Get All Access for $5/mo

ნიუ იორკში პირველი ქართულ-ამერიკული სტომატოლოგთა ასოციაცია დაარსდა ექიმი მასშტაბური მისიით - გააერთიანოს ორი ქვეყნის სამედიცინო სფეროს გამოცდილება

Opinions expressed by Entrepreneur contributors are their own.

You're reading Entrepreneur Georgia, an international franchise of Entrepreneur Media.

Entrepreneur

ექიმი-სტომატოლოგი თამარ მაცაბერიძე ქართულ-ამერიკული სტომატოლოგთა ასოციაციის დამფუძნებელია. თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტის სტომატოლოგიის ფაკულტეტზე სწავლის შემდეგ, რეზიდენტურა ალბიუსის აკადემიაში გაიარა. სწორედ აქ გაუღრმავდა ინტერესი სამეცნიერო-კვლევითი საქმიანობის მიმართ. თამარი მუდმივად ერთვებოდა სხვადასხვა სამეცნიერო პროექტში და სწორედ ამ გზამ მიიყვანა იგი ამერიკამდე.

ნიუ-იორკში საცხოვრებლად გადასვლისას სურდა აქტიურად გაეგრძელებინა საქმიანობა, მუდმივად ეძებდა სხვადასხვა კონფერენციაში მონაწილეობის შესაძლებლობას, მიუხედავად იმისა, რომ ეს პროცესი ზოგჯერ დიდ დროსა და მოთმინებას მოითხოვდა. ქართველ ექიმს ამ დროს გაუჩნდა იდეა, სამომავლოდ დაეარსებინა ასოციაცია, რომელიც დაეხმარებოდა კოლეგებს სურვილის შემთხვევაში მიეღოთ სათანადო ინფორმაცია ამერიკაში პროფესიულ განვითარებასთან დაკავშირებით.

როგორც თამარი აღნიშნავს, ამერიკა, განსაკუთრებით კი ნიუ იორკი, მსოფლიოში ყველაზე დიდი საერთაშორისო სამეცნიერო ასპარეზია, სადაც მაღალი კონკურენციის პირობებშიც კი შესაძლებელია თავის დამკვიდრება. მისი აზრით, ამ შემთხვევაში ძალიან მნიშვნელოვანია ამერიკაში მომსახურე ქართველი ექიმების ერთიანობა, იმისათვის, რომ ქართველებმა ღირსეულად დავიკავოთ განსაკუთრებული ნიშა ამ საზოგადოებაში.

ქართულ-ამერიკულ სტომატოლოგთა ასოციაციის ჩამოყალიბებასა და სირთულეებზე Entrepreneur-თან საუბრისას თამარი ამბობს: "სიმართლე რომ გითხრათ, ძალიან ბევრი ვიფიქრე, სანამ ასოციაციის დაარსების გადაწყვეტილებას მივიღებდი, რადგან ჩემთვის ეს უზარმაზარი პასუხისმგებლობაა. ეს საქმიანობა თავიდან ბოლომდე მოხალისეობის სურვილზე დგას და მოითხოვს, თავისუფალი დროის დიდი ნაწილი დაუთმო. ასევე საჭიროა გყავდეს თანამოაზრეები, რომლებიც გვერდით დაგიდგებიან. ჩემთვის იმდენად მნიშვნელოვანია ეს წამოწყება, რომ მინდა გავაერთიანო ამ იდეით ანთებული ადამიანები, რომლებიც უკან არ დაიხევენ სირთულეების დროს და თავის მაქსიმუმს ჩადებენ საქმეში. რამდენიმე ასეთი ადამიანი მეგულება, რომელთაც რჩევებს ვეკითხები და სამომავლო გეგმებს ვუზიარებ, თუმცა ჯერჯერობით შეიძლება ითქვას, რომ ასოციაციას დამოუკიდებლად ვმართავ, რადგან ცოტა გაიწელა რეგისტრაციის პროცესი კორონავირუსთან დაკავშირებული მოვლენების გამო, საიტის ჩაშვება კი საბოლოო დოკუმენტის მიღებამდე რამდენიმე დღით ადრე მოხდა, თუმცა ვფიქრობ ეს ხელს არ გვიშლის, ხალხს გავაცნოთ ჩვენი გეგმები".

თამარ მაცაბერიძეს მიაჩნია, რომ რაც მეტად გაუზიარებენ ექიმები გამოცდილებას ერთმანეთს წარმატების მისაღწევად და ცოდნის ასამაღლებლად, მით უფრო დიდი იქნება აკადემიური პროგრესი, რაც შემგომში აისახება პაციენტების ჯანმრთელობაზე. ქართველი ექიმის აზრით, ზუსტად ასეთი ერთიანობა ქმნის ემიგრაციაში ძლიერ სათვისტომოს. ეს ჯაჭვი კი იმდენად დიდია, რომ ასოციაციის საქმიანობა ნამდვილად გლობალურ სახეს იძენს.

თამარს ორივე ქვეყანაში მუშაობის გამოცდილება აქვს. თამამად ამბობს, რომ საქართველოში არიან ძალიან გამოცდილი პრაქტიკოსი ექიმები, რომლებიც ყოველდღიურად ურთულეს კლინიკურ შემთხვევებზე მუშაობენ, განსხვავებით ამერიკისგან, სადაც სტომატოლოგიური დაავადებების პრევენციის დონე იმდენად მაღალია, რომ რთულ და განსაკუთრებით შემთხვევას იშვიათად თუ შეხვდები. განათლების სისტემა, კი როგორც ქართველ სტომატოლოგს მიაჩნია, ამერიკაში ნამდვილად ძალიან მაღალ საფეხურზე დგას: "ახლა მიწევს თავიდან ყველა საფეხურის გავლა და თეორიულად ბევრ სიახლეს ვეცნობი. ზუსტად ეს არის პრაქტიკული, ტექნოლოგიური და თეორიული სხვაობა, რომლის სინთეზიც, ვფიქრობ, საუკეთესო შედეგის მომტანი იქნება".

აღსანიშნავია, რომ ამერიკაში გამართულ კონფერენციებში მონაწილე ქართველი ექიმების რაოდენობა ყოველწლიურად იზრდება. თამარი ამბობს, რომ ექიმებისთვის ძალიან დიდი მხარდაჭერაა, როდესაც უცხო ქვეყანაში გხვდება შენი ქვეყნის წარმომადგენელი ასოციაცია, რომელსაც შეეძლება დახმარება საორგანიზაციო საკითხებთან დაკავშირებით.

ქართულ-ამერიკული სტომატოლოგთა ასოციაცია სამომავლოდ საერთაშორისო კონფერენციების ორგანიზებას გეგმავს. შესაძლოა სტუდენტური პროგრამების განხორციელებაც, მიუხედავად იმისა, რომ ამ ეტაპზე რთულია წინასწარ საუბარი მსოფლიოში შექმნილი სიტუაციიდან გამომდინარე.

თამარი დაახლოებით 2 წლის განმავლობაში მუშაობდა ასისტენტის პოზიციაზე ნიუ იორკის წამყვან კლინიკებში, მაგალითად, როგორიც არის wall street dental spa & expert dental nyc. როცა ამერიკაში მუშაობისთვის საჭირო პრაქტიკული გამოცდილება დააგროვა, გადაწყვიტა ახალ ეტაპზე გადასულიყო, რაც უნივერსიტეტში ჩასაბარებლად აუცილებელი გამოცდების მომზადებას გულისხმობდა. ეს ყველაფერი კი იმისათვის, რომ შეძლოს სწავლის გაგრძელება საერთაშორისო კურსდამთავრებული ექიმებისთვის არსებულ პროგრამაზე და ამერიკაში ლიცენზირებული ექიმი-სტომატოლოგი გახდეს: "მინდა მოტივაცია მივცე აქ მცხოვრებ ყველა ქართველ ექიმს. სურვილის შემთხვევაში, არ შეუშინდნენ საყვარელი საქმის საკეთებლად გასავლელ რთულ გზას. ერთმანეთის გვერდით დგომით და დახმარებით ყველაფერს შევძლებთ, მთავარია მიზანდასახულობა და მონდომება. პირობას გაძლევთ, რომ ასოციაცია ბევრ საინტერესო პროექტს განახორციელებს"

ინდუსტრიული ტრენდები

თანამშრომელი - კომპანიის მთავარი ღირებულება

ბუღალტრული და აუდიტორული კომპანია "ფინო" - 13 წელი ქართულ ბაზარზე