მოდის ინდუსტრია მეტავერსში - გაიცანით Touch22-ის სპიკერები ინტერვიუ პაულა მარი კილგარიფთან
Opinions expressed by Entrepreneur contributors are their own.
You're reading Entrepreneur Georgia, an international franchise of Entrepreneur Media.
7-8 დეკემბერს რუსთაველის თეატრში კავკასიის რეგიონში ყველაზე მასშტაბური ტექ-კონფერენცია - Touch Summit გაიმართება. ღონისძიება სხვადასხვა ინდუსტრიისა და კომპანიის წამყვანი მენეჯერებისთვის, დეველოპერებისთვის, მარკეტერებისთვის, დიზაინერებისთვის, სტუდენტებისთვის, ინოვატორებისთვისა და სხვა დაინტერსებული პირებისთვის, ორი დღის განმავლობაში, პანელურ დისკუსიებს, ვორქშოფებსა და ნეთვორქინგ სესიებს უმასპინძლებს. ბილეთების შეძენა უკვე შესაძლებელია Touch22-ის ვებგვერდზე.
წელს კონფერენციას 4 მთავარი მიმართულება აქვს: დიზაინი, ტექი, ბიზნესი და მომავალი და ამ თემებზე სასაუბროდ სამიტზე წარმოდგენილნი იქნებიან სპიკერები მსოფლიოს სხვადასხვა წამყვანი კომპანიიდან: Google, Revolut, Nike, Tesla, Siemens, Porsche, Bolt, Adobe, Mediamonks, Publicis Italy/LePub, Dalton Maag, Smashing Media და მრავალი სხვა.
როგორ ცვლის Web3 და მეტავერსი მოდის ინდუსტრიას? სად კვეთს ტექნოლოგიები და მოდა ერთმანეთს? სამიტზე ერთ-ერთი მნიშვნელოვანი ადგილი დიზაინისა და ტექნოლოგიების სინთეზს დაეთმობა. სპეციალურად მოწვეული სპიკერი Web3-ისა და მეტავერსის ბრენდის აქტივაციის კონსულტანტი პაულა მარი კილგარიფია, რომელიც მსოფლიოში წამყვან ძვირადღირებულ ბრენდებსა და მოდის ინდუსტრიას საცალო ინოვაციების დანერგვაში ეხმარება.
Entrepreneur გთავაზობთ ინტერვიუს Touch22-ის სპიკერ, მოდის ინოვატორ, პაულა მარი კილგარიფთან:
თქვენი მოლოდინით, როგორ შეცვლის Web3 და მეტავერსი მოდის ინდუსტრიას? რა სიახლეებსა და ტენდენციებს უნდა ველოდოთ?
ბლოკჩეინი, მეტავერსი და Web 3.0 ტექნოლოგიები მოდის ინდუსტრიას მრავალფეროვან შესაძლებლობებს სთავაზობს და ეს ცვლილებები შეეხება როგორც მიწოდების ჯაჭვის გამჭვირვალობას, ისე - ლოჯისტიკას, მარკეტინგსა და მომხმარებლებთან ურთიერთობას. მაგალითისთვის, სმარტ კონტრაქტები ძვირადღირებულ ბრენდებს ავთენტურობისა და ფიზიკური თუ ციფრული მოდის პროდუქტის საკუთრების დამტკიცებაში ეხმარება. ასევე, ტრენდული მიმართულებებია: NFT, როგორც აქტივი, რომლითაც ვიმოსებით, 3D მოდელირება, რომელიც ელექტრონული კომერციისთვისა და მომხმარებლისთვის ინტერაქციული, იმერსიული გამოცდილების შექმნის შესაძლებლობას იძლევა და სხვა.
NFT, კრეატორებს ხელს უწყობს, ითანამშრომლონ დიდ ბრენდებთან და მდგრადი მოდის განვითარების მიზნით, წაახალისონ ბრენდებისა და საზოგადოების კოლაბორაცია, შექმნან პლატფორმები და ბაზრები, სადაც დაინტერესებული პირები ე.წ. ფიგიტალური (ფიზიკური და ციფრული) მოდის პროდუქტით ვაჭრობას შეძლებენ.
რამდენად უწყობს ხელს მეტავერსი მდგრადი მოდის კონცეფციის განვითარებას?
მეტავერსი არ არის მხოლოდ ახალი მედია ან 3D ელექტრონული კომერციის პლატფორმა, რომელიც გვთავაზობს იმერსიულ, ინტერაქციულ, პერსონალიზებულ გამოცდილებას რეალურ დროში. არამედ, მეტავერსი არის ერთგვარი ხიდი, მომხმარებლებსა და სხვა დაინტერესებულ მხარეებს შორის.
მეტავერსი ეხმარება ბიზნესს, ჩამოაყალიბოს მოთხოვნა-მიწოდების ინოვაციური კონცეფცია, რაც გულისხმობს იმას, რომ თუ მომხმარებელს არ მოსწონს რომელიმე პროდუქტი, ის აღარ დამზადდება. ამ პროცესში დიდი წვლილი მიუძღვის პროდუქტების 3D კატალოგს. მოდის ნივთების 3D მოდელირება, რომელიც მანქანური სწავლების ალგორითმებზეა დაფუძნებული, ცდილობს გაიგოს ადგილობრივი გემოვნება, კონკრეტული კულტურის ტენდენციები და რეალურ დროში მიაწოდოს განახლებადი ინფორმაცია ბიზნესს. ეს ტექნოლოგიური გადაწყვეტა კომპანიას უცხოური ბაზრების სპეციფიკის გარკვევასა და მის ათვისებაში ეხმარება. აღსანიშნავია, რომ 3D ვირტუალური ფოტოგრაფია 6-ჯერ უფრო იაფია, ვიდრე ტრადიციული ფორმატი.
რაც შეეხება სხვა ტექნოლოგიურ სიახლეებს, არსებობს ხელოვნური ინტელექტი, რომელიც აანალიზებს ახალ კოლექციას და უხამებს მომხმარებლის არსებულ გარდერობს. მყიდველს შეუძლია, გაფართოებული რეალობის მეშვეობით, ვირტუალურ ოთახში მოირგოს ესა თუ ის სამოსი, რაც მნიშვნელოვნად ამცირებს მაღაზიაში ნივთების უკან მიბრუნების მაჩვენებელს.
ვინ განსაზღვრავს გემოვნებას Web3 მოდის სამყაროში?
Web 3.0 გვპირდება მეტ კონფიდენციალურობას, დეცენტრალიზაციასა და თვითსუვერენტიტეტს. იმის გათვალისწინებით, რომ ვირტუალურ სამყაროში ე.წ. ფიგიტალური მოდა განსხვავებული ფორმით იქნება წარმოდგენილი, მომხმარებელთა გემოვნებაც უფრო მრავალფეროვანი და უსასრულო გახდება. გემოვნებას განსაზღვრავს გლობალური საზოგადოება, რომელშიც მოიაზრებიან: დეველოპერები, მეცნიერები, დიზაინერები, კრეატორები, კრიტიკულად მოაზროვნეები და სხვა ჩართული მხარეები.
რა კითხვები უნდა დაუსვას თითოეულმა ბრენდმა საკუთარ თავს Metaverse სტრატეგიის შემუშავებამდე?
იმ ბრენდებისთვის, რომლებიც Web2-ში იყენებენ ელექტრონული კომერციის პლატფორმებსა და სოციალურ მედიას, მეტავერსი შესანიშნავ შესაძლებლობებს სთავაზობს.
სანამ კომპანიები მეტავერს სტრატეგიას შეიმუშვებენ, ვურჩევ, მსჯელობა ამ კითხვებით დაიწყონ:
- რას ყიდით და რას ყიდულობენ თქვენი მომხმარებლები?
- რაიმე პრობლემას წყვეტთ თუ სერვისს ამატებთ ან აუმჯობესებთ?
- რომელი მეტავერს პლატფორმა ან NFT მარკეტფლეისია თქვენი სტრატეგიისთვის შესაბამისი?
ამ პროცესში მნიშვნელოვანია, კარგად გაიცნოთ თქვენი მომხმარებლები, რაშიც, 3D მოდელირების კატალოგი და ინტერაქციული ვებ აქტივაციის კამპანიები დაგეხმარებათ. აგრეთვე, მხედველობაში მიიღეთ NFT კოლექციების შექმნა, რომელსაც გარკვეული გავლენა გააჩნიათ და დაგეგმეთ კოლაბორაციები არტისტებთან, დიზაინერებთან, კონტენტ კრეატორებთან და სხვა საჭირო ადამიანებთან.