Get All Access for $5/mo

OKAYNESS - საკონსულტაციო-ქოუჩინგური კომპანია, რომელიც კომპანიებს სასურველი მიზნების განსაზღვრასა და მიღწევაში სთავაზობს დახმარებას

Opinions expressed by Entrepreneur contributors are their own.

You're reading Entrepreneur Georgia, an international franchise of Entrepreneur Media.

დღესდღეობით ქოუჩინგი საკმაოდ პოპულარული ტერმინია, თუმცა რეალურად ცოტამ თუ იცის, რა შესაძლებლობას აძლევს იგი კომპანიებსა თუ ფიზიკურ პირებს განვითარების გზაზე.

მარტივად რომ ავხსნათ, ქოუჩინგი პარტნიორული მხარდაჭერით დამაფიქრებელი და შემოქმედებითი საუბრის პროცესია, რომელიც ადამიანს შთააგონებს, აღმოაჩინოს შინაგანი რესურსი და მაქსიმალურად გაზარდოს პირადი და პროფესიული პოტენციალი. იგი ავითარებს წარმოსახვას, პროდუქტიულობისა და ლიდერობის აქამდე გამოუყენებელ რესურსებსა და უნარებს.

OKAYNESS ქოუჩინგის ერთ-ერთი მთავარი ფუნდამენტური პრინციპია, რაც სიტუაციის, ადამიანებისა და კონკრეტული მდგომარეობის მიმღებლობას გულისხმობს, რათა შემდგომ გამოწვევების წარმატებით დასაძლევად გაცნობიერებული ნაბიჯები გადაიდგას.

საკონსულტაციო-ქოუჩინგური კომპანია OKAYNESS სწორედ ამ იდეას ეფუძნება. მისი მიზანია, დღეს არსებულ სწრაფად ცვალებად სამყაროში ბიზნესებს და არამარტო მათ სხვადასხვა რესურსის აღმოჩენაში დაეხმაროს. გარე, ობიექტური თვალით შეაფასოს კომპანიების მდგომარეობა და გასცეს რეკომენდაციები მათი კიდევ უფრო ეფექტიანი განვითარებისთვის.

OKAYNESS სოფო ლაცაბიძემ და მარიამ ნაროუშვილმა 2023 წლის მიწურულს დააფუძნეს. ორივე მათგანს ბიზნეს-, საფინანსო, საჯარო და ქოუჩინგსექტორში წამყვან პოზიციებზე მუშაობის 17-წლიანი გამოცდილება აქვს. კარიერის პარალელურად თითოეული მათგანი მუდმივად ცდილობდა ცალკეული კომპანიებისა თუ ინდივიდების მხარდაჭერას საკუთარი გამოცდილებისა და ცოდნის გაზიარების გზით. სწორედ მარიამისა და სოფოს ამ ღირებულებითმა თანხვედრამ ჩაუყარა საფუძველი OKAYNESS-ს, რომელიც დღეს საკუთარი საქმის პროფესიონალებს აერთიანებს. აღსანიშნავია, რომ კომპანიის გუნდის 90% ქალებისგანაა დაკომპლექტებული, რაც დამფუძნებლებისთვის მნიშვნელოვანი ფაქტია.

"რეალურად, ადამიანებს ვეხმარებით იმაში, რაც ჩვენ უკვე გამოვიარეთ. "ოქეინესს", როგორც ტერმინს, თავად კომპანიის თანამშრომლებიც ვპასუხობთგვაქვს მიმღებლობა ყველაფრის მიმართ, მათ შორის დაშვებული შეცდომებისადმი. ჩვენთვის მნიშვნელოვანია, როგორ გავაუმჯობესოთ მდგომარეობა არსებული მოცემულობიდან, როგორ შევძლოთ კომპანიებისა თუ ინდივიდების სწრაფი და ეფექტიან დახმარება", − აღნიშნავს მარიამ ნაროუშვილი.

რა სერვისებს აერთიანებს OKAYNESS?

ქართულ ბაზარზე OKAYNESS-ს უნიკალური კონცეფცია გამოარჩევს, რომლის ჩამოყალიბებაც დამფუძნებლებისთვის გამოწვევებით სავსე აღმოჩნდა. OKAYNESS მომხმარებლებს კონსულტაციისა და ორგანიზაციული ქოუჩინგის სინთეზს სთავაზობს. როგორც სოფო აღნიშნავს, გამოცდილებამ აჩვენა, რომ ესაა ყველაზე ეფექტიანი გზა იმისთვის, რომ კომპანიამ დასახული მიზნისკენ შედეგზე ორიენტირებული სწრაფი ნაბიჯები გადადგას.

"დღეს კომპანიები ვერტიკალური იერარქიული სისტემიდან ჰორიზონტალური მართვის სისტემაზე გადადიან. შესაბამისად, მნიშვნელოვანია გუნდური მუშაობა და ლიდერული უნარების მაქსიმალურად განვითარება, განსაკუთრებით კი საშუალო და ზედა რგოლის მენეჯმენტში. კლასიკური კონსულტაცია მარტო ვერაფერს გახდება, თუ არ იქნება გამოყენებული ქოუჩინგური მიდგომები, რაც მენეჯერებს საშუალებას მისცემს, თავადვე გააცნობიერონ საჭიროებები პროდუქტიულობისთვის", − ამბობს მარიამ ნაროუშვილი.

როგორც აღვნიშნეთ, OKAYENSS ორ ძირითად მიმართულებას აერთიანებს, ესენია ბიზნესკონსულტაციები და ორგანიზაციული ქოუჩინგი. მაინც რას გულისხმობს თითოეული მათგანი და რა სერვისებს სთავაზობს კომპანია დაინტერესებულ პირებს?

ბიზნესსაკონსულტაციო მომსახურება თითოეული პროექტის ინდივიდუალური მიდგომით განხორციელებას უზრუნველყოფს. OKAYNESS კომპანიის მმართველ გუნდთან ერთად სწავლობს არსებულ სურათსა და დასახულ მიზნებს. მუშავდება სამოქმედო გეგმა, ტარდება წინასწარი სამუშაოები, იგეგმება საუკეთესო გამოსავალი, რის შემდეგაც მომხმარებელს კომპანიის გუნდი კონკრეტული ხედვით უბრუნდება. ბიზნესსაკონსულტაციო პროექტი ორ მიმართულებას მოიცავს: საკონსულტაციო მომსახურება (პროექტის შედგენა) და პროექტში შემავალი ყველა მიმართულების აღსრულება (იმპლემენტაცია). დაინტერესებულ კომპანიას აქვს შესაძლებლობა ორივე მიმართულება ერთად ან ცალ-ცალკე აირჩიოს.

ქოუჩინგისგან განსხვავებით, ორგანიზაციული ქოუჩინგი შედარებით ახალი ტერმინია. იგი ადამიანური რესურსების აღმოჩენისა და განვითარების შესაძლებლობაა დამფუძნებლების, აღმასრულებელი მენეჯერებისა და ლიდერებისთვის. ორგანიზაციული ქოუჩი უზრუნველყოფს პოზიტიურ მხარდაჭერას და უკუკავშირს ინდივიდუალურ ან ჯგუფურ დონეზე, ბიზნესგარემოში ინდივიდების პირადი ეფექტიანობის გასაუმჯობესებლად.

იგი მოიცავს პერსონალურ და პროფესიულ კომუნიკაციას, თანამედროვე მართვის მეთოდებს, ორგანიზაციულ ეფექტიანობას, აღმასრულებელ თანამდებობაზე მყოფი ადამიანების განვითარებას, კონფლიქტებთან, კრიზისებსა და სამუშაო გამოწვევებთან ეფექტიანად გამკლავებასა და სწრაფი გადაწყვეტილებების მიღებას.

Okayness ორგანიზაციული ქოუჩინგის მიმართულებით მომხმარებლებლის საჭიროებებზე მორგებულ ვორქშოფებსა და კორპორაციულ ინდივიდუალურ სესიებს უზრუნველყოფს. ვორქშოფების მიზანია მენეჯერული რგოლისთვის ადამიანებისა და ძლიერი გუნდის შექმნასა და მართვასთან დაკავშირებული პროცესების ანალიზი და შესწავლა. მათ შორის ორგანიზაციის მიზნების, ამოცანებისა და პროცესების მართვის შესახებ ცოდნის გაღრმავება, ეფექტური კომუნიკაციის, ცვლილებების, სტრესულ გარემოში მუშაობის, ლიდერობისა და მოტივაციის უნარების გაუმჯობესება, ქოუჩინგური მართვის უნარების განვითარება და პრაქტიკაში დანერგვა. მომხმარებელს საშუალება აქვს აირჩიოს: ერთობლივი ვორქშოფები და კორპორაციული ინდივიდუალური სესიები, ან მხოლოდ ვორქშოფები და მხოლოდ კორპორაციული ინდივიდუალური სესიები.

"ორგანიზაციული ქოუჩინგი ეხმარება კომპანიებს, ვისაც თავიანთი გუნდის განვითარება და პროდუქტიულობის გაზრდა სურთ. ამისთვის მნიშვნელოვანია, კომპანიისა და თანამშრომლების ღირებულებები ერთმანეთთან იყოს თანხვედრაში და თითოეულ ადამიანს ესმოდეს, თუ რა როლი აქვს მას კომპანიის საერთო მიზნის მიღწევაში. ყველაზე დიდ სტრესს ამ პროცესში სწორედ საშუალო და მაღალი რგოლის მენეჯერები განიცდიან, სწორედ ამიტომ მათთვის სპეციალური ვორქშოფები და ინდივიდუალური კორპორაიული სესიები ტარდება", - აღნიშნავს სოფო ლაცაბიძე.

კომპანიის სერვისებს შორის ასევე შევხვდებით ტრანსფორმაციულ თამაშებს. ეს არის ფსიქოლოგიური ხასიათის აქტივობა, რომელიც ლიდერებსა და ორგანიზაციის გუნდის წევრებს კონკრეტული გამოწვევებისა და საჭიროებების იდენტიფიცირებისკენ უბიძგებს. მონაწილეები ქმნიან ახალ რეალობას, განსხვავებული გამოცდილება, შეხედულებები და ღირებულებები გამოწვევების ახლებურად გადაწყვეტის შესაძლებლობას აძლევთ. თამაშით ამაღლებულ ცნობიერებას გონება მარტივად აბამს რეალურ ცხოვრებისეულ გამოცდილებას.

"ტრანსფორმაციულ თამაშებს სხვადასხვა ეტაპი აქვს. ახლა ორი მათგანის განხორციელებას ვგეგმავთ, მათ შორის გვსურს საავტორო თამაში შევქმნათ. ეს არის 4-5-საათიანი პროცესი, რომელშიც დამკვეთი კომპანიის თანამშრომლები არიან ჩართული და მათ გარკვეული როლები აქვთ. პროცესში ცხოვრებისეული გამოწვევების სიმულაციური გათამაშება და მათზე პასუხების მიღება მიმდინარეობს, რაც ინდივიდუალურ პოზიტიურ ცვლილებებს შეუქცევად სახეს აძლევს", - აღნიშნავს სოფო ლაცაბიძე.

OKAYNESS-ის თითოეული სერვისის მიწოდებაზე საკმაოდ კვალიფიციური გუნდი ზრუნავს, რომლებსაც სხვადასხვა კომპანიაში წამყვან პოზიციებზე მუშაობის მრავალწლიანი გამოცდილება აქვთ.

"ჩვენი კომპანიის მთავარი მიზანი სწორედ ხარისხიანი პროდუქტის მიწოდებაა, რომელსაც OKAYNESS-ის გუნდი მომხმარებლების ღირებულებების გაზიარებით უზრუნველყოფს. გუნდი დაკომპლექტებულია სხვადასხვა ბიზნესსფეროში მომუშავე პროფესიონალი კონსულტანტებისა და საერთაშორისო სერტიფიცირებული ქოუჩები", - აღნიშნავს სოფო ლაცაბიძე.

ვინ არის კომპანიის მომხმარებელი?

მართალია, სულ რაღაც რამდენიმე თვეა, რაც საკონსულტაციო-ქოუჩინგურმა კომპანიამ აქტიურად დაიწყო ოპერირება, თუმცა მის მიმართ ინტერესი თავიდანვე საკმაოდ დიდი იყო. ამ დროის განმავლობაში OKAYNESS არაერთ პროექტს წარმატებით ახორციელებს. არსებული პროექტების პარალელურად, აქტიურად მიმდინარეობს მოლაპარაკებები ახალ კომპანიებთანაც.

OKAYNESS-ის სამიზნე აუდიტორია ამჟამად მცირე და საშუალო ბიზნესი, ასევე სტარტაპებია. კომპანიის პორტფელში ერთიანდებიან როგორც ტექნოლოგიური, ასევე სარეკლამო კომპანიები, ავტობიზნესი, საფინანსო სექტორი და ა.შ. "ოქეინესის" გუნდი მაქსიმალურად ცდილობს, რაც შეიძლება მრავალფეროვან კომპანიებთან ითანამშრომლოს, რათა გაზარდოს საკუთარი გამოცდილება და კომპეტენციები.

როგორია OKAYNESS-ის სამომავლო გეგმები?

ამჟამად OKAYNESS-ის გუნდის მთავარი საზრუნავი მომხმარებლებისთვის ხარისხიანი სერვისის მიწოდებაა. კომპანიის მისიაა რაც შეიძლება მეტ ადამიანსა თუ ბიზნესს დაეხმაროს ტრანსფორმაციაში, განვითარებასა და წინსვლაში. შესაბამისად, სამომავლო მიზნებს შორისაა რაც შეიძლება მეტი კმაყოფილი მომხმარებლის ყოლა.

"მთავარი საზომი ერთეული ჩვენთვის მომხმარებლის კმაყოფილებაა, რაც განპირობებული უნდა იყოს არა მხოლოდ იმიტომ, რომ ჩვენ შორის კარგი კომუნიკაცია შედგა, არამედ იმიტომ, რომ მან რეალურად მიიღო ის, რაც უნდოდა. ჩვენთვის არაა საკმარისი მომხმარებლის კმაყოფილება, მნიშვნელოვანია, რომ მათ მოლოდინებს გადავაჭარბოთ. დღეს საკმაოდ აპრობირებული ტერმინია WOW experience, აქედან გამომდინარე, შეგვიძლია ვთქვათ, რომ სანამ მომხმარებელი wow- არ იტყვის, ჩვენთვის საქმე დასრულებული არ არის", - აღნიშნავს მარიამი.

სამომავლოდ კომპანია კიდევ არაერთი მიმართულების განვითარებას გეგმავს, რაზეც მუშაობა დღესაც აქტიურად მიმდინარეობს. მათ შორისაა საგანმანათლებლო მიმართულება - ამჟამად კომპანია თავიდან ბოლომდე ორიენტირებულია მცირე და საშუალო ბიზნესზე, თუმცა, ამას გარდა, არაერთი ფიზიკური პირია დაინტერესებული იმ თემებით, რაზეც OKAYNESS მუშაობს. სწორედ ამიტომ კომპანიის გუნდს სურს, რომ არა მხოლოდ ბიზნესებს, არამედ ცალკეულ პირებსაც მისცეს შესაძლებლობა, აიმაღლონ ცნობიერება და განავითარონ საკუთარი შესაძლებლობები.

ინდუსტრიული ტრენდები

თანამშრომელი - კომპანიის მთავარი ღირებულება

ბუღალტრული და აუდიტორული კომპანია "ფინო" - 13 წელი ქართულ ბაზარზე