მეიჯერელ საქართველო ახლა უკვე ბათუმში! Majorel-ს თბილისის ორ ოფისში და ქუთაისში 1500-მდე თანამშრომელი ჰყავს დასაქმებული
You're reading Entrepreneur Georgia, an international franchise of Entrepreneur Media.
"მეიჯერელი" წარმოადგენს საერთაშორისო კომპანიას, რომელიც ბიზნეს პროცესების აუთსორსინგის სფეროში საქმიანობს. კომპანიის 50 000-ზე მეტი თანამშრომელი 29 ქვეყანაში, 36 ენაზე ემსახურება 500-მდე საერთაშორისო ბრენდის მომხმარებელს. მეიჯერელი საქართველოში 2016 წელს შემოვიდა Arvato Bertelsmann-ის სახელით, 2019 წლის თებერვალში კი, რებრენდინგის შედეგად, წარმოიქმნა სრულიად ახალი ბრენდი Majorel-ი, რომელსაც თბილისის ორ ოფისში და ქუთაისში 1500-მდე თანამშრომელი ჰყავს დასაქმებული. საქართველოში შემოსვლის დღიდან მეიჯერელი სააგენტოს "აწარმოე საქართველოში" ინვესტიციების დეპარტამენტთან მჭიდროდ თანამშრომლობს და ერთობლივად მრავალი პროექტის განხორციელება გახდა შესაძლებელი.
კითხვაზე, თუ რა განაპირობებს "მეიჯერელის" მუდმივ ზრდას, კომპანიის დირექტორი, ალექსანდერ მირონენკო გვპასუხობს: "ჩვენმა გუნდმა არაერთხელ დაამტკიცა, რომ საქართველოში მომსახურების დონე საკმაოდ მაღალია, რაც კომპანიის ზრდითა და საქართველოს მიმართ გამოჩენილი ინტერესით დასტურდება. გუნდი, მომსახურების დონე და უცხო ენების სრულფასოვანი ცოდნა ახალი დამკვეთების დაინტერესებაში გვეხმარება, რაც კიდევ უფრო მეტი ადამიანის დასაქმების საშუალებას გვაძლევს. ისეთი ენების ცოდნა, როგორებიცაა: გერმანული, ინგლისური და რუსული… წარმატების გარანტია."
"მეიჯერელი" მხოლოდ საქართველოს ორ ქალაქში ოპერირებით არ შემოიფარგლება. 2020 წლის ივლისში კომპანიამ გადაწყვიტა საქმიანობა ბათუმშიც წამოეწყო. ასე პირველ რიგში, კომპანია ახალ სტანდარტებს დაამკვიდრებს ადგილობრივ დასაქმების ბაზარზე, კანდიდატები მიიღებენ საერთაშორისო კომპანიაში მუშაობის გამოცდილებას და პროფესიული თუ პიროვნული განვითარების შესაძლებლობებს.
"ჩვენთვის მთავარი ღირებულება თანამშრომლები და ის გარემოა, სადაც ვმუშაობთ. სწორედ ამიტომ, დასაქმებულებს ვთავაზობთ ბენეფიტების მიმზიდველ ნაკრებს, კონკურენტუნარიან ანაზღაურებას, დაზღვევის პაკეტს თანამშრომლებისთვის და მათი ოჯახისთვის, ტრანსპორტირებას საღამო საათებში და სხვადასხვა სახალისო აქტივობებს წლის განმავლობაში" - ალექსანდერ მირონენკო, "მეიჯერელ საქართველოს" დირექტორი
"უცხოური ინვესტიციების მოზიდვის გარდა, არსებული ინვესტორებისთვის ხელშეწყობა და მათი საქმიანობის გაფართოება სააგენტოს "აწარმოე საქართველოში" ერთ-ერთ უმთავრეს საქმიანობას წარმოადგენს. ამის თვალსაჩინო მაგალითი სწორედ კომპანია "მეიჯერელია, რომლის საქმიანობაც სტრატეგიულად მნიშვნელოვანია საქართველოს ეკონომიკის ზრდისთვის. კომპანიამ რამდენიმე მილიონიანი ინვესტიცია განახორციელა საქართველოში ქართული ბიზნესის განვითარებისთვის. წელს კი, საქართველოს მასშტაბით, უკვე მეოთხე ოფისი გახსნა ბათუმში, სადაც წლის ბოლომდე 50-მდე ადამიანი დასაქამდება. აღსანიშნავია ისიც, რომ ბოლო პერიოდში მზარდია მოთხოვნა გერმანულენოვანი ბაზრისთვის საქართველოდან სერვისების დისტანციურად მიწოდებაზე." - სააგენტოს "აწარმოე საქართველოში" დირექტორი,მიხეილ ხიდურელი.
და მაინც, რატომ ბათუმი?
"მეიჯერელმა" საქართველოში პირველი ოფისი 4 წლის წინ თბილისში გახსნა, ერთი კლიენტითა და 150 გერმანულენოვანი თანამშრომლით. მაშინ ჯერ კიდევ არ ჰქონდათ დაგეგმილი ასეთი სწრაფი ზრდა. თუმცა, 2018 წელს შემოვიდა მოთხოვნა როგორც არსებული პროექტის ზრდაზე, ასევე ახალი პროექტების დამატებაზე. 2019 წელს კი "მეიჯერელში" გადაწყვიტეს, რომ უნდა ეფიქრათ გაფართოებაზე, შესაბამისად თბილისში მეორე ოფისი და ქუთაისში რიგით პირველი ოფისი გახსნეს. პარალელურად სამომავლო ინვესტიციის კუთხით მოიაზრებდნენ ქალაქ ბათუმსაც. ბაზრის ერთწლიანი კვლევის შედეგად კი, რაშიც აქტიურად იღებდა მონაწილეობას ორგანიზაცია "აწარმოე საქართველოში", გადაწყდა რიგით მესამე ქალაქში გახსნილიყო ამ ეტაპისთვის მიკრო საიტი, რომელიც დაახლოებით 50 ადამიანისთვის იქნება გათვლილი. ბათუმის ოფისი თებერვლის ბოლომდე იფუნქციონირებს, 6 თვიანი პილოტის მიღმა, ბათუმში მუდმივი ოფისის მოწყობის გეგმები მომავალში შეფასებისა და განხილვის საგანია.
დასაქმებისთვის მნიშვნელოვანია პოტენციური კადრები ფლობდნენ გარკვეულ უცხო ენებს - როგორებიცაა გერმანული, ინგლისური და რუსული. დანარჩენ ცოდნას თანამშრომლები კომპანიაში მიიღებენ. "ამ ეტაპზე ბათუმში ერთი პროექტით, ელექტრონული კომერციით შევედით, რომელიც მეიჯერელ საქართველოში, პირველი და ყველაზე დიდი პროექტია. ელექტრონული კომერციის პროექტი გერმანულენოვანია, და გულისხმობს ჩვენი კლიენტების მომხმარებელებისთვის დისტანციურად ტექნიკური დახმარების გაწევას. იმედს გამოვთქვამთ, რომ ბათუმში "მეიჯერელი" ბევრ საინტერესო ადამიანს აღმოაჩენს" - ამბობს ალექსანდერ მირონენკო, "მეიჯერელ საქართველოს" დირექტორი.