდენიმე დღეში 100%-ით დაკარგა გემოსა და ყნოსვის შეგრძნება, მაგრამ რა თქმა უნდა, ამის გამო ჭამა არ შეუწყვიტავს. ფიზიკურ საზრდოს იღებდა, მაგრამ დაუქვეითდა სულიერი საზრდოს საკვები წყარო, რომელსაც ავსებს სიამოვნებისა და ბედნიერების შეგრძნება. რამდენიმე დღე ასე გაგრძელდა, ვიდრე წამიერად არ გააანალიზა, რომ მისმა რეცეპტორებმა უწინდებურად დაიწყეს ფუნქციონირება, და როგორც მან თქვა, ბურგერის ჩაკბეჩისთანავე ხელახლა დაიბადა, თითქოს იყო ბრმა და აეხილა თვალი, დაყრუვდა და დაუბრუნდა სმენა, გაბედნიერდა.
ღვინომ ისეთივე პერიოდები და მიმდინარეობები გამოიარა, როგორიც ხელოვნებამ. დღეს, ისევე, როგორც თანამედროვე მუსიკის ყველაზე პოპულარული ჟანრის − ტექნო-მუსიკის რიტმი და თანმიმდევრული, განმეორებადი პულსაცია დაუბრუნდა თავის საწყისს, პირველქმნილ რიტმსა და შეგრძნებებს, სწორედ ასეთი შედეგი დადგა მეღვინეობის გარშემო და ჩამოყალიბდა ნატურალური ღვინის ფართოდ წარმოების ტრადიცია, რომელიც ითვალისწინებს დავიწყებულ, მაგრამ არსებულ, უკვდავ, პრეისტორიულ აღქმას ღვინისა. ხელოვნებაა ყველაფერი ის, რაც გვაძლევს საშუალებას შევქმნათ, ვიფიქროთ, ვიკამათოთ, შევაფასოთ, ვცადოთ, ვისიამოვნოთ, გავაზიაროთ, დავეხმაროთ, გავალამაზოთ, შევისწავლოთ და ა.შ.