"ნინოსეული" – ნინო ქავთარაძის შრომისა და ბრძოლის ისტორია

Opinions expressed by Entrepreneur contributors are their own.

You're reading Entrepreneur Georgia, an international franchise of Entrepreneur Media.

ბიზნესის წამოწყება ხშირად დიდ გამბედაობასა და სიძლიერეს მოითხოვს, განსაკუთრებით მაშინ, როცა ადამიანი არა მხოლოდ ეკონომიკურ გამოწვევებს ებრძვის, არამედ პირადი ჯანმრთელობის პრობლემებსაც.

ნინო ქავთარაძემ, "ნინოსეულის" დამფუძნებელმა, საკუთარი ბრენდის შექმნის გზაზე უამრავი სირთულე გადალახა, და დღეს მისი საქმიანობა საქართველოს ბაზარზე უნიკალური პროდუქციის წარმოჩენას ემსახურება.

"ჩემი ბიზნესი ჩემი ოჯახის ერთ-ერთი შემოსავლის წყაროა, - ამბობს ნინო ქავთარაძე, - ყველაფერი დაიწყო ტკბილეულის მიმართ ჩემი ბავშვობისდროინდელი ინტერესით, რაც მაშინ ჰობი იყო, მაგრამ მოგვიანებით სერიოზულ ბიზნესად ვაქციე".

მისი სიტყვებით, "ნინოსეული" ბავშვობის ჰობისგან წარმოიშვა, რომელიც მხოლოდ ოჯახის შექმნის შემდეგ იქცა რეალურ საქმედ.

"ოჯახის შექმნის შემდეგ დავიწყე იდეის სერიოზულად განვითარება, - იხსენებს ნინო ქავთარაძე, - ხურმის ჩირისა და ლეღვის ტყლაპის წარმოება 90-იან წლებში, ეკონომიკურად რთულ პერიოდში, ჩემი ძირითადი შემოსავლის წყაროდ იქცა, და სწორედ მაშინ მივხვდი, რომ აქ რაღაც მეტი იყო".

მიუხედავად მრავალი გამოწვევისა, ნინომ საკუთარი ბრენდის შექმნა შეძლო და თანდათან გააფართოვა პროდუქტების ასორტიმენტი. ჩირის წარმოებასთან ერთად, ის ახლა სხვადასხვა სახის ყველს, ჯემებს, თხილის კარაქს, ცხარე წიწაკის ჯემს და ბულგარულ პასტას – აივარს აწარმოებს. ამ გზაზე მან მონაწილეობა მიიღო საგრანტო პროექტებში, გაიმარჯვა, მიიღო დაფინანსება და შეიძინა საჭირო ინვენტარი, რამაც შრომა შეუმსუბუქა და ბიზნესის განვითარებას ხელი შეუწყო.

ბიზნესის განვითარების გზაზე სირთულეები გამოჩნდა, რომელთა შორის ყველაზე დიდი მისი ჯანმრთელობის მდგომარეობა იყო.

"მძიმე დიაგნოზი დამიდგინდა და ბრძოლა დავიწყე სიცოცხლისთვის, ოჯახისთვის, შვილებისთვის, - იხსენებს ნინო, - ათი წლის განმავლობაში ქიმიოთერაპიებს ვიკეთებდი, მაგრამ ამ მდგომარეობამ უფრო დიდი ძალა და შემართება მომცა, რომ ჩემი საქმე არ დამეტოვებინა".

ნინო ქავთარაძემ მხარდაჭერა მიიღო ორგანიზაციებისგან და ტრენინგებზე დასწრებით შეიძინა მარკეტინგის, გაყიდვების და ბრენდინგის შესახებ ცოდნა, რაც "ნინოსეულის" წარმატებისთვის გადამწყვეტი აღმოჩნდა.

"ბრენდის და შეფუთვის შექმნამ ჩემი ბიზნესი რეალიზაციის მხრივ უფრო წარმატებული გახადა," - აღნიშნავს ნინო . ამ ეტაპის შემდეგ მან ფერმერული საქმიანობაც განავითარა, შექმნა საქონლის ფერმა, სადაც ყველა საჭირო სტანდარტი დაცული იყო.

ამბობს, რომ მისი საქმიანობისთვის მთავარ მოტივაციას მიზანდასახულობა, შრომისმოყვარეობა და ბრძოლის სურვილი წარმოადგენს.

"ვარ მიზანდასახული და მებრძოლი, რასაც ყოველთვის დადებით შედეგები მოაქვს". ნინოსთვის "ნინოსეული" არა მხოლოდ ბიზნესია, არამედ საკუთარი ძალების, მიზანდასახულობის და სირთულეების გადალახვის სიმბოლო.

ნინო ქავთარაძის სამომავლო გეგმები მის საქმიანობაში კიდევ უფრო დიდ მიზნებს ისახავს. უახლოეს 1 წელიწადში იგი გეგმავს ყველის საწარმოს აშენებას, სადაც ყველა თანამედროვე სტანდარტი იქნება დაცული.

"ამ საწარმოში რამდენიმე ქალბატონს დავასაქმებ და ვიქნები ძლიერი ლიდერი ფერმერი ქალი", - ამბობს ნინო ქავთარაძე, რომელიც მიზნად ისახავს წარმატებას უფრო მასშტაბურ დონეზე მიაღწიოს.

ინსპირაცია

25 ფრაზა, რომლებმაც შემცვალეს

ხშირად ერთ ფრაზას ადამიანის მთელი ცხოვრების შეცვლა შეუძლია

ინსპირაცია

100 ბიზნესი, რომლის დაწყებასაც $100-ზე ნაკლებად შეძლებთ

მართალია, ბიზნესის დაწყება ბევრ სირთულესთან არის დაკავშირებული, მაგრამ ფინანსები ყოველთვის არ არის ერთ-ერთი მათგანი