მარკ ზაქერბერგი Facebook-ის თანამშრომლის მამხილებელ განცხადებებს ''ღრმად არალოგიკურს'' უწოდებს
You're reading Entrepreneur Georgia, an international franchise of Entrepreneur Media.
Facebook-ის აღმასრულებელი დირექტორი ამბობს, რომ სრულიად უსაფუძვლოა კომპანიის ყოფილი თანამშრომლის ბრალდებები იმის თაობაზე, თითქოს მომხმარებლების უსაფრთხოების საკითხი მთლიანად უგულებელყოფილია.
მარკ ზაქერბერგმა დუმილი დაარღვია და კომპანიის ყოფილი თანამშრომლის, ფრენსის ჰაუგენის ბრალდებებს უპასუხა, რომლის მიხედვით, კომპანია Facebook და Instagram მომხმარებლების უსაფრთხოებაზე მაღლა მოგებას აყენებს. კერძოდ, მან ვრცელ Facebook-პოსტში დაწერა: "ამ ბრალდებების საფუძველი, იდეაა იმის შესახებ, რომ ჩვენთვის უსაფრთხოებასა და კეთილდღეობაზე მნიშვნელოვანი მოგებაა", − წერს ზაქერბერგი, − "ეს უბრალოდ არ შეესაბამება სიმართლეს... ღრმად ალოგიკურია არგუმენტი, რომ მოგების მიზნით, ჩვენ განზრახ ვუკეთებთ პოპულარიზაციას ინფორმაციას, რომელიც ადამიანებს აღიზიანებთ. ჩვენ რეკლამებით ვიღებთ ფულს და რეკლამის დამკვეთები კი გამუდმებით გვიმეორებენ, რომ არ სურთ მათი რეკლამები საზიანო ან გამაღიზიანებელი ინფორმაციის გვერდით იხილონ".
ზაქერბერგი თავის პოსტში ასევე ამბობს, რომ "მნიშვნელოვანი სოციალური ურთიერთობები ახალი ამბების კედელზე გადადის" და ეს არის მტკიცებულება, რომ კომპანიისთვის მოგებაზე მნიშვნელოვანი უსაფრთხოებაა. მისი თქმით, ცვლილებამ, რომელიც მომხმარებელს მეგობრებისა და ოჯახის ინფორმაციის სასარგებლოდ ნაკლებ ვირუსულ ვიდეოებს სთავაზობს, გამოიწვია ის, რომ მომხმარებლები ნაკლებ დროს ატარებდნენ პლატფორმაზე. მიუხედავად ამისა, ეს ცვლილება მაინც განხორციელდა, რადგან "კვლევამ უჩვენა, რომ ეს ადამიანების კეთილდღეობაზე ზრუნვით იყო გამართლებული".
ხსენებული ჰაუგენი, Facebook-ის პროდუქციის მიმართულების ყოფილი მენეჯერი, ემოციური სიტყვით გამოვიდა სენატის კომერციის კომიტეტის მომხმარებელთა დაცვის ქვეკომიტეტის წევრების წინაშე და განაცხადა, რომ "Facebook-ის პროდუქტები ზიანს აყენებს ბავშვებს, იწვევს განხეთქილებას და ასუსტებს ჩვენს დემოკრატიას". მისი მტკიცებით, ზაქერბერგმა და კომპანიის ლიდერებმა იციან, "თუ როგორ უნდა გახადონ Facebook და Instagram გაცილებით უსაფრთხო", მაგრამ მიუხედავად ამისა, არაფერი გაუკეთებიათ, "იმიტომ, რომ თავიანთი ასტრონომიული მოგება ადამიანებზე მაღლა დააყენეს".