ორიენტ ლოჯიკს განახლებული დირექტორთა საბჭო უხელმძღვანელებს
You're reading Entrepreneur Georgia, an international franchise of Entrepreneur Media.
კომპანია "ორიენტ ლოჯიკის" დირექტორთა საბჭოს სტრუქტურაში მნიშვნელოვანი ცვლილებებია.
კომპანიის გენერალური დირექტორის პოზიციას ალექსანდრე ბაგრატია დაიკავებს, რომელსაც ინფორმაციული ტექნოლოგიების სექტორში მოღვაწეობის მრავალწლიანი გამოცდილება აქვს და ბოლო 7 წლის განმავლობაში ის "ორიენტ ლოჯიკის" ფინანსური და ადმინისტრაციული დირექტორის პოზიციას იკავებდა.
კომპანიის ბიზნესის განვითარების დირექტორის პოზიცია გიორგი ჩიტაიამ ჩაიბარა, რომელიც "ორიენტ ლოჯიკს" 2020 წელს შემოუერთდა და ფინანსური სექტორის გუნდს ხელმძღვანელობდა. გიორგი ჩიტაიას ინფორმაციული ტექნოლოგიების ინდუსტრიაში მუშაობის მრავალწლიანი გამოცდილება აქვს, მას საქართველოს წამყვან საბანკო და სატელეკომუნიკაციო ორგანიზაციებში ინოვაციური ტექნოლოგიური პროექტები აქვს განხორციელებული.
დირექტორთა საბჭოში საოპერაციო დირექტორის პოზიციას ოთო ტაბატაძე იკავებს, რომელიც ორგანიზაციის საოპერაციო მიმართულებას ხელმძღვანელობს. ოთო ტაბატაძე "ორიენტ ლოჯიკის" საოპერაციო დირექტორი 2018 წელს გახდა და მისი ხელმძღვანელობით კომპანიაში არაერთი მასშტაბური საოპერაციო პროექტი განხორციელდა.
1 ივლისიდან კომპანიის ფინანსური დირექტორის პოზიციას ირაკლი გოგლიჩიძე დაიკავებს, რომელიც "ორიენტ ლოჯიკის" გუნდს 2018 წლიდან შემოუერთდა და აღნიშნული პერიოდის განმავლობაში ფინანსური მენეჯერის პოზიციას იკავებდა.
მიმდინარე წელს ასევე ცვლილებები იყო ორგანიზაციის პროგრამული უზრუნველყოფის მიმართულებითაც. აღნიშნული მიმართულების ხელმძღვანელის პოზიციაზე დაინიშნა ვასილ გრიგალაშვილი, რომელიც მრავალი წლის განმავლობაში საქართველოს წამყვანი ორგანიზაციების ინფორმაციული ტექნოლოგიების მიმართულებებს ხელმძღვანელობდა.
"კომპანიის ორგანიზაციულ სტრუქტურაში განხორციელებული ცვლილებების შემდგომ, "ორიენტ ლოჯიკის" გუნდის მთავარ პრიორიტეტად კვლავ მაღალტექნოლოგიური სერვისების განვითარება რჩება. კომპანიის შემდგომი განვითარების სტრატეგია ტექნოლოგიური გუნდების უფრო მეტად გაძლიერებაზე იქნება დაფუძნებული. კომპანიის საშუალოვადიანი სტრატეგია კიბერუსაფრთხოებისა და ინფორმაციული უსაფრთხოების სერვისების, პროგრამული უზრუნველყოფის, DevOps-ისა და ე.წ. ქლაუდ-თავსებადი ტექნოლოგიური სერვისების განვითარებას დაუკავშირდება.
ბოლო პერიოდში "ორიენტ ლოჯიკის" გუნდარაერთი პროფესიონალით გაძლიერდა. ეს პროცესი, როგორც ინფორმაციული უსაფრთხოების, ასევე პროგრამული უზრუნველყოფისა და ქლაუდ თავსებადი გადაწყვეტილებების განვითარების მიმართულებებით, მომავალშიც აქტიურად გაგრძელდება.
მიმდინარე წელს კომპანიამ დაასრულა ტექნოლოგიური სასწავლო ცენტრის, OL Academy-ის ფორმირების პროცესი. OL აკადემიამ უკვე მოიპოვა Red Hat-ის სერტიფიცირებული ტრენინგ ცენტრის სტატუსი და სულ მალე IT ბაზარს მაღალტექნოლოგიურ სასწავლო კურსებსა და სასერტიფიკატო ტრენინგებს შესთავაზებს." - ალექსანდრე ბაგრატია, "ორიენტ ლოჯიკის" გენერალური დირექტორი.
კომპანია "ორიენტ ლოჯიკი" 25 წელია საქართველოს ტექნოლოგიურ ბაზარზე ლიდერია. კომპანიის საქმიანობა დაკავშირებულია რამდენიმე ტექნოლოგიურ მიმართულებასთან, როგორებიცაა - IT ინფრასტრუქტურული გადაწყვეტილებები, ქსელური გადაწყვეტილებები, კიბერუსაფრთხოება, პერსონალური სისტემები და პროგრამული უზრუნველყოფა. წელს "ორიენტ ლოჯიკის" გუნდი ეჯაილ მართვის მეთოდოლოგიაზე გადაერთო, რაც კომპანიის სტრუქტურას მეტად მოქნილსა და ინოვაციურს გახდის. პარალელურად გაიზრდება თანამშრომელთა ჩართულობა ორგანიზაციის მასშტაბით მიმდინარე პროცესებში, აღნიშნული ცვლილებები ხელს შეუწყობს კომპანიის გრძელვადიანი მიზნების წარმატებით განხორციელებაში.